|
"საქართველო "
ასეთია ამერიკის, გერმანიის, ისრაელის ჯარების სტრუქტურა. როგორია ქართული? ირაკლი ხართიშვილი
სამხედრო ლიტერატურაში გამოთქმული შეხედულებებით, საბრძოლო მოქმედებები თანამედროვე ომში გამოირჩევა გაბედულებით, დაძაბულობით და დაკავშირებულია დიდ დანაკარგებთან. მათთვის დამახასიათებელია ორმხრივი ინტენსიური ცეცხლით ზემოქმედებისას მოწინააღმდეგესთან სწრაფი მიახლოება, დამსწრები დარტყმების მიყენება, სხვადასხვანაირი საბრძოლო სისტემების, პირველ რიგში, ავიაციის და საზენიტო საშუალებების, ტანკებისა და ტანკსაწინააღმდეგო იარაღის გააფთრებული დაპირისპირება. ასეთ მოქმედებებში წარმატების მისაღწევად აუცილებელია ჯართა სხვადასხვაგვარობის შენაერთების, ნაწილებისა და ქვედანაყოფების ეფექტური, მჭიდრო და უწყვეტი თანამოქმედება, განსხვავებული შეიარაღების შესაძლებლობათა რაციონალური გამოყენება, მათი შეუფერხებელი მომარაგებისა და მომსახურების უზრუნველყოფა. აქედან გამომდინარე, უკვე დაბალი რგოლის ტაქტიკურ საჯარისო ერთეულებს აგებენ საბრძოლო უზრუნველყოფისა და ზურგის უზრუნველყოფის, მართვისა და მომსახურების წვრილი ქვედანაყოფების რაციონალურად დაბალანსების საფუძველზე. ამის ტიპიური მაგალითია თანამედროვე არმიების სატანკო, მოტოქვეითი (მოტომსროლელი), ქვეითი, სამთოქვეითი, აერომობილური, საპარაშუტო-სადესანტო და სხვა ბატალიონები. სახმელეთო ჯარების ძირითად დამრტყმელ ძალას წარმოადგენს ჯავშანსატანკო (სატანკო) ჯარები. მის ნაწილებსა და ქვედანაყოფებს გააჩნიათ მაღალი მობილურობა, ჯავშანდაცულობა და ცეცხლის ძალა, რაც მათ საშუალებას აძლევს, აწარმოებდნენ აქტიურ შეტევით მოქმედებებს დღისითა და ღამით, სხვა ჯარებისაგან მნიშვნელოვანი მოწყვეტით; საკუთარი ცეცხლით ანადგურებდნენ მოწინააღმდეგის ტანკებსა და სხვა მოჯავშნულ მიზნებს, ცოცხალ ძალას, ანგრევდნენ მის თავდაცვით ნაგებობებს, ებრძოდნენ დაბალ სიმაღლეზე მფრენ საჰაერო მიზნებს, სვლით გადალახავდნენ რადიოაქტიური დასნებოვნების ვრცელ ზონებსა და წყლის დაბრკოლებებს; საჭიროების შემთხვევაში სწრაფად ქმნიდნენ მტკიცე თავდაცვას და წინ აღუდგებოდნენ მოწინააღმდეგის ჭარბი ძალების შემოტევას. 70-იანი წლების აშშ-ს არმიის სატანკო ბატალიონის სტრუქტურა ნაჩვენებია 1-ლ ნახაზზე. როგორც ვხედავთ, 70-იანი წლების აშშ-ს სატანკო ბატალიონი შედგებოდა შტაბისა და ხუთი ასეულისაგან: საშტაბო, სამი სატანკო და საბრძოლო უზრუნველყოფის. თითოეული სატანკო ასეული შედგებოდა მართვისა (ორი ტანკი) და სამი სატანკო ოცეულისგან, ხოლო თითოეულ სატანკო ოცეულში იყო ხუთი სატანკო ეკიპაჟი (ოცეულის მეთაურის ტანკის ჩათვლით). მაშინ თითოეულ სატანკო ასეულში შედიოდა 17 საბრძოლო ტანკი (5 X 3 + 2 = 17), ხოლო სატანკო ბატალიონში - 54 (17 X 3 + 3 = 54). საშტაბო და საბრძოლო უზრუნველყოფის ასეულებში შედიოდა საბრძოლო (კავშირგაბმულობის, სადაზვერვო, ნაღმსატყორცნების, საზენიტო და საინჟინრო-მესანგრეთა) და