"საქართველო "
# 2
6 თებერვალი, 2002 წელი

რა ხდება ენგურზე

ენგურის ხიდი... დღეს იგი მწარე ირონიით "ბეწვის ხიდადაც" იწოდება. ბედმა თუ გაგიღიმა და არ გაგწირა, შესაძლებელია უვნებლად გააღწიო. თუმცა ისიც შესაძლოა, ბედის უკუღმართობით უნებურად დაგიცდეს ფეხი!...

არადა, სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე, როცა უფლება უუფლებობისაგან, ღირსება უღირსობისაგან გასამიჯნი გამხდარა, ცხოვრება ნამდვილად შეუძლებელია. უსათუოდ უნდა ვიღონოთ რაღაც! - ამ განწყობამ შეკრიბა დევნილები ენგურის ხიდთან...

სააქციო შტაბს ამ რამდენიმე დღის წინ, ჯერ კიდევ მაშინ ვეწვიე, როდესაც გაეროს არ ჰქონდა მიღებული გადაწყვეტილება აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის საჯარისოების მანდატის გაგრძელებისა და კოდორის ხეობაში ქართული შენაერთების გამოყვანის შესახებ.

გაცილებით ადრე, თბილისში სახელმწიფო კანცელარიის წინ გამართულ დევნილთა მიტინგზე, ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტმა, საზეიმოდ აცნობა საზოგადოებას, რომ მხარს დაუჭერდა საქართველოს პარლამენტს, თუ ეს უკანასკნელი რუსი მშვიდობისმყოფელების გაყვანის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებდა. გადის დროის სულ მცირე ინტერვალი და იგივე პრეზიდენტი სრულიად საპირისპირო განცხადებას აკეთებს და მისთვის ჩვეული "შესაშური" სიმშვიდით ამბობს უარს საქართველოს ტერიტორიიდან რუსი სამშვიდობოების გაყვანაზე. "რატომღაც" ნულოვანი ვარიანტის" საკითხი მოგვაგონა ამ ფაქტმა!

ენგურის ხიდთან მიმდინარე აქციის მონაწილეების პროტესტის ძირითადი ადრესატიც საქართველოს პრეზიდენტია, რადგან არსებულ ეტაპზე რუსი საჯარისოების გაყვანისათვის ქვეყნის პირველი პირის ნებაა საჭირო. ანუ მხოლოდ ის არის უფლებამოსილი, რუსულ სამშვიდობო ძალებს თავისი ქვეყნის ტერიტრიაზე ყოფნის ვადა გაუხანგრძლივოს ან შეუწყვიტოს.

დღეს დევნილები მწვავე პრობლემების წინაშე დგანან. ეს თემატიკა ხელისუფლებისათვის ნომერ პირველ, მაგრამ გადაუჭრელ ამოცანას წარმოადგენს. ამ საკითხებს შეეხო სააქციო შტაბის წევრებისა და აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლების მორიგი დიალოგი. მიუხედავად იმისა, რომ არსებულ სიტუაციაში სავსებით ემთხვევა ერთმანეთს მათი ძირითადი მოთხოვნები, აქვე ცხადი ხდება ის გაჩენილი უფსკრული და უნდობლობა, რამაც დევნილებსა და აფხაზეთის ლეგიტიმურ ხელისუფლებას შორის იჩინა თავი. ყოველ შემთხვევაში ხალხი მეტი აქტიურობისა და ძალისხმევის გამოჩენას მოითხოვს ხელმძღვანელი ბირთვისაგან.

- პარლამენტმა თავდაპირველად დააფიქსირა თავისი პოზიცია რუსი საჯარისოების გაყვანის თაობაზე, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგა, ყველა გაჩუმდა. ვინც ჩამოდის, თანაგრძნობით გვეკიდება და მხარს გვიჭერს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამით რაღაც გაკეთდა. ჩვენ თვალს ვადევნებთ აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების მოქმედებას და მეტ სიმძაფრეს, აქტიურობას ვითხოვთ მისგან! - აცხადებენ ლტოლვილები.

აქციაში მონაწილე დევნილების დიდ აღშფოთებას იწვევს მოარული ხმები იმის შესახებ, თითქოს აქცია მართვადია და მის უკან გარკვეული ძალები მოისაზრებიან.

