"საქართველო "
# 2
6 თებერვალი, 2002 წელი

ვინ არის სერგეი გლატკევიჩი?

ცოტა ხნის წინ, სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-მა გადმოსცა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველო-რუსეთის საზღვარზე დააკავეს ორგანიზაცია "უნაუსოს" წევრი, ვინმე გლატკევიჩი (გვარი მოგვიანებით გახდა ცნობილი), რომელსაც, რუსი მესაზღვრეების განცხადებით, საქართველოში შემოჰქონდა ასაფეთქებელი ნივთიერება. ინფორმაცია ძალზე მწირი და ბურუსით მოცული იყო. მოგვიანებით გაირკვა შემდეგი, სერგეი ნიკოლოზის ძე გლატკევიჩი, უკრაინის მოქალაქე გახლავთ. აფხაზეთის ომის პერიოდში იგი იბრძოდა აფხაზი სეპარატისტების წინააღმდეგ და როგორც მისი თანამებრძოლები და მეგობრები ადასტურებენ, აფხაზეთის ომის დასრულების შემდეგ მას საქართველოს ტერიტორია არ დაუტოვებია. სერგეი გლატკევიჩი არის საქართველოს ეროვნული გვარდიის ვეტერანთა საბჭოს წევრი. რასაც ზემოთ მოყვანილი დოკუმენტი ადასტურებს. ასევე აფხაზეთში გამოჩენილი მამაცობისათვის სახელმწიფო მეთაურის 1993 წლის 15.X #230 ბრძანებულების საფუძველზე დაჯილდოებულია გორგასლის III ხარისხის ორდენით. რაც შეეხება იმას, რომ იგი 2001 წლის 25 დეკემბერს დააკავეს რუსეთის საზღვარზე, მაშინ, როცა ცდილობდა საქართველოს საზღვრის გადმოკვეთას, სიმართლეს არ შეესაბამება. ამას ადასტურებენ "საქართველოს ვეტერანთა საბჭოს წევრები" და მისი მეგობრები. სერგეი გლატკევიჩი 2001 წლის 25 დეკემბერს თბილისის ავტოსადგურიდან (ორთაჭალა) გაჰყვა კიევის მიმართულებით მიმავალ ავტობუსს. რასაც ადასტურებს მგზავრების სია. ასევე გლატკევიჩის საქართველოდან რუსეთისაკენ გამგზავრებას ადასტურებს კიდევ ერთი ფაქტი, 25 დეკემბერს ავტობუსის გასვლამდე ცოტა ხნით ადრე, სერგეი გლატკევიჩს უსიამოვნება შეემთხვა და მცირე ხნით დაკავებული იყო ავტოსადგურის პოლიციის მიერ. რაც შეეხება ასაფეთქებელ ნივთიერებას, რომელიც ვითომდა რუსმა მესაზღვრეებმა უპოვეს გოლატკევიჩს. ეჭვი გვეპარება, რომ ქართველ პოლიციელებს დაკავებისას ვერ ეპოვნათ ასაფეთქებელი ნივთიერება. დღევანდელი ინფორმაციით სერგეი გლატკევიჩი დაკავებული ჰყავთ ვლადიკავკაზის ციხეში.

საქართველოში გლატკევიჩის თანამებრძოლები ცდილობენ, დახმარება აღმოუჩინონ მას. მათ მიმართეს თხოვნით ნანა დევდარიანს, თუმცა, როგორც აცხადებენ, უშედეგოდ. თუკი ხელისუფლების მხრიდან არ იქნება რეაგირება ვეტერანთა საბჭოს წევრების თხოვნაზე, ისინი აპირებენ, გამართონ აქციები, რათა მიიქციონ ყურადღება, რადგან შიშობენ, რომ ვლადიკავკაზის ციხეში სერგეი გლატკევიჩს სიკვდილი ელის.



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2002

მოგვწერეთ opentext@flashmail.com