|
"საქართველო "
სტეფანეს შავგვრემანი, ლამაზი, შარმიანი ქალები მოსწონს ია წინამძღვრიშვილი
სკანდალურ მომღერალ სტეფანე მღებრიშვილს ახლახანს ბაბუა გარდაეცვალა. ამ ფაქტმა მხიარული მომღერლის ცხოვრება დაასევდიანა კიდეც, თუმცა "ლომის" ზოდიაქოს ღირსეული წარმომადგენელი თავის გაწონასწორებულ, ძლიერ ხასიათს მშვენივრად ინარჩუნებს. ინტერვიუ მისი გარდაცვლილი ბაბუის სახლში შედგა, სადაც შოკოლადით გამიმასპინძლდნენ.
- მოგვიყევი შენი და ლელა წურწუმიას დუეტის კლიპის გადაღების შესახებ. კლიპის ბოლო კადრი საკმაოდ საშიში და სარისკოა. თუ აცნობიერებდი, რომ თავს საფრთხეში იგდებდი? - კლიპის რეჟისორი "კიკალაა". გადაღებები მიმდინარეობდა ლესელიძეზე, ტაბახმელაში, ქოროღლიზე. ძალიან საინტერესო სამუშაო იყო, მაგრამ შედეგით უფრო კმაყოფილი ვართ ყველა, კარგი გამოგვივიდა. ამიხსნეს და ვიცოდი, რასაც ვაკეთებდი. ძალიან მაღალი ადგილი იყო. საშიში და სარისკო ასასვლელი. მაგრამ მე სიმაღლის არ მეშინია. თვითმფრინავით ამიყვანეს ნახევრად, მაგრამ საქმეს სჭირდებოდა და მე ჩემი გასაკეთებელი გავაკეთე. თუ საჭირო გახდება, კიდევ წავალ რისკზე. - ანუ შენ შენს საქმეზე ძალიან ხარ შეყვარებული, არა? - ძალიან მიყვარს ჩემი საქმე და ყველაფერს გავაკეთებ მისთვის. ადრე ასე არ ვფიქრობდი, მაგრამ მივხვდი, რომ არავინ და არაფერი ღირს საყვარელი საქმის მისატოვებლად. - შენი სიმღერებიდან თითქმის ყველა გაჰიტდა. როგორ გგონია, რა არის ამის მიზეზი? - სიმღერებიც კარგია, მუსიკაც. ალბათ ისე ვასრულებ, როგორც საჭიროა, თან ჩემს სიმღერებს პრომოუშენსაც უკეთებენ და, ალბათ, ამიტომ ჰიტდება. - შენთან ერთად ვინ მუშაობს შენს მუსიკაზე? - ტექსტებს ადრე მე ვწერდი და ახლაც ვწერ. მუსიკაზე ავთო ბადურაშვილი, კოტე ნუნიკოვი მუშაობენ. ავთო ძალიან მეხმარება. - ვის ენდობი? - დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ, მაგრამ არიან ძალიან კარგი ადამიანები, რომლებსაც ვენდობი. - როგორ ფიქრობ, ბოლომდე იხარჯები თუ კიდევ დაგრჩა რამე გასაკეთებელი? - მიყვარს, როცა საქმეს კარგად ვაკეთებ, ანუ ვიხარჯები მთლიანად, მაგრამ ჯერ არ ამომიწურავს საკუთარი თავი. ბევრი რამ მაქვს გასაკეთებელი. - მსოფლიოს სამუსიკო ხელოვნებაში კერპი თუ გყავს? - ძალიან ბევრი კარგი სიმღერა და კარგი შემსრულებელი არსებობს, მაგრამ ფანატიკურად შეყვარებული არავისზე ვარ. - ძველი ჰიტების გაახლებასთან დაკავშირებით რას იტყვი. შენი სიმღერა რომ სხვამ შეასრულოს, როგორი რეაქცია გექნება? - რომ არ მომწონდეს "საუკუნის ნოსტალგიაზეც" არ დავთანხმდებოდი. თუ ჩემს სიმღერას პროფესიონალი შეასრულებს, მომეწონება, მაგრამ უბრალოდ რომ გააფუჭოს ვინმემ, ჩემთვისაც არასასიამოვნოა და მისთვისაც. - ფონოგრამის აკრძალვასთან დაკავშირებით რა აზრის ხარ? - ეს კითხვა შეუარცხყოფას მაყენებს, მიუხედავად იმისა, რომ ფონოგრამით ბევრჯერ მიმღერია. ცოცხლად სიმღერის პრობლემა მე არ მექნება. - რა გიხარია და რა გწყინს ადამიანებისაგან? - მიხარია ყველაფერი, რაც სასიხარულოა. მწყინს, როცა ჩემს აზრს არ იზიარებენ და შესაბამისად არ იქცევიან. - ყველაზე მეტად რა გიყვარს? - ძალიან მიყვარს სუნამო. ყოველთვის ბევრი მაქვს და ხშირად ვიცვლი განწყობის და ჩაცმის შესაბამისად. ასევე მიყვარს პელმენი და გემრიელად მომზადებული სადილები, რომლებსაც ჩემი დები და ბებია ამზადებენ. - გიყვარს როდესაც ქალი სამზარეულოში საქმიანობს? - ცოლი არ მყავს და რა გითხრათ?! მაგრამ მსიამოვნებს, როცა გაღვიძებისას მეგობარი გოგონა