|
"საქართველო "
თედო პაატაშვილი: "დავტოვეთ გაგრა... დაეცა. გამოვიტანეთ სოხუმიდან შეიარაღება, დაეცა... გამოვიყვანთ კოდორიდან ჯარს და..." ნანა ავალიანი
აფხაზეთი, პრობლემა, რომელიც უკვე ათი Yწელია დგას საქართველოს მთავრობისა და ხალხის წინაშე. როგორ უნდა გადაწYყდეს ეს პრობლემა? აზრი გაორებულია, მთავრობა მერყეობს, გაიყვანოს თუ არა ე.წ. სამშვიდობოები აფხაზეთიდან. ხალხის მოთხოვნა კატეგორიულია. თუმცა მათ აქამდე არავინ ეკითხებოდა რამეს. ალბათ, არც მომავალში ჰკითხავენ. - ბატონო თედო, თქვენი აზრით, ღალიძგამდე უნდა გადაიწიოს საზღვარი თუ საერთოდ უნდა გავიდეს ე.წ. სამშვიდობო ჯარი? - აუცილებელია, რომ ხელისუფლება გაჰყვეს იმ კურსს, რომელსაც ოქტომბერში დაადგა, როცა მიიღო გადაწყვეტილება რუსული ე.წ. სამშვიდობო ჯარის გაყვანის თაობაზე. ჩვენ თუ ახლა დავიწყეთ ვაჭრობა იმაზე, რომ ისევ ღალიძგამდე გადავიდეთ, ეს არავითარ შედეგს არ მოგვიტანს, ამიტომ დავდგეთ იმ პოზიციაზე, რომელზედაც დადგა ქართული პარლამენტი პრეზიდენტის რეკომენდაციით. მხოლოდ სარეკომენდაციო მოწოდება, თუნდაც იგივე აღმასრულებელი ხელისუფლებისადმი, გარკვეულწილად სავალდებულოა და ჩვენ თუ გვინდა საერთოდ რაიმე შედეგს მივაღწიოთ აფხაზეთის პრობლემასთან მიმართებაში, აუცილებლად უნდა მოვითხოვოთ ე.წ. სამშვიდობო ჯარების გაყვანა, ეს სულაც არ არის განსაკუთრებულად რადიკალური მოთხოვნა. რადგან აფხაზეთი ოკუპირებულია და ოკუპირებულია რუსეთის ჯარის მიერ. - იქნებ უფრო მისაღები იყოს ამ ჯარის ღალიძგამდე გადაყვანა? - აგერ 12 წელია ამ ყველაფერს შიგნიდან და გარედან ვუყურებ და ვატყობ, რომ თუ ჩვენ არ მოვითხოვეთ საერთოდ გაყვანა, ვაჭრობა, ღალიძგამდე გადაწევა, მერე სოხუმამდე და ფსოუმდე, უსაშველოდ გაგრძელდება. ჩვენ უნდა ვიყოთ პრინციპულნი. აუცილებლად უნდა მოვითხოვოთ პარლამენტის იმ დადგენილების შესრულება, რომელიც სავალდებულოა აღმასრულებელი ხელისუფლებისთვისაც. - აფხაზური მხარე მოითხოვს კოდორის ხეობიდან ქართული ფორმირების გაყვანას. ამას ეთანხმება გაერთიანებული ერების ხელმძღვანელობა. თუმცა პრეზიდენტი სხვა აზრისაა. როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია კოდორის დატოვება? - ეს უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხია და მადლობა ღმერთს, არ შემხვედრია კაცი, რომელსაც ამ თემაზე მსჯელობისას, სხვა აზრი გააჩნდეს. იმედი მაქვს, რომ ათასჯერ მოტყუების შემდეგ მივხვდით, რომ გვატYYUUYყუებენ. გაგრიდან გამოვიყვანეთ შეიარაღება, გაგრა დაეცა, გამოვიტანეთ შეიარაღება სოხუმიდან, სოხუმი დაეცა. ზუსტად იგივე სცენარით მოქმედებს რუსი და აფხაზი