|
"საქართველო "
თანამედროვე სამთო-ქვეითი ჯარების შესახებ ირაკლი ხართიშვილი
საბრძოლო მოქმედებები მთებში მიეკუთვნება განსაკუთრებულ პირობებში ბრძოლების კატეგორიას. მათ აწარმოებენ ზოგადსაჯარისო ბრძოლის საერთო პრინციპების შესაბამისად, მხოლოდ ითვალისწინებენ რიგ ფაქტორებს, რომლებიც არსებით გავლენას ახდენენ ჯარებზე შეტევის ან თავდაცვის ორგანიზებისას. მათ მიეკუთვნება: ადგილის ძლიერად დასერილი რელიეფი, გზების მეჩხერი ქსელი და მათი დაბალი გამტარუნარიანობა, ძნელადსავალი ტყეების არსებობა, ჯარების მართვის გარკვეული სირთულე, ამინდისა და ატმოსფერული წნევის მკვეთრი ცვლილებები, მთებისა და ტყეების მაეკრანირებელი თვისებები და ა.შ. მეორე მხრივ, მთის მასივები წარმოადგენენ ბუნებრივ დაბრკოლებებს და მოწინააღმდეგეს აძლევენ როგორც სიღრმეში დაეშელონებული, ისე სიმაღლეში მრავალიარუსიანი თავდაცვის ორგანიზების შესაძლებლობას ხედვისა და დაშენის კარგი სექტორებით. ამიტომ თანამედროვე არმიების სარდლობათა შეხედულებებით საბრძოლო მოქმედებებს მთებში უნდა აწარმოებდნენ სამთო ქვეითი (მსუბუქი ქვეითი, ალპიური) ჯარები, აგრეთვე მოტოქვეითი (მოტომსროლელი, მექანიზებული ქვეითი) და საჰაერო-სადესანტო (აერომობილური) ერთეულები, რომელთა პირად შემადგენლობას გააჩნია შესაბამისი მომზადება და აღჭურვილობა. ამ უკანასკნელში კი გულისხმობენ სამხედრო მოსამსახურეთა მსუბუქ შეიარაღებასა და აღკაზმულობას. ხელსაყრელი ადგილმდებარეობის პირობებში ქვეით ნაწილებსა და ქვეყანადყოფებს შესაძლოა მხარს უჭერდნენ საბრძოლო ტანკებიც. მთებში ჯარების მოქმედებებს ახასიათებს მართვის უფრო მეტი დეცენტრალიზება, ვინაიდან მებრძოლი ქვედანაყოფები შესაძლოა მოქმედებდნენ დამოუკიდებლად, განცალკევებულ და იზოლირებულ მიმართულებებზე, ზოგჯერ ზემდგომი უფროსისა და მეზობლების საშუალებებით საჭირო საცეცხლე მხარდაჭერის გარეშე და თვით მათთან არამდგრადი კავშირგაბმულობის პირობებშიც. ასეთ დროს თანამედროვე სამხედრო წესდებები და დარიგებები პირადი შემადგენლობისგან მოითხოვენ მაღალ გაწვრთნილობას, სწრაფ, გაბედულ და ზუსტ მოქმედებებს, შტაბებისგან - ვითარების კონკრეტული პირობების გათვალისწინებით ბრძოლის გულდასმით დაგეგმვას, მეთაურებისგან კი - მეტი ინიციატივის გამოჩენას. სპეციალური სამთო ქვეითი (მსუბუქი ქვეითი, ალპიური) შენაერთები და ნაწილები ჰყავთ აშშ, გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის, ესპანეთის, შვეიცარიის, ინდოეთის სახმელეთო ჯარებს. მათგან განსხვავებით რუსეთის, საბერძნეთის, თურქეთის, ავსტრიის, ჩინეთის, იაპონიის, ჩრდილო და სამხრეთ კორეის, პაკისტანისა და მთიანი რეგიონების მქონე სხვა ქვეყნების არმიებში მთებში სამოქმედოდ იყენებენ ქვეით და მექანიზებულ ქვეით (მოტომსროლელ) ერთეულებს. ცივი ომის პერიოდში საფრანგეთის სახმელეთო ჯარებში სხვა შენაერთებთან ერთად შედიოდა ერთი ალპიური დივიზია, ამჟამად კი მხოლოდ ერთი ცალკეული ალპიური ბრიგადა; გფრ-ში ერთი სამთო ქვეითი დივიზია, იტალიაში 1990-იან წლებში იყო ოთხი ცალკეული ალპიური ბრიგადა. აშშ არმიაში ცივი ომის პერიოდში შედიოდა ხუთი მსუბუქი ქვეითი დივიზია (დღესდღეობით სამი), შვიცარიაში - სამთო ქვეითი კორპუსი სამი სამთო ქვეითი დივიზიით და ა. შ. სამთო ქვეით (ალპიურ) დივიზიებს და ცალკეულ ბრიგადებს სხვადასხვანაირი შემადგენლობა გააჩნიათ, მათ საფუძველს შეადგენენ სამთო ქვეითი (ალპიური) ბატალიონები. ამ ბატალიონების საორგანიზაციო სტრუქტურა ძალზედ ჰგავს ჩვეულებრივი ქვეითი ბატალიონების სტრუქტურას, მაგრამ მათი შეირაღება რამდენადმე შემსუბუქებულია. 