|
"საქართველო "
მუსიკოთერაპიის ავტორი ქართულ ესტრადას კულტურის დეგრადაციას უწოდებს მარი ჩიტაია
ხელოვნება
"ეროვნული განძი მარტო ოქრომჭედლობა არ არის. ეროვნული განძია პიროვნებაც, რომელიც შთამომავლობას უნერგავს იმ გენეტიკას, რაც ქართულია", ამბობს ადამიანი, რომელიც თავისი შემოქმედებით იქცა ჩვენი ქვეყნის ეროვნულ განძად, შემოქმედმა, რომელმაც შეძლო ქართულ გენში ჩადებული სულიერების მუსიკად ამეტყველება და ამით ქართველ გამოჩენილ კომპოზიტორთა გვერდით დამკვიდრება. იაკობ ბობოხიძის შემოქმედებაში ქართული ჯიშისა და გენის ზეიმია. თითოეული ნაწარმოები სიყვარულის, სიკეთისა და უკვდავების საგალობელს წააგავს. ალბათ, ასე შეძლო მან თაყვანისმცემლების მონუსხვა საქართველოში, თუ მის საზღვრებს გარეთ. შემოქმედის ტკივილი ქართული ხელოვნებაა და მუსიკის ის სამყარო, რომელშიც იგი ბინადრობს. ამ განცდებზე თავად გვესაუბრება კომპოზიტორი. ამ შემთხვევაში ის საკუთარი შემოქმედებისაგან განსხვავებით თავის ფიქრებს ხმამაღლა, შეულამაზებლად მისთვის ჩვეული სისადავით გადმოგვცემს.
ქართულ ესტრადაზე ქაოსია
შეუძლებელია, დიდი გულისტკივილით არ აღვნიშნო, რომ თანამედროვე ესტრადა მოიცვა სრულმა განუკითხაობამ. მე თამამად ვიტყვი, რომ დღევანდელი ქართული ესტრადა უახლოეს მომავალში შეფასდება ჩვენი კულტურის დეგრადაციად. როდესაც უცხოეთში ამ ჟანრის მუსიკა სრულდება, იკრიბება რამდენიმე ხელოვანი და ყველა თავის პარტიას ასრულებს. მათ შორის იხვეწება ანსამბლურობა, შეთანხმება და, რაც მთავარია, შემოქმედება ზეიმობს ცოცხლად. ქართული ესტრადა ამას დიდი ხანია, მოკლებულია. ჩვენთან პირიქით ხდება. ეგრეთწოდებული მუსიკოსები ვაი-ვაგლახით წერენ ფონოგრამას და გვიჩვენებენ როგორც შემოქმედებას. ეს პროცესი დამღუპველად მოქმედებს ხელოვნებაზე.
რითაც როკი გვხიბლავს
როკი მუსიკაში სულ სხვა ხელოვნებაა. მას გამოშიგნულ მუსიკას უწოდებენ. ცნობილია, მთელი მსოფლიო მოცულია იმპოტენციით. ადამიანს, რომელსაც ენერგია აქვს, უნდა გამოყოს. მოცარტის მოსმენით ამას ვერ მიაღწევს. ამისთვის საჭიროა, მოისმინოს როკი. გამოყოს ენერგია და ამ გზით ხდება მისი განკურნება, დაცლა. აქვე დავსძენ, რომ ცეკვა საერთოდ არის სექსის საწყისი, რითაც აწონებს ქალი მამაკაცს თავს და პირიქით. ამაში ჩაერია სატანისტური შემოქმედებითი მიმართულებები. რაც შეხება ჯაზს, ეს არის ნამდვილი შემოქმედება. ქართულ ესტრადაზე, როგორც უკვე აღვნიშნე, ხდება მოტყუება საკუთარი თავის, მსმენელის და ფაქტობრივად სიმღერები ცოცხალი შესრულებით არ სრულდება. დღეს კრიზისია სულიერი ფასეულობის. "შემოდგომის ყვავილებს დიდებასთან მივიტანთ" არის შედევრი, უნიკალური მოვლენა. მსგავსი მუსიკა დღეს არ იქმნება, რაც ჩვენი დღევანდელი ყოფის მწარე სინამდვილეა.
