"საქართველო "
# 2
6 თებერვალი, 2002 წელი

ევროპელებს ერთობლივად დააპატიმრებენ

ევროკავშირის ქვეყნებისთვის დაპატიმრების ერთობლივი ორდერის შემოღების გეგმა დიდი ხანია ტრიალებს ევროპული ინტეგრაციის მომხრეთა წრეში, მაგრამ მასზე ყველა მონაწილის დათანხმება ვერ მოხერხდა მანამდე, სანამ 11 სექტემბრის ტერაქტმა არ დაიგრიალა. დღეს უკვე მიღებულია ყველას თანხმობა. დღეს განსაზღვრულია 12 სახის დანაშაული - არანაკლებ სამი წლის თავისუფლების აღკვეთად "ღირებული" - რომლის გამოც ერთი ქვეყნის მიერ გაცემული ორდერით ყველა სხვა ქვეყანა აპატიმრებს მის ტერიტორიაზე შემოსულ დამნაშავეს და მის ქვეყანას გადასცემს ყოველგვარი გაგრძელებული პროცედურის გარეშე. ამ დანაშაულთა შორისაა არა მხოლოდ ტერორიზმი, არამედ ისეთი "უწყინარი" ქმედებებიც კი, როგორიცაა ყალბის ქმნა და გაფლანგვა, "რასიზმი და ქსენოფობია". ქვეყანა ვალდებულია კაცი დააპატიმროს და გადასცეს იმ შემთხვევაშიც, თუ მის მიერ ჩადენილ ქმედებას თვით ამ ქვეყნის კანონი დანაშაულად არ თვლის. გადაცემა მოუწევს როგორც სხვა ქვეყნის მოქალაქეს, ისე საკუთარსაც. ამ მიზეზით იტალიას, საბერძნეთს, პორტუგალიას და ავსტრიას თავის კონსტიტუციებში ცვლილებათა შეტანა მოუხდებათ.

ევროპული ინტეგრაციის ეს ნაბიჯი აფიქრებს ევროპელებს ნაციონალიზმის თვალსაზრისითაც და სამოქალაქო თავისუფლებათა თვალსაზრისითაც: ერთის მხრივ, სხვის ქვეყანაში გადაცემული მოქალაქე შეიძლება მოკლებული აღმოჩნდეს ადექვატურ სამართლებრივ დაცვას, მეორეს მხრივ, "რასიზმისა და ქსენოფობიის" ამ საერთაშორისო დევნამ შეიძლება სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის სახე მიიღოს. ევროსკეპტიკოსთა ამ უკანასკნელ შენიშვნას ოფიციალური პირები იმით პასუხობენ, რომ ქსენოფობიის (უცხოელთა სიძულვილის) შეთანხმებული განსაზღვრება, რომლის მიღებაც დაგეგმილია, უფრო ფაშიზმის აღსაკვეთად იქნება მიმართული, ვიდრე უცხოელთა პოპულისტური ლანძღვა-გინებისა.



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2002

მოგვწერეთ opentext@flashmail.com