"საქართველო "
# 2
6 თებერვალი, 2002 წელი

ბუში შარშან და ბუში წლეულს

ქვესათაურით "მაშინ - შინ ძლიერი, გარეთ სუსტი, დღეს - პირიქით", თჰე Eცონომისტ აქვეყნებს პრეზიდენტ ბუშის რეიტინგის ანალიზს დღემდე და მის პროგნოზს სამომავლოდ. მას, ჟურნალის სიტყვით, თავისი პირველი ტრიუმფალური წლის თავზე, როგორც პრეზიდენტისა და მთავარსარდლისა, ჯერ კიდევ წინ აქვს სამი წელი, რომელშიც მას შეიძლება რეიტინგი შემოეხარჯოს, ისევე როგორც მამამისს შემოეხარჯა სადამ ჰუსეინზე გამარჯვებით მოპოვებული სახელი შემდგომი სამი წლის მანძილზე.

დღეს მას აქვს 80+-იანი დადებითი რეიტინგი. იგიც, მამამისივით, რთულ მდგომარეობაში მყოფი ეკონომიკის სათავეშია, მასაც, მამამისივით, საყვედურობენ საგადასახადო პოლიტიკის გამო და, დამატებით, ის სირთულეც აქვს, რომ კონგრესის შუა არჩევნებში (ანუ კონგრესის არჩევიდან 2 წლის თავზე ჩასატარებელ არჩევნებში) მის მოწინააღმდეგე დემოკრატებს მოგების იმედი აქვთ.

მის მომხრეებს ურჩევნიათ იმის ჩამოთვლა, რით განსხვავდება მისი პრეზიდენტობა, ჯერჯერობით, უფროსი ბუშის პრეზიდენტობისაგან. თუ ერთი წლის წინ მას ბევრნი თვლიდნენ "შემთხვევით პრეზიდენტად", რომელმაც გაჭიანურებულ არჩევნებში გაიმარჯვა, გაყოფილი კონგრესის პატრონად, ლამის სასაცილო ფიგურად და გულუბრყვილო უფლისწულად, რომელიც მამამისის მრჩევლებმა ლამის ხელჩაკიდებული უნდა ატარონ, დღეს, პირიქით, მსოფლიო შეეჩვია მის სახეს, ისევე როგორც მანამდე შეეჩვია რეიგანისას, რომელსაც ერთმანეთში ნარევი ეჭვით და ფრთხილი ირონიით ეკიდებოდნენ. მართალია, ამის ერთი მიზეზია 11 სექტემბრის ტერაქტი, მაგრამ იგი ერთადერთი არაა: თავისი როლი ბუშის ამ წარმატებაში ეკუთვნის იმასაც, თუ როგორი მზარდი დარწმუნებულობით შეასრულა მან თავისი როლი ამ ტერაქტამდისაც. მისი არჩევნები აღარავის ახსოვს. მისი მყარი მოქმედება ტერორიზმთან ომში სამაგალითოა. მისი ხატი იმათ თვალში, ვისაც იგი შეუფერებელი ეგონა მისი ამოცანისათვის, მკვეთრად შეიცვალა. მიუხედავად ყოველივე ამისა, მის რეიტინგს მაინც საბოლოოდ განსაზღვრავს მომავალი წლები - რა ომებს მოიგებს და რა კანონებს გაატარებს. ამ მხრივ მის დღევანდელ პრეზიდენტობას მაინც ცოტა არ იყოს წაფერდებული იერი აქვს.

საგარეო პოლიტიკაში მისი მოქმედების ხარისხი სულ აღმავალი ხაზით მიდიოდა. რომ აირჩიეს, მის წინაშე კლინტონის ცოტა არ იყოს ოღრო-ჩოღრო პოლიტიკის მოწესრიგების ამოცანა იდგა. მაგრამ ძალიან მალე მიდრეკილება სადა პირდაპირი ლაპარაკისადმი ფრიად უაპელაციო და ერთპიროვნული - ანუ მოკავშირეებთან შეუთანხმებელი - მოქმედების მიდრეკილებაში გადაიზარდა. ბუშის ადმინისტრაცია უცებ გამოვიდა მთელი რიგი საერთაშორისო შეთანხმებებიდან (და ზოგჯერ ეს სავსებით მართებულადაც ქნა). ბუშს გადამეტებული მისწრაფება აღმოაჩნდა რაკეტსაწინააღმდეგო ფარის შექმნისაკენ და მას აშკარა რიდი ეტყობოდა ისეთ პრობლემებში ჩაბმისა, რომლებსაც - ისე როგორც, მაგალითად, ახლო აღმოსავლეთისას - გადაწყვეტა არ უჩანდა.

მას შემდეგ, რაც 11.IX ტერაქტმა მიზნის განსაზღვრა გაუადვილათ, ბუში და მისი გუნდი უფრო ნათლად ხედავენ ამერიკის პრობლემებს და მის აუცილებელ პოზიციას ქვეყნის გარეთ. ტერორიზმთან ომმა ბუშს კოალიციათა შექმნის ხელოვნება შეათვისებინა. გაეროსთან თუმცა აშშ მთლად ჩახუტებული არაა, მაგრამ აღარ უფრთხის. ახლო აღმოსავლეთის პრობლემებში შედარებით მეტად ჩაერთო. ბუშმა ისიც კი თქვა, რომ საჭიროდ თვლის ფული და ძალა მოახმაროს იმ წყლულთა მკურნალობას, რომლებიც ტერორიზმს შობენ.

საშინაო პოლიტიკა ბუშს დღემდე ნაკლებ ერთგვაროვანი ჰქონდა. ყველაზე მნიშვნელოვანი კანონები, რაც მან მიაღებინა, "კარგია, მაგრამ შეიძლებოდა უკეთესიც ყოფილიყო". მისი ყველაზე მკვეთრი ნაბიჯია გადასახადების მკვეთრი დაწევა, განსხვავებით მამისაგან, რომელიც ამომრჩეველს გადასახადთა დაწევას ჰპირდებოდა, მაგრამ სინამდვილეში აწია. ამან მნიშვნელოვანწილად განაპირობა ამერიკის წარმატება 90-იანი წლების დამლევს. უმცროსი ბუშის პოლიტიკამ ამ მხრივ შეიძლება საპირისპირო შედეგები მოიტანოს. ბიუჯეტის სამი წლის დიდი დადებითი განსხვავება დაგეგმილისაგან - ზედმეტი შემოსავალი გადასახადებისაგან - ჟურნალის სიტყვით, ბუშის დარჩენილ სამ წელიწადში აღარ განმეორდება და ეს ფულის დეფიციტს შექმნის. ჟურნალის აზრით, დემოკრატები შეეცდებიან იმავე ტაქტიკით წაართვან მას ძალაუფლება, რომლითაც მამამისს წაართვეს: ყველაფერში მხარს დაუჭერენ საგარეო პოლიტიკაში და არაფერს არ შეარჩენენ საშინაოში.

ბუშის პოლიტიკის მომავალი, ჟურნალის აზრით, ასე გამოიყურება: გარეთ გაგრძელდება იგივე პოლიტიკა, მაგრამ მეტი ძალისხმევით. ამერიკას უნდა ყურადღების ცენტრში ჰყავდეს ავღანეთი და არ უნდა მოაკლოს მას დახმარება. ბუშის ამბიციური გეგმა ტერორის მიზეზებთან ბრძოლისა დიდ ფულს მოითხოვს.



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2002

მოგვწერეთ opentext@flashmail.com