მოდა შემოსულა და გასულა...
დღეს რადიოში, ტელევიზიაში არის იაფფასიანი მუსიკის დოღი. ნაცოდვილარი მუსიკით გამოუჭედეს ხალხს ყური და მსმენელი უკვე ფასეულობებს ვერ არჩევს ამ კოშმარიდან. ქართულ თანამედროვე მუსიკაში გამეფდა მოდა. მოგეხსენებათ, მოდა შემოსულა და გასულა კიდეც. "წყალნი წავლენ და წამოვლენ, ქვიშანი დარჩებიანო", ამბობს ქართული ანდაზა. მე მაქვს იმედი, რომ დაიხვეწება ქართული ესტრადა და უხარისხო ხელოვნება დინებას გაყვება. მაგრამ ამისათვის საჭიროა ცენზურის შემოღებაც. ცენზურა უნიჭობაზე, რადგან უსარგებლო მუსიკა არ გადაედოს ჩვენს მომავალ თაობას. სულმნათმა ანდრია ბალანჩივაძემ თქვა, ნარკომანიას ეშველება, მაგრამ სულის წარღვნას ვერ აღმოვფხვრით, რადგან იგი თაობებში გადადისო. თუ ადამიანი გაიზარდა უგემოვნებო და მან არ შეისისხლხორცა ეროვნული ჰანგი, ერის ფასეულობა და ის, რასაც ნამდვილი ხელოვნება ჰქვია, საბოლოოდ გაიწირება. უცხოეთში გავრცელებულია ასეთი გამონათქვამი: "გახრწენი ახალგაზრდობა და ამით მოსპობ ქვეყანას".
მუსიკა და შემსრულებელი
სიმღერის შექმნის პროცესში შემსრულებელზეც ვფიქრობ. როდესაც გალაკტიონის "მზეო თიბათვისა"-ს ვწერდი, ვფიქრობდი ჰამლეტ გონაშვილზე. მუსიკის წერისას ჩემი შემსრულებლის ხმა მესმის და ამით იქმნება მთავარი ძარღვი, შეთანხმება. ასევე იყო, როდესაც "სიმღერა საქართველოზე" დავწერე. ვიცოდი, რომ ის დავით გამრეკელს უნდა ემღერა და მართლაც შეუდარებლად დაემთხვა ჩვენი სურვილები. ამ სიმღერის შემდეგ ორმოცი წელი გავიდა, მას ჯერაც არ დაუკარგავს თავისი ხიბლი. ეს ყველაფერი ძალდატანების გარეშე ხდებოდა და მუსიკაც თავისთავად გახდა პოპულარული. წადილზე შესრულებული ხელოვნება პროფესიონალიზმს მოკლებულია. ადამიანი, რომელსაც არ მიუღია მუსიკალური განათლება და თავისებურად "უსტვენს", არ შეიძლება იყოს კომპოზიტორი.
როგორ მოვედი დღემდე
ბავშვობაში მხატვრობით ვიყავი გატაცებული. კომპოზიტორობა ჩემთვის წარმოუდგენელი იყო, მაგრამ ისეთ სამეგობროში მოვყევი, უნებურად მუსიკისკენ გადახრა მომიწია. შემოქმედებას ყოველთვის მიქებდნენ, თუმცა არასდროს ვყოფილვარ დაავადებული იმით, რომ ჩემი ნაწარმოები შესრულებულიყო. ასე მოვედი დღემდე. უკონფლიქტო ვარ, კარგი პარტნიორი მეგობრობაში, ძმაკაცობაში, ნადირობაში. როდესაც თვალს შევავლებ ჩემს შემოქმედებას, საკუთარი ძალისა მე თვითონ მიკვირს ხოლმე. ბევრი ვიშრომე და ისე მოვედი, რომ მტერი და მოშურნე არ მყოლია.
