"საქართველო "
# 14 (1786)
19 ნოემბერი - 3 დეკემბერი, 2002 წელი

წინაპართა ცოდვებს ეკლესიური ცხოვრებით ავიცილებთ თავიდან: გზა ცათა სასუფევლისა

ირმა მაჭარაშვილი

ინტერვიუ დეკანოზ ზაქარია ძინძიბასთან

- მამა ზაქარია, ათი მცნებიდან, ერთ-ერთი შვილის მშობლებთან ურთიერთობას ეხება. "პატივი ეც დედასა შენსა და მამასა შენსაო..." წმინდა წიგნში არაფერია ნათქვამი მშობლის შვილის წინაშე მოვალეობების შესახებ. ე.ი. მშობელი ვალდებული არ არის შვილს მიხედოს?

- სახელითა მამისათა და ძისათა და სულის წმიდისათა. შვილისა და მშობლის ვალდებულება ორმხრივია. როცა მშობლები კეთილშობილ ბავშვს შობენ (ჯვრისწერის შემდეგ, არამარხვაში ჩასახულ ბავშვს ეწოდება კეთილშობილი), უდიდეს მადლს იღებენ ღვთის წინაშე. მათ კიდევ ერთი ადამიანი მოავლინეს ქვეყანას, რომელსაც შანსი აქვს, უკვდავებაში დაიმკვიდროს ადგილი. რა თქმა უნდა, მარტო ადამიანის დაბადება არ არის საკმარისი. საჭიროა მასზე ზრუნვაც. არა მარტო ადამიანში, ცხოველშიც კი ჩადო ღმერთმა, რომ შთამომავლობას მიჰხედოს. არ არსებობს ასეთი მცნება, პატივი ეცი შვილსა შენსაო. ეს იმდენად ღრმა ფილოსოფიური და ფსიქოლოგიური მცნებაა, ღვთის ნებით ყველა ადამიანში დევს. მშობელი ცდილობს ყველაფერი საუკეთესო თავის შვილს დაუტოვოს. სამწუხაროდ, ხშირად ხდება, შვილებს მხოლოდ მატერიალურად გადაეგებიან ხოლმე და სულიერი აღზრდა ავიწყდებათ. ამით ისინი ფაქტობრივად, უსუსურები რჩებიან. სანამ ქონება აქვთ, ყველაფერი რიგზეა, მერე კი იწყება ტრაგედიები. მშობელი, პირველ რიგში, ვალდებულია სულიერად აღზარდოს თავისი შვილი და ასე დააყენოს გზაზე, რათა შემდგომში მანაც შეძლოს ღირსეული ოჯახის შექმნა.

- ზოგჯერ მამების და შვილების ურთიერთობა იმდენად მწვავეა, ოჯახი ოჯახს აღარ ჰგავს. მიზეზი ან გამოსავალი სად უნდა ვეძებოთ, აღზრდაში?

- მშობელი საუკეთესო მაგალითია შვილის აღზრდისას. ბავშვისთვის მამა ყველაზე ღონიერია, დედა ყველაზე ლამაზია... ისინი უნდა აძლევდნენ წესიერად ცხოვრების მაგალითს, არა ისე, როგორც ანეკდოტია: მამა ეტყვის შვილს, აი, ყველაფერს გიტოვებ, რაც გამაჩნიაო. მერე დგას შვილი და ოცნებობს - როდის მოკვდებიან მშობლები, რომ ყველაფერი შევჭამოო...

შვილი ვალდებულია, პატივი სცეს და უპატრონოს მშობლებს. სჯულში წერია: "პატივი ეცი მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა დღეგრძელი იყო და კეთილი გეყოს შენ". ეს არის ფორმულა და კანონი. თუ გინდა, დღეგრძელი იყო, კეთილი ცხოვრება გქონდეს, უნდა დაიცვა ეს მცნება, პატივი სცე მშობლებს, გაითვალისწინო მათი აზრი, გამოცდილება, მშოლების ლოცვა-კურთხევით უნდა აკეთო საქმე, როცა ეს ყველაფერი აწყობილია ნორმალურ დონეზე, შედეგიც კარგია, შვილის და მშობლის პრობლემა აღარ არსებობს.

- გამონაკლისები არსებობს ჩვენს რეალობაში და საკმაოდ ბევრიც.

- სამწუხაროდ, გამონაკლისების რიცხვი თანდათან იზრდება. ამის მიზეზი ისაა, რომ საეკლესიო მცნებები დავიწყებულია, ბევრს არ ახსოვს, რომ სიყვარული ზნეობრივი კატეგორიაა და არა მარტო სექსუალური ურთიერთობა. ეს თანამედროვე სიტუაციამ მოიტანა. ევროპიდან და ამერიკიდან შემოტანილ ფილმებს რომ უყურებ, სიყვარული აღიქმება, როგორც ქალისა და მამაკაცის ფიზიკური, ლოგინის ურთიერთობა: "სიყვარული უნდათ". ასეთი ურთიერთობის ნაყოფი მტანჯველი იქნება და "მშობლები" ჯერ კიდევ მის დაბადებამდე ეცდებიან, თავიდან მოიშორონ შვილი. თუ როგორღაც მაინც დაიბადა ბავშვი, ცხოვრება რომ არ დაუმძიმდეთ, ცდილობენ გააშვილონ, ამით ცოდვას სჩადიან.