რამეს მომიმზადებს. ჩემთვის რომ ამზადებენ,ეს მომწონს. - ყველაზე დიდ დროს რას უთმობ? - გართობას. მიყვარს მეგობრებში ყოფნა და დროს ტარება. - სუფრაზე როგორია სტეფანე და პახმელიაზე რითი გამოდის? - პახმელიას ძილით ვშველი. როცა მეგობრების წრეში ვარ, ბოლომდე ვმხიარულობ. ვთვრები კიდეც, მაგრამ აგრესიაში არ გადამდის სიმთვრალე. თუ ცოტა უცხო წრეში ვარ, ჩემთვის წყნარად ვზივარ, ვსვამ თუ საჭიროა და ა. შ. - ბავშვობის მეგობრები თუ გყავს? - კი. ისინი ძირითადად ჩემი უბნელებია, რამდენიმე სკოლიდანაც შემომრჩა. ჩემი მეგობრებით ვამაყობ. - რაზე ოცნებობ. ხომ არ აპირებ სადმე წასვლას? - არა, წასვლაზე ჯერ არ ვფიქრობ. ოცნებებიც ძალიან რეალური მაქვს, ღრუბლებში არ დავფრინავ. მინდა მსოფლიოში ცნობილი გავხდე, მაგრამ არ ვოცნებობ, რადგან ეს ამ ეტაპისათვის არარეალურია. - ვისი ან რისი უკმარისობის გრძნობა გიჩნდება ხოლმე? - კარგი კითხვაა, მაგრამ ამაზე საუბარი არ მინდა, მძიმე ხასიათზე დავდგები. - საყვარელი ადამიანების დაკარგვას გულისხმობ? - კი. - შენი რეპერტუარიდან გამომდინარე ელოდები, რომ "მოვა" სიყვარული. სხვებს კი აფრთხილებ "არ დაუჯერონ" მას. თვითონ თუ ხარ შეყვარებული? - ახლა აღარ. ორჯერ ვიყავი შეყვარებული და კარგია, თუ კიდევ მოვა ნამდვილი სიყვარული. "არ დაუჯერო" - ეს ნიშნავს, რომ ბოლომდე არ გადაეშვა ამ გრძნობაში, თორემ გაგწირავს. - როგორი ქალი მოხიბლავს სტეფანეს? - ცივი. არ მიყვარს, როცა ზედ მეკრობიან. ჩემი ფანი ვერასოდეს მომხიბლავს, რადგან ის ჩემს კარიერაზეა აღფრთოვანებული და არა ჩემს პიროვნებაზე. უპირატესობას შავგვრემან, ლამაზ, შარმიან ქალებს ვანიჭებ. თუმცა ქერებშიც მოიძებნება შარმიანი ქალები. - მოგწონს შავგვრემანი ცივი გოგონები. ეს გარკვეულწილად ხაზს უსვამს შენს აზიურობას? - კი, აზიატი ვარ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩემს გარეგნობასა და სტილზე არ აისახება. აზიურობა ხასიათში მაქვს გამჯდარი. - როცა "ზედ გეკრობიან", როგორ იქცევი? - გააჩნია, შეიძლება ურეაქციოდ დავტოვო. თუ მომეწონა, შეიძლება დილით მასთან ერთად გავიღვიძო. - ახლა თუ გყავს მეგობარი გოგონა და სერიოზული შანსი თუ აქვს შენთან? - მეგობარი გოგონა მყავს, მაგრამ არანაირი შანსი არა აქვს. თუ დავფიქრდებით, ლოგიკურად ასეა, რომ დიდი შანსი უნდა ჰქონდეს, მაგრამ ჩემს შემთხვევაში ასე არ არის. თუ თავიდანვე არ მიმიზიდა და სულიერი სიახლოვე არ ვიგრძენი, მარტო ფიზიკურობით არ აღვფრთოვანდები. მე ადრეც მყავდა მეგობარი გოგონა, საკმაოდ დიდი ხნით, მაგრამ არ შემიყვარდა და დავშორდით. - როცა დგება დაშორების დრო, ამაზე გოგონები როგორ რეაგირებენ? - დელიკატურად, ნელ-ნელა ვშორდები. ჩხუბი და მსგავსი სიტუაციები არ ხდება, რადგან კონტაქტი ქაჯებთან არ მაქვს. ადრე იყო წივილ-კივილი, კარის გაჯახუნება და ა. შ., მაგრამ გავიზარდე მეც და ისინიც, ბავშვები აღარ ვართ. - როცა იძულებული ხარ თვითონ გაუმასპინძლდე საკუთარ თავს, რისი მომზადება შეგიძლია? - ასეთი რამ ჯერ არ მომხდარა. იმდენად ზარმაცი ვარ, რომ ჩემთვის წყალიც სხვას მოაქვს. ისე კი, ალბათ შიმშილით არ მოვკვდები და რაღაცას მოვიმზადებ. - სპორტული ცხოვრებით თუ ცხოვრობ? - არა, მაგრამ ახლა მინდა "ტრენაჟორებზე" ვარჯიშის დაწყება. - შენი სამომავლო გეგმების შესახებ რას მეტყვი? - ძალიან მინდა ჩემი სოლო კონცერტის ჩატარება. ამაზე უკვე ვმუშაობ და, ალბათ, შემოდგომაზე გავაკეთებ კიდეც.
(c) გაზეთი "საქართველო"
2002 მოგვწერეთ opentext@flashmail.com |