|
"საქართველო "
მუშარაფი თავის ფუნდამენტალისტებს დარტყმას უპირებს
პაკისტანის პრეზიდენტმა გენერალმა მუშარაფმა სექტემბრის ტერაქტის შემდეგ პირველ დღეებშივე აღუთქვა ანტიტერორისტულ კოალიციას, რომ მტკიცე ხელით დათრგუნავს მილიტანტურ (ამხედრებულ) ისლამურ ფუნდამენტალიზმს თავის ქვეყანაში. იგივე გაიმეორა მისმა ერთ-ერთმა გენერალმაც. სხვაგვარად ვერც იქნებოდა, რადგან ჰაერში უკვე ამ ტერორისტებზე საერთაშორისო დარტყმის სუნი ტრიალებდა. მაგრამ სიტყვები სიტყვებად დარჩა მანამდე, სანამ პაკისტანსა და ინდოეთს შორის ომის დაწყების საშიშროებამ ვითარება არ გაამძაფრა - არ გაამძაფრა არა მხოლოდ ამ რეგიონში, არამედ დასავლეთშიც, რომელსაც არაფრით არ უნდა ამ ომის დაწყება მისთვის ესოდენ საინტერესო ზონაში. ის, რომ ინდოეთის პარლამენტზე მომხდარი თავდასხმა, რომელმაც 14 კაცი იმსხვერპლა. პაკისტანში მოქმედი ისლამური ექსტრემისტული ორგანიზაციების ნახელავია, ინდოეთისთვის სადავო არ არის. საპასუხო ზომები, რომელსაც პაკისტანი განახორციელებს თავისი ექსტრემისტების წინააღმდეგ, მეთაურთა დაპატიმრების გარდა მოიცავს მოლების ქადაგებაში ექსტრემისტული მოწოდებების აკრძალვას (მაშასადამე - ამ ქადაგებათა კონტროლს), სამხედრო ტრიბუნალების შემოღებას ძალადობისათვის წამქეზებელთა საწინააღმდეგოდ (ვინაიდან სამოქალაქო მოსამართლეებს ეშინიათ შურისძიებისა), 10 ათასი მედრესეს (რელიგიური სკოლების) შეყვანას განათლების სახელმწიფო სისტემაში (და, მაშასადამე, კონტროლს მთავრობის მიერ). გენერალ ჰაიდარს, რომელმაც ამ გეგმების დიდი ნაწილი საჯაროდ გამოთქვა, ძმა მოუკლეს (როგორც ფიქრობენ, შურისძიების და გაფრთხილების მიზნით). გარდა ამისა, მიჩნეულია, რომ მუშარაფმა უბრძანა თავის სპეცსამსახურს შIშ-ს ("სამსახურთაშორისი დაზვერვა"), შეწყვიტოს საიდუმლო ოპერაციები ქაშმირსა და ავღანეთში. არის ცნობა, რომ მუშარაფს განზრახული აქვს თავისი ახალი პოლიტიკა გამოაცხადოს იმ ლიბერალური იდეების განახლებად, რომლითაც პაკისტანის სახელმწიფო დაარსდა ამ ნახევარი საუკუნის წინ. მართალია, ამ შეპირებათა თაობაზე დიდი სკეპტიციზმი არსებობს, მაგრამ ფაქტია, რომ პაკისტანის პრეზიდენტს სხვა გზა არა აქვს: რაკიღა ანტიექსტრემისტული კოალიციის მხარე აირჩია, მან მყარად უნდა იმოქმედოს. "მან უნდა მოდრიკოს მოლები, სანამ ისინი მოდრეკდნენ მას", მითუმეტეს, რომ რაიმე ცხოველი სახალხო რეაგირება მის ამ ნაბიჯებზე - თუკი ეს ნაბიჯები გადაიდგა - მოსალოდნელი არ არის. ყველაზე მძიმე პრობლემად მუშარაფისთვის რჩება IშI-ის მოთოკვა, რომელიც დიდი ხანია, რაც "სახელმწიფოდ სახელმწიფოში" იქცა, მაგრამ ჯერჯერობით იგი ამას ახერხებს.
(c) გაზეთი "საქართველო"
2002 მოგვწერეთ opentext@flashmail.com |