|
"საქართველო "
სჭირდება თუ არა საქართველოს თამბაქოს წარმოება?! ნინო ბერიშვილი
სჭირდება თუ არა საქართველოს თამბაქოს წარმოება? როგორც საქართველოს მთავრობამ და კერძოდ ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტრომ გადაწყვიტა - არ სჭირდება. გვაფრთხილა და გვაფრთხილა ჯანდაცვის და სოცუზრუნველყოფის სამინისტრომ "ნიკოტინი მავნებელია ჯანმრთელობისთვისო", მაგრამ ვინ დაუგდო ყური. უცხოური საწამლავი არ იკმარეს მწეველებმა, ქართული წარმოებაც კი გაიხსნა და აგერ უკვე ერთი წელია "წამლავს" შპს "საქართველოს თამბაქოს წარმოება" და მისი ხელმძღვანელი, ავთო წერეთელი, ჩვენს "ჯანსაღ" მოქალაქეებს. ყური რომ არავინ უგდო ჯანდაცვის სამინისტროს გაფრთხილებებს, ამ უკანასკნელმა ქმედითი ზომები მიიღო და გასული წლის აგვისტოში ბრძანებულება გამოაქვეყნა, სადაც სწერია, რომ თამბაქოს ის ნაწარმი (ფილტრიანი სიგარეტი), რომელშიც შედის 12 მგ ფისსა და 1,3 ნიკოტინზე მეტი, აიკრძალოსო. სწორედ აქედან დაწყებულა ჯანდაცვის სამინისტროს ბრძოლა ჩვენი მოქალაქეების ჯანსაღი ცხოვრებისათვის ქვეყანაში. ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრომ მოქალაქეთა ჯანმრთელობაზე იზრუნა და ბრძანება გამოსცა. ეს რა ვაი-უშველებელი ასატეხი ამბავიაო, იტყვის ზოგი, არა, ბატონებო! თავად იმ ფაქტზე, რომ საქართველომ ამ სფეროშიც მოწინავე ქვეყანათა გვერდით დადგომა ისურვა, მისასალმებელია (12 მგ ფისი, 1!3 ნიკოტინი მხოლოდ აშშ-ს და ინგლისის ნორმებია, ისიც შიდა ბაზრისთვის). როგორც შპს "საქართველოს თამბაქოს წარმოების" გენერალურ დირექტორს, წერეთელს, მიაჩნია, "ეს არის მიზანმიმართული მცდელობა, მოკლან თამბაქოს წარმოება საქართველოში და ხელი შეუწყონ კონტრაბანდის ზრდას". პირველი მოსაზრების დასასაბუთებლად მოჰყავს რუსეთის მაგალითი, რომელსაც გამოუცია მსგავსი კანონი 1997 წელს და რომელიც მოქმედებს დღესაც. ამ კანონით თამბაქოს წარმოებაში ზღვრული ნორმები უნდა იყოს 14 მგ ფისი და 1,2 მგ. ნიკოტინი. მაგრამ საქართველოში გამოცემული ბრძანებისაგან განსხვავებით, რუსებს უზრუნიათ საკუთარ წარმოებაზე და მოსამზადებელი სამუშაოების ჩასატარებლად მეწარმეთათვის მიუციათ ვადა. ანუ კანონი ძალაში შედის 2003 წლის პირველი იანვრიდან, ხოლო კიდევ ერთ წელს აძლევენ კანონმდებლები ბაზარს, რათა არ მოხდეს ბაზარზე გატანილი სიგარეტის შეზღუდვა. ქართველ კანონმდებლებს კი ერთბაშად მოუნდათ ცხოვრების ჯანმრთელ წესზე გადაიყვანონ ქვეყანა და 2001 წლის 11 აგვისტოს გამოცემული ბრძანება, ძალაში 2002 წლის 2 იანვრისათვის აუმოქმედებიათ. რა იქნება ყოველივე ამის შედეგი? - კითხულობს წერეთელი და თავადვე სცემს პასუხს: "გაიზრდება კონტრაბანდა". ისე, ლოგიკის ხაზს რომ მივყვეთ, ასეც უნდა მოხდეს. ბაზარზე შემოსული სიგარეტებიდან უმრავლესობაში, მაგ. "პარლამენტში" ფისის რაოდენობა 15 მგ-ა, ასევეა "მალბოროში", "მონტე-კარლოში" და სხვა. "პირველში" და დანარჩენ ქართულ სიგარეტებში ფისის შემცველობა 14 მგ-ია. თუკი აკირძალება 12 მგ-ზე მეტი შემცველობის მქონე სიგარეტი, აიკრძალება ყველა ზემოთ ჩამოთვლილი დასახელება. მაშინ გაძლიერდება კონტრაბანდა და ბაზარს დაიჭერს ე.წ. შავი ბიზნესი. თუკი დღემდე არაკანონიერი გზებით შემოსული სიგარეტს ბაზრის 60+-ს შეადგენს, ამ ბრძანების გამოსვლის შემდეგ ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება. ვის აძლევს ეს ხელს? ამ კითხვაზე პასუხის გაცემისას წერეთელი ძალზე ფრთხილია და ამბობს, რომ მას შევარდნაძის ობიექტურობისა და სახელმწიფო მინისტრ ჯორბენაძის კეთილსინდისიერების სჯერა. ამაზე იტყვიან, ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო. წერეთელს რატომ სჯერა სახელმწიფო მინისტრ ჯორბენაძისა, როდესაც სწორედ ამ უკანასკნელის ხელმოწერით გამოიცა ზემოთაღნიშნული ბრძანება? ჯორბენაძე შეცდომაში შეიყვანეს, მან არ იცოდა რას აწერდა ხელსო, ამართლებს მას წერეთელი, საოცრებების ქვეყანაა საქართველო. თუკი მინისტრმა არ იცის, რაზე აწერს ხელს, როგორ შეიძლება ის მინისტრი დავაUწინაუროთ და დავნიშნოთ სახელმწიფო მინისტრად და მერე მისი იმედი გვქონდეს? მოკლედ, თუ ასე გაგრძელდა, წერეთელი წარმოების რუსეთში გადატანას ფიქრობს. დღეს კი თვალნათლივ ერთი ჩანს, საქართველოში ყოველგვარ ღონეს ხმარობენ, რათა ქვეყანას არ ჰქონდეს საკუთარი წარმოება.
(c) გაზეთი "საქართველო"
2002 მოგვწერეთ opentext@flashmail.com |