- ბევრი შემთხვევაა, ქალი ასაკში შედის. ვერ თხოვდება, ვერ აჩენს ბავშვს და მარტოხელა დედა ხდება. არის თუ არა ეს ცოდვა?

- ადამიანის დაბადება სამყაროში უდიდესი მოვლენაა, მაგრამ მარტო შვილის გაჩენა არ არის საქმე. საჭიროა მისი აღზრდაც. მე ვარ შემსწრე, მარტოხელა დედამ გააჩინა შვილი. უხაროდა...სასიხარულოა, რა თქმა უნდა, ადამიანის ამქვეყნად მოვლინება, მაგრამ 5-10 წლის შემდეგ მის ოჯახში ტრაგედია დატრიალდა, ქალმა მამა ვერ შეცვალა, ვერ უთხრა ბავშვს ვინ იყო მამა. ამ ტრაგედიამ ცხოვრება დაუმახინჯა ადამიანს. ძნელია იმ ტკივილის მოშუშება, რომელიც უმამო ან უდედო ადამიანს გააჩნია. ამიტომ ვეცადოთ, ასეთი უპატრონო ბავშვები ნაკლები იყონ და კეთილი ცხოვრებით ვიცხოვროთ. ადამიანს ერთი დედა, ერთი მამა და მრავალი და-ძმა უნდა ჰყავდეს.

- ევროპაში სრულწლოვანი ახალგაზრდები ოჯახიდან მიდიან და საკუთარ თავს თავად ირჩენენ, საქართველოში კი წესად გვაქვს, მშობლები სიკვდილამდე დგანან შვილების სამსახურში. რომელი უმჯობესია?

- ეს წესი ამა თუ იმ ერის ხასიათიდან მომდინარეობს. ქართველი კაცი ოდითგან დაკავშირებული იყო თავის წარსულთან, აწმყოსთან და მომავალთან. ჩვენ მცირერიცხოვანი ერი ვართ. შთამომავლობის გაფრთხილებას არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა და აქვს. ისედაც, საქართველო ძალიან პაატარაა. ვერ მოსწყდები შენს ოჯახს და ვერ წახვალ ისეთ ადგილზე, სადაც ახლობლები და ოჯახის წევრები არ გეგულება. როცა სხვა ქვეყნის ტრადიციებს ჩვენსას ვუდარებთ, აღმოვაჩენთ, რომ ადამიანები იქ უფრო ჩაკეტილად ცხოვრობენ, ნაკლებად არიან დაკავშირებული ერთმანეთთან და ეგოისტური გრძნობებით იმართებიან. ერთი მხრივ კარგია, როცა მთელი შენი ცხოვრება მშობელი ზრუნავს შენზე, მაგრამ ხშირად ეს თრგუნავს ადამიანს. საქართველოში დამოუკიდებელი პიროვნება 33 წლის შემდეგ ყალიბდება, იაპონიაში ეს ასაკი 10 წელია, ევროპაში და რუსეთში - 12-15 წელი. იმედი მაქვს, ჩვენთან დადგება დრო, ცხოვრება ისე აეწყობა, რომ პენსიონერი იპენსიონერებს, მშრომელი იშრომებს, ახალგაზრდა კი თავის ადგილს იპოვის ცხოვრებაში. სამწუხაროდ, ზოგი პენსიონერი სანამ არ მოკვდება, სამსახურიდან არ მიდის, ზოგი ახალგაზრდა კი საერთოდ ვერ შოულობს სამსახურს, ვერ ქმნის ოჯახს, ეკონომიკური სიდუხჭირის გამო კი დემოგრაფიული კატასტროფა გველის.

- უფრო ხშირად შვილების გზიდან აცდენა არასწორი აღზრდის შედეგია. მოეკითხებათ თუ არა მშობლებს ცუდი შვილის ცოდვები?

- რა თქმა უნდა, ორივეს მოეკითხება, შვილსაც, რომ პატივს არ მიაგებს მშობელს და ამ უკანასკნელსაც, თუ ცუდად აღზრდა. რახან დაიბადა, გაიზარდოს და თავის თავზე თვითონ იზრუნოსო, არ არის სწორი.

- ბაბუის ნაჭამმა ტყემალმა შვილიშვილს მოჰკვეთა კბილიო - ნათქვამია. რამდენად მოეკითხება მშობლის ან წინაპრების ცოდვა ადამიანს?

- ნამდვილად ასეა. წინაპრების ცოდვა შთამომავლობაზე გადადის, თუმცა არსებობს ასეთი ფორმულაც, თუ შენ ეკლესიურად ცხოვრობ, როგორი ცოდვებიც არ უნდა ჰქონდეს შენს წინაპარს, იმისათვის პასუხს არ მოგთხოვს ღმერთი. ეკლესიური ცხოვრებით, ფაქტობრივად, შენი წინაპრების ცოდვების მონანიება ხდება. წინააღმდეგ შემთხვევაში კი წინაპრებისაც მოგეკითხება და შენიც ზედ დაემატება...



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2002

მოგვწერეთ opentext@flashmail.com