1980-იანი წლების აშშ მსუბუქი ქვეითი დივიზიის ქვეითი ბატალიონის სტრუქტურა ნაჩვენებია ნახაზ 1-ზე, ხოლო მისი შეიარაღების შედარება აშშ ჩვეულებრივიქვეითი დივიზიის ქვეითი ბატალიონის ძირითად შეიარაღებასთან, 1-ლ ცხრილში. როგორც ვხედავთ, სამთო ქვეითი (ალპიური ქვეითი) ბატალიონები ჩამოუვარდებიან ქვეით ბატალიონებს საარტილერიო ცეცხლის სიმძლავრისა და ტანკსაწინააღმდეგო შესაძლებლობების, აგრეთვე ტაქტიკური მობილურობის მიხედვით. ბუნდესვერის სამთო ქვეითი დივიზიის სამთო ქვეით ბატალიონში იმავე 80-იანი წლების შტატით შედიოდა ბატალიონის მეთაურობა და შტაბი, ხუთი ასეული (საშტაბო და მომარაგების, სამი სამთო ქვეითი და მხარდაჭერის), აგრეთვე ერთი ალპიური ოცეული. სულ ბატალიონში ნაჩვენები იყო პირადი შემადგენლობის დაახლოებით 700 ადამიანი, ექვსი 120-მმ თვითმავალი ნაღმსატყორცნი, ექვსი 20-მმ ავატომატური ზარბაზანი, 21 ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი "მილანი" და სხვა შეიარაღება. ტანკსაწინააღმდეგო საშუალებებიდან 3-3 "მილანი" იყო თითოეული სამთო ქვეითი ასეულის შეიარაღებაში, ხოლო 12 კომპლექსი მხარდაჭერის ასეულის შეიარაღებაში, აქვე იქნებოდა 120-მმ თვითმავალი ნაღმსატყორცნები და 20-მმ საზენიტო ზარბაზნები. სამთო ქვეითი (ალპიური ქვეითი) ბატალიონების საფუძველზე ადგენენ შესაბამის ბრიგადებს და დივიზიებს. ბუნდესვერის სამთო ქვეითი დივიზიის ბრიგადის საორგანიზაციო სტრუქტურა ნაჩვენებია მე-2 ნახაზზე. მასში 80-იანი წლების შტატით ნაჩვენები იყო პირადი შემადგენლობის 5000 ადამიანი, 18 105-მმ სამთო ჰაუბიცა, 24 120-მმ თვითმავალი ნაღმსატყორცნი, 84 ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი "მილანი", 17 90-მმ თვითმავალი ტანკსაწინააღმდეგო ზარბაზანი "იაგდფანცერი", ოთხი სატანკო ხიდგამყვანი "ბიბერი" და სხვა შეიარაღება. იტალიის სახმელეთო ჯარებში 90-იან წლებში მე-4 ალპიური კორპუსის საბრძოლო შემადგენლობაში შედიოდა ოთხი ცალკეული ალპიური ბრიგადა: "ტრიდენტინა", "ტაურინენზე", "იულია" და "კადორე", აგრეთვე საკორპუსო დაქვემდებარების ცალკეული ნაწილები და ქვედანაყოფები. იტალიურ ალპიურ ბრიგადაში შეიძლება შედიოდეს ბრიგადის მეთაურობა და შტაბი, სამი-ხუთი ალპიური ბატალიონი, ორი საარტილერიო დივიზიონი (105- და 155-მმ ჰაუბიცების), ზურგის უზრუნველყოფის ბატალიონი და სამი ასეული: მართვისა და კავშირგაბმულობის, ტანკსაწინააღმდეგო და საინჟინრო-მესანგრეთა. მასში საშუალოდ შეიძლება ვიგულისხმოთ პირადი შემადგენლობის 5500 ადამიანი, 54 ჰაუბიცა, 18 120-მმ ნაღმსატყორცნი, 18 ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი "მილანი" და სხვა შეიარაღება. გარდა ამისა იტალიის ალპიურ ჯარებს გააჩნიათ დიდი რაოდენობით სპეციალური ტექნიკა და აღჭურვილობა. სახელდობრ, BV-206 ტიპის მუხლუხიანი გამწევები, რომელთაც შეუძლიათ 35 გრადუსამდე დახრილობის მთის კალთებზე