"საქართველო "
# 14 (1786)
19 ნოემბერი - 3 დეკემბერი, 2002 წელი

ჯანმრთელობა: ლიმფური სისტემის გაწმენდა

რატომ არის აუცილებელი ლიმფური სისტემის გაწმენდა:

ბევრ ადამიანს არა აქვს წარმოდგენა ლიმფური სისტემის როლის და მნიშვნელობის შესახებ. ლიმფური ჯირკვლები ყველამ იცის, მთლიანად ლიმფურ სისტემაზე კი ნაკლები წარმოდგენა აქვთ. ლიმფურ სისტემაზე სრულყოფილი აზრი რომ ჩამოგვიყალიბდეს, მოვიყვანთ შემდეგ შედარებას: საცხოვრებელ ბინაში გვაქვს ორი სისტემა: სასმელი წყლის მიღების და კანალიზაციის. ამის მსგავსად, როცა ადამიანის ამა თუ იმ უჯრედში გროვდება დაშლის პროდუქტები, "ნარჩენები" - ლიმფური კაპილარები შეუსვენებლივ, ადამიანის დაბადებიდან სიკვდილამდე ამ უჯრედების გარემომცველი სივრციდან იწოვენ ამ "ნარჩენებს". მხოლოდ ძალზე მცირე ზომის - დაბალმოლეკულური "ნარჩენები" გამოიტანება სისხლის მიერ.

წარმოქმნილი ლიმფა ლიმფური კვანძებიდან ხვდება ლიმფურ სადინარებში. ეს სადინარები კი თანდათანობით მსხვილდებიან, ქმნიან კოლექტორებს, რომლებიც გაივლიან რა ფილტრებს ანუ ლიმფურ კვანძებს, გადადიან მთავარ ღერძში.

ორგანიზმის შიგნით წარმოქმნილი ჭუჭყის მოცილების გარდა ლიმფური სისტემა ასრულებს ორგანიზმის ბარიერულ-ფილტრაციულ და იმუნურ ფუნქციას. სწორედ ლიმფურ კვანძებში ხდება ორგანიზმში შეღწეული მიკრობების განადგურება.

იქ, სადაც ლიმფური სისტემის გაწმენდას დიდ ყურადღებას აქცევენ, შედეგები გასაოცარია. ასე მაგალითად: მოსკოვის პროქტოლოგიის სამეცნიერო ინსტიტუტის მონაცემებით, ლიმფის გაწმენდამ სიმსივნით ავადმყოფთა 40+-ში სიცოცხლის ხანგრძლივობა 3 წლით გაზარდა; გულის დაავადების დროს ლიმფის გაწმენდამ მკვეთრად შეამცირა მიოკარდიის ინფარქტის, ექსტრასისტოლიების, გულის გამტარი სისტემის ბლოკადის წარმოშობის რიცხვი. ჩვენი სამედიცინო პრაქტიკიდან გამომდინარე, აუცილებლად მიგვაჩნია, რომ ლიმფური სისტემა პერიოდულად უნდა გაიწმინდოს ყველა ადამიანმა.

რა დაავადებებს ვმკურნალობთ ან თავიდან ავიცილებთ ლიმფური სისტემის გაწმენდით: მოთენთილობა, ადვილად დაღლა, საერთო სისუსტე, გაღიზიანებადობა, გაცივებისკენ მიდრეკილება, მადის დაქვეითება. გარდა ამისა გაწმენდის ტიბეტური (მეთოდი #2) ხერხი დადებითად მოქმედებს ჰიპერტონიის, კუჭ-ნაწლავის დაავადებების, ფსორიაზის, ბუასილის, ოსტეოქონდროზის დროს.

გაწმენდის მეთოდიკა:

1) მეთოდი #1 - ნორმან უოკერის მიხედვით.

მოვამზადოთ 900 გ გრეიპფრუტის, 900 გ ფორთოხლის და 200 გ ლიმონის წვენი. დავამატოთ 2 ლიტრი წყალი (უმჯობესია გამოხდილი). ეს მიღებული 4 ლ ნარევი უნდა დავლიოთ ერთი დღის განმავლობაში გარკვეული წესების დაცვით. წმენდა გრძელდება 3 დღეს. გარდა ამისა ყოველდღე დაგვჭირდება 1 სუფრის კოვზი ინგლისური მარილი (ნატრიუმის სულფატი).

