"საქართველო "
# 2
6 თებერვალი, 2002 წელი

ნოდარ ნათაძე: "გაეროს რეკომენდაცია საქართველოსთვის ყელის გამოჭრაა"

"საქართველო": გაეროს გადაწყვეტილებაზე თქვენი აზრი გექნებათ.

ნ. ნათაძე. ეს, ობიექტურად, არის საქართველოსთვის ყელის გამოჭრა. თუ შესრულდა! ანუ თუ საქართველოს უზურპატორმა ხელისუფლებამ გაეროს ეს პოზიცია მიიღო და პარლამენტმა დაადასტურა. "სუვერენული სახელმწიფო წარმონაქმნი" არის დამოუკიდებელი სახელმწიფო. "სუვერენობა" ნიშნავს მხოლოდ შემდეგს: დამოუკიდებლობა სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთობაში და უზენაესობა თავის შიგნით. ცნობილია ბოდენის რჩევაც ჩვენი მტრებისადმი: შემოიყვანეთ ახალი მოსახლეობა (მუჰაჯირები, ჩერქეზები, რუსები, სომხები და სხვანი), ჩაატარეთ მერე რეფერენდუმი და მოიცილეთ საქართველო! ეს რაც შეეხება აფხაზეთის სტატუსს. ახლა რაც შეეხება კოდორს. იქიდან ჯარის გამოყვანა იმავე მასშტაბის ღალატია, რაც სოხუმიდან მძიმე ტექნიკის გამოყვანა იყო 1993 წლის 27 ივლისის შეთანხმებით.

"საქართველო": "სამშვიდობოების" არგაყვანა?

ნ. ნათაძე: ეს კიდევ სხვა ღალატია. შევარდნაძე ტყუის, როცა ამბობს, რომ მათი მოქმედების გაფართოება კარგია. პირიქით, ეს ცუდია. ეს მათ აძლევს, სხვათა შორის, კონტიგენტის გაზრდის საშუალებასაც. გარდა ამისა, ზონის გაფართოება იმას ნიშნავს, რომ პარტიზანს მისი გადალახვა აღარ შეეძლება.

"საქართველო": დასავლეთი რატომ გვღალატობს ამ შემთხვევაში?

ნ. ნათაძე: არ გვღალატობს. რუსეთის პირდაპირი დარტყმისაგან მხოლოდ ისინი გვიცავენ. მაგრამ მათი პოზიცია სეპარატიზმის საკითხში ჩვენთვის მიუღებელია. მათ არ უნდათ ისეთი მდგომარეობის შექმნა, როცა ჩვენ მომაკვდინებელი პრობლემები არ გვექნება და მათზე სიკვდილ-სიცოცხლით დამოკიდებული არ ვიქნებით. ისინი ჩვენ მოკავშირეებად არ გვთვლიან. ბუნებრივიცაა, რადგან, ჯერ ერთი, ძალა არ გვაქვს და ვერც გვექნება ცვედანი და მოღალატე პრეზიდენტის ხელში. მეორეც, რუსეთის სამხედრო ეტლზე მიბმულ ქვეყანას სხვა ქვეყანა მოკავშირედ ვერ ჩათვლის. დღეს ჩვენ მათ თვალში მხოლოდ ტერიტორია ვართ, სახელდობრ, რუსეთისათვის სტრატეგიულად არდასათმობი ტერიტორია.

"საქართველო": რით შეიძლება განთავისუფლება ყბადაღებული "შევარდნაძის ფაქტორისაგან"?

ნ. ნათაძე: ყველაფრით კომუნისტური გადატრიალების გარდა. ეს ის შემთხვევაა, როცა მდგომარეობის გაგრძელება დაუშვებელია. ადამიანისა და მოქალაქის უფლება-მოვალეობათა ყველა ნორმა მეტყველებს, რომ უზურპატორი და ორგული მმართველის მოცილება ხალხის უფლებაა. უფრო მეტიც: მოვალეობაა. ოღონდ ამოცანა ისაა, რომ ჩვენი ქვეყანა არ დაზარალდეს. ოპტიმალურ გზად მე დღეს ვადამდელი არჩევნებისა და დემოკრატიული საარჩევნო კანონის გამოძალვა მიმაჩნია.

"საქართველო": პარლამენტი?

ნ. ნათაძე: პარლამენტმა უნდა იცოდეს, რომ პასუხს აგებს. თავით აგებს პასუხს და არა თავისუფლების აღკვეთით ან თანამდებობებით. დღეს საქართველოს ბედი ყველაზე მეტად კანონმდებელი ხელისუფლების ხელშია.



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2002

მოგვწერეთ opentext@flashmail.com