|
"საქართველო "
უჯვრო საფლავს ეშმაკი ეპატრონება
როგორ დავეხმაროთ გარდაცვლილი ახლობლის სულს? ახლობელი ადამიანის გადაცვალება უდიდესი ტკივილია ყველასათვის. მწუხარებაში ჩავარდნილებს ავიწყდებათ, რომ გარდაცვლილის სულს შემწეობა სჭირდება. მას 40 დღის განმავლობაში, ვიდრე ღვთის წინაშე სამსჯავროზე წარსდგებოდეს, ანგელოსები აჩვენებენ, თუ როგორ იცხოვრა, რა აკეთა, რა შეეშალა, მოახილვებენ სამოთხეს, ჯოჯოხეთს. ამ გზაზე ის გაივლის საზვერეებს, სადაც გამოცდა უნდა ჩააბაროს. მთელი ამ პროცესის განმავლობაში ის თავის თავს ვერ დაეხმარება და არის ახლობლების იმედზე. მაგრამ ამისთვის საჭიროა, ახლობლები კარგი მორწმუნეები იყვნენ. თუ კაცმა ცურვა არ იცის, დასახრჩობად განწირულს როგორ დაეხმარება? გარდაცვალების პირველი დღიდან დასაფლავებამდე მიცვალებულის თავთან უნდა ენთოს სანთელი და კანდელი. უნდა იდგეს ხატი. არ არის საჭირო ხორბალი, წყალი, ღვინო და მარილი დავდოთ. დღე და ღამ უნდა იკითხებოდეს ახლობლების მიერ დავით წინასწარმეტყველის ფსალმუნები. დასაფლავების დღეს, დილით ან წინა ღამეს, მოძღვარმა მიცვალებულს უნდა აუგოს წესი. დაკრძალვის შემდეგ მისი სულის მოსახსენებლად მზადდება მოკრძალებული ქელეხი.
რა ფუნქცია აქვს ქელეხს, ორმოცს, წლისთავს... ქელეხს, ორმოცს, წლისთავს, ქორწილს, ცხვრის დაკვლას თუ საკურთხის გაკეთებას ერთი და იგივე ფუნქცია აქვს. ეს მოწყალების გაღებაა ჩვენი ახლობლების სახელზე. გარდაცვლილს ლოცვა, პანაშვიდის გადახდა სჭირდება და არა ჭამა-სმა.
მარხვაში ქელეხი სამარხო უნდა იყოს ხშირად ხდება, თუ ადამიანი მარხვაში გარდაიცვლება ან ორმოცი დღე და წლისთავი დაემთხვევა მარხვას, ადამიანებს პრობლემები ექმნებათ. ბევრმა, ალბათ, არც იცის, რომ ამ დროს სუფრა აუცილებლად სამარხვო უნდა იყოს. ჩვენი მიცვალებულის სახელზე როცა გავიღებთ მოწყალებას, ვმართავთ სუფრას, შეიძლება იქ ვინმე თავის ნებით არ იცავდეს მარხვას, მაგრამ ცოდვად ჩვენს მიცვალებულს ჩაეთვლება, რადგან მიცვალებული გახდება მისი მარხვის დარღვევის მიზეზი.
როდის უნდა დაიკრძალოს მიცვალებული რაც ადრე დაიკრძალება, უმჯობესია. ადრე გარდაცვალებიდან მეორე-მესამე დღეს კრძალავდნენ. ახლა, სამწუხაროდ, გაწელავენ ხოლმე ამ დროს.
ორმოცის დასწრება ან გადაცილება არ შეიძლება! ორმოცი იმიტომ ჰქვია, რომ ამ დღეს უნდა გადავიხადოთ. 35-ე დღეს რომ შეიძლებოდეს, ორმოცი აღარ ერქმეოდა. გარდაცვლილის სული მეორმოცე დღეს წარსდგება ღვთის სამსჯავროზე და იმ დღეს უნდა შევეწიოთ, რომ უფალმა მოწყალება მოიღოს მასზე. წლისთავი არ არის ეკლესიური თარიღი. ადრე გადახდაც შეიძლება და გვიანაც.