გიგო ფარულავა: "აქცია მართვადია, რამდენადაც მას მართავს აქციის შტაბი თავისი თავმჯდომარისა და თხუთმეტიოდე წევრის მეშვეობით. ჩვენს უკან ათასობით დევნილი დგას, რომლებსაც უპირველეს მიზნად სახლში დაბრუნება აქვთ დასახული. მათ მიმართ, რომელთაც აინტერესებთ მართვადია თუ არა აქცია, ვაცხადებ: აქცია მართვადია მის მიერ, ვისაც არ უნდა რუსების ყოფნა საქართველოში, ვისაც უნდა თავისი ქვეყნის თავისუფლება და დამოუკიდებლობა, ვისაც არ უნდა გარეშე მტრებისაგან საქართველოს მართვა!"

დევნილების უარყოფითი ემოცია გამოიწვია აგრეთვე ალექსანდრე ჭაჭიას მიერ გაკეთებულმა განცხადებამ, რომელიც რუსი სამშვიდობოების გაყვანის საკითხს უკავშირდებოდა."

ვახტანგ გამსახურდია: "ჭაჭიას მიერ გაკეთებულმა კომენტარმა თითქმის ყველანი გაგვაოგნა. ვერ გაგვირკვევია, საიდან მოიტანა მოსაზრება, თითქოს ჩვენ "ვიმართებით" და აშკარად ვიმყოფებით სხვათა გავლენის ქვეშ. მე მინდა მას მივმართო თხოვნით, ჩამოვიდეს და საკუთარი თვალით ნახოს რასაც ვაკეთებთ. მიუხედავად გარკვეული აზრთა სხვადასხვაობისა, აქ აფხაზეთის საკითხის გარშემო ყველა ერთსულოვანია და ერთად დგანან.

დევნილებთან შეხვედრაზე საკუთარი პოზიციები დააფიქსირეს აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლებმა."

გენო კალანდია (პარლამენტის წევრი): "დღეს ყველანი დევნილი მოსახლეობის გვერდით ვდგავართ და სხვა აზრი წარმოუდგენელია. სიტუაცია საკმაოდ მომწიფდა იმისათვის, რომ რუსის ჯარი გავიდეს აფხაზეთის ტერიტორიიდან. მათ ჩვენთვის ცრემლისა და ვაების მეტი არაფერი მოუტანიათ. მინდა პრეზიდენტს ვთხოვო, ამ ხუთჯერ აოხრებულმა სამეგრელომ რა დააშავა ისეთი, რომ მთლიანად რუსეთის საჯარისოები ჩაგვიყენეს და საშვის გარეშე ვერ შემოვსულვართ! ერთ რამეს გავუსვამ ხაზს - ნუთუ არ შეგვიძლია, რომ ქართველ კაცს მივცეთ იარაღი და სანამ საშიშროება იარსებებს, თვითვე გავაკონტროლოთ სიტუაცია?!

სააქციო შტაბის წევრებთან შევთანხმდით, რომ ერთად დავდგეთ. სხვა გამოსავალი დღეს არ გვაქვს. თუ დაგვჭირდა ძალისმიერი მეთოდის გამოყენება, ჩვენ შეგვწევს სათანადო ძალა. სწორად აღნიშნა ბატონმა თამაზ ნადარეიშვილმა: "არ შეიძლება ჩვენ მშვიდობის მტრედები ვიყოთ!" საქმე საქმეზე რომ მიდგეს, დარწმუნებული ვარ, უკან არავინ დაიხევს და ამისათვის ერი და ბერი მზად უნდა იყოს."

გივი ლომინაძე: "1998 Oწლის მაისის სინდრომი მუშაობს და მას კარგად ამუშავებენ ჩვენი მტრები. მაშინდელი სიტუაცია ხელოვნურად თუ არა, უთავოდ იყო გაკეთებული და დასამარცხებლად განწირული. ნუ ვაიგივებთ მაისის მოვლენებთან დღევანდელ სიტუაციას. ჩვენ არ ვაპირებთ იარაღით გალში შესვლას. ამ თემატიკასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მუშაობა და პარლამენტის სხდომებზე განხილვისას საბოლოოდ გადაწყდება. მასალები მომზადებულია. უნდა განიხილონ სამშვიდობოების, გენოციდისა და ეკონომიკური საკითხები. ეს არის პაკეტი საკითხებისა, რომელსაც რამდენიმე დღე მიეძღვნება და ვისაც ევალებათ, გაარკვევენ, გავა თუ არა რუსის ჯარი საქართველოს ტერიტორიიდან?"

