"საქართველო "
# 14 (1786)
19 ნოემბერი - 3 დეკემბერი, 2002 წელი

ჩვენი ისტორია: ბოროტების სათავე, ანუ როგორ შეთითხნეს "მეგრელთა საქმე"

ვ. ნ. შონია

(გაგრძელება. დასაწყისი "საქართველო" #8,9,10,11,12,13. 2002 წ.)

თავიდან, როცა ძიკი კვარაცხელიაზე გვქონდა საუბარი, ვახსენეთ მდიდარი მეჯოგე ჯარნაზ არქანია. ახლა გვინდა გადმოგცეთ ბატონი ილია ბარქაიას* მიერ მოთხრობილი ფაქტი, რომელიც ეხება სტალინის ურთიერთობას ამ კოლორიტულ პიროვნებასთან.

ჯარნაზს ჯოგი ჰყავდა "კრასნაია პოლიანას" მიდამოებში. მას ნესტორ ლაკობა იცნობდა და პატივს სცემდა. 1917 წლის მაისში ნესტორ ლაკობამ ჯარნაზს სტალინი მიუყვანა და გააცნო, თან სთხოვა რამდენიმე ხნით დაემალა იგი თავისთან. სტალინს გამალებით დაეძებდა პოლიცია. მათთვის ცნობილი გახდა, რომ სტალინი იმალებოდა არქანიასთან. ოცამდე შეიარაღებულმა ცხენოსანმა ჯარნაზის სამყოფელს ალყა შემოარტყა. მისი გარღვევა და გაქცევა შეუძლებელი იყო. ჯარნაზს გაახსენდა, რომ ეზოში იდგა ფუღუროიანი ხე. მხოლოდ მას თუ შეეძლო დევნილის გადარჩენა. "საჩქაროდ შედი ფუღუროში და დაიმალე", უთხრა მან სტალინს. ეს უკანასკნელიც დაჰყვა მის ნებას. პოლიციამ ყველაფერი გადაქექა, მაგრამ ვერაფერი იპოვა. ბოლოს პოლიცმეისტერმა ერთ-ერთ თანამშრომელს უბრძანა - შეეხედა ფუღუროში. პოლიციელი ასეც მოიქცა, მაგრამ შიგ ისეთი სიბნელე იყო, ვერაფერი გაარჩია. თურმე სტალინი, როგორც კი შევიდა ფუღუროში, ზევით არსებულ სიცარიელეს აუყვა, მერე ზურგის და ფეხების მიბჯენით თავი შეიმაგრა.

ალყა მოხსნეს, ჯარნაზი პოლიციამ წაიყვანა. იგი მთელი ერთი კვირა დაპატიმრებული ჰყავდათ. რას არ ეცადნენ, მაგრამ ვერაფრით გამოტეხეს. ერთი კვირის შემდეგ ჯარნაზიც დაბრუნდა. სტალინი შინ დაუხვდა. საშიში იყო მისი დამალვა სახლში, პოლიცია კიდევ უფრო მეტი მონდომებით დაეძებდა. მდინარეზე გადებულ ხიდზე მეთვალყურეობა იყო დაწესებული. მდინარე ისე იყო ადიდებული, რომ ფონით გასვლა შეუძლებელი ჩანდა.

სტალინი ჯარნაზს თხოვდა: "კეთილო კაცო, როგორმე გაღმა გამიყვანე, რუსეთის მიწაზე ფეხი დამადგმევინე და შემდეგ მე არ დავიკარგები". ჯარნაზი დიდი გამოცდილების მქონე კაცი გახლდათ. მან მწყემსებს მოაყვანინა ჯოგიდან ყუბანის ჯიშის ოთხი ვეება ხარი. ისინი შეძახილებით და ცემა-ტყეპით აბობოქრებულ მდინარეში შეაგდეს. სტალინს უთხრა ჯარნაზმა: "ტანისამოსი თავზე დაიხვიე და ერთ-ერთ ხარს კუდში ხელი ჩაავლეო". ასეც მოხდა. მაგრამ საოცარი ის იყო, რომ მდინარის შუაგულიდან სამი ხარი უკან გამობრუნდა, ხოლო მეოთხე, რომლის კუდსაც ჩაჭიდებოდა ლტოლვილი, მიაპობდა აბობოქრებული მდინარის ტალღებს და ასე გააღწია მეორე ნაპირზე.

