|
"საქართველო "
რა ხიბლავს კომუნისტებს "ნაციონალურ მოძრაობაში"!
ამ ცოტა ხნის წინ, ერთიანი კომპარტიის ლიდერმა, პანტელეიმონ გიორგაძემ, ყველასათვის მოულოდნელად განაცხადა, რომ მზად არის პარლამენტარ მიხეილ სააკაშვილის მიერ დაფუძნებულ "ნაციონალურ მოძრაობასთან" ითანამშრომლოს. პანტელეიმონ გიორგაძეს არ დაუმალავს სიმპათია სააკაშვილისადმი, რომელიც, კომუნისტთა ლიდერის თქმით, "დიდი ენთუზიაზმით ებრძვის კორუფციას". პანტელეიმონ გიორგაძის განცხადება თითქოს უცნაური და მოულოდნელია, რადგან სულ ერთი წლის წინ, როდესაც კომუნისტებმა ზარ-ზეიმით აღნიშნეს საქართველოსათვის ტრაგიკული დღე 25 თებერვალი, მაშინდელი იუსტიციის მინისტრი აღშფოთდა და კომპარტიის აკრძალვის იდეა წამოაყენა. მაშ რატომ უჭერს პანტელეიმონ გიორგაძე სააკაშვილის "მოძრაობას" მხარს? ბოლშევიკთა პოლიტიკური შთამომავლების ეს სურვილი და მისწრაფება უფრო უმტკიცებს აზრს მათ, ვინც ხალისით საუბრობს სააკაშვილის ნეობოლშევიზმზე და იმაზე, რომ ვაკის დეპუტატის იდეურ მხარდამჭერთა რიგებს საქართველოს საგრძნობი ნაწილი კი არა, კომუნისტები და ზვიადისტები შეადგენენ. აქ გავიხსენოთ კანონპროექტი დაუსაბუთებელი ქონების კონფისკაციაზე, რომელზე მსჯელობისას მოწინააღმდეგენი ახსენებდნენ ჰიტლერისა და ჰიმლერის სახელებს. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ვადამდელი არჩევნების იდეით ერთ-ერთი პირველი გამოვიდა პოლიტიკური მოძრაობა "ერთობის", მანამდე კი "აღორძინების" ერთ-ერთი იდეოლოგი, ალექსანდრე ჭაჭია, მაშინ დავინახავთ, თუ რა არგუმენტები უვარდებათ ხელთ "ნაციონალური მოძრაობის" ოპონენტებს და მათ, ვინც ირწმუნება, რომ რეფორმისტებად წოდებული ჯგუფი და უწინარესად კი ვითომდაც ერთმანეთისაგან გამიჯნული ჟვანია და სააკაშვილი, სწორედ რუსული პოლიტიკის გამტარებელნი არიან საქართველოში. რას მისცემს "ნაციონალურ მოძრაობას" კომპარტიასთან თანამშრომლობა? ამ საკითხებზე და კიდევ სხვა მრავალზე კომენტარი ვთხოვეთ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ აქტიურ წევრს, პარლამენტარ კობა დავითაშვილს.
- ბატონო კობა, გაერთიანებული კომუნისტური პარტიის ლიდერმა, პანტელეიმონ გიორგაძემ, განაცხადა, რომ იგი და მისი პარტია მზად არიან ითანამშრომლონ "ნაციონალურ მოძრაობასთან". რამდენად მისაღებია ეს თანამშრომლობა თქვენთვის და რით უნდა იყოს გამოწვეული გაერთიანებული კომპარტიის ინტერესი "ნაციონალური მოძრაობისადმი"? - ჩვენთან, ქართულ პოლიტიკაში, გავრცელებულია ასეთი რამ, რომ პოლიტიკური ჯგუფების ან პარტიების ან პოლიტიკური მოღვაწეების შეხედულება თუ დაემთხვა, ეს ხალხი ხდება ერთმანეთის მოსისხლე მტერი, ასეთი უცნაური და კომიკური ტრადიციაა. და აი რატომ, იმ წუთში იწყება გარჩევა იმისა, ვინ თქვა პირველად ეს აზრი, მერე ცხადდება იდეის მომპარავად და შემდეგ იწყება ერთმანეთისათვის ანგარიშის გასწორების პროცესი. ამ შემთხვევაში ჩვენ ასეთ შემთხვევასთან საქმე არ გვაქვს. ჩვენ გვინდა, რომ ეს ტრადიცია დაირღვეს. პოლიტიკაში არ არსებობს საავტორო უფლებები. არსებობს ის, რომ რამდენადაც მეტი ადამიანი გაიზიარებს შენს პოზიციას რაიმე საკითხთან დაკავშირებით, მით