სვლა, Mთ90 ტიპის მცირეთვლიანი გამწევები, რომელთაც შეცვალეს ტრადიციული სასაპალნე ჯორები, თოვლშიმავლები, რომლებიც თოვლის საფარზე სვლისას მნიშვნელოვნად ამაღლებენ ქვედანაყოფების მობილურობას. გარდა ამისა, მოჯავშნულ მიზნებთან საბრძოლველად, ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსების გარდა, იყენებენ ავტომობილებზე დამონტაჟებულ 57- და 106-მმ უუკუცემო ქვემეხებსა და M56 სამთო ჰაუბიცებს, საჰაერო მიზნებთან საბრძოლველად ვარაუდობენ თითოეულ ბრიგადაში გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექსების "სთინგერების" თითო ბატარეის ჩამოყალიბებას. ბრიგადების ზემდგომი რგოლია დივიზია და საარმიო კორპუსი. დასავლეთგერმანულ სამთო ქვეით დივიზიაში 1970-იანი წლებში შედიოდნენ ორი სამთო ქვეითი და ერთი მოტოქვეითი ბრიგადა, აგრეთვე სადივიზიო ნაწილები და ქვედანაყოფები. 80-იანი წლების დასაწყისში გატარებული რეორგანიზაციის შემდეგ მასში შეიყვანეს თითო-თითო სატანკო, მოტო-ქვეითი და სამთო ქვეითი ბრიგადები, საარტილერიო და საზენიტო საარტილერიო პოლკები, ცალკეული სატანკო ბატალიონი (54 ტანკი "ლეოპარდ-1"), სადაზვერვო, ორი ქვეითი, კავშირგაბმულობის, საინჟინრო, მედიკურ-სანიტარული, მომარაგების, სარემონტო-აღდგენითი და ხუთი სათადარიგო ცალკეული ბატალიონები (სათადარიგო ბატალიონები ბრძოლების შედეგად პირადი შემადგენლობის დანაკარგების შესავსებად), საარმიო ავიაციის ესკადრილია და მასობრივი დაზიანების იარაღისგან დაცვის ასეული. თავისთავად ცხადია, რომ ასეთი შემადგენლობის შენაერთი განკუთვნილია არა მხოლოდ მთის მასივებში, არამედ მთებთან მისადგომ რაიონებში სამოქმედოდ. თანაც დივიზიის მეთაურისადმი უშუალოდ დაქვემდებარებულ უზრუნველყოფის ნაწილებსა და ქვედანაყოფებს ევალებათ უპირატესად მთისწინებში მოქმედი სატანკო და მოტო-ქვეითი ბრიგადების მხარდაჭერა. ამიტომ, მაგალითად, დივიზიის საარტილერიო პოლკში ნაჩვენები იყო არა 105-მმ სამთო ჰაუბიცები, არამედ შედარებით უფრო მძიმე და მთებში ნაკლებად გამოსადგი 155-მმ ბუქსირებადი ჰაუბიუები FH-70 და 110-მმ 40-ლულიანი ზალპური ცეცხლის რეაქტიული დანადგარები "ლარს-2" (შესაბამისად 18 ქვემეხი და 16 რეაქტიული დანადგარი). ანალოგიური მდგომარეობა, მაგალითად, იტალიის ალპიურ შენაერთებშიც. იქ მე-4 ალპიური კორპუსის შემადგენლობაში 90-იან წლებში ოთხი ალპიური ბრიგადის გარდა შედიოდნენ სადაზვერვო, კავშირგაბმულობის, გადამღობი ალპიური, სასწავლო ალპიური და ორი საინჟინრო ცალკეული ბატალიონები, ორი საარტილერიო დივიზიონი, საარმიო ავიაციის ცალკეული პოლკი "ალტაირი" (60 მრავალმიზნობრივი ვერტმფრენით AB-205, AB-206A და სხვა), ზურგის უზრუნველყოფის ქვედანაყოფები. 80-იან წლებში აღნიშნულ კორპუსში შედიოდა აგრეთვე ერთი ცალკეული სატანკო ბატალიონი (49 საბრძოლო ტანკი). აქვე გასათვალისწინებელია ისიც, რომ ბუნდესვერის სამთო ქვეითი დივიზიის განლაგების ადგილას, ბავარიაში, სიმაღლე ზღვის დონიდან 500-1500 მ-ის ფარგლებშია. იტალიის ალპებში იგი იცვლება 500-დან (ყოფილი იუგოსლავიის საზღვართან) 3900 მ-მდე (შვეიცარიის საზღვრის რაიონში). საფრანგეთის აღმოსავლეთ ნაწილი ასევე მთაგორიანია 500-დან 4800 მ-მდე (შვეიცარიის საზღვართან). ავსტრიასა და