თვითმკვლელობა უმძიმესი ცოდვაა ასეთი ადამიანის, ეკლესიაში წირვა-ლოცვაში მოხსენიება დაუშვებელია. გარდაცვლილის სულს შემწეობა მაინც სჭირდება. ბუნებრივია, მისი ახლობლები ეძებენ გამოსავალს, რა შეიძლება გაუკეთონ მას. ასეთ შემთხვევაში ერთადერთი დახმარება მის სახელზე მოწყალების გაღებაა. ხშირია შემთხვევა, როცა ახლობლები მრავალი წლის ან მთელი სიცოცხლის მანძილზე შავ სამოსს არ იხდიან და ჩამოშორებულნი არიან ყოველდღიურ ცხოვრებას. გლოვას თავის სილამაზე აქვს, უფალი გვეუბნება: "ნეტარ არიან მგლოვარენი, რამეთუ იგინი ნუგეშინისცემულ იქნენ". მაგრამ უსაზღვრო გლოვა, გოდება და ტირილი მეტყველებს ადამიანის ურწმუნოებაზე. იმაზე, რომ მას არ სწამს ღმერთი, არ სწამს სულის უკვდავება და თვლის, რომ გარდაცვლილი სამუდამოდ დაკარგულია მისთვის. ამით ჭირისუფალი უდიდეს ცოდვას იღებს თავის თავზე და ამძიმებს გარდაცვლილის სულსაც. ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ ადამიანის გარდაცვალება არ ნიშნავს მის მოსპობას. ადამიანის სული ცოცხალია, უკვდავია და იგი მარადიულ ცხოვრებაში იმკვიდრებს იმ ადგილს, რასაც თავისი სარწმუნოებით და ქცევით იმსახურებს. რაც შეეხება შავ სამოსს, გარდაცვლილის ახლობლებს ეძლევათ კურთხევა, 40 დღე ან წლამდე ატარონ. ერთი წლის შემდეგ შავი სამოსი აუცილებლად უნდა გაიხადოს ყველამ. შვილის, მეუღლის ან მეტად ახლობელი ადამიანისადმი სიყვარული უნდა გამოიხატოს ლოცვით და მიცვალებულისათვის ღვთის სათნო კეთილ საქმეთა აღსრულებით.
რაც ადრე დაიდგმება საფლავზე ჯვარი, უმჯობესია არსებობს გადმოცემა, უჯვრო საფლავს ეშმაკი ეპატრონებაო. რაც ადრე დაიდგმება ჯვარი, უკეთესია. ფუფუნებით შემოვლებულ გალავნებს სჯობია, ერთი უბრალო ჯვარი გავაკეთოთ საფლავზე. ასე ეშმაკი ადვილად ვერ დაეპატრონება. თუმცა გააჩნია ვინ ასვენია იმ საფლავის ქვეშ, რა ცხოვრებით იცხოვრა.
ხატის საფლავში ჩატანება დაუშვებელია ამბობენ, იმ მიცვალებულის შთამომავლობა, რომელსაც ხატს ჩაატნევენ, დაწყევლილიაო. მიცვალებულისთვის არაფრის ჩატნევა არ არის საჭირო, გარდა ჯვრისა. გარდაცვლილს გულზე უნდა ეკიდოს ნაკურთხი ჯვარი. ძალიან ბევრი ისეთი რამის ჩატანება იციან, რაც უბრალოდ არ სჭირდება იქ, მათ შორის ხატისაც. ხატი არის ცოცხლებისათვის, მასში უფლის სახეს ვჭვრეტთ.
სულის ჯოჯოხეთიდან ამოყვანა შესაძლებელია ამბობენ, მიქაელ მთავარანგელოზის ხსენების დღეს, თუ ახლობლები შესთხოვენ მას და რწმენით ილოცებენ, ჯოჯოხეთიდან მიცვალებულის სულის დახსნა ხდებაო. თუ დაიმსახურებს და განწმენდილი იქნება სული, ჯოჯოხეთიდან ღვთის ბრძანებით შეიძლება მისი ამოყვანა მიქაელ მთავარანგელოზის მიერ. ასეთი რამ ნებისმიერ დღეს შეიძლება მოხდეს.
(c) გაზეთი "საქართველო"
2002 მოგვწერეთ opentext@flashmail.com |