|
"საქართველო "
ავღანეთი სამშვიდობოს გავიდა
თუ ავღანეთმა, თავისდა საუბედუროდ, ვისიმე ახალი დიდი ინტერესი აღარ მიიზიდა, მის მყუდროებას შიგნიდან უახლოეს ათწლეულებში აღარავინ დაარღვევს. ასეთი "ალტერნატიული" ინტერესი არ ჩანს. ამდენად, იმედია, რომ დაწყნარებისა და (თითქმის ნოლიდან) ქვეყნის აღმშენებლობის პროცესი, რომელიც მსოფლიოს კოლოსალური ფინანსური დახმარებით ახლა უნდა დაიწყოს, წარმატებით დაგვირგვინდება. მიუხედავად ზოგ ექსპერტთა პესიმისტური პროგნოზებისა, თალიბების განდევნისთანავე ავღანეთში ეთნიკური ურთიერთხოცვა დაიწყებაო, იქ ამ სახის შუღლი არ ჩამოვარდა. თვით ეთნიკური უმცირესობის (უზბეკურის) შვილი გენერალი დოსტუნიც კი მეგობრულად ემასლაათება თავის თაჯიკ მეტოქეს ათა მოჰამედს, ხოლო ამასწინანდელი ომის ყველა პერსონაჟი ერთად - რა თქმა უნდა, ამერიკელების ზეგავლენით - უსიტყვოდ ცნობენ დიდი სიფრთხილითა და აწონ-დაწონით შედგენილ მთავრობას, რომელსაც პუშტუნი ეროვნების ქარზაი ხელმძღვანელობს. მართალია, დოსტუმმა ერთხანს სეპარატისტული მიკროსახელმწიფოს შექმნა მოიწადინა, მაგრამ მალე მოეგო გონს (მით უმეტეს, რომ თავდაცვის მინისტრის მოადგილის მეტ-ნაკლებად სიმბოლური პოსტი აღუთქვეს). ერთი თაჯიკი ოფიცრის სიტყვით (იგი მოჰყავს თჰე Eცონომისტ-ს), ომს აღარც ვინმე გაბედავს მანამ, სანამ ავღანეთის ცაში ამერიკული ბომბდამშენები ტრიალებენ. ხალხისადმი მიმართვაში ქარზაიმ მიზნებად დასახა არმიის შექმნა, მყარი ვალუტის შექმნა, ადგილობრივი წარმოების განვითარება, სამუშაო ადგილთა შექმნა და საბაზრო ეკონომიკის აშენება. ეს შეპირებები მიუხედავად ერთგვარი იდეალიზმისა, ჟურნალის სიტყვით, "სავსებით აბსურდულად არ ჟღერს". ყოვლის მომცველი შიმშილის საშიშროება აცილებულია უხვი ჰუმანიტარული დახმარების წყალობით, ხოლო იმაში, რომ ეს ტვირთები (გასულ თვეში - 116 ათასი ტონა) ადგილებზე მივიდა, დიდი წვლილი აქვთ ავღანეთის გაუნათლებელ შოფრებს, რომლებსაც მათმა ბუნებრივმა ინტელექტმა ხელობის კარგად დაუფლება შეაძლებინა. 6 მლნ კაცის სამყოფი პროდუქტი უკვე ადგილზეა. მაგრამ დანარჩენი მოსახლეობა - მიუვალ ადგილებში - მაინც თითქმის მხოლოდ ქერითა და ბალახით იკვებება. ჩრდილოეთის გაჭირვებული რაიონების მომარაგება ბევრად ადვილი იქნებოდა, უზბეკეთის ხელისუფლებას რომ ტრანსპორტითა და გზებით დახმარების სურვილი გამოეჩინა. ჰერათის გარშემო, სადაც ლტოლვილთა ბანაკებია, და ყანდაარში, რომელიც თალიბების ძირითადი სიმაგრე იყო, გაერო ჯერჯერობით მუშაობის გაშლას ვერ ბედავს, რადგან ეს სახიფათოდ მიაჩნია. ახალი მთავრობის შინაგან საქმეთა მინისტრმა ქაბულიდან გასვლა უბრძანა ყველა არაკანონიერ შეიარაღებულ ფორმირებას, მათ შორის - ჩრდილოეთი ალიანსის ძალებსაც, რომლებიც ნებადაურთველად შევიდნენ ქაბულში, როცა ომი ჯერ კიდევ მიმდინარეობდა. ეს, ჟურნალ თჰე Eცონომისტ-ის სიტყვით, დიდი გამოცდაა, პირველ ყოვლისა, ინგლისელებისათვის, რომელთა ძალა ქაბულში ახლაღა იწყებს თავმოყრას. არის თუ არა უკვე პირობები 3,5 მლნ ლტოლვილის დაბრუნებისათვის, ეს გაზაფხულზეღა გამოჩნდება. დღეს ესენი იმყოფებიან ირანში, პაკისტანში ან კიდევ უფრო შორს. დაბრუნებას აძნელებს, სხვათა შორის, ყაჩაღობა და მკვლელობა შურისძიების მიზნით. პუშტუნურ დასახლებებს ჩრდილოეთ ზონებში, სადაც უმრავლესობა თაჯიკები ან უზბეკები არიან, ეშინია შურისძიებისა ამ უკანასკნელთა მხრიდან იმის გამო, რომ პუშტუნი თალიბები მათ ეროვნულად ავიწროებდნენ. გაეროს ლტოლვილთა კომიტეტი აფრთხილებს მასპინძელ ქვეყნებს, ლტოლვილები ნაჩქარევად არ გამოისტუმრონ. ავღანეთის ნაყოფიერი სახნავები და ბაღ-ვენახები, სადაც ომებმა და ეთნიკურმა წმენდებმა გადაიარა, ჯერ კიდევ განნაღმვას და საცხოვრებლად ვარგისი სახის მიცემას საჭიროებს.
(c) გაზეთი "საქართველო"
2002 მოგვწერეთ opentext@flashmail.com |