|
"საქართველო "
ვისია, ვისია რუსთავის მეტალურგიული ქარხანა ფიქრია გოგოლაძე
სულ მთლად ჭკუას გადამცდარი უნდა იყოს კაცი, რომ სახლს ცეცხლი წაუკიდოს და ამ ცეცხლზე შეციებული ხელები გაითბოს, არადა სწორედ ამ ჭკუას გადაცდენილებსა ვგავართ. რაც რამ მოგვეპოვებოდა, რაც რამ სიკეთე იყო, გავანიავეთ, ზოგი დავშალეთ და ჯართად გავყიდეთ, ზოგი გავასხვისეთ, ზოგიც დავანგრიეთ. ამ დაშლა, დანგრევა, გაყიდვით ნაშოვნი კაპიკები რამდენიმე ათეული ადამიანის ჯიბეში გადანაწილდა და, მეყოლეთ კარგად, ჩვენ დღეში ჩავცვივდით. კარდაკარ დაკალმასობს ჩვენი მთავრობა. არა და აგერ, ყურის ძირში იმდენი სიმდიდრეა, რომ კიდევ ორ ჩვენოდენა (ოღონდ ჭკვიან) ქვეყანას შეინახავდა. რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაზე მოგახსენებთ, რომელიც თითქმის 70 წლის წინ დიდი ზარ-ზეიმით, დიდი ტაშ-ფანდურით დააარსა კომუნისტურმა ხელისუფლებამ, თან ქალაქიც აუშენა. აგერ ბატონო, იმუშავეთ და იცხოვრეთო. თავის დროზე ამ საწარმოს აშენება იყო თუ არა მიზანშეწონილი, ეს უკვე სხვა საუბრის თემაა და ამაზე ნუღა შევჩერდებით. დავიწყოთ იქიდან, რომ რუსთავის მეტალურგიული ქარხანა მთელს კავშირში ერთ-ერთი წამყვანი იყო, პროდუქციას უშვებდა, მოსახლეობას ასაქმებდა. დღეს ეს ქარხანა ფაქტობრივად აღარ ფუნქციონირებს. იგი ას მილიონამდე ვალის პატრონია და კარგა ხანია, პროდუქცია აღარ გამოუშვია. ეს საწარმო ნათელი მაგალითია იმისა, თუ რა უდარდელი, უბადრუკი და მართვის უუნარო მთავრობა გვყავს. კრედიტორებმა ვალის დაბრუნებისათვის ერთ წელზე მეტია, სასამართლოში ქარხნის გაკოტრების საქმე აღძრეს და რუსთავის მეტალურგიული ქარხანა სამართავად კრედიტორთა საბჭოს გადაეცა. ბოროტი ენები ამბობენ, რუსთავის ქარხანაშიც მოვლენები ჩვეულებრივი სცენარით განვითარდაო. ჯერ გააკოტრეს, მერე გაყიდიან საწარმოს, როგორც ეს არაერთხელ მომხდარაო. ეს იქით იყოს, ნუ მოვუსმენთ ბოროტ ენებს და მოდით ეკონომიკის, ვაჭრობის და მრეწველობის ახლადდანიშნულ მინისტრს, ბატონ გიორგი გაჩეჩილაძეს მოვუსმინოთ: "ეს უკვე ის ურთიერთობაა, როცა გარანტად დგება მთავრობა. ჩვენ თუ ჩვენს ურთიერთობებს ხაზს გადავუსვამთ და არაფრად ჩავთვლით თურქეთის მთავრობის ოფიციალურ წერილს და კიდევ საბანკო გარანტიას მოვთხოვთ (თუმცა ესეც შეიძლება), ორმხრივ ურთიერთობებში გარკვეული უხერხულობა წარმოიქმნება". რა თქმა უნდა, ამ ერთი კონტექსტიდან ამოგლეჯილი აბზაცით მკითხველი ვერ მიხვდება, რაშია საქმე და ამისათვის მოკლე ექსკურსი გავაკეთოთ წარსულში. გასული წლის დასაწყისში საქართველოს მთავრობამ თურქეთის ხელისუფლებას თხოვნით მიმართა. თხოვნა რუსთავის მეტალურგიულ ქარხანას ეხებოდა... თურქეთის მთავრობამ მეგობარი და მეზობელი სახელმწიფოსათვის ძალისხმევა არ დაიშურა და გამოსავალი იპოვა. მეტალურგიული გიგანტით "ჩუქუროვა გოლდინგი" დაინტერესდა და დახმარებასაც შეჰპირდა. თურქეთს ქარხნის სარეაბილიტაციო პროგრამაზე ახალი დაწყებული ჰქონდათ მუშაობა, რომ უეცრად საქართველოს მთავრობამ მათთან კავშირი გაწყვიტა და შვეიცარულ ფირმასთან დაიწყო მოლაპარაკებები. ასი ათასი ფრანკის საწესდებო კაპიტალის მქონე შვეიცარული კომპანია ჩვენს ხელისუფლებას მეტალურგიული ქარხნის რეაბილიტაციისათვის 350 მილიონი დოლარის ინვესტიციას დაჰპირდა (გაიხარა ქართულმა მთავრობამაც). შედგა სათანადო გეგმა, რომელიც კრედიტორთა საბჭოს უმრავლესობამ მოიწონა. თუმცა შვეიცარელებმა ვერც შვიდი მილიონი დოლარის საბანკო გარანტიის წარმოდგენა შესძლეს და 2002 წლის 1 იანვრისათვის დაგეგმილი პირველი საინვესტიციო ტრანში, მათ 350 ათასმა დოლარმა, როგორც იტყვიან ჩაილურის წყალი დალია. იმედგაცრუებულმა საქართველოს მთავრობამ კვლავ თურქებს მიაკითხა და დიდი გაჭირვებით მოახერხა "ჩუქუროვა გოლდინგისა" და "ელდემირის" დაყოლიება. თუმცა მათთვის საბანკო გარანტიები არ მოუთხოვია. ასისინდნენ ისევ ბოროტი ენები. ეჭვები ღრღნიდა გულებს, რატომ არ მოითხოვა საქართველოს მთავრობამ საბანკო გარანტია, რაზეც ბატონმა ეკონომიკის, ვაჭრობის და მრეწველობის მინისტრმა ზემოთ მოყვანილი განცხადება გააკეთა. თურმე საქართველოს მთავრობას იმდენად კარგი ამხანაგურ-მეზობლურ-გულითადი ურთიერთობა აქვს თურქეთის მთავრობასთან, რომ საბანკო გარანტიების მოთხოვნა თურქული ფირმისათვის, მსუბუქად რომ ვთქვათ, უტაქტობა იქნებოდა. და იქვე დაამატა, რომ "სხვადასხვა ძალები ამ პროექტის ჩაშლას ცდილობენ, განაწყობენ რა საზოგადოებრივ აზრს თურქული ინვესტიციის საწინააღმდეგოდ. საინვესტიციო პროგრამის ჩაშლა და თურქეთთან ურთიერთობის გაფუჭება იმ კომპანიებსა და კერძო პირებს აძლევს ხელს, რომელნიც ჯართად დაშლილი ქარხნისაგან მატერიალურ სარგებელს მიიღებენ". ვინ არის მტყუანი და ვინ მართალი, ამას მხოლოდ დრო გვიჩვენებს. დღეს კი თურქები გვპირდებიან, რომ 105 მილიონი დოლარის დაბანდებით ქარხანას აღადგენენ და აამუშავებენ. ამოქმედებული საწარმო კი უფრო რეალურს გახდის კრედიტორთა დავალიანების გასტუმრებას. სარეაბილიტაციო პროგრამის მიხედვით, დაგეგმილია ქარხნის მოძველებული ტექნოლოგიის თანამედროვე ამერიკული ტექნიკით შეცვლა და 2500 კაცის დასაქმება, რასაც გარე ინფრასტრუქტურებში ორჯერ მეტი მოქალაქის დასაქმება მოჰყვება. ამაზე იტყვიან: აღდგომა და ხვალეო.
(c) გაზეთი "საქართველო"
2002 მოგვწერეთ opentext@flashmail.com |