|
"საქართველო "
"ასე ატყავებდნენ სამაჩაბლოში ქართველებს ოსები" ქეთი ჩადუნელი
"არავის ანახოს ღმერთმა გატყავებული კაცი. ღმერთო, ეს საშინელებაა. ყვითელი ქონი ჰქონია ადამიანს. როგორც ერბო, ისე ჩამოსდიოდა გვამს სითხე" - ასე დაიწყო საუბარი ერთ ტრაგიკულ ისტორიაზე სამაჩაბლოში მებრძოლმა კაცმა, იოსებ ლაზარაშვილმა. "სკოლა ნიქოზში დავამთავრე, მეგობარი მყავდა - ბეჟო ხაბარელი. ჩემი კლასელი გოგონა უყვარდა, ლეილა ბაბუციძე, მერე ცოლადაც მოიყვანა. ტყუპების მერე გოგონაც შეეძინათ. სამაჩაბლოში არეულობა დაიწყო, ბეჟოს ძმა, ბესო ხაბარელი, ძლიერ ჯგუფთან ერთად იბრძოდა. მათ შორის იყო ერთი მებრძოლი, ეგებ გაგიგიათ კიდეც, ზედმეტსახელად "ვირო". მეტსახელით თუ ვიმსჯელებთ, მიხვდებით, რა ძლიერი ვაჟკაცი იყო, ქემერტელი. მათ თავს ვინც ჩაგვაბარებს, მილიონს გადავუხდითო - ავრცელებდნენ ხმას ოსები. ბრძოლაში სამივე მათგანი ხელში ჩაიგდეს ოსებმა: ხეზე მიაბეს და ისე დაწვეს ყველა. მანამ, სანამ ძმას დაუწვავდნენ ოსები, ბეჟო ამბობდა - არ შემიძლია, იარაღს ვერ ავიღებ ხელში. მე ოსებს ვერ ვესვრი, ისინი ჩემი ძმები არიან და ერთად გაზრდილი ხალხი ვართო. ძმის სიკვდილის შემდეგ ისე გამწარდა, იარაღი ხელიდან აღარ გაუგდია. ენა ვერ იტყვის, როგორ ერთ დღეში გარდაიქმნა ეს უწყინარი ადამიანი. რამდენი ოსი გამოასალმა წუთისოფელს და როგორი მებრძოლის სახელი მოიპოვა სულ მოკლე ხანში. მტერს არ ახარებდა, ვაჟკაცური სული მაინც შეინარჩუნა. არ მახსოვს შემთხვევა, ოსი ქალისთვის ან ოსი ბავშვისთვის მტრულად შეეხედოს, თვალს არიდებდა მათ და გამუდმებით ძმის მკვლელებს ეძებდა. სულ ცოტა ხანში სამჯერ მეტ თანხად შეაფასეს ბეჟოს თავი ოსებმა, ვიდრე მისი ძმის თავში იხდიდნენ. მოღალატეებს რა დალევს ამ ქვეყნად? ამჯერად ქართველმა გვიღალატა. იყო ერთი შემოვლითი გზა, როცა აჩაბეთიდან ცხინვალში და მერე ნიქოზში ჩამოდიხარ, უვლი ადგილს, სადაც ის სამი მებრძოლი დაიჭირეს და დაწვეს. სწორედ იქ ხდება ეს ყველაფერი, სადაც ბეჟოს ძმა დაიღუპა. აბა, არ არის უკუღმართი ბედი?! მოღალატე ქართველისაგან ოსებმა გაიგეს, ქართული ოცეული "ურალის" მანქანით გამოივლის და ბეჟო ხაბარელი მათთან ერთად იქნებაო. ასეც მოხდა. ბეჟო მიხვდა, ყველას დაგვხოცავენო, იფიქრა და ბიჭებს უყვირა, წადით, ამათ მე გავაჩერებო. ისინი მანქანით გაუშვა და მარტომ გააგრძელა ბრძოლა, "თეფში-პულიმიოტით" (მასში 150 ტყვიაა დაახლოებით) ისეთი სროლა დაიწყო, ყველა ოსი მიწას განერთხა, თავის აწევასაც ვერ ბედავდნენ. მაგრამ ბეჟოს ტყვიები დაუმთავრდა, ფეხშიც