როგორ ჩავატაროთ წმენდა: დილით დეფეკაციის შემდეგ 1 სუფრის კოვზ ინგლისურ მარილს ვხსნით 100 გ წყალში და დავლევთ. 30 წუთის შემდეგ ვიკეთებთ ოყნას. ამის შემდეგ სასურველია მივიღოთ თბილი შხაპი ან აბაზანა. დაიწყება სინოტივის დაკარგვა - განავლით, შარდით, უხვი ოფლით. ყოველ 30 წუთში ვსვამთ 100 გ მომზადებულ წვენების ნარევს, სანამ 4 ლ არ დავლევთ, შეიძლება 200-200 გ.-ის მიღებაც.

სანამ წვენების ნარევს ვსვამთ, ამ 3 დღის განმავლობაში სხვა არაფერი საკვები არ უნდა მივიღოთ. თუკი ძალზე მოგვინდა ჭამა (ციტრუსები მადის მომგვრელია), მაშინ საღამოს შეგვიძლია გრეიპფრუტის ან ფორთოხლის მიღება. შეიძლება სხვა ხილიც და ნედლი ბოსტნეული.

გაწმენდის ეფექტი გაიზრდება თუ ძილის წინ კიდევ ერთხელ გავიკეთებთ ოყნას.

ასეთი 3 დღიანი წვენების დიეტის შემდეგ უცებ ჩვეულებრივ კვებაზე გადასვლა, ბუნებრივია, არ შეიძლება. რამდენიმე დღე უნდა გავაგრძელოთ კვება წვენებით, ახალი ხილით და ბოსტნეულით, თანდათანობით ჩავრთოთ რაციონში ფაფები და შემდეგ - ჩვეული საკვები.

მართალია ამ მეთოდით წმენდა დიდ დანახარჯებს მოითხოვს, მაგრამ ის ანაზღაურდება იმ სიმსუბუქით, ძალების მომატებით, გუნება-განწყობილების გაუმჯობესებით, რომელიც დგება ამ მეთოდით გაწმენდის შემდეგ.

2) მეთოდი #2 - ტიბეტური მეთოდი.

ქრისტესისხლას ვანაწევრებთ და გამოვწურავთ წვენს. წვენს ვფილტრავთ დოლბანდის 2-3 ფენაში და 450 გ წვენს ვამატებთ 70 გ სამედიცინო სპირტს. ვინახავთ მაცივარში.

მიღება: დილით უზმოზე - 1 წვეთი, სადილის წინ - 2 წვეთი, ვახშმის წინ - 3 წვეთი. ე.ი. ყოველ მიღებაზე ემატება თითო წვეთი. დოზა აგვყავს ერთ მიღებაზე (ვახშმის წინ) 15 წვეთამდე. შემდეგ კი თანდათანობით ვამცირებთ 1 წვეთამდე (დილით უზმოზე).

წვეთების მიღების პარალელურად ვღებულობთ სტაფილო-ჭარხლის (4:1) ან ვაშლ-ჭარხალის (4:1) წვენების ნარევს 150-200 გ რაოდენობით ყოველი ჭამის წინ. კვება მთელი წმენდის განმავლობაში ვეგეტარიანული უნდა იყოს.

3) მეთოდი #3 - შვრიით.

ა) 2 ჭიქა შვრიის დასრესილ თესლს ვასხამთ 1 ლ მდუღარე წყალს. ვაჩერებთ 20-30 წუთს, ვწურავთ.

მიღება: 100 გ 2-3-ჯერ დღეში ჭამის წინ, თბილ მდგომარეობაში.

ბ) 1 ჭიქა შვრიას 12-16 საათი ვაჩერებთ 1 ლ ოთახის ტემპერატურის წყალში, ნაყენს გადავღვრით და ვაკეთებთ კისელს.

მიღება: დღეში 2-3-ჯერ, ჭამის წინ.

4) მეთოდი #4 - ასკილით.

30 გ ასკილის დაქუცმაცებულ ნაყოფს ვასხამთ 500 გ მდუღარე წყალს და ვადუღებთ 10 წუთს, შემდეგ ვაჩერებთ თავდახურულ ჭურჭელში 1 დღეს.

მიღება: 100 გ ჭამის შემდეგ 2-ჯერ დღეში.

კ. საბახტარიშვილი,

სამკურნალო წიგნი, ტ.3. თბილისი, 1997.



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2002

მოგვწერეთ opentext@flashmail.com