უკეთესია პოლიტიკოსისთვის. ვინაიდან, ამ იდეის ცხოვრებაში გატარება უფრო იოლი ხდება. ასევე მინდა მივუდგე ამ განცხადებას. თუ ამ ადამიანებს მოსწონთ რაღაც ჩვენი და ამ შემთხვევაში მე ვიცი, რაც მოსწონთ. ბატონმა პანტელეიმონმა შესანიშნავად ახსნა თავისი პოზიცია. მის და მისი პარტიის ინტერესს იწვევს ვადამდელი არჩევნების საკითხი, მაგრამ ისინი მხარს არ უჭერენ ჩვენს მოსვლას ხელისუფლებაში. ასე რომ, მათი პოზიცია სავსებით ნათელია. მათ უნდათ, რომ ეს ხელისუფლება წავიდეს ანუ ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები, მაგრამ უნდათ, რომ თვითონ მოვიდნენ ხელისუფლებაში. - ვადამდელი არჩევნების იდეით გამოდიოდა მოძრაობა "ერთობის" და მანამდე "აღორძინების" ერთ-ერთი იდეოლოგი, ალექსანდრე ჭაჭია... - ვერ დავეთანხმები ვერანაირად. რიგგარეშე არჩევნების იდეა თანამედროვე ქართულ პოლიტიკაში ეკუთვნის აკაკი ასათიანს, 1991 წლის შემოდგომაზე, გახსოვთ, ალბათ, ცნობილი მოვლენების შემდეგ მან წამოაყენა ეს იდეა და მისთვის რომ დაეჯერებინათ მაშინ და შემდგარიყო რიგგარეშე არჩევნები, ეს აგვაცილებდა თბილისის ომსაც, აფხაზეთის დაკარგვასაც და ბევრ სხვა უბედურებას. რიგგარეშე არჩევნების იდეას ავტორი არ ჰყავს და ყველა მინდა დავამშვიდო, რომ მსოფლიო პოლიტოლოგიაში ასეთი არ არსებობს. მეცნიერებს შორისაც არ გამართულა კამათი იმის თაობაზე, თუ ვინ წამოაყენა ეს იდეა. საერთოდ პარლამენტის არჩევნები პირველად სადაც მოეწყო, იქ იყო რიგგარეშე. ეს მოხდა ინგლისში. შემდეგ წამოვიდა ტრადიციად, მორიგი არჩევნების ჩატარება. კომიკურად მიმაჩნია იმის განხილვა, თუ ვინ წამოაყენა ეს იდეა პირველად. - თუ რიგგარეშე არჩევნების თემას განვაგრძობთ, მინდა გკითხოთ, რა ეტაპზეა თქვენს მიერ ხელმოწერების შეგროვების პროცედურა? - მე გამიცრუვდა იმედი, რომ პარლამენტში შევაგროვებდი ამ ხელმოწერებს. 36 ხელმოწერაზე მეტი ვერ მოვაგროვე. ამიტომ ჩვენ დავადექით იმ გზას, რომ დავიწყოთ მოსახლეობაში ხელმოწერების შეგროვება. - თქვენ გაქვთ იმედი იმისა, რომ მოსახლეობაში შეგროვილი ხელმოწერები გამოიღებენ რაიმე შედეგს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ უკვე უამრავი ხელმოწერა შეგროვდა ბევრ თემაზე და რეაგირების გარეშე დარჩა. - ჩვენ კონსტიტუციურ პროცედურას ვატარებთ. ბევრი პარტია ჩვენამდე ახსენებდა ვადამდელი არჩევნების საკითხს, მაგრამ ეს იყო ყოველთვის აბსტრაქტული და არ ჰქონდა იურიდიული ფორმა. ჩვენ ვაყენებთ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის საკითხს. 200 ათასი კაცის ხელმოწერას ამ შემთხვევაში იურიდიული მნიშვნელობა ექნება. პარლამენტისთვის ეს იქნება სავალდებულო, რომ კონსტიტუციაში ცვლილებები შევიდეს. ეს ინიციატივა უნდა გამოქვეყნდეს. ერთთვიანი განხილვის პერიოდი უნდა იყოს. მე იმედი მაქვს, რომ როცა პარლამენტი დაინახავს, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი უჭერს მხარს ვადამდელ არჩევნებს, ამ ინიციატივას პარლამენტიც დაუჭერს მხარს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მორიგი არჩევნები მოვა და ვინც არ დაუჭერს მხარს საზოგადოების ამ ინიციატივას, მაშინ საზოგადოება