"საქართველო "
# 2
6 თებერვალი, 2002 წელი

დავობენ კუნძულ კვიპროსზე

სანამ თურქეთი 1974 წელს სამხედრო ძალით შეიჭრებოდა კვიპროსზე, იქ თურქები მოსახლეობის 18(-ს შეადგენდნენ. დღეს ისინი 37( არიან. თვითგამოცხადებული თურქული სახელმწიფო, რომელსაც უჭირავს კუნძულის ჩრდილოეთი ნაწილი, ცნობილია მხოლოდ თვით თურქეთის მიერ. თჰე Eცონომისტ-ის აზრით, კვიპროსის მაცხოვრებელთათვის და მათ უკან მდგომი ორი სახელმწიფოსთვის დღეს პრობლემის გადაჭრის ოთხი მთავარი გზა არსებობს. პირველი. ბერძნები და თურქები თანხმდებიან, მიუხედავად საყოველთაოდ აღიარებული ურთიერთსიძულვილისა, ერთი სახელმწიფოს ჰაერით ისუნთქონ, და კვიპროსის ორი ნაწილისგან დუნე ფედერაციას ქმნიან. მეორე. ისინი იურიდიულად ფორმდებიან ორ სხვადასხვა სახელმწიფოდ, მაგრამ საზღვრებს აზუსტებენ, რათა ისინი უფრო სამართლიანი გახადონ. მესამე. დღევანდელი სტატუს ქვო გრძელდება. მეოთხე. კუნძულის ბერძნული ნაწილი, რომელიც საერთაშორისოდაა აღიარებული, საჩქაროდ შედის ევროკავშირში, ხოლო თურქული ნაწილი ევროკავშირის გარეთ რჩება. თუმცა, ჟურნალის თქმით, ოთხსავე ვარიანტს თავისი მინუსები აქვს, პირველი ყველაზე "ნაკლებ ცუდია", მით უფრო, რომ დღეს, თურმე, პირველი შემთხვევაა ამ ბოლო 4 წლის მანძილზე, რომ კვიპროსელი თურქული და ბერძნული თემის ლიდერები მზად არიან ერთმანეთს შეჰხვდნენ.

მეორე ვარიანტის მინუსი, კერძოდ, ისაა, რომ, თუ ევროკავშირმა მიიღო კვიპროსის ბერძნული ნაწილი (რასაც მას საბერძნეთი აიძულებს მუქარით, რომ ვეტოს დაადებს სხვა ათი ახალი წევრის მიღებას, რომლებიც ევროკავშირისთვის სასურველნი არიან), მაშინ თურქეთი იმუქრება, რომ, უბრალოდ, მიიერთებს კვიპროსის თურქულ ნაწილს, რაც დესტაბილიზაციის ხიფათს შექმნის მთელ რეგიონში.

ჟურნალი სერიოზულად იხილავს მეორე ვარიანტს, ანუ კვიპროსის იურიდიულ გაყოფას ორ ნაწილად, თუმცა გადაულახავ დაბრკოლებად თვლის იმას, რომ, ბერძნების თვალსაზრისით, ეს იქნებოდა ჩატარებული დემოგრაფიული ცვლილებების, ეთნიკური წმენდის "უსამართლო და აღმაშფოთებელი" მხარდაჭერა თურქთა სასარგებლოდ. თუ მხარეები "მორიგდებიან" კონკრეტულ გამყოფ ხაზზე, მაშინ სხვა საქმეაო, აღნიშნავს ჟურნალი ცალყბად, მაგრამ მას ესმის, რომ ასეთი "მორიგების" პერსპექტივა არ არსებობს.

თურქული თემის ლიდერი დენქთაში შიშობს, რომ ფედერაციის შემთხვევაში ბერძნები თურქებს დაჩაგრავენ. მაგრამ საინტერესო ისაა, რომ კვიპროსელი თურქების მნიშვნელოვანი ნაწილიც და თურქეთის ბიზნესმენთა მნიშვნელოვანი ნაწილიც ისეა მონდომებული, რომ მთელი კვიპროსიც და თურქეთიც ევროკავშირში შევიდნენ, რაც მათ კარგ ეკონომიკურ პერსპექტივას უქადის, რომ მზად არიან, ერთგვარი "ზეწოლა" მოახდინონ დენქთაშზე, რათა პოზიცია შეარბილებინონ.

ჟურნალის სიტყვით, ბოლო წლებმა ზოგი რამ შეცვალა კვიპროსელი ბერძნების განწყობაში. "ისინი თანახმანი არიან, ნაკლები ძალაუფლება ჰქონდეთ თურქების მიმართ, ვიდრე 1974 წლის შემოსევამდე ჰქონდათ. შესაძლოა, იმის საჯაროდ აღიარებასაც კი დათანხმდნენ, რომ თურქული უმცირესობა მანამდე ცოტა დაჩაგრული ჰყავდათ". ჟურნალი ფიქრობს, რომ ევროკავშირი არ უნდა დაემორჩილოს ბერძენთა ზეწოლას კვიპროსის ბერძნული ნაწილის უკრიტიკოდ გაწევრიანების თაობაზე, გაერომ კი, თავის მხრივ, კვიპროსელ ბერძნებს უნდა ურჩიოს, დენქთაში აღიარონ როგორც კვიპროსელი თურქების ლეგიტიმური ლიდერი და მისი "სახელმწიფო" - როგორც რაღაცა ცოტა იმაზე მეტი, ვიდრე თურქეთის უბრალო ნახელავი. დენქთაშმაც ხელი უნდა აიღოს ბუტიობაზე და შევიდეს სერიოზულ მოლაპარაკებაში, რათა მხარეებმა გაინაწილონ უფლებები კუნძულზე, და არა დაგლიჯონ თვით კუნძული.

ჟურნალის ამ გონივრულ რჩევებს აკლია მხოლოდ ერთი: სად უნდა გაივლოს ხაზი პოლიტიკურ მოლაპარაკებაში ამა თუ იმ ეთნოსის ჩართვასა და ძალის წინაშე მის გატეხას შორის?

შენიშვნა. როგორც მკითხველი ხედავს, კამათში არ ფიგურირებს ის არგუმენტი, რომ სიყვარულის ქალღმერთი აფროდიტე კვიპროსზე დაიბადა (როგორც ცნობილია, იგი აქ ზღვის ქაფიდან იშვა). რეალისტურია თუ არა ამგვარი მიდგომა, ალბათ მომავალი განსჯის.



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2002

მოგვწერეთ opentext@flashmail.com