|
"საქართველო "
გეგონებათ, ქართველი წერს
არგენტინის ფინანსური კატასტროფა ცნობილია. იგი გაჩნდა მიუხედავად იმისა, რომ არგენტინას, თავისუფალი ეკონომიკის გარდა, სხვა ეკონომიკა თავისი ისტორიის მანძილზე არ უნახავს და რომ მისი ხელისუფლება, საქართველოსაგან განსხვავებით, არც კორუმპირებულია და არც უცხო ქვეყნის მიერ დაყენებული დივერსანტია. კატასტროფის მიზეზია ვალი - ეს ულმობელი ურჩხული, რომელსაც დღევანდელი საქართველო, თავის ქურდ-ბაცაცა მმართველთა წყალობით, სამწუხაროდ, უკვე ძალიან კარგად იცნობს. ქვემოთ ვაქვეყნებთ (შემოკლებით) არგენტინის მღვდელმთავრის, ლა-პლატას ეპისკოპოსის ჰექტორ აგუერის ღია წერილს, რომელიც ამ თემას ეხება.
"დიდი ვერაფერი ნუგეშია, თუ მართალი აღმოჩნდებით იმ უბედურებათა წინასწარმეტყველებაში, რომლებიც თქვენს ქვეყანას მოელის. ასე მოგვივიდა ჩვენც, ვინც დროულად ვაფრთხილებდით საზოგადოებას იმ ხიფათის გამო, რაც განუხრელად მზარდი საგარეო ვალისაგან გველოდა და რასაც - კიდევ უარესი! - გავლენიანი ეკონომიკური და პოლიტიკური წრეების არაერთი წარმომადგენელი უწყინარ და, ლამის, ჯანსაღ მოვლენად გვისახავდა. ჯერ კიდევ წელიწადნახევრის წინ მე განვუცხადე სენატს, ჩვენს თავზე საფლავის ლოდი კიდია-მეთქი, რომელიც დამარხავს ჩვენს მიზანს, რომ თავისუფალი,სამართლიანი და სუვერენული სახელმწიფო ავაგოთ. რა იქნება ჩვენი სახელმწიფოს ეპიტაფია, ადვილად მიხვდებით: "აქ განისვენებს არგენტინის რესპუბლიკა. მან ვალების ხდაში იცხოვრა და ვალაუვალი მოკვდა". "იმას, რაც არგენტინას დაემართა, ეპისკოპოსი "ვალის აფეთქებას" უწოდებს. იმან, რაც მოხდა, მისი სიტყვით, "არგენტინელებს გზა გადაუკეტა მათი საკუთარი ფულისკენ და წაართვა მათ სრული უფლებამოსილება თავისი ხელფასებისა და თავისი საკუთრების მიმართ". არგენტინის ვალი, ეპისკოპოსის სიტყვით, "უსამართლოდ გასივდა იმ ზომამდე, რომ ასტრონომიულად გადააჭარბა ქვეყნის გადახდისუნარიანობას. საქმე უნდა მიეყვანათ საერთაშორისო სასამართლომდე. ჩვენ უნდა მოვლაპარაკებოდით მევალეებს, მყარად დავეყრდნობოდით რა ჩვენს კანონიერ ეროვნულ ინტერესებს, როგორც არგუმენტს. საჭირო იყო ხალხისათვის გაემხილათ ამ ვალების ყალბი და მევახშეური ბუნება, რათა ხელისუფლებას მოეპოვებინა საკმარისი პოლიტიკური მხარდაჭერა ერის საქმის დასაცავად ესოდენ კრიტიკულ ვითარებაში. ჩვენ ბრალს ვდებთ ჩვენს ხელმძღვანელობას, რომ ვერ შეასრულა თავისი ეს მოვალეობა, და ვფიქრობთ, რომ მის წევრთა პირადი სვინდისი დამძიმებულია ამ პასუხისმგებლობით თანამოქალაქეებისა და ღვთის წინაშე"... "პირველ ყოვლისა, ხელი უნდა ავიღოთ სიმხდალეზე კრედიტორთა წინაშე. მათ სინამდვილეში არ მოუციათ ჩვენთვის ის ასობით მილიარდი დოლარები, რომელსაც ახლა გვთხოვენ". ეს ვალები, ავტორის სიტყვით, გაზარდა "ნებსითმა და ცალმხრივმა ცვლილებებმა პროცენტთა ზომაში და მორალურად მიუღებელმა ჯარიმებმა (FEEშ). სინამდვილეში მათ უკვე დიდი ხანია ამოღებული აქვთ თავისი პირვანდელი სესხები, რომლებიც ფინანსური ალქიმიით გაზარდეს"... "ჩვენი ვალაუვალობა გვიქმნის მომგებიან სტრატეგიულ პოზიციას მოლაპარაკებათა საწარმოებლად, რომელიც შეგვიძლია კარგად გამოვიყენოთ, თუ გონიერნი ვართ. ვერავინ გადაგახდევინებთ იმას, რასაც ვერ იხდით, მით უფრო, თუ გადახდევინების მცდელობა საშიშროებას უქმნის მთელი სახელმწიფოს გადარჩენას და თუ, ამასთანავე, სამართლიანად თუ განვსჯით, ვალი რეალურად გადახდილია". "იმის დაჟინებულმა მოთხოვნამ, რომ დავეთანხმოთ ვალებს, რომელსაც ვერ გადავიხდით, შესაძლებელია გამოიწვიოს უარის თქმა გადახდაზე. ამის მომთხოვნნი, საბოლოო ანგარიშში, უბიძგებენ ქვეყანას, სრული უარი თქვას ვალზე. სწორედ ასე დასვა საკითხი აშშ-ს ფინანსთა მინისტრმა 1929 წელს". ეპისკოპოსი იხსენებს, რომ II მსოფლიო ომის შემდეგ ასევე იმსჯელა "ვალთა მსოფლიო კომისიამ". სახელდობრ, მან ჩათვალა, რომ "თუმცა საერთაშორისო ვალდებულებათა შეუვალობა ხელშეუხებელია, ერებს ("ნაციებს", სახელმწიფოებს) ვერ უნდა ვაიძულოთ, გადაუხადონ სხვა მთავრობებს იმაზე მეტი, ვიდრე შეუძლიათ. ვერც იმას მივიღებთ პრინციპად, რომ უნდა გადაიხადონ თავისი დღევანდელი და მომავალი შესაძლებლობის მაქსიმუმი. მოვალეს უნდა მიეცეს საშუალება, დაიცვას და გამოასწოროს თავისი ეკონომიკური მდგომარეობა, დააბალანსოს ბიუჯეტი, შექმნას მყარი საფუძველი თავისი ფინანსებისა და ვალუტისთვის, აგრეთვე გააუმჯობესოს მოქალაქეთა ცხოვრების პირობები. ვერც ერთი შეთანხმება, რომლის პირობებიც მეტისმეტად დამთრგუნველია ან რომელიც აფერხებს უცხო მოვალის გამოჯანსაღებასა და განვითარებას, ვერ იქნება ხელსაყრელი ამერიკისა ან ევროპისთვის" (EIR, 18.01.2002).
(c) გაზეთი "საქართველო"
2002 მოგვწერეთ opentext@flashmail.com |