"საქართველო "
# 2
6 თებერვალი, 2002 წელი

დღეს კინოთეატრებში სახინკლეებია გახსნილი

რატი ზურაბაშვილი

იყო დრო, როდესაც თბილისში 22 კინოთეატრი ფუნქციონირებდა და ყველა მათგანს მაყურებელი არ აკლდა. ხალხი კინოში დასასვენებლად, გასართობად, სიამოვნების მისაღებად მიდიოდა. რა ხდება დღეს? ამ 22 კინოთეატრიდან თბილისში მხოლოდ რამდენიმე ფუნქციონირებს და ისინიც დიდი გაჭირვებით, რატომ? მიზეზი მრავალია.

სწორედ ამ მიზეზ-შედეგობრივ ჯაჭვზე საუბრობს მსახიობი, კინოთეატრ "ივერიის" დირექტორი, საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი, ბატონი თამაზ გოლაძე.

- ბატონო თამაზ, კომუნისტების პერიოდში და მანამდეც, თბილისში უამრავი კინოთეატრი ფუნქციონირებდა. დღეს კი თითზე ჩამოსათვლელია ისინი. რა მოხდა?

- როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა და ახლა უკვე ნათელია და ძალიან ნათელია, როგორ მოხდა საქართველოში ქონებრივი გადანაწილებები, საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდა. (არ ვიცი, ეს რისი ბრალია, თუმცა ვიცი, მაგრამ არა საგაზეთო სტატიისათვის), ის მათ შორის ვინც უკანონოდ მიითვისა სახელმწიფო ქონება, აღმოჩნდა ქართული კინოს მამა და უხუცესი ბატონი რეზო ჩხეიძე, რომელმაც დააპირა პრესტიჟულ ადგილებზე აშენებული კინოთეატრების შენობების "დათრევა" ყოველგვარი კანონისა და მორალის დაცვის გარეშე. მოხდა კიდევაც ასე. მაშინ ქონების მართვის მინისტრი სილაგაძე იყო. ეს კინოთეატრები ქაღალდზე სააქციო საზოგადოება "ქართულ ფილმს" გადაეცა.

- მხოლოდ თბილისის კინოთეატრები?

- არა, მთლიანად საქართველოს კინოთეატრები.

- რა დრო გავიდა დაახლოებით?

- ეს იყო შვიდი წლის წინ. თუკი ვინმე იყო პატრიოტი და გულშემატკივარი, შევიკრიბეთ და ჩამოვაყალიბეთ საინიციატივო ჯგუფი, რომელმაც, ასე ვთქვათ დღემდე მოიყვანა ის კინოთეატრები, რომელნიც მეტ-ნაკლებად ფუნქციონირებდნენ აქამდე.

- ე.ი. თქვენ წინააღმდეგობა გაუწიეთ ქონების მართვის სამინისტროს დადგენილებას. გქონდათ კი ამის უფლება?

- უფლება გვქონდა, რადგან მაშინ ჯერ კიდევ ძალაში იყო კანონი შრომითი კოლექტივების უპირატესი უფლების შესახებ. ეს იგნორირებულ იქნა. კინოთეატრები თავიდან საქალაქო საბჭოს აღმასკომის მფლობელობაში UEQიყო. არც ამას მიაქცია ვინმემ ყურადღება. ქალაქის მაშინდელ ხელმძღვანელობას არცთუ ნაკლები წვლილი მიუძღვის ამაში. მოკლედ მოხდა გარიგება. ქალაქის მაშინდელი ხელმძღვანელობასა და რეზო ჩხეიძეს შორის. ქონების მართვის სამინისტრო იძულებული შეიქმნა ჩაედინა ყოვლად უკანონო ქმედება. თუმცა გასაკვირი არ არის, რადგან საქართველოში სახელმწიფო ქონების დაახლოებით 40+ ზუსტად ასეა გადაცემული.

- ე.ი. იბრძოდნენ კინოთეატრებისთვის თუ კინოთეატრების შენობებისთვის?

- ძირითადი მიზანი იყო შენობების "დათრევა". არავინ არ ფიქრობდა ქართული კინოს გადარჩენაზე. აქ მთავარი, როგორც აღვნიშნე, შენობების დათრევა იყო.

