|
"საქართველო "
საქართველოს ესეც ეხება - მაგრამ არაპირდაპირ
იტალია ერთი იმათგანია, ვინც ყველაზე მეტი მოიგო ევროკავშირში ყოფნით. დღეს რომ იგი "დიდი შვიდეულის" ერთ-ერთი წევრია, ამაშიც მის მიერ ევროკავშირში ყოფნით მოპოვებულ წარმატებას დიდი როლი აქვს. იტალიის დამოკიდებულება ევროკავშირისადმი, ტრადიციულად, უკრიტიკო ერთგულებით ხასიათდება, მაგრამ ა. წ. 5 იანვარს ექვსი თვის სამსახურის შემდეგ გადადგა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი რუჯიერო - მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა, "ფიატის" ფირმის ერთ-ერთი მესვეური, რომელიც ევროპული ორიენტაციის (ე. ი. ევროკავშირზე ორიენტაციის) სიმბოლოდ იყო მიჩნეული. მანამდეც იტალიამ ორიოდე "არაევროპული" ნაბიჯი გადადგა - მან უარი თქვა ძალიან ძვირი სამხედრო აერობუსის მშენებლობაში მონაწილეობაზე და ცუდად შეჰხვდა დაპატიმრების სანქციათა საერთო ევროპული მასშტაბით შემოღების გეგმას, აგრეთვე გულგრილობა გამოიჩინა ევროს პერსპექტივისადმი - მაგრამ ეს არავინ შეიმჩნია. ბუნებრივია ეჭვი, რომ რუჯიეროს ესოდენ ადრეული გადადგომა იტალიის ან, როგორც მინიმუმი, მისი მთავრობის ახალი მეთაურის ბერლუსკონის