ზურგის (სარემონტო, მომარაგების, სამედიცინო უზრუნველყოფის) ოცეულები და სექციები. სულ ბატალიონში შტატით მიითვლებოდა პირადი შემადგენლობის 570-ზე მეტი ადამიანი, 54 საბრძოლო ტანკი M60, 24 ჯავშანტრანსპორტერი M113, ოთხი 106,7-მმ თვითმავალი ნაღმსატყორცნი M106A1, 19 40-მმ ხელის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნი, ხუთი გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექსი "რედ აი" (თანამედროვე "სთინგერების" ანალოგიური), ხუთი 12,7-მმ საზენიტო ტყვიამფრქვევი, 100 ავტომობილი, ორი სატანკო ხიდგამყვანი და სხვა შეიარაღება. 80-იან წლებში აშშ-ს არმიის სარდლობამ ჩაატარა სახმელეთო ჯარების რეორგანიზაცია, რომლის შედეგადაც სატანკო ბატალიონმა მიიღო შემდეგი სახე. (იხ. ცხრ. #2) როგორც ვხედავთ, რეორგანიზაციის შედეგად აშშ სატანკო ბატალიონში ჩამოაყალიბეს საშტაბო და ოთხი სატანკო ასეული. თითოეულ სატანკო ასეულში კვლავინდებურად დარჩა სამ-სამი სატანკო ოცეული, მაგრამ ოცეულში საბრძოლო ტანკების რაოდენობა შეამცირეს ოთხამდე (მეთაურის ტანკის ჩათვლით). შესაბამისად, სატანკო ასეულში შევიდა 14 საბრძოლო ტანკი (უწინდელი 17-ის ნაცვლად), ხოლო მთლიანად ბატალიონში - 58 (14 X 4 + 2 = 58). ერთი სატანკო ასეულის დამატებით სატანკო ბატალიონს შესაძლებლობა მიეცა ერთდროულად უტევდეს ორ ობიექტს. აღნიშნული რეორგანიზაციის შედეგად საბრძოლო უზრუნველყოფის ასეული გააუქმეს, მაგრამ მისი სადაზვერვო და ნაღმსატყორცნების ოცეულები შეიყვანეს საშტაბო ასეულის შემადგენლობაში. საზენიტო და სატანკო ხიდგამყვანების სექციები გადაიყვანეს ზემდგომი საჯარისო რგოლის - ჯავშანსატანკო (მექანიზებული) ბრიგადის შემადგენლობაში, საიდანაც სწავლებების ან საბრძოლო მოქმედებების დროს სატანკო ბატალიონს აძლევენ შესაბამისი გაძლიერების საშუალებებს საჭირო რაოდენობით. შტატით კი 80-იანი წლების აშშ-ს სატანკო ბატალიონში შედიოდა პირადი შემადგენლობის 560 ადამიანი, 58 საბრძოლო ტანკი M1!M1A1 "აბრამსი", ექვსი საბრძოლო სადაზვერვო მანქანა M3 "ბრედლი", 13 ჯავშანტრანსპორტერი M113A1!A2, ექვსი 106,7-მმ თვითმავალი ნაღმსატყორცნი 106A2, რვა სამეთაურო-საშტაბო მანქანა M577A1, დაახლოებით 80 ავტომობილი და სხვა შეიარაღება. სწავლებების პერიოდში და საბრძოლო მოქმედებების დროს იარაღის უფრო ეფექტურად გამოყენების მიზნით ბრიგადების შემადგენლობაში სატანკო და მოტოქვეითი ბატალიონების ბაზაზე აყალიბებენ შერეული შემადგენლობის საბატალიონო ტაქტიკურ ჯგუფებს. სახელდობრ, სატანკო საბატალიონო ჯგუფის შემადგენლობაში შეიძლება შეიყვანონ ორი-სამი სატანკო და ერთი-ორი მოტოქვეითი ასეული, ერთი-ორი საარტილერიო ბატარეა, საინჟინრო, კავშირგაბმულობისა და სადაზვერვო ოცეულები, ქიმიური დაცვის ათეული, ზურგის უზრუნველყოფის ქვედანაყოფები. ასეთ შერეულ ტაქტიკურ ჯგუფებს უფრო ეფექტურად შეუძლიათ მათ წინაშე დასმული ამოცანების შესრულება. ამ მხრივ მეტად საინტერესოა დასავლეთგერმანული და ისრაელის გამოცდილების გაცნობაც. 