საბერძნეთში მთებს ქვეყნის ტერიტორიის უფრო მეტი ნაწილი უჭირავთ, მაგრამ იქ სპეციალური სამთო ქვეითი შენაერთები არა ჰყავთ, ხოლო მათ ფუნქციებს ასრულებენ სპეციალურად გაწვრთნილი და აღჭურვილი ქვეითი და მექანიზებული ჯარები. ასეთივე მდგომარეობაა თურქეთის აღმოსავლეთ რაიონშიც. აქ ჩრდილო-აღმოსავლეთ ანატოლიაში, ამიერკავკასიის მახლობლად, ადგილის სიმაღლე ზღვის დონიდან 1000-3900 მ-ის ფარგლებშია და ამ რაიონში თურქულ სარდლობას განლაგებული ჰყავს უპირატესად მექანიზებული ქვეითი და ქვეითი შენაერთები. საკუთრივ საქართველოს მახლობლად ქ. ტრაპიზონში განლაგებულ 48-ე ქვეით ბრიგადაში 1998 წლის დასაწყისში შედიოდა პირადი შემადგენლობის 6370-მდე ადამიანი, 24 საველე არტილერიის ქვემეხი, 18 106,7-მმ და 36 120-მმ ნაღმსატყორცნი (სულ 78 საარტილერიო ერთეული). ამ მაჩვენებლებით აღნიშნული თურქული ქვეითი ბრიგადა უახლოვდება იტალიის ალპიური ბრიგადის საშუალო მაჩვენებლებს (5500 პირადი შემადგენლობა და 72 საარტილერიო სისტემა). არტაანში კი დისლოცირებულია თურქული არმიის 25-ე მექანიზებული ბრიგადა, რომლის პირადი შემადგენლობა იმავე 1998 წლის დასაწყისში შეადგენდა 7115 ადამიანს, შეიარაღებაში კი ნაჩვენები იყო 56 საბრძოლო ტანკი M-48A5, 142 ჯავშანტრანსპორტერი M113, 53 საველე არტილერიის ქვემეხი და ნაღმსატყორცნი. თუ დავხედავთ საქართველოს ფიზიკური გეოგრაფიის რუკას, ვნახავთ, რომ მისი ტერიტორიის უდიდესი ნაწილის სიმაღლე იცვლება ზღვის დონიდან 1500 მ-მდე ფარგლებში. ამიტომ იგი თანამედროვე ჯავშანსატანკო ტექნიკისა და 100 მმ-ზე მეტი ყალიბის საველე არტილერიის მოქმედებებისათვის ხელსაყრელია. ამასვე ადასტურებს გერმანიის, იტალიის, საფრანგეთის, ესპანეთის, შვეიცარიის, საბერძნეთის, თურქეთისა და მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის სამხედრო მშენებლობის პრაქტიკა. მსუბუქად შეიარაღებული სამთო ქვეითი ჯარების გამოყენებაზე კი საქართველოს პირობებში ლაპარაკი უნდა იყოს ძირითადად კავკასიონის ქედის კალთებზე მთათუშეთის, ფშავის, ხევსურეთის, ხევის, ჯავის რაიონის, რაჭის, ლეჩხუმის, სვანეთისა და მთიანი აფხაზეთის რაიონებში, თუმცა იქაც იქნება შესაძლებლობა სამთო ჰაუბიცების და მსხვილყალიბიანი ნაღმსატყორცნების მნიშვნელოვანი რაოდენობით გამოყენებისა. ამის საპირისპიროდ, ჩვენი ხელისუფლების სრული უმოქმედობის ფონზე, ამერიკული არმიის მე-10 სამთო ქვეითი დივიზიის სამხედრო მოსამსახურეები "წვრთნიან და აღჭურვავენ" საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რამდენიმე ბატალიონს და თან გვარწმუნებენ, რომ თანამედროვე სამხედრო საქმისა და სამხედრო ხელოვნების საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ცოდნის საწინააღმდეგოდ ამ მსუბუქ ქვეით ბატალიონებს "ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეეძლებათ". ეს მორიგი ამერიკულ-ქართული სიყალბე ცალკე საუბრის თემაა, ამჯერად კი წერილს დავსრულებთ თავად აშშ სახმელეთო ჯარების სხვადასხვა ტიპის დივიზიების 1980-იან წლებში არსებული საშტატო რიცხოვნებისა და შეიარაღების მოყვანით, რაც ნათლად წარმოგვიდგენს თითოეული ამ შენაერთის საბრძოლო შესაძლებლობებს.
(c) გაზეთი "საქართველო"
2002 მოგვწერეთ opentext@flashmail.com |