არ დაუჭერს მხარს მას მორიგ არჩევნებში და ამით დამთავრდება ყველაფერი. - "ნაციონალურ მოძრაობას" ხშირად ადარებენ კომუნისტებს. ასევე გაიგონებთ თქვენთან კავშირში ჰიტლერისა და ჰიმლერის სახელებს. რით ახსნით ამას? - რამე დარჩა კიდევ? ტროცკი, მასონები... - მასონებსაც ახსენებენ და უკავშირებენ "ნაციონალურ მოძრაობას"... - მთელი მსოფლიო ჩვენ ვყოფილვართ და რაღა გვიჭირს. არათუ ტერიტორიულ მთლიანობას აღვიდგენთ, არამედ მთელ მსოფლიოსაც დავიპყრობთ, ისეთი ძლიერები ვყოფილვართ... - თქვენდამი "კომუნისტების" სიმპათიას ალბათ, თქვენს მიერ კანონპროექტის "დაუსაბუთებელი ქონების შესახებ" პარლამენტში განსახილველად შეტანაც იწვევს. - მე არ ვეთანხმები ამ შეხედულებას და არგუმენტებიც მაქვს. - როგორია არგუმენტები? - პირველი: კომუნისტები კერძო საკუთრებას ართმევდნენ მშრომელ ადამიანებს და ციხეშიც უშვებდნენ ამ ხალხს. ეს იყო ამ ადამიანების ნაშრომი. ჩვენ არ ვართმევთ ხალხს ნაშრომს. ჩვენ ვართმევთ ნაქურდალს. სერიოზული სხვაობა არსებობს კერძო საკუთრებასა და ქურდობით ნაშოვნ ქონებას შორის. სახელმწიფო მოხელე, რომელსაც შემოსავალი ჰქონდა 100 ლარი ან ნაკლები, გამოდის, ავსებს დეკლარაციას და არც კი რცხვენია, ისე წერს ამ დეკლარაციაში, რომ არის მილიონერი. ასეთია უამრავი. ჩვენ ვეკითხებით ამ ადამიანებს, ამ ჩინოვნიკებს, დაგვისახელეთ, ბატონებო, წყარო. თუკი ის დაასაბუთებს თავისი ქონების წარმომავლობას, ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს. ქურდებს ებრძოდნენ ძველ რომში, ძველ საქართველოში და დღევანდელ საქართველოშიც. არაფერი ამ კანონში ახალი არ არის. არაფერი ბოლშევიკური და მემარცხენე ამ კანონპროექტში არ არის. მემარცხენეა თუ მემარჯვენე, ნორმალურ სახელმწიფოში კორუფციას ყველა ებრძვის. - საქართველოს სახელისუფლებო სტრუქტურები სავსეა "ქურდებით", როგორ ფიქრობთ მისცემენ კი ისინი ამ კანონპროექტს საშუალებას, გახდეს კანონი? - მე მესმის,თქვენი სკეპტიციზმი საფუძვლიანია. მინდა გითხრათ, მაგრამ კვლავ მაქვს იმედი პოლიტიკური პროცესისა. აი როგორ მუშაობს ეს პროცესი. არიან მოწინააღმდეგეები ამ კანონპროექტისა პარლამენტშიც და მთავრობაშიც. ყველას მოუწევს არჩევნებზე წასვლა, კენჭისყრა არის ღია. წინააღმდეგ ხმის მიცემისას ხომ უნდა დაასაბუთოს ის, თუ რატომ არის წინააღმდეგი, ხომ არ იტყვის, იცით, მე მოპარული მაქვს და არ მინდაო. ამიტომაც იგონებენ პარალელურ კანონპროექტებს, წინადადებებს. მოისმენს საზოგადოება ყველაფერ ამას. კენჭისყრა იქნება ღია. ჩვენ ჩამოვთვლით ვინ მისცა ხმა, ვინ არა. და საზოგადოება გადაწყვეტს აირჩიოს ეს ხალხი პარლამენტში ისევ, თუ არა. ეს არის საჯარო პოლიტიკის ერთადერთი საჯარო საშუალება, რითაც უნდა განთავისუფლდეს პოლიტიკური არენა კორუფციისაგან. ამ პარლამენტში თუ არ მივიღებთ ამ კანონს, იმედი მექნება, რომ შემდეგი მოწვევის პარლამენტი მიიღებს მას. პოლიტიკური პროცესი ერთი დღით და ორი დღით არ სრულდება, აქამდე მოგვითმენია და ორ წელსაც მოვითმენთ. თუ რიგგარეშე არჩევნები არ ჩატარდება, ორი წლის შემდეგ ხომ ჩატარდება?! - გამწვავებული მდგომარეობაა პანკისის ხეობაში, დაძაბული