გავიდა თუ არა მეორე მხარეს, ლტოლვილმა ჯარნაზს ხელი დაუქნია, მადლობის ნიშანი მისცა, ტანთ ჩაიცვა და გაუჩინარდა. არ გასულა ერთი საათიც, რომ მეჯოგის სადგომს პოლიციამ კვლავ ალყა შემოარტყა. სოხუმის პოლიცმეისტერმა ლევან ბუკიამ თქვაო, შემდეგ იგონებდა თურმე ჯარნაზი: ..."ისეთი კაცი გაგვექცა, რომ რუსეთს კარგი დღე არ დაადგებაო".

მოხდა ოქტომბრის რევოლუცია, სტალინმა მიაღწია საკავშირო კბ(ბ) ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივნის პოსტს. 1928 წლის შემოდგომაზე ნ. ლაკობა და სტალინი ცხენებით ავიდნენ რიწაზე, გზაზე შეხვდათ სახედარზე მჯდარი ჯარნაზი. ეს ცნობილი მეჯოგე და მისი მწყემსები საძოვრებიდან ნახირს მოერეკობდნენ. სტალინმა შორიდანვე იცნო იგი. ჩამოქვეითდა, მიუახლოვდა. ახლა ჯარნაზიც გადმოხტა სახედრიდან, ისინი ერთმანეთს გადაეხვივნენ. სტალინმა ჯარნაზი თან წაიყვანა, ერთი კვირა ყავდა რიწის აგარაკზე, იქ იყვნენ ნესტორ ლაკობა და ისაკ ჟვანია.

1929 წელს, როცა სტალინი მორიგ შვებულებას ატარებდა რიწაზე, ჯარნაზმა ერთი დიდი ხარი, საგანგებოდ დამზადებული ორი ყანწი და ერთი გუდა საუკეთესო ხარისხის იზაბელა ძღვნად მიართვა მას. სტალინმა ძველი მეგობარი დიდი სიყვარულით მიიღო. ჯარნაზმა ერთი ყანწი თვითონ დაისხა, მეორე სტალინს გაუვსო და მიაწოდა, ყანწები დაიცალა. სტალინს ამჯერადაც ერთი კვირა ყავდა იგი აგარაკზე.

* * *

სტალინზე ბევრი დაიწერა, ბევრი დაიწერება მომავალში. ჩვენი მიზანი არაა შევეჭიდოთ ამ დიდ თემას. წინამდებარე ნარკვევში მის პიროვნებას ვეხებით იმდენად, რამდენადაც სამარცხვინო "მეგრელთა საქმე" უშუალოდ დაკავშირებულია ამ კაცის სახელთან.

როცა ი. ბ. სტალინზეა ლაპარაკი, მაინც საჭიროდ მიგვაჩნია მკითხველს მივაწოდოთ ინგლისის ყოფილი პრემიერ-მინისტრის უინსტონ ჩერჩილის სიტყვა, რომელიც მან წარმოსთქვა თემთა პალატაში, ი. ბ. სტალინის დაბადების 80 წლისთავთან დაკავშირებით. აი, ეს სიტყვა:

..."რუსეთისათვის დიდი ღირსება იყო, რომ უმძიმესი წლების გამოცდაში ქვეყანას სათავეში ედგა გენია და უდრეკი მხედარმთავარი იოსებ ბესარიონის ძე სტალინი. ეს იყო უძლეველი და ყველაზე მოქნილი პიროვნება, რომელიც შეეფარდებოდა ჩვენს ცვალებად და მკაცრ დროს იმ ხანაში, რომლის დროსაც მიმდინარეობდა მთელი მისი სიცოცხლე და მოღვაწეობა.

