|
"საქართველო "
გურამ ბენაშვილი: "მწერალთა კავშირი ვერ დარჩა "მეწველ ძროხად" და "ზედმეტ წარმონაქმნად" იქცა უმადურთათვის" მარი ჩიტაია
დღეს საქართველოში ღირებულებათა გადაფასების უმძიმესი ეტაპი დგას. არავის გვესწავლება, რომ სულიერი საუნჯე დროის ცვალებადობას აღარ ექვემდებარება და იგი ნებისმიერი ეპოქისათვის ფასეულს წარმოადგენს. ისეთი იშვიათი პარადოქსების მქონე ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, ღირებულებათა გადაფასება უკვე შემოჩვეულ ჭირად გვექცა... განსაკუთრებით დაზარალდა მწერალთა კავშირი, საიდანაც დღეს პანტა-პუნტად "ცვივიან" ქართველი მწერლები. კულტურის ეს უძლიერესი კერა ორ ფრთად გაიხლიჩა. ვინც მწერალთა კავშირში დარჩა, გარკვეული ძალებისაგან კარის მგოსნებად მოიაზრებიან. საინტერესოა, სინამდვილეში რა მდგომარეობაა მწერალთა კავშირში? რა პრობლემების წინაშე დგას იგი და რაში ვერ შეთანხმდნენ ჩვენი მწერლები? ამ საკითხებთან დაკავშირებით გვესაუბრება მწერალთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე ბატონი გურამ ბენაშვილი: - მწერალთა კავშირი 1916 წელს დაფუძნდა, მისი პირველი თავმჯდომარე გახლდათ კოტე მაყაშვილი. მის დამაარსებლებს (პავლე ინგოროყვა, გერონტი ქიქოძე, ვახტანგ კოტეტიშვილი) თავის დროზე ღრმად სწამდათ, რომ ეს დაფუძნება შექმნიდა ერთიანი დიდი ოჯახის შთაბეჭდილებას, რომელიც მორალურ მფარველობას გაუწევდა დაქსაქსულ მწერლობას. ასე რომ, მენშევიკების პერიოდში დაარსებული მწერალთა კავშირი გადავიდა საბჭოთა ხელისუფლების ხელში და ეს მონსტრიც კი დარწმუნდა მწერალთა კავშირის არსებობის აუცილებლობაში. სამწუხაროდ, ხალხი, რომელიც თავს იკლავდა მწერალთა კავშირში მოსახვედრად, დღეს ტალახს ისვრის და პირველს მოაქვს იერიში ამ უწმინდეს ადგილზე. - ბატონო გურამ, საზოგადოებისათვის კარგად არის ცნობილი ის დაპირისპირება, რომელიც რევაზ მიშველაძესა და მის თანამოაზრეებს უკავშირდება. ფაქტობრივად, მათგან მოდის მწერალთა კავშირის ყოფნა-არყოფნის საჩოთირო კითხვის დასმა. რატომ იქცა მწერალთა კავშირი საზოგადოებისათვის ზედმეტ წარმონაქმნად? - მინდა გითხრათ, რომ რევაზ მიშველაძე თავის დროზე ჩვენი კავშირის "უერთგულესი" და უაქტიურესი წევრი გახლდათ, რომელიც რისხვას ატეხდა ყველას, ვინც აუგს იტყოდა მასზე. როდესაც მწერალთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილის არჩევის საკითხი დადგა, გამარჯვებაში გამოწრთობილ მიშველაძეს ეგონა, აქაც გაიმარჯვებდა. დამარცხების მერე მწერალთა კავშირი გახდა მისთვის საძულველი ორგანიზაცია, რომელიც "გასაუქმებელია". იყო დრო, როცა მწერალთა კავშირში მოხვედრა მწერლის მატერიალურ მდგომარეობას უზრუნველყოფდა. იქნებოდა ეს ბინები, აგარაკები, მანქანები თუ წიგნების გამოცემები, სხვადასხვა სახის დახმარებები, მაგრამ ბოლომდე არ გასტანა ასე. მწერალთა კავშირი ვერ დარჩა "მეწველ ძროხად" და "ზედმეტ წარმონაქმნად" იქცა არა საზოგადოებისათვის, როგორც თქვენ აღნიშნეთ, არამედ მხოლოდ და მხოლოდ უმადურთათვის, რომელთაც გარკვეული იმედები გაუწბილდათ. - რატომღაც მწერალთა კავშირში დარჩენილ მწერლებს დღეს კარის მგოსნებად აღიქვამენ, რომლებიც მშვიდად სხედან "ხელმწიფის ნავში"... რას ნიშნავს ამ ნავში ჯდომა? იქნებ სოციალური გარემოს შესაქმნელად იქნა ეს გზა შერჩეული? - სხვათა შორის, ვინც დღეს გვაგინებს, პირველი ჩაჯდებოდა ამ ნავში, თუკი ის ხელმწიფე ისურვებდა ამას. ამ უკანასკნელმა არ მიიკარა და განაწყენებულები ამიტომაც ისვრიან ტალახს. არ დაიჯეროთ, რომ იგივე "ხელმწიფის ნავში" ჩაჯდომა არ სურდეს ნებისმიერ მწერალს. მათთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, ვინ იქნებოდა