|
"საქართველო "
გენერალ-პოლკოვნიკს არითმეტიკა არ აინტერესებს: ობიექტური ინფორმაცია
ჟურნალ "EIR" (EXECNTIVE INTELLIGENCEREVEIW) მოჰყავს (ჩვენდა გასაკვირად, ირონიის გარეშე) ცნობილი რუსი გენერლის (გენ.-პოლკოვნიკ ივაშოვის) მსჯელობა ახალი მოვლენის - "მსოფლიო სამოქალაქო ომის" დაწყების შესახებ, რომლის მიზეზი, გადამდგარი და ამჟამად "გეოპოლიტიკურ კვლევათა აკადემიის" ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე მყოფი მხედართმთავრის აზრით, დაიწყება იმ შემთხვევაში, თუ ამერიკელებმა ერაყზე დარტყმა გაბედეს. რატომ? იმიტომ, რომ ხალხებსა და მთავრობებს არ მოსწონთ "ერთხმრივი მოქმედების დოქტრინა", რომელსაც დღეს მისი აზრით ეკონომიკური დაღმავლობის გზაზე მდგომი იმპერია ატარებს. კრიზისიდან, რომელიც, გენერლის აზრით, ამერიკაში უკვე მძვინვარებს, გამოსავალს ეს იმპერია იმაში ეძებს, რომ ხელთ იგდოს მსოფლიოს ყველა ძირითადი სანავთობე რეგიონები. რამდენად სჯობდა ამ ვითარებას ნეტარსახსენებელი "მსოფლიო უშიშროების სისტემა, რომელიც შეიქმნა II მსოფლიო ომის შემდეგ", ანუ სისტემა, რომელშიც რუსეთის გიგანტური ბირთვული არსენალი და მისი მზაობა ნებისმიერი აგრესიის განსახორციელებლად დანარჩენ მსოფლიოს შიშის ზარს სცემდა! გენერალი ფიქრობს, რომ ერაყთან ამერიკელთა ომი, განურჩევლად მისი შედეგისა" (ამდენი სიფრთხილე გენერალს ჰყოფნის, რათა ერაყის გამარჯვება არ იწინასწარმეტყველოს) ამერიკელებს მაინც კატასტროფას მოუტანს "მსოფლიო სამოქალაქო ომის" სახით, რადგანაც ეს ომი იქნება იმის სიგნალი, რომ დაიწყო გადამწყვეტი შერკინება მსოფლიო ნავთობის დაუფლებისათვის. მაგრამ რატომ - ანუ რა და რა ფაქტორების შედეგად - გამოიწვევს ეს ომი მსოფლიოს წინააღმდეგობას, "ქაოსს" და ამერიკელების კატასტროფას, ამას ოპტიმისტი სტრატეგი ვერ აკონკრეტებს. თავისი დიაგნოზის იმ ნაწილში, რომ "არასტაბილობა ნავთობის ბაზრებში", რომელსაც, მისი აზრით, იწვევს და გამოიწვევს ამერიკელთა მისწრაფება სპარსეთის ყურის სანავთობე რესურსთა დაუფლებისაკენ, "ცუდი იქნება რუსეთისათვის". მაგრამ იმ დიდი უფსკრულის გადასალახავად, რომელიც არსებობს ამ დებულებასა და იმ დებულებას შორის, რომ ეს ცუდი იქნება მსოფლიოსთვისაც, არც გენერალს და არც მის "სტრატეგიულ აკადემიას" ინტელექტუალური რესურსები აღარ ჰყოფნის.
(c) გაზეთი "საქართველო"
2002 მოგვწერეთ opentext@flashmail.com |