ი. ბ. სტალინი იყო უძლეველი ენერგიისა და ნებისყოფის მქონე ადამიანი, საუბარში ზოგჯერ მკაცრი, მკვეთრი და ფიცხი, დაუნდობელი, რომლის წინააღმდეგ მეც კი, რომელიც აქ, დიდი ბრიტანეთის პარლამენტში აღვიზარდე, ბევრი არაფრის თქმა შემეძლო.

უპირველეს ყოვლისა სტალინს გააჩნდა იუმორის გრძნობა და უთქმელი აზრის ზუსტად გამოცნობის უნარი. სტალინში ეს ძალა იმდენად დიდი იყო, რომ იგი ყველაზე კოლოსალურ შთაბეჭდილებას ტოვებდა. ამ ძალას საგანგებო მნიშვნელობას ანიჭებდა მრავალი ერის ერთმმართველი ხელმძღვანელი ყველგან და ყოველთვის.

სტალინმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა. მას გააჩნდა ღრმა, დინჯი, ყოველგვარ ალოგიკურობას, ილუზიურობას მოკლებული სიბრძნე, ის იყო ყოველი მომენტისათვის შესაფერისი და გამოსავალი გზების შემცნე შეუდარებელი ოსტატი. სტალინი ყველაზე კრიტიკულ და ყველაზე საზეიმო მომენტში ერთნაირად თავდაჭერილი იყო და არასდროს ილუზიის სამოსელში არ ეხვეოდა.

სტალინი იყო უაღრესად რთული პიროვნება, მიუწვდომელი დიქტატორი. მან შექმნა და მორჩილებაში მოიყვანა უზარმაზარი იმპერია. იგი იყო ადამიანი გენია, რომელმაც მტერი მოსპო თავისავე მტრის ხელით. მე ვახსენებ ადამიანს, რომლის დაუძინებელი მტერი ვიყავი, მაგრამ მას პატივს ვცემ, როგორც დიდ სახელმწიფო მოღვაწეს, უდიდეს სამხედრო სტრატეგს, რომელსაც შეეძლო ყოველ დღე მოეტყუებინა რუზველტი, ხოლო ყოველ მეორე დღეს მე.

მე, რომელიც დავიბადე და აღვიზარდე ლორდთა პალატაში, რომელმაც დავამთავრე ოქსფორდის უნივერსიტეტი, სადაც ვისმენდი გამოჩენილი მეცნიერების ლექციებს, ვიყავი თერთმეტი დიდი ქვეყნის დიპლომატიური მოლაპარაკების მეთაური, ვერაფერი ვერ გავაწყვე დიდ დიპლომატიურ ბრძოლაში ამ გიმნაზიადაუმთავრებელ ი. ბ. სტალინთან".

უ. ჩერჩილი

"ბრიტანსკი სოიუზნიკ", გვ. 147.

1941 წლიდან 1942 წლამდე, როგორც აღვნიშნეთ, სტალინს ყოველთვის და ყველგან თან ახლდა ბერია. სტალინის დაცვას ხელმძღვანელობდნენ: გენერალ-მაიორი ჭიჭიკო რაფავა და აფხაზეთის ასსრ შინაგან საქმეთა მინისტრი, გენერალ-მაიორი კიჭო გაგუა. გარდა მაღალი ჩინის ჩეკისტებისა, დაცვაში იყვნენ ყველაზე სანდო და საიმედო მუშაკები. მათ შორის იმყოფებოდა ჩვენთვის უკვე ცნობილი ბატონი ილია ბარქაია. დაცვას ხშირად აკითხავდა და ამოწმებდა რესპუბლიკის სასაზღვრო დაცვის უფროსი, გენერალ-მაიორი კოტე ბზიავა. სტალინი რასაც მოიწადინებდა, იმას უმალვე იქვე გაუჩენდნენ. იკვლებოდა გარეული ღორი ბზიბის ხეობაში. იჭერდნენ თევზებს, მოყავდათ ცოცხლად დაჭერილი მწყერები, თოფით მოკლულს, სტალინს ვინღა აკადრებდა.

