|
"საქართველო "
თხილის სეზონმა გალში მოსახლეობის ძარცვა-რბევა გაახშირა: რეპორტაჟი გალიდან მარი ჩიტაია
დღეს საზოგადოებაში გალის ტერიტორიაზე თვითნებურად დაბრუნებული მოსახლეობის შესახებ არაერთგვაროვანი აზრია შექმნილი. სიცოცხლის რისკის ფასად დაბრუნებულებს, ზოგი უქებს სითამამეს - მშობლიური მიწისაგან ვერმოწყვეტას, ზოგი კი მათ "გაორებული გულით" ცხოვრებაში "ადანაშაულებს", ამ ნაწილისათვის დღესაც ბუნდოვანი გახდა, ეს ხალხი ანთეოსივით რამ ვერ მოსწყვიტა მიწას? რისკი რომ ნამდვილად დიდია, ამაში გალის რაიონში "სტუმრობამ" დამარწმუნა. არსებულ პირობებში დაბრუნება იქ მცხოვრები მოსახლეობისათვის გმირობის ტოლფასია. ისინი მოკლებულნი არიან ყოველგვარ საარსებო პირობებს. ყველამ იცის, რომ აფხაზეთში დარჩენა "შინ დაბრუნებას" არ ნიშნავს, რადგან იქ ყოველ ღამეს მოაქვს ფიქრი სიკვდილსა და უბედურებაზე. განუკითხაობამ, ძარცვა-რბევამ და მოსახლეობის აწიოკებამ განსაკუთრებული სიმძაფრით ახლა, თხილის სეზონთან დაკავშირებით იჩინა თავი. მოგეხსენებათ, რომ ე.წ. შავი სამყაროს წარმომადგენლები - აფხაზები, ქართველები და ყველა, ვისაც ხელეწიფება, თხილის ბიზნესშია ჩართული. ყოველი ღამეც შიშითა და ძრწოლით თენდება. ერთნაირად ძალმომრეობენ გაღმელ-გამოღმელი კრიმინალები. საქართველოს სამართალდამცავ ძალებს თავდაღწეული დამნაშავეები აქ შედარებით მშვიდად გრძნობენ თავს და უწყვეტად გრძელდება დანაშაულის სასტიკი სერიალები, რომლის გამკითხავიც არავინ არის. აღსანიშნავია ისიც, რომ გალის თითქმის ყველა სოფელში "მიწით სარგებლობისათვის" არსებობს გარკვეული გადასახადი თხილის სახით. მას ამა თუ იმ სოფლის გამგებლები თავად აწვდიან გალის თვითმარქვია გამგებელს. თითოეული კომლისათვის შეწერილი 40 კგ. თხილი აფხაზეთის ბიუჯეტისთვის საკმაოდ მნიშვნელოვან შენაძენს წარმოადგენს. ზუგდიდში ფუნქციონირებს გალის გამგეობა, სადაც ათასგვარი პრობლემებით დახუნძლული ადამიანები იყრიან თავს. ჩვენი რესპოდენტიც იქ შევარჩიეთ. არსებულ სიტუაციაზე გალის რაიონის გამგებლის მოადგილემ, ბიძინა გაბისონიამ ისაუბრა: - საიმედო რა უნდა გითხრათ? აფხაზეთის საკითხს ვერ იქნა და ვერ დაადგა საშველი. ძალიან უჭირს მოსახლეობას. გაუსაძლისია ის პირობები, რომელშიც ამ გასაცოდავებულ ხალხს უწევს ცხოვრება. ტყუილით, ცრუ დაპირებებითა და ამაო ლოდინით ხალხი დაიღალა. მათი მომავალი ჯერაც ბუნდოვანია და გაურკვეველი. ყოველდღიურად თხოვნით მოდის დევნილების დიდი ნაწილი. გვთხოვენ ცხოვრების მინიმალური პირობების შექმნას. ხელისუფლებას კი მათთვის მათხოვრული 14 ლარიც ვერ გაუცია. ჰუმანიტარულ დახმარებებზე საუბარიც ხომ ზედმეტია. ათასობით კაცი ვიცი, რომელსაც ბავშვისათვის შაქრიანი ჩაი ენატრება. დევნილების ასეთი ყოფა არა აქვს გათვითცნობიერებული პარლამენტს. არც მოდიან და არც არაფერს კითხულობენ. ჩვენ გვეღუპება ეს ხალხი. ამაზე საშინელი რა უნდა იყოს. აქ გატარებული ყოველი დღე ათი წლით გვაშორებს აფხაზეთს. ხელისუფლების ასეთმა გულგრილობამ აიძულა დევნილები, რომ საკუთარ მიწა-წყალს დაბრუნებოდნენ. მოსახლეობასთან საუბარში ვატყობ, რომ მტრისადმი შიში რაღაცნაირად ჩამცხრალია. სასოწარკვეთის პერიოდი, რაც ადრე აფხაზებს უკავშირდებოდა, უკვე ნაკლებადაა. ხალხს დიდი გაჭირვების გადატანა მოუხდა, რომ დღევანდლამდე მოეღწია. როცა ვეკითხები მათ, როგორ გასწიეს დაბრუნების რისკი, ენგურს გამოღმა დარჩენილ წლებს იხსენებენ. შეუძლებელია აუღელვებლად მოუსმინო მათ. ნანი შონია: გაჭირვებულად ვცხოვრობთ. 14 ლარის გარდა ჩვენთვის არავითარი სახსარი არ არსებობდა. როგორ გაგვეძლო? უკიდურეს შემთხვევაში, "სახლებში გაპარვას" ვახერხებდით. ამისათვის ფონზე უნდა გავსულიყავით, მდინარის წყალი გადაგველახა. ზამთარ-ზაფხულ მეორდებოდა ერთი და იგივე. ბევრჯერ ტყვიების ჯერიც დაიცალა ჩვენს თავზე. ყოფილა შემთხვევები, როცა შეშინებულებს მდინარეშივე ჩაგვიყრია სანოვაგე და გატანჯულები, ცარიელები დავბრუნებულვართ. მიტოვებულ შენობაში ვცხოვრობდით, ძაღლი რომ ვერ შეაფარებდა თავს. ჩვენთვის ზეიმი იყო საშემოდგომო სეზონი. ენგურ გამოღმელთა სახლებში მონებივით ვმუშაობდით და პეშვით ვიღებდით სამაგიეროს... ასე გაგვიგრძელდა ორი-სამი წელიწადი. მეტის ატანა შეუძლებელი იყო და დავბრუნდით. ვისაც სახლი დაუწვეს, კარვებში მოუწია ცხოვრებამ. გვიჭირდა, მაგრამ გასაჭირს აქ უფრო ადვილად ვიტანდით, როგორც იტყვიან, საკუთარ ეზოში კენკრა საცივად გვეჩვენებოდა. თანდათან გავიმართეთ წელში. თუ ენგურს გაღმა სტუმარს ვემალებოდით, საკუთარ სახლებში ამ გაჭირვების მიუხედავად, მასპინძლობის გაწევა შესაფერისად შეგვიძლია.
(c) გაზეთი "საქართველო"
2002 მოგვწერეთ opentext@flashmail.com |