- რაც დაადასტურა დრომ?

- ნათელია, რომ კინოთეატრები აღარ არსებობენ. დავიწყოთ აეროპორტიდან და მოვყვეთ ცენტრამდე. აღარ არსებობს კინოთეატრი "მეგობრობა", "აეროპორტი", "ნაკადული", "აპოლო", "კოლხეთი", "ელისო", "ისანი", და კიდევ ბევრი და ბევრი. თავის დროზე თბილისში 22 კინოთეატრი იყო, რას ვუტოვებთ ჩვენ ჩვენს შთამომავლობას? ბრძოლაა მხოლოდ და მხოლოდ შენობებისათვის, მათი გაყიდვის, იჯარით გადაცემისთვის.

- დღეს რა მდგომარეობაა?

- ეს პროცესი დღესაც გრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტმა მიიღო კანონი კინოს შესახებ.

- რას გულისხმობს კანონი კინოს შესახებ?

- კანონში აღნიშნულია, რომ ფუნქციონალურად უნდა გაიმიჯნოს კინოწარმოება და კინოჩვენება, მიუხედავად იმისა, რომ კანონის შესაბამისად შეიქმნა კინოცენტრი. პრეზიდენტის ბრძანებულებით უნდა შექმნილიყო სამუშაო ჯგუფი, რომელიც მოამზადებდა პროექტს ქართული კინოსა და კინოთეატრების შემდგომი პერსპექტივების შესახებ. შეიქმნა სამუშაო ჯგუფი კინოცენტრის, კულტურის სამინისტროს, ქონების მართვის სამინისტროს შემადგენლობით. მიიწვიეს ჩვენი საინიციატივო ჯგუფიც. ეს პროექტი შეიქმნა, მაგრამ ქონების მართვის სამინისტროს არ უნდა, რომ თავისი შეცდომები აღიაროს და აქედან გამომდინარე, კანონპროექტი, რომელზეც ჩვენ ვიმუშავეთ ცოტა დამახინჯებულია. სააქციო საზოგადოება "ქართული ფილმის" სამეთვალყურეო საბჭომ ალტერნატიული ვარიანტი შესთავაზა, რომელშიც ფაქტიურად იგივე მეორდება. განსხვავება ისაა, რომ კინოთეატრების დამოუკიდებლობაზე არ არის საუბარი. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ; კინოთეატრები უნდა იყოს დამოუკიდებელი. დღესაც გრძელდება კინოთეატრების მიტაცების თავხედური გამოხდომები სააქციო საზოგადოება "ქართული ფილმის" ხელმძღვანელობის მხრიდან.

- თუ შეიძლება კონკრეტული მაგალითი?

- კი ბატონო. კონკრეტული მაგალითი გახლავთ კინოთეატრი "საპოვნელა" ("კოლმეურნე"), იგი თითქოს ქონების მართვის სამინისტრომ აუქციონზე გაიტანა კონკურსის წესით და კინოთეატრი გაიყიდა. ვის გადასცემენ, რას გადასცემენ, რა ხდება? გადაცემული კინოთეატრების მაგალითი, ვიცით, რაც არის. სახინკლეებია გახსნილი და კინო არ ფუნქციონირებს. ამ გარკვეულმა პერიოდმა მიგვიყვანა იმ დასკვნამდე, რომ ადგილი აქვს ნადირობას მხოლოდ შენობებზე და არავინ იფიქროს, თითქოს ვინმე ზრუნავდეს ქართული კულტურის გადარჩენაზე. ვინც ვფიქრობდით ამაზე, მათაც საოცრად გვავიწროებენ. არ ვიცი, რა ეპითეტებით აღარ გვამკობენ. ახლა წყნეთის კინოთეატრ "მაიაზე" და "საპოვნელაზე"ნადირობენ. ალბათ სულ მალე ჩემს კინოთეატრ "ივერიაზეც" გადმოინაცვლებენ. ჯერჯერობით ჩემგან თავს იკავებენ, იმიტომ რომ მეამბოხეთა მეთაური მე ვარ.

- იქნებ ისინი, ვგულისხმობ სააქციო საზოგადოება "ქართულ ფილმის" მესვეურთ, უკეთესის გაკეთებას აპირებდნენ?