ამ შემთხვევაში. აქედან გამომდინარე, ყოვლად დაუშვებელია კოდორიდან ჯარების გამოყვანა, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია იმ ხელშეკრულებების გადახედვა, რომელიც დაიდო 1992-94 წლებში. ამასთან დაკავშირებით იყო მსჯელობა და მიმაჩნია, რომ ეს იყო კაპიტულანტური ხელშეკრულებებები, რომლის ობიექტურობასა და სამართლიანობაზე საერთოდ მსჯელობა შეუძლებელია და რომელიც საოცრად დიდ ბარიერებს გვიქმნის როგორც ჩვენ, ისე დასავლეთის დიპლომატებს იმისათვის, რომ ობიექტურად წარიმართოს ყველაფერი. ამასთან დაკავშირებით იყო მსჯელობა პარლამენტში და ვთვლი, რომ ეს პირველ რიგში პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის და საერთოდ პარლამენტის საქმეა. სასწრაფოდ უნდა გადაიხედოს ის ხელშეკრულებები, რომელიც ხელისშემშლელია. კარგი იქნება თუ ამაში არასამთავრობოებიც ჩაერთვებიან. არ არის აუცილებელი, რომ მოვიწვიოთ უცხოელი ექსპერტები. ელემენტარული ხელშეკრულებებია და ის, რაც ქართველ ერს და საქართველოს რეალობას არასამართლიანად, ხელის შემშლელად მიაჩნია, აუცილებლად უნდა მოიხსნას. - თუ მოხდა ჯარების გაყვანა ან გადაყვანა ღალიძგამდე, შესაძლებელია თუ არა ამ შემთხვევაში კოდორის ხეობა დატოვონ ჩვენმა ფორმირებებმა, ანუ მოხდეს გაცვლა? - არანაირი გაცვლა არ უნდა მოხდეს. ეს არის ქართული ტერიტორია, ქართული სახელმწიფოს მიწა, მადლობა ღმერთს, რომ ერთი გოჯი მაინც დაგვრჩა აფხაზეთში, სადაც ქართული იურისდიქცია ვრცელდება. რას ნიშნავს აფხაზურ-რუსული იურისდიქცია, ეს ნახა გალის მოსახლეობამ. 1700-ზე მეტი დაღუპული და უამრავი საშინელი ფაქტია. ამასთან მოვიყვან ისრაელის მაგალითს. იქნებ ვიღაცამ მითხრას, სად ისრაელი და სად ჩვენო, მაგრამ დავაკვირდეთ. როგორ არ ტოვებს ისრაელი უპასუხოდ არცერთ ტერორისტულ აქტს. ყოველთვის აკეთებს შესაბამის რეაგირებას და არა მხოლოდ დიპლომატიურს, არამედ ძალისმიერ მეთოდებსაც მიმართავს. 11 ოქტომბრის მერე აღმასრულებელი ხელისუფლება უნდა მომზადებულიყო, მაგრამ გარკვეული ობიექტური მიზეზები ჰქონდათ. ბიუჯეტი, მთავრობის დამტკიცება. რუსი ე.წ. სამშვიდობოები ერთ დღეში მაინც არ გავლენ. აღმასრულებელმა ხელისუფლებამ რომც მიიღოს გადაწყვეტილება, ელემენტარული მომზადება სჭირდებათ ძალოვან სტრუქტურებს, რათა გალის რაიონში არ მოხდეს შემდგომი გართულებები. ის, რომ ამბობენ, მერე აიღებენ ზუგდიდს, მერე აიღებენ ქუთაისს და მერე თბილისს, ეს არაქართული ცნობიერებიდან მომდინარეობს. ისე, თბილისსაც თუ აიღებენ, სჯობს ვიდრე ნაწილ-ნაწილ დაგვანაწევრონ.
(c) გაზეთი "საქართველო"
2002 მოგვწერეთ opentext@flashmail.com |