ხელისუფლების სათავეში - ზვიად გამსახურდია, ჯუმბერ პატიაშვილი თუ სხვები. ამაშია საქმე და დღეს მათ კომუნისტების მტრების შესანიშნავი ნიღბები მოირგეს! - რაც შეეხება თავად მწერალთა კავშირს, რა მდგომარეობაა იქ? როგორი თაობა მოდის და, საერთოდ, თუ ითქვა ახალი სიტყვა ქართულ ლიტერატურაში? - დღეს ძალიან ძნელია ილაპარაკო ქართული მწერლობის ერთიან სახეზე, ერთ მონოლითურ აზრთა გარკვეულ ტენდენციებზე. ძალიან გახლეჩილი მდგომარეობაა. ბევრი რამ ვერ ან არ იბეჭდება. თვითონ ლიტერატურის პროცესი ნელი ტემპით მიდის. ფაქტობრივად, ჩანან ისინი, რომლებიც ჩანდნენ, კლასიკოსებად რომ მიგვაჩნია. ახალგაზრდობა, შედარებით მაინც, ხანგრძლივი, გაჭიანურებული ექსპერიმენტების მდგომარეობაშია. ისე, რომ ვთქვათ, შემოანათა ახალმა სახელმა, რომელიც შექმნის თაობას და მთელ მიმდინარეობას, ასეთი რამ არ არის. შედარებით, ვისაც მწერალი ეთქმის და ვისი იმედიც გარკვეულწილად გვაქვს, ეს არის აკა მორჩილაძე. ძალიან საინტერესო ენისა და ხედვის მწერალია. სხვათა შორის, მორჩილაძე პროფესიით ისტორიკოსია. შესანიშნავად იცის საქართველოს ისტორია და საინტერესო ისტორიულ ექსკურსებს აკეთებს. კოლორიტულია თავისი ხედვითა და მხატვრული აზროვნებით. - ბატონო გურამ, რა დოზით არსებობს ცენზურა ქართულ მწერლობაში? - სამწუხაროდ, არავითარი ცენზურა არ არსებობს. დღეს მწერალს ყველაფრის უფლება აქვს. ლიტერატურა ქუჩური ტერმინოლოგიებით დანაგვიანდა. რა თქმა უნდა, ნორმალური და პროფესიონალური ცენზურის არსებობა კანონზომიერია. ყოველ შემთხვევაში, თუკი შინაგანი ცენზორი არ გყავს მწერალს და საკუთარი პროფესიონალიზმი და განათლება არ იძლევა ამის უფლებას, ლიტერატურაში "მკვიდრდება" ქაოსი. მწერალი ვიღაცას უნდა აკითხებდეს ნაწარმოებს ან უნდა არსებობდეს ისეთი ორგანიზაცია, რომელიც ენობრივად და აზრობრივად დაგიხვეწს ნაშრომს. უკაცრავად და, იქმნება ბევრი ნაგავი, რომელსაც გაწმენდა და გამოხშირვა სჭირდება. ასე რომ, ქართველ მწერლობაში ბევრი რამ დასახვეწია. - როგორ ფიქრობთ, რომელი პერიოდი სჯობია ქართველი მწერლისათვის - რეპრესიების, პარტიული მწერლობისა თუ სრული ქაოსის, ბაზრის კანონების ხანა? - რა თქმა უნდა, მწერლისათვის თავისუფლება და დამოუკიდებლობა სჯობია. მას არ უნდა ჰქონდეს იდეოლოგიური ბარიერები. კომუნისტური რეჟიმის წლები ზოგიერთს წყალში გადასაყრელი ჰგონია. თითქოს სულიერების თვალსაზრისით არაფერი იქმნებოდა ან თუ იქმნებოდა, იდეოლოგიზირებული და გარკვეულად დაშტამპული იყო. ეს არის უდიდესი შეცდომა. აი, ამ ათწლეულმა დაანახვა ქართველ კაცს, რომ ეს ათწლეული არაფრით არ ჩამორჩება XIX საუკუნეს, მით უმეტეს, არც წარსულს ჩვენი სულიერი საუკუნეებისას. ეს იყო ტალანტებისა და გენიოსების მოვარდნა, რომელთაც ვერ აბრკოლებდათ ვერავითარი იდეოლოგიური ბარიერი. ვიტყოდი, რომ კომუნისტური რეჟიმის დრო გარკვეულ წინააღმდეგობას მწერალში, რაღაც პროტესტისა და შინაგანი, სულში ჩაღრმავების იმპულსს იძლეოდა. დღეს აბსოლუტურად სრული თავისუფლებაა და ამ დროს ჩაკვდა ყოველგვარი ვნება წერისა და ყოველგვარი ვნება იმისა, რომ შექმნა რაღაც საინტერესო, მნიშვნელოვანი. ათწლეული იძლევა იმის გამოცდილებას, რომ განზოგადდეს იგი და შენი ეპოქის ლიტერატურული პანორამა წარმოაჩინო. ამის დამწერი კაცი არ გამოჩნდა. გურამ დოჩანაშვილთან იყო გარკვეული იმპულსები, მაგრამ ისეთი საფუძვლიანი, როგორიც მიხეილ ჯავახიშვილმა "ჯაყოს ხიზნებით" შექმნა თავისი ეპოქა, თანამედროვე მწერლობში ჯერ არ შექმნილა. მოგეხსენებათ, იმედი ყველაზე ბოლოს კვდება. ველოდებით, შესაძლოა მომავალში გამოჩნდეს.
(c) გაზეთი "საქართველო"
2002 მოგვწერეთ opentext@flashmail.com |