|
"საქართველო "
რუსეთ-ბელარუსის კონფლიქტი
ამ კონფლიქტს, რომელიც ამ ბოლო ხანებში გამოჩნდა მკაფიოდ, კარგა ხანდაზმული ისტორია აქვს. თუ ადრე ლუკაშენკოს იმედი ჰქონდა, თავისი გლეხური ეშმაკობით (წარმოშობით იგი ყოფილი კოლმეურნეობის თავმჯდომარეა), რომ მიხრწნილი ელცინის მემკვიდრედ დაჯდებოდა გაერთიანებულ სლავურ რუსულ-ბელარუსულ სახელმწიფოში, ეს იმედი მას გაუხუნდა, როცა რუსეთს სათავეში ახალგაზრდა და დინამიური პუტინი მოექცა. ამჟამად რუსეთთან ბელორუსიის შეერთების გეგმა მის თვალში ისაა, რაც იგი ნამდვილად არის - პატარა სლავური ქვეყნის გადაყლაპვა რუსეთის მიერ. ევროპის უკანასკნელ დიქტატორს ეს გეგმა არ მოსწონს და მას კარგად ესმის, რომ პუტინის კოცნა, რომელიც მან მოსკოვში გამოთხოვებისას აღბეჭდა ბელარუსი სტუმრის ლოყაზე, სიკვდილის კოცნა იყო და არა ძმური ამბორი. ასე რომ პუტინმა თავისი ზეწოლით სასწაული მოახდინა - მან ლუკაშენკოს შეარიგა მისი პატრიოტულად განწყობილი შინაგანი ოპოზიცია, რომელსაც, რა თქმა უნდა, "რუსეთ-ბელარუსის" შეერთების იდეა სიკვდილივით სძულს და ლუკაშენკოში ახლა ბელარუსის დამოუკიდებლობის დამცველს ხედავს. აქამდის თუ მინსკის ქუჩაში სახრჩობელას ხატავდნენ და ზედ ლუკაშენკოს "კიდებდნენ", დღეს კარიკატურისტების სამიზნე თვით პუტინი გახდა. ლუკაშენკოს გადაწყვეტილი აქვს უფროსი ძმის ზეწოლას მტკიცედ გაუძლოს და თავისი პოზიცია, თავისი ქვეყნითურთ, მოწინააღმდეგეს არ დაუთმოს, მით უმეტეს, რომ მას, კაცმა რომ თქვას, წასასვლელი ადგილიც აღარ გააჩნია. დასავლეთში მას, როგორც გამარჯვებული სოციალიზმის გადმონაშთს, არ მიესვლება. რუსეთში მას მეგობრების ნაცვლად ახალი მოწინააღმდეგეები ჰყვანან. ასე გასინჯეთ, თავის მამაპაპურ სახლშიც კი ვეღარ დაბრუნდება, რაკი იგი, კომუნისტური ჩვევისამებრ, უკვე კარგა ხანია, რაც აქ გაზრდილი სასახელო პიროვნების "სახლ-მუზეუმად" აქციეს და ლუკაშენკოს ფოტოებით აავსეს, ჩვილი ასაკიდან მოყოლებული დღემდე. ასე რომ მას, როგორც ეტყობა, ერთადერთი პერსპექტივაღა რჩება - თუ ბრძოლა დათმო: ისევ რუსის წყალობას ელოდეს, რათა მისგან, ვინ იცის, ეგებ სადმე კარტოფილის მეურნეობის დირექტორის ადგილი მიიღოს ("დი ცაით").
(c) გაზეთი "საქართველო"
2002 მოგვწერეთ opentext@flashmail.com |