|
"საქართველო "
აქა გაბაზრებული ამბავი პარლამენტის ბაზრად ქცევის შესახებ
პარლამენტი ის ბაზარია, რომელშიც ყველაფერი იყიდებაო, თქვა ამ ცოტა ხნის წინ დეპუტატმა სანდრო ბრეგაძემ. პარლამენტში გასაყიდი რა უნდა იყოსო, იფიქრებს კაცი. პასუხი მოკლე და ლოგიკურია - ხმები. თანაც ვერ წარმოიდგენს კაცი, ერთი და იგივე "საქონლით" როგორი სარფიანი მოგების მიღება შეიძლება. "ხმებით" ვაჭრობა მტრედებით ვაჭრობასა ჰგავს, გაჰყიდი და მაინც შენი იქნება, შენთან მოვა. რამდენჯერაც გინდა, იმდენჯერ გაჰყიდე... "საიდუმლო" ბრეგაძემაც "გაჰყიდა", მაგრამ ნათქვამია, ერთი მერცხლის ჭიკჭიკი გაზაფხულს ვერ მოიყვანსო. მავანმა დეპუტატის სიტყვა ცალ ყურში შეუშვა, მეორეში გაუშვა... საბიუჯეტო ოფისის განცხადებამ, ყოველი მესამე კანონი გაყიდულიაო, თავდაყირა დააყენა ყველაფერი. "ამაზე რეაგირება აუცილებელია, ასეთი მშრალი განცხადებების კეთება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, წარმოუდგენლად მიმაჩნია. პარლამენტს ისედაც ეყოფა ის უამრავი მინუსი, რაც აქვს", აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე როსტომ დოლიძე. თუ ასე გაგრძელდა, პარლამენტის ავტორიტეტი ნულამდე დავა, არადა რომ გრძელდება, ესეც ფაქტია. პარლამენტარ ვანო მერაბიშვილის განცხადებაც - სახელმწიფო მინისტრმა დეპუტატები მოისყიდაო, ამაზე მეტყველებს. მერაბიშვილს უეჭველად მოუწევს პასუხის გაცემაო, იმუქრება საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე. ბევრად უმჯობესი იქნება ქვეყნისათვის, მერაბიშვილი სტყუოდეს, ვიდრე მთელი პარლამენტი ერთად აღებული. გვინდა გვწამდეს ფიცისა, მაგრამ სამწუხაროდ კანონების "ბოლო" ამის საშუალებას ნამდვილად არ გვაძლევს.
(c) გაზეთი "საქართველო"
2002 მოგვწერეთ opentext@flashmail.com |