1950 წლის ნოემბერში გარდაიცვალა ბერიას ძმა კაპიტონ კვარაცხელია (კაპიტონი და ლავრენტი, როგორც ადრე აღვნიშნეთ, ერთი დედის შვილები იყვნენ). იგი სოხუმთან ახლოს ცხოვრობდა. ჰყავდა რუსი ეროვნების მეუღლე. მიცვალებული დაასვენეს საკუთარ სახლში, ტურბაზის ზემოთ. ყოველ ათ წუთში იცვლებოდა საპატიო ყარაული. ბატონ ილიას რამდენჯერმე მოუწია საპატიო ყარაულში დგომა. მისი რანგის ჩეკისტები მიცვალებულის ფეხებთან დგებოდნენ. ილიას ეწყვილებოდა აფხაზეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა გრიგოლია. ჩინით უფრო მაღალი რანგისანი დგებოდნენ თავთან. მიცვალებულთან იჯდა მგლოვიარე, თმებგაშლილი დედა მართა და ორი სიმპატიური გარეგნობის შავგვრემანი ქალი. იმათაც თმა გაეშალათ მეგრული წესით. ესენი იყვნენ ანასტას მიქოიანის ღვიძლი დები. სამძიმრის სათქმელად ჩამოვიდნენ: სტალინი, მოლოტოვი, მიქოიანი, კაგანოვიჩი და სხვები (სტალინი ამ დროს ისვენებდა რიწაში). პოლიტბიუროს წევრები 10-10 წუთი იდგნენ ცხედართან და დუმილით პატივს მიაგებდნენ, როგორც მიცვალებულს, ასევე მის ჭირისუფალს. გაზეთებმა ნეკროლოგი დაბეჭდეს. კაპიტონი დიდი პატივით გაასვენეს 20 ნოემბერს და სამუდამო ბინა მიუჩინეს მეორე "სვობოდის" სასაფლაოზე, სოხუმთან ახლოს.

როგორც აღვნიშნეთ, სტალინი 1950 წლის ნოემბრის თვეში რიწაში ისვენებდა. მან ბერიას დაავალა 6 ნოემბრის საზეიმო სხდომაზე გამოსულიყო სიტყვით, ხოლო 7-ში მიეღო პარადი. ასეც მოხდა. სტალინი რიწიდან გაემგზავრა 15 დეკემბერს. 21 დეკემბერს, დაბადების დღის გადახდის შემდეგ მოიწვია პოლიტბიუროს სხდომა. ამ სხდომას ბერია არ დასწრებია. იგი გაგრაში "ხოლოდნაია რეჩკაზე" ისვენებდა.

სტალინმა პოლიტბიუროს წევრებს მიმართა: ..."ამხანაგებო, ასაკი თავისას აკეთებს, ვგრძნობ არა მაქვს ის ენერგია, რაც ადრე მქონდა, გთხოვთ, გამანთავისუფლოთ მე და ახლავე მომცეთ კანდიდატურა, ვინც მე შემცვლის".

ამბობენ, რომ ყველა დიდ მოღვაწეს მუდამ აწუხებს ფიქრი იმაზე, თუ რით დამთავრდა მისი კარიერა, რა მოელის მას სიცოცხლის მიწურულს. არადა, თუ თვალს გადავავლებთ მათ ბედს დიდების კვარცხლბეკის დატოვების ჟამს, სახარბიელოს ვერაფერს ვნახავთ, რა თქმა უნდა, სტალინიც სულ ამის ფიქრში იყო. მიუხედავად ქვეყნის წინაშე მისი დიდი დამსახურებისა, გული სადღაც უსიამოს უგრძნობდა. შოვინიზმით დაავადებული რუსეთი არ აპატიებდა პატარა ერის შვილს ოცდაათწლიან პირველკაცობას ასეთ გოლიათ ქვეყანაში, ამასთან ერთად სიბერეში შესვლის კვალობაზე სულ აწუხებდა განვლილ წლებში დაშვებული შეცდომები და მისი სავალალო შედეგები. აკი კოლექტივიზაციის პერიოდში გამოაქვეყნა კიდევ ნაშრომი "თავბრუდახვევა წარმატებისაგან", სადაც მკაცრად იყო გაკრიტიკებული ის ძალადობა და დარღვევები, რომელსაც ქვეყნის ცალკეულ რეგიონებში ჰქონდა ადგილი იმ პერიოდში.