მდგომარეობაა ენგურის ხიდზე. თქვენი შეფასებით არსებობს ქვეყნისათვის საფრთხე? - ჩვენ დღეს არა გვაქვს სახელმწიფო და არ გვაქვს კანონი. კანონი იწერება, არ სრულდება. პირველი დამრღვევი არის ხელისუფლება. კორუფცია არის დაკანონებული. ყველას ურჩევნია, რომ ადამიანს არ ჰქონდეს ნორმალური ხელფასი და იძულებული იყოს, აიღოს ქრთამი, მერე ის ადვილი სამართავი იქნება, გასვრილი კაცი ადვილი სამართავია. ეს არის შევარდნაძის მმართველობის პრინციპი. მე შევარდნაძის სიით რომ მოვდიოდი ხელისუფლებაში, ვიცოდი, რაც იყო შევარდნაძე, მაგრამ მეგონა, რომ ის გარდაიქმნა, ეს იყო ძველად, რომ ახლა ეს კაცი დასავლეთის ორიენტაციაზე იყო დამდგარი. მერე, როცა არჩევანის წინაშე დადგა ეს ადამიანი, გააკეთა არჩევანი კორუფციის სასარგებლოდ ღიად და დაუფარავად. ახლა მე ოპოზიციაში ვარ ამ პრეზიდენტთან. - არის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ შევარდნაძემ ზურგი აქცია დასავლეთს და დასავლეთმაც ზურგი აქცია შევარდნაძეს. ამის შედეგად შევარდნაძე მიეკედლა რუსეთს. - შევარდნაძეს არ აქვს მყარი ორიენტაცია. ის არც პროდასავლურია და არც პრორუსული. იგი არის ადამიანი, რომელიც მოქმედებს მომენტის გავლენით. იგი რეაგირებას აკეთებს კონკრეტულ მომენტზე. თუ ამ მომენტში მისთვის პროდასავლურია მომგებიანი, იგი პროდასავლელია, თუ რუსეთი სჭირდება - ხდება პრორუსული. უკვე დასავლეთმაც და რუსეთმაც კარგად იცის, რომ შევარდნაძეს მყარი შეხედულება არ გააჩნია. მისი მმართველობის სტილი დამღუპველია ქვეყნისათვის, რადგან შეუძლებელია კორუფციული მართვის მეთოდით ააგო სახელმწიფო. სახელმწიფო აგებულია კანონზე. მას არ უცხოვრია ასე, ამიტომ არ ესმის, მთელი ცხოვრება მართავდა და მართავს კორუფციით. ამ ცხოვრებით ცხოვრობდა ეს კაცი. ჩვენ რაღაც იმედი გვქონდა, რომ შეიცვალა იგი, შეიცვალა მისი ცნობიერება. - როგორ მიგაჩნიათ, შესაძლებელია თუ არა საზოგადოებრივი ზეწოლით, ანუ პიკეტებით, მიტინგებით აიძულოთ ხელისუფლება, გაიყვანოს რუსეთის სამშვიდობო ძალები საქართველოდან? - ამ ცოტა ხნის წინ, როდესაც ვუყურებდი კანცელარიასთან შეკრებილ ხალხს, გულწრფელად მეცინებოდა. შევარდნაძემ ჩაატარა მიტინგი, როცა რუზგენ გოგოხია გამოვიდა და განაცხადა, მესამე ვადიდაც უნდა ავირჩიოთ პრეზიდენტიო. მაინტერესებს რა პოზიციაზეა ახლა იგი. შევარდნაძეს რაიმე მკვეთრი ნაბიჯის გადადგმა არ შეეძლო, ნება არ აქვს. თვითონ მოაწყო მიტინგი, აყვირა საწყალი ხალხი, მერე შემოიტანა პარლამენტში საკითხი, პარლამენტმა ერთხმად დაუჭირა მხარი რუსების გასვლას. მერე თქვა, აღარ მინდაო. თუ ამ ხალხს ჰგონია, რომ აქციების გამო პრეზიდენტი შეიცვლება, ძალიან ცდება, აღარ შეიცვლება. მივა, კიდევ ერთხელ დაპირდება, კიდევ ერთხელ ეტყვის, რომ კი, თქვენი ჭირიმე, მხარს გიჭერთ. გავა ცოტა ხანი და თავის ნათქვამზე უარს იტყვის. ასეთია ჩვენი პრეზიდენტი. სატირალია ეს თუ სასაცილო, არც კი ვიცი. თუმცა სასაცილო იქნებოდა, სატირალი რომ არ იყოს. სირცხვილია ასეთი პრეზიდენტის ყოლა. თუ აღარ შეუძლია, ბატონო, წავიდეს, დაისვენოს და ჩვენც დაგვასვენოს.
(c) გაზეთი "საქართველო"
2002 მოგვწერეთ opentext@flashmail.com |