"საქართველო "
# 2
6 თებერვალი, 2002 წელი

ჩვენთვის საყურადღებოა! (მიგრაცია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში)

ლეგალურსა და არალეგალურ მიგრაციას - იაფი მუშახელის შესვლას შედარებით მდიდარ ქვეყნებში, მის დასაქმებას, სამუშაოს კვლავ დაკარგვას, გამოძევებას და ა. შ. უსასრულოდ - დედამიწის ამ რეგიონში კატასტროფული მასშტაბი აქვს. ამ პროცესის მექანიზმი დაახლოებით ასეთია: ამ რეგიონის ქვეყნებში არსებობს აუარებელი ნაირსახეობის თავისუფალი ეკონომიკური ზონები: "თავისუფალი ინდუსტრიული პარკები", "თავისუფლი ინდუსტრიული ზონები", "თავისუფალი სავაჭრო ზონები", "სპეციალური (განსაკუთრებული) ეკონომიკური ზონები" და სხვა. ისინი ფუნქციობენ, ძირითადად, როგორც ამწყობი ინდუსტრიის ზონები (იმ დეტალებისგან, რომლებიც განვითარებული ქვეყნებიდან მოდის) და, აქედან გამომდინარე, როგორც ბაზრები, რომლებზეც ხდება იაფი მუშახელის გაყიდვა, ანუ მისი დასაქმება შრომატევდ ამწყობ ინდუსტრიებში, რომლებიც ამ ზონებშია განლაგებული. ჟ. EIღ-ის მიმომხილველის სიტყვით, "სამხრეთ-დასავლეთის ქვეყნებს (საიდანაც ელექტრონიკის დიდი ნაკადი მიედინება) როდი გააქვთ ელექტრონიკა - იგი გააქვთ ამ ქვეყნებში განლაგებულ ამერიკულ, იაპონურ, ევროპულ საწარმოებს და არა ამ ქვეყნებს", თვით ამ ქვეყნების წილს კი ამ ოპერაციებში იმის "გასამრჯელო" შეადგენს, რომ ისინი მათი ორგანიზატორნი და მასპინძელნი არიან. ამ "მასპინძელი" ქვეყნების, ანუ რეგიონის კვალობაზე შედარებით კეთილდღიანი ქვეყნების ინტერესი ისაა, რომ იმიგრანტი მუშახელი ბევრი მივიდეს (რათა შრომა იაფი იყოს), იმ უფრო ღარიბი ქვეყნებისა კი, საიდანაც ეს მუშახელი მიდის, ისაა, რომ ამით მათი შინაგანი განტვირთვა ხდება და, ამასთანავე, ამ ემიგრანტი მშრომელებისაგან თავის ოჯახებში გამოგზავნილი ვალუტა შემოდის. ვინაიდან ინდუსტრიების განლაგებისა და წარმატების სურათი მუდმივ ცვალებადობაშია, ბუნებრივია, რომ მიგრანტთა მასების ყოვლად დაურიდებელ გადასვლა-გადმოსვლასაც და გადასროლა-გადმოსროლასაც გიგანტური მასშტაბი აქვს. მათში ქალების პროცენტი უზარმაზარია.

დღეს მალაიზიაში 600-700 ათასი ლეგალური იმიგრანტი მშრომელია და აუარებელი - არალეგალური. (მოსახლეობაა 20 მილიონი სული). სინგაპურის 4 მლნ მოსახლიდან 750 ათასი იმიგრანტია. ფილიპინებიდან, პირიქით, დღეში 2000 მშრომელი მიდის. სინგაპურში შარშან 25 000 სული დაითხოვეს სამუშაოდან, მალაიზიაში თვეში 5-10 ათას სულს ითხოვენ. თაიში 2001 წელს სამუშაოს 1,4 მლნ სული გამოეთხოვა. ფილიპინებზე 8 მლნ უმუშევარია, ინდონეზიის 210 მლნ მოსახლიდან - 36მლნ.

ეს ციფრები ნათლად მეტყველებენ, ერთის მხრივ, იმ დემოგრაფიულ საშიშროებებზე, რომლებიც მცირესა და ბუნებრივი თუ გეოგრაფიული პირობებით მიმზიდველ ქვეყნებს ელის "თავისუფალი ზონის" ფუნქციობის შედეგად. მეორეც (თუ არ ჩავთვლით "უკონტროლობასთან" დაკავშირებული საეჭვო ბიზნესის შესაძლებლობებს) სამხრეთ აზიის მაგალითი მეტყველებს იმ გადაუხიდავ უფსკრულზე, რომელიც "თავისუფალი ზონების" საწარმოებში დასაქმებული მოსახლეობის მდგომარეობასა და სტაბილური ეროვნული ეკონომიკების სისტემაში დასაქმებული მოსახლეობის ბედს შორის არსებობს.

იაფი ნაკლებკვალიფიციური მუშახელის ძებნის სტრატეგიას ერთი ბუნებრივი ალტერნატივა - საწარმოთა აღჭურვაში კაპიტალური დაბანდებების, მშრომელთა კვალიფიკაციის მიზანმიმართული ამაღლების სტრატეგია - აქვს.



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2002

მოგვწერეთ opentext@flashmail.com