მას არანაკლებ აწუხებდა ის ცოდვები, რომელიც ჩადენილი იყო იმ ავბედით 37 წელს. ყოველივე ამის გამო უნდოდა მისსავე სიცოცხლეში ეხილა თავისი შემცვლელი. როგორც ადრე ვთქვით, მას ღირსეულ მემკვიდრედ ბერია ეგულებოდა, მაგრამ მისი არარუსული წარმოშობაც მეტად აფიქრებდა. ბევრი უტრიალა მისმა გონებამ პოლიტბიუროს შემადგენლობას, მაგრამ ლავრენტიზე უფრო შესაფერისი კანდიდატურა ვერა და ვერ მოძებნა. ამბობენ, პოლიტბიუროს დახურულ სხდომაზე გაიტანა ეს საკითხი. ვარაუდობდა, რომ პოლიტბიუროს წევრები ერთხმად დაუჭერდნენ მხარს მის წინადადებას. სტალინს ეგონა მისი პარტიული ამხანაგები ფსიქოლოგიურად მზად იყვნენ ამისათვის და ისე მოიქცოდნენ, როგორც როსტევან მეფის ვეზირები მოიქცნენ თინათინის გამეფებისას, მაგრამ ეს ასე არ მოხდა.

როგორც ზემოთ ვთქვით, სტალინმა წინადადება წამოაყენა "მომეცით კანდიდატურა". დუმილი, არავინ ხმას არ იღებს, ყველას თავი ჩაეღუნა. მან გაიმეორა: ..."მომეცით კანდიდატურა, რომელიც მე შემცვლის". კვლავ დუმილი, სამარისებური სიჩუმეა ჩამოვარდნილი. "მაშ არავის ასახელებთ?" სტალინს იმედი ჰქონდა მისი უდიდესი ავტორიტეტისა და გადაწყვიტა თვითონ დაესახელებინა კანდიდატურა, ეგონა ვერ გაბედავდნენ მისი წინადადების უარყოფას, მაგრამ მოხდა კი პირიქით!

სტალინმა დინჯად წარმოთქვა: ..."თუ თქვენ არ გყავთ კანდიდატურა, მაშინ მე მყავს. ჩემს ადგილზე რეკომენდაციას ვუწევ ლავრენტი პავლეს ძე ბერიას. ვინ არის მომხრე?"

ხელს არავინ არ წევს... კვლავ სიჩუმე, დახრილი თავები... სტალინი გაფითრდა, განრისხება თითქოს არ შეიმჩნია და კარგა ხნის დუმილის შემდეგ მძიმედ გამოცრა კბილებიდან: ..."კარგი, რა გაეწყობა, მე გავაგრძელებ მუშაობას, სანამ შევძლებ".

ბერიამ დასვენება დაამთავრა და გაგრიდან მოსკოვს გაემგზავრა. მასთან უმალ გაჩნდა კაგანოვიჩი და ყველაფერი დაწვრილებით უამბო, რაც მოხდა პოლიტბიუროს სხდომაზე. ბერიას ეს არც გაკვირვებია. ყველაფერი ჩვეულებრივ მოვლენად ჩათვალა. კარგა ხანია ის გრძნობდა, რომ პოლიტბიუროს წევრთა უმრავლესობას გულზე არ ეხატებოდა და კეთილი თვალით არ უყურებდნენ.

სტალინმა მშვენივრად იცოდა, თუ როგორი ადმინისტრაციულ-მმართველობითი აპარატი ჰქონდა შექმნილი. ხალხს წართმეული ჰქონდა ყოველგვარი დემოკრატიული უფლებები. ვის შეეძლო საჯაროდ გამოეთქვა მიმდინარე პოლიტიკის საწინააღმდეგო აზრი. თუ კი ვინმე სიტყვით ან პრესის საშუალებით ოდნავაც კი აღიმაღლებდა ხმას, მას იმავე წამს იჭერდნენ და ციმბირში აგზავნიდნენ. ქვეყანა რეჟიმის კოლონიას უფრო ჰგავდა, ვიდრე სოციალიზმის მშენებელ სახელმწიფოს.