რატომ მტკივა წარსული
წარსულზე საუბრისას შეუძლებელია, გვერდი ავუარო და არ ვახსენო ის დიდი კომპოზიტორები, რომლებთანაც ურთიერთობა მიხდებოდა. უბრწყინვალესი კომპოტორის, ალექსი მაჭავარიანის მოწაფე ვიყავი. ანდრია ბალანჩივაძე, რეზო ლაღიძე, ბიძინა კვერნაძე, სულხან ცინცაძე, ჯანო კახიძე, ოთარ თაქთაქიშვილი ჩემს სამეგობროს შეადგენდა. ასეთ ხალხთან ურთიერთობა ათ კონსერვატორიას უდრიდა. მათ მიმართ საოცარი პატივისცემა, მორიდება, მოკრძალება მქონდა. წარსულის გახსენებისას სიხარულთან ერთად უდიდეს ტკივილს განვიცდი. გული მტკივა, რომ მოულოდნელად წავიდნენ და ჩემს გვერდით არ არიან ასეთი დიდი ადამიანები.
ეროვნული განძი პიროვნებაა
ეროვნული განძი მარტო ოქრომჭედლობა არ არის. ეროვნული განძია პიროვნებაც, რომელიც შთამომავლობას უნერგავს იმ გენეტიკას, რაც ქართულია. ჰამლეტ გონაშვილი და ის ხალხი, ვისთანაც მიწევდა ურთიერთობა წარმოადგენენ ეროვნულ განძს ჩვენი ქვეყნისა. შეუძლებელია, ბავშვი ისე აღვზარდოთ, რომ არ იცოდეს, ვინ იყო დიდი ზაქარია ფალიაშვილი, რეზო ლაღიძე, გოგი ცაბაძე. ეს არის საქართველო და ამის გვერდზე გადადება წარმოუდგენელიცაა. საოცრად ბედნიერი ვარ, რომ გალაკტიონის ეპოქაში ვცხოვრობდი. ბედნიერებაა ის დიდი მეგობართა წრე, რომელთანაც ვიმყოფებოდი. ამიტომაც აქვს აზრი ჩემს მოსვლას ამქვეყნად.
მუსიკოთერაპია
"მუსიკოთერაპია" - ეს არის სამკურნალოდ დაწერილი მუსიკა, რომელიც აწყნარებს, ამშვიდებს ადამიანს. ამ საქმით დავინტერესდი, შევარჩიე სპეციალური პროგრამა და გავაგზავნე მოსკოვის პედიატრიის კვლევით ინსტიტუტში. ისინი ატარებდნენ ცდებს. ცდა ძირითადად აღგზნებულ ბავშვებზე ჩატარდა. მოზარდის უჯრედებს ციტოქიმიური ლაბორატორიის საშუალებით ასმენინებდნენ მუსიკას. აღმოჩნდა, რომ ამ მეთოდმა დიდი შედეგი მიიღო. დაამკვიდრეს და სათანადო სამედიცინო დასკვნა გამომიგზავნეს. ამჟამად ფსიქოლოგებთან ვმუშაობ. ძირითადად ნერვოზით დაავადებულებს ვკურნავთ. ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე სამკურნალო კომბინატის კარდეოლოგიურ განყოფილებაში ტარდება ოპერაციები ჩემი მუსიკის თანხლებით. ოპერაცია ავსტრიელმა ქირურგებმაც ჩაატარეს, თქვეს, რომ მუსიკით ოპერაციის დროს თავადაც ინარჩუნებდნენ სიმშვიდეს.
(c) გაზეთი "საქართველო"
2002 მოგვწერეთ opentext@flashmail.com |