70-იან წლებში ბუნდესვერის სატანკო ბატალიონშიც, ამერიკულის მსგავსად 54 საბრძოლო ტანკი იყო. ზემდგომ საჯარისო რგოლში, სატანკო ბრიგადაში შედიოდნენ ორი სატანკო და ერთი მოტოქვეითი ბატალიონები, 155-მმ თვითმავალი ჰაუბიცების საარტილერიო დივიზიონი და უზრუნველყოფის ქვედანაყოფები. ასეთი შემადგენლობის ბრიგადაში მოითვლებოდა 110 საბრძოლო ტანკი "ლეოპარდ-1", 60-ზე მეტი ჯავშანტრასპორტერი M113, 18 155-მმ თვითმავალი ჰაუბიცა M-109G და სხვა შეიარაღება. 80-იან წლებში სატანკო ოცეულში საბრძოლო ტანკების რაოდენობა ოთხამდე შეამცირეს (ოცეულის მეთაურის ეკიპაჟის ჩათვლით), სატანკო ასეულში - 13-მდე, ბატალიონში კი - 41 ტანკამდე. სამაგიეროდ ბრიგადის შემადგენლობაში ორი სატანკო და ერთი მოტოქვეითი ბატალიონების გარდა, ჩამოაყალიბეს შერეული სატანკო ბატალიონიც, რომელშიც შეიყვანეს საშტაბო და მომარაგების, ორი სატანკო და მოტოქვეითი ასეულები. შერეულ სატანკო ბატალიონში მიითვლებოდა 28 საბრძოლო ტანკი "ლეოპარდ-2", 11 ქვეითთა საბრძოლო მანქანა "მარდერი", 6 ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი და სხვა შეიარაღება. მთლიანობაში კი ბრიგადაში საბრძოლო ტანკების რაოდენობა უცვლელი დარჩა - 110 ტანკი "ლეოპარდ-2". თავისთავად ცხადია, რომ ამ რეორგანიზაციით ბუნდესვერის სარდლობამ სატანკო ბრიგადების მეთაურების განკარგულებაში შერეული სატანკო ბატალიონების სახით უკვე მზა ფორმით ჩამოაყალიბა სატანკო საბატალიონო ჯგუფის ძირითადი ბირთვი, რომლებსაც კონკრეტული საბრძოლო ამოცანების გადასაწყვეტად მისცემდნენ შესაბამის მხარდაჭერის ძალებს: - საარტილერიო, საზენიტო, საინჟინრო-მესანგრეთა, კავშირგაბმულობის, მედიკურ-სანიტარული, მომარაგების და სხვა ქვედანაყოფებს. ისრაელის არმიის სატანკო ბრიგადის სატანკო ბატალიონის სტრუქტურა ნაჩვენებია მე-3 ნახაზზე. იგიც, როგორც ვხედავთ, ძირითადში იმეორებს ბუნდესვერის 80-იანი წლების შერეული სატანკო ბატალიონის ორგანიზაციას და წარმოადგენს ტაქტიკური საბატალიონო ჯგუფის ბირთვს. მასში მიითვლება პირადი შემადგენლობის 515 ადამიანი, 36 საბრძოლო ტანკი (12 X3 = 36), 23 ჯავშანტრანსპორტერი, 81-მმ ნაღმსატყორცნი, სამი ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი, ექვსი გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექსი ("სთინგერების" ანალოგიური), ცხრა ხელის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნი, 23 ავტომობილი და სხვა შეიარაღება. ჩვენი მეზობელი თურქეთის სატანკო ბატალიონები იმეორებენ დასავლურ სტრუქტურებს (ამერიკულსა და გერმანულს) და მათში გვხვდება 54-დან 58 საბრძოლო ტანკამდე. სახელდობრ, საქართველოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მახლობლად თურქეთის ქალაქ არტაანში განლაგებულ 25-ე მექანიზებულ ქვეით ბრიგადაში (ერთი სატანკო და ორი მექანიზებული