- არ მინდა, რომ თქვენ ისე გამიგოთ, თითქოს ჩვენ, საინიციატივო ჯგუფის წევრები, ბარიკადების აქეთა მხარეს ვიდგეთ და სააქციო საზოგადოება "ქართული ფილმის" მესვეურები მეორე მხარეს. აქ არის საუბარი იმაზე, რომ შევინარჩუნოთ კინო. მოდით, შევხედოთ რეალურ სურათს. ვთქვი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არსებობს კინოთეატრი "აპოლო"? ფაქტობრივად აღარ არსებობს. მინდა კინოთეატრ "მეგობრობასთან" დაკავშირებული ერთი პარადოქსი გითხრათ. კინოთეატრ "მეგობრობაში" იყო დამკრძალავი ბიურო. ეს მხოლოდ საქართველოში შეიძლება მოხდეს, კინოთეატრში გაიხსნას დამკრძალავი ბიურო. როგორ გინდათ, ადამიანი, რომელმაც ამ ბიუროს საშუალებით დედა ან მამა დაკრძალა, წლების მერე შევიდეს ამ კინოთეატრში და კინოს უყუროს?

კიდევ ერთ მაგალითს გეტყვით. აღმაშენებლის გამზირზე მდებარეობს კინოთეატრი "ელისო". იქ დღეს არის სახინკლე, ძველმანების მაღაზია, არის ყველაფერი, გარდა კინოსი. ამ კინოთეატრის დირექტორს სააქციო საზოგადოება "ქართული ფილმის" წარმომადგენლებმა კინოსათვის 12 კვ. მეტრი იჯარით მისცეს, ვიდეო რომ ჰქონდეს და კინო რომ ერქვას. ასე ფიქრობენ ჩვენი კინოს მამები, ქართული კინოს გადარჩენაზე, სახინკლით, ძველმანების მაღაზიით. ისეა დაახლოებით, როგორც ძეხვის მწარმოებელმა მოითხოვოს გასტრონომის გადაცემა მხოლოდ იმიტომ, რომ მის წარმოებულ პროდუქციას გასტრონომი უკეთ უკეთებს რეალიზაციას? ჩვენ თავის დროზეც ვამბობდით, ყველა კინოთეატრი მწვანე გზას მისცემს ქართულ კინოს, რომ ყველა კინოთეატრის შემოსავალი ქართული ფილმის დემონსტრირებისაგან მიღებული 80+ მოხმარდეს ქართული კინოს აღორძინებას. ესეც არ უნდათ. ისინი აცხადებენ, რომ კინოს დირექტორები ისეთი საზიზღრები არიან, ქართულ კინოს არ გაუშვებენ ეკრანზე.

- ე.ი. კინოსტუდია "ქართული ფილმის" მესვეურთა არგუმენტია ის, რომ თუკი კინოთეატრები დამოუკიდებლები იქნებიან, კინოსტუდიის მიერ გადაYღებულ ფილმებს არ გაუშვებენ ეკრანზე?

- დიახ ასეა. თუ რომელიმე დირექტორი კინოთეატრში ქართული ფილმის ჩვენებას აკრძალავს, მას ხომ საზოგადოება წალეკავს, მას ჩვენ წავლეკავთ და იმის თქმა, წარმოების ერთიანი ციკლი რომ არ დაირღვეს, საჭიროა კინოთეატრების მითვისება, აბსურდია. მაშინ მითხარით, კინოსტუდია "ქართული ფილმი" იღებს ხინკალზე ფილმს? მაშინ რად უნდათ კინოთეატრში სახინკლე?

- კინოსტუდიამ ხომ თანხა უნდა იშოვოს ფილმის გადასაღებად?

- რაც შეეხება თანხას, მე ასე ვიტყოდი, სააქციო საზოგადოება "ქართულმა ფილმმა" დაანგრია მთლიანად სისტემა, შესაძლებელი იყო დღეს ქართული ფილმი ამ მდგომარეობაში არ ყოფილიყო, მხოლოდ ხუთიოდე ადამიანის კეთილდღეობისათვის არის აგებული ამოდენა ხუხულა და ეს ხუხულა ცოტა ხანში დაინგრევა და თვითონაც მოყვებიან ამ ნანგრევებში.



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2002

მოგვწერეთ opentext@flashmail.com