|
"საქართველო "
ნარკოტერორისტები კარგად გრძნობენ თავს
ჟ. EIR-ის შეფასებით, კოლუმბიაში ამ უკანასკნელი სამი წლის მანძილზე, პასტრანას პრეზიდენტობის ხანაში, ლამის ხელისუფლებისა და ნარკოკარტელ "ფარკის" ერთობლივი მმართველობა არსებობდა. 42000 კვ. კმ-ის სიდიდის ტერიტორია - ე.წ. "დემილიტარიზებული ზონა" ქვეყნის ცენტრში, სადაც ნარკომცენარეების ძირითადი წარმოებაა კონცენტრირებული - ნამდვილ "კრიმინალურ სამოთხედ" იყო ქცეული. აქ ასობით იყო მოტაცებული ადამიანი, რომელიც ან დახსნას, ან მოკვლას ელოდა, ასობით დატყვევებული პოლიციელი, ნარკოქარხნები და საგრძნობი შეიარაღებული ძალა, რომელსაც მთელი მსოფლიოს კრიმინალები აკითხავდნენ ინსტრუქტორებად. ეგევე ტერიტორია ზურგი იყო რეიდებისათვის გარე სამყაროში, რომლებიც ისეთი წარმატებით გვირგვინდებოდა, როგორიც იყო, მაგალითად, 9 პოლიციელი ოფიცრის და ერთი სამოქალაქოს მოკვლა. ვითარება შეიცვალა 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ, რომელმაც მკვეთრად გაამწვავა კრიმინალებისადმი დამოკიდებულება მსოფლიოში. პრეზიდენტმა პასტრანამ შეწყვიტა თავისი "სამშვიდობო პროცესი" და "დემილიტარიზებული ზონის" ნარკოტერორისტებისაგან განთავისუფლების განზრახვა გამოაცხადა. პრაქტიკული ნაბიჯები ამ მიმართულებით, ჯერჯერობით, არ გადადგმულა და ადვილად, ალბათ, არც გადაიდგმება, თუნდაც იმიტომ, რომ "დემილიტარიზებული ზონის" პატრონებს კარგა წონიანი მეგობრები ჰყავთ მსოფლიოს მაღალ პოლიტიკურსა და ბიზნესურ წრეებში. აღსანიშნავია, რომ მოვლენათა ალტერნატიული განვითარების კონკრეტული კონცეფცია არსებობდა და არსებობს: პრეზიდენტობის კანდიდატს ბედოიას ამ ზონის იარაღით "გადავლა" ჰქონდა საარჩევნო პროგრამაში. პასტრანას მრისხანე განცხადებას, სოციოლოგიური გამოკითხვის მიხედვით, მოსახლეობის 85+-მა დაუჭირა მხარი. აღსანიშნავია აგრეთვე, რომ ვენესუელასაც თავისი "მეგობარი ქვეყნები" ჰყავს: კუბა, ვენესუელა, ესპანეთი, საფრანგეთი, მექსიკა, კანადა და სხვანი.
(c) გაზეთი "საქართველო"
2002 მოგვწერეთ opentext@flashmail.com |