ქვეითი ბატალიონი, საარტილერიო დივიზიონი და სხვა ერთეულები) 1998 წლის დასაწყისში ნაჩვენები იყო 56 საბრძოლო ტანკი 1448A5, 142 ჯავშანტრანსპორტერი M113, 53 საველე არტილერიის ქვემეხი და ნაღმსატყორცნი (25 ბუქსირებადი ჰაუბიცა და 28 106,7-მმ ნაღმსატყორცნი). მის სამხრეთით ქ. სარიყამიშში დისლოცირებულ მე-9 ქვეით დივიზიონში (სატანკო, ორი ქვეითი და საარტილერიო პოლკები, აგრეთვე უზრუნველყოფის სხვა ერთეულები) ნაჩვენები იყო 112 საბრძოლო ტანკი M48A5, 64 ჯავშანტრანსპორტერი M113, 128 საველე საარტილერიო სისტემა (34 105-მმ, 27 155-მმ და 4 203,2-მმ ბუქსირებადი ჰაუბიცა, 42 106,7-მმ და 21 120-მმ ნაღმსატყორცნი). როგორც ვხედავთ, დასავლური არმიების სატანკო ბატალიონებში საბრძოლო ტანკების საშტატო რაოდენობა 54 მანქანა (თითოეულ სატანკო ოცეულში ხუთი საბრძოლო ტანკი, ასეულში 17 და ბატალიონში - 54). ასეთი შეიარაღების მქონე ბატალიონს შეტევაში ჩვეულებრივ უნიშნავენ უბანს სიგანით 3 კმ-მდე, ზოგჯერ კი 5 კმ-მდეც. უახლოეს ამოცანას (ობიექტს) უნიშნავენ მოწინააღმდეგის განლაგების სიღრმეში 5 კმ-მდე, ხოლო მომდევნო ამოცანას - 10 კმ-მდე. თავდაცვაში აშშ (გფრ, თურქეთის) სატანკო ბატალიონს უსაზღვრავენ თავდაცვის რაიონს 3-5 კმ-მდე ფრონტსა და სიღრმეში. რუსეთის სატანკო პოლკის სატანკო ბატალიონში შედარებით ნაკლები რაოდენობის ტანკია - 31. მაგრამ ასეთ ბატალიონს შეტევაში უნიშნავენ უბანს 2 კმ-მდე სიგანით, ხოლო გარღვევის უბანზე - ერთ კილომეტრამდე. თავდაცვაში, 3-5 კმ-მდე ფრონტსა და 2,5 კმ-მდე სიღრმეში. ყოველივე ამის გათვალისწინებით, საქართველომ თუნდაც რომ სრულად აითვისოს ეუთო-ს ეგიდით დადებული "ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ" ხელშეკრულებითა (1990 წლის ნოემბერი) და ტაშკენტის შეთანხმებით (1992 წლის მაისი) განსაზღვრული 220 საბრძოლო ტანკის კვოტა, ამ შეიარაღებით ჩვენ შევძლებთ დასავლური ტიპის მხოლოდ ოთხი სატანკო ბატალიონის და, შესაბამისად, ორი ჯავშანსატანკო ბრიგადის ჩამოყალიბებას. ეს კი სრულებით ვერ იქნება საკმარისი 5,5-მილიონიანი სახელმწიფოსთვის თავდაცვისუნარიანი სახმელეთო ჯარების ასაშენებლად. შემდგომ წერილებში ჩვენ ვნახავთ, რომ მოჯავშნული საბრძოლო მანქანებისა და საველე არტილერიის კვოტების მხრივ კიდევ უფრო სავალალო მდგომარეობაში ვიმყოფებით. ამიტომ თუ არ მოხდა საქართველოს სამხედრო მშენებლობის პროცესში ჩვენში არსებული კვალიფიციური მკვლევარების აქტიურად ჩართვა (რაც ჩვენმა ხელისუფლებამ უნდა განახორციელოს) და მათი მუშაობის შედეგად დასავლეთისა და რუსეთის მმართველი წრეების წინაშე საქართველოსთვის განსაზღვრული ჩვეულებრივი შეიარაღების კვოტების გაზრდის საკითხის დაყენება, მასზე თანხმობის მიღება და შესაბამისი ღონისძიებების გატარება, მაშინ ჩვენი ქვეყანა თავდაცვისუნარიან სახელმწიფოდ ვერ ჩამოყალიბდება.
(c) გაზეთი "საქართველო"
2002 მოგვწერეთ opentext@flashmail.com |