დაჭრეს. მერე ოსი გვიყვებოდა, როგორ დაიჭირეს და დასაჯეს დაჭრილი ბეჟო, როგორ სცემეს და შემდეგ ცოცხლად გაატყავეს, რა საცოდავად ყვიროდა და გმინავდა ჩემი მეგობარი. ნაწილ-ნაწილ, ნელ-ნელა აცლიდნენ არაადამიანები კანს. მერე დაგვირეკეს და გვითხრეს, გვამი ჩვენ გვაქვს, თუ გინდათ, რომ დამარხოთ მკვდარი, გადაიხადეთ 70 ათასი მანეთი (მაშინ დიდი ფული იყო) და 5 ავტომატიც დაგვიმატეთო. მერე გინდა დამარხეთ, გინდა წყალში გადააგდეთო. ის ქართველი, ვინც ჩვენი ბეჟო ღალატით გაყიდა (გვარი არ მინდა დავასახელო, მის მოგვარეთ რომ არ შერცხვეთ), მალე დასაჯეს ქართველმა მეომრებმა, მოღალატე დახვრიტეს და ყველამ ცოტათი ამოვისუნთქეთ. როგორც იქნა სოფელმა 70 ათასი მანეთი წვალებით შეაგროვა. 5 ავტომატი მივიტანეთ. გვინდოდა აქედან ორი სასწავლო ავტომატი შეგვეპარებინა მათთვის, მაგრამ არ გამოგვივიდა, უკან გადმოგვიყარეს. ჩვენი მიცემული ავტომატებით მომდევნო დღეებში ისევ ქართველებს გვესროდნენ ოსები. ფულიც წაიღეს და ჩვენმა ნაქონმა იარაღმა, ისევ რამდენი ჩვენი ქართველის სიცოცხლე შეიწირა... როცა ლეილამ მიცვალებული მეუღლე ამ მდგომარეობაში იხილა, კინაღამ გაგიჟდა. დავასაფლავეთ ჩემი ნაწამები მეგობარი. მერე მისმა ცოლმა ქმრის იარაღი ხელში აიღო და ისიც იბრძოდა, იბრძოდა როგორც კარგი ვაჟკაცი. ყოველ 21 სექტემბერს, აჩაბეთში, ღვითსმშობლობა დღეს, მთელი სოფელი იკრიბება ბეჟო ხაბარელის საფლავზე. მივდივართ მისი მეგობრებიც. შენდობა ვუთხარი ჩემს მეგობარს და ბევრი რამეც შევფიცე, მაგრამ... მე ისევ საომრად მიმიწევს გული, ვიცი ჩემნაირად ფიქრობს ბევრი ჩემი თანამებრძოლიც. ბევრსაც ხელი აქვს ჩაქნეული. თავს იმართლებენ, რამდენი სიცოცხლე უაზროდ შეიწირა ამ ომმაო. ასე თუ ვიფიქრეთ, საქართველო აღარ იარსებებს. საქართველოში ქართველს აღარ დაედგომება. ეს ხალხი დაუცველია ქვეყნისაგან და საკუთარი თავი მაინც დაიცვან, ჩვენ იქ მაინც მოგვიწევს ომი. უკან უნდა დავიბრუნოთ დაკარგული, ისე არავინ არაფერს დაგვიბრუნებს. გულისტკივილით ვისმენდი ამ ისტორიას და ვფიქრობდი, რომ საქართველოს ამ ადამიანივით ერთნაირად სტკივა აფხაზეთიც და სამაჩაბლოც, ყველა კუთხე და ადგილი. არა, სამაჩაბლო ჩვენიაო, ამბობენ, თურმე თავისუფლად შევდივართ და გამოვდივართ ამ ტერიტორიაზე. თავისუფლად თურქეთშიც დადის ხალხი თუ ფული აქვს, სტამბოლი კი არა მგონია საქართველო იყოს. სამაჩაბლოში დღესაც რუსული ფულით ვაჭრობენ. იყიდება საქართველო?! - რა ღირს იგი?
(c) გაზეთი "საქართველო"
2002 მოგვწერეთ opentext@flashmail.com |