აკაკი გასვიანი: "პარლამენტის წინა სხდომაზე მე დავაფიქსირე, რომ გაერომ, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა და მეგობარმა ქვეყნებმა კოდორის ხეობიდან ჯარის გამოყვანით საქართველოს იურისდიქციის დასუსტებას კი არ უნდა შეუწყონ ხელი, არამედ საქართველოს იურისდიქციის გაძლიერება-გაფართოებას აფხაზეთის სიღრმეში. გაერო კოდორის ხეობიდან ჩვენი ჯარების გამოყვანაზე კი არ უნდა ფიქრობდეს, არამედ გალში ჩვენი იურისდიქციის გაფართოებაზე. პრეზიდენტმა შეიძლება მიზეზად მოიყვანოს, რომ მოუმზადებლები ვართ, ეს მიზეზი მისგან წელიწადში ორჯერ მაინც მეორდება. დავუსვათ კითხვა: რატომ ვართ მოუმზადებელი? რატომ ვხვდებით ყველა პროცესს მოუმზადებლად? ჩავაყენოთ შინაგანი ჯარები და დავიცვათ მოსახლეობის უსაფრთხოება. ენგურთან გამართული აქცია უნდა გაძლიერდეს, გაფართოვდეს, მეტი პოლიტიკური სიმძაფრე მიეცეს. ეს არის ჩვენი პოზიცია, სხვა უფლება არ გვაქვს. ომს არ ვგულისხმობ. ამის გამოცდილება არ გვაკლია. ეს არის უკიდურესი მომენტი, როცა სხვა ყველაფერი ამოწურულია.

რამდენად ლოიალური და დამთმობია ხელისუფლების პირველი პირების დამოკიდებულება კონფლიქტისადმი, იმდენად მკაცრი და სასტიკია სააქციო შტაბის წევრების განწყობილება. ისინი პასიურობისა და უნიათობისათვის ხელისუფლებას ადანაშაულებენ და გულისტკივილს გამოხატავენ მათ შორის გაჩენილ ბზარსა და უნდობლობის გამო."

გიგო ფარულავა: "შესანიშნავ" (როგორც თავად უწოდებენ) გადაწყვეტილებებს იღებენ გაერო, მეგობარი ქვეყნები, დასტურს აძლევს საქართველოს ხელისუფლება და ეს ყველაფერი ჩვენს საზიანოდ გვიბრუნდება. დავკარგეთ ხელისუფლების მიმართ ნდობა. ჩვენს შორის უკიდურესი უფსკრულია. არ ვითხოვთ ხელფასებს, იარაღი მოგვეცით, რომ საკუთარი ოჯახები დავიცვათ. რატომ ხართ მშვიდად, როცა დღითიდღე მატულობს ჩვენს საზიანოდ ხელმოწერილი დოკუმენტები.

რამინ ფირცხალავა: "ჩემთვის გაურკვეველია, რატომ დაიქსაქსა ფრაქცია "აფხაზეთი". თორმეტი კაცი ხართ და ნუთუ არ შეგიძლიათ აფხაზეთის საკითხში მაინც გაერთიანდეთ?! რაც არ უნდა უთანხმოება ჰქონდეთ აფხაზებს ერთმანეთში, რაც არ უნდა უჭირდეთ, საერთო გასაჭირში ყველა ერთად დგას. თორმეტმა დეპუტატმა ვერ გამონახეთ საერთო ენა და ჩვენ როგორ გავერთიანდეთ, ხალხი?"

ენგურთან დაწყებული აქციები საქართველოს სხვა ქალაქებსაც მოედო. აქციები იმართება სახელმწიფო კანცელარიისა და პარლამენტის შენობებთან, თუმცა ათწლიანი ლოდინით დაღლილ და ქანცგაცლილ დევნილთა ამ ქმედებებს ჯერჯერობით არავითარი შედეგი არ მოჰყოლია. პრეზიდენტი კვლავ თვლის, რომ ქვეყანა და ხელისუფლება მზად არ არის რუსეთის სამშვიდობო ჯარების თავიდან მოსაშორებლად.

ასე არის თუ ისე, ენგურზე კარავი ისევ დგას, ხელისუფლება სამშვიდობოებს ვერ "ელევა", დევნილები ჯიუტად მოითხოვენ მათი მოთხოვნების შესრულებას, გაეროს ზედიზედ გამოაქვს ჩვენი ქვეყნისათვის საზიანო რეზოლუციები, ქართველი პოლიტიკოსები კი ისევ ამაოდ ბჭობენ... ისინი ჯერაც ჩვენთვის გაურკვეველი იმედით ელოდებიან საპარლამენტო სესიებს, რომელმაც აფხაზეთის საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. ხალხს კი მოთმინების ფიალა ამოეწურა და კატეგორიული განაცხადით ასრულებენ საკუთარ მოთხოვნებს: "მხოლოდ და მხოლოდ ახლა და არა სხვა დროს!"



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2002

მოგვწერეთ opentext@flashmail.com