|
"საქართველო "
ყოფილი მუსლიმანი - ინგლისის ეკლესიის შესაძლო მეთაური...
ა.წ. 8.I თავისი თანამდებობიდან გადადგა ანგლიკანური ეკლესიის მეთაური, კენტერბერის მთავარეპისკოპოსი ჯორჯ კერი. ვინაიდან ჰენრი VIII-ის დროიდან ინგლისში ეკლესია სახელმწიფოსთან გაერთიანებულია, ახალი მღვდელმთავრის დანიშვნა ტონი ბლეირს უწევს. კანდიდატები რამდენიმეა. დაუწერელი ტრადიციაც არის: ბოლო ათწლეულებში ამ თანამდებობაზე მორიგეობით იმყოფებიან ანგლიკანური ეკლესიის ორივე ფრთის - ანგლო-კათოლიკურისა და ევანგელისტურის - წარმომადგენლები. მეორენი უფრო ტრადიციონალისტები არიან და, მაგალითად, წინააღმდეგნი არიან მღვდლებად ქალებისა და ცისფერების კურთხევისა, პირველნი ამ მხრივ უფრო "პროგრესულად" გამოიყურებიან, რის გამოც მრავალმა ანგლო-კათოლიკემ სულაც მიატოვა საერთო ანგლიკანური ეკლესია. მეორეს მხრივ, ევანგელისტებსაც შეემატა მრავალი უფრო ფუნდამენტალისტური მიმართულების ამერიკელი ევანგელისტი, რომელნიც ნაკლებ ლიბერალურნი არიან და ქალის მღვდლობა არ ჰსურთ. ვინაიდან ანგლიკანური ეკლესიის მრევლი ინგლისით არ იფარგლება (აქ მისი 70 მილიონიანი მრევლიდან მხოლოდ 26 მილიონი ცხოვრობს), მის მეთაურს დიდი შრომის გაწევა უწევს თავისი საზღვარგარე მრევლის პატრონობაშიც. თუ გავითვალისწინებთ გლობალიზაციასთან დაკავშირებულ ამოცანებსაც და იმასაც, რომ ბლეირი (რომელიც ღრმად მორწმუნეა) ყურანს კითხულობს, შეგვიძლია კანდიდატთა შორის ვივარაუდოთ მაიკლ ნაზირ-ალიც, პაკისტანში დაბადებული, რომელსაც ისლამთან ურთიერთობის დიდი გამოცდილება აქვს. კიდევ ორ კანდიდატს - ჩარტრსა და უილიამსს - რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიასთან ურთიერთობის გამოცდილება აქვს. ასეა თუ ისეა, დიდი ალბათობაა, რომ ანგლიკანური ეკლესიის მეთაურად დაინიშნება პირი, რომელსაც კოსმოპოლიტური მიმართულება ექნება.
(c) გაზეთი "საქართველო"
2002 მოგვწერეთ opentext@flashmail.com |