ერთხელ, როცა 1937 წლის ამბებზე იყო ლაპარაკი, აქტივის კრებაზე პოსტბიშევმა სტალინს რეპლიკა მისცა: ..."არა მგონია, რომ ამ ეტაპზე საჭირო იყოს ასეთი მასიური რეპრესიები". სტალინმა უყვირა - "ვინ ხარ შენ". პოსტბიშევი არ შედრკა, მანაც ყვირილით უპასუხა: ..."მე ვარ ძველი ბოლშევიკი!" იმ დღის შემდეგ იგი არავის არ უნახავს.

ომის დამთავრების შემდეგ რეჟიმი არათუ შერბილდა, კიდევ უფრო გამკაცრდა. საბჭოთა არმიიდან დემობილიზებულებს საგანგებოდ სწავლობდნენ. ვინმე თუ სამხედრო ტყვედ იყო ნამყოფი და მას გერმანელები იძულებით ამუშავებდნენ იქ, იმას, როგორც არასაიმედოს, ოჯახიანად ციმბირში ასახლებდნენ. სიმართლე უნდა ითქვას, შრომის ნაყოიფერების ზრდა დღითიდღე შესამჩნევი ხდებოდა. საჭმელ-სასმელი, ტანსაცმელი თუ ფეხსაცმელი თავზე საყრელი იყო. ჩვენებური საქონელი ტოლს არ უდებდა უცხოურს. პირიქით, ზოგიერთი სახეობა ჯობდა კიდევაც, მაშინ არავინ გაბედავდა წუნის კეთებას. ვისაც ამაში გამოიჭერდნენ, საქვეყნოდ გაასამართლებდნენ და ხალხის მტრად გამოაცხადებდნენ. გარდა ამისა, ყველაფერი ხელმისაწვდომ ფასად იყიდებოდა. შვიდჯერ ზედიზედ, ყოველი წლის აპრილის თვეში მოხდა სახალხო მოხმარების საქონელზე ფასების დაკლება.

ხარისხიანი პროდუქციის გამოშვების საკითხთან დაკავშირებით მინდა მკითხველს მოვუთხრო შემდეგი: უმაღლესი საბჭოს არჩევნების კამპანიისას მოსკოვში საკისურების ქარხანაში გამართულ წინასაარჩევნო კრებაზე ერთ-ერთმა ვეტერანმა მუშამ განაცხადა: ..."ახლახან "ბალოტში" იპოვეს ომის დროს მტრის მიერ ჩამოგდებული ჩვენი თვითმფრინავის ჩონჩხი, იგი ამოიღეს. საოცარი ის იყო, რომ საკისური არ დაჟანგულა, 40 წელი საკისური "ბალოტში" ეგდო და ჟანგი არ მოკიდებია. აი, როგორი იყო ჩვენი პროდუქცია მაშინ". შემდგომ ხუთწლედებში კი შეიცვალა ვითარება.

კოლმეურნეობაში ხალხი თავგამოდებით მუშაობდა, ბევრ შემთხვევაში ანაზღაურება არც კი ეძლეოდათ, თუ კი ეძლეოდათ ისე ცოტა, რომ იმით არამც თუ ოჯახის, არამედ თავის რჩენაც შეუძლებელი იყო. ამის მაგალითად შეიძლება გამოდგეს კონსტანტინე ლორთქიფანიძის მოთხრობა "რა მოხდა აბაშაში". მწერალი ერთ-ერთ კოლმეურნეს კრებაზე ალაპარაკებს: "...ღორებს დღეში სამი კილოგრამი სიმინდი ეძლევათ, მე კი ერთ შრომადღეზე 300 გრამი. გთხოვთ, ჩამწეროთ ღორების სიაში". კრებაზე დამსწრე ხალხმა ამაზე გულიანად გადაიხარხარა.



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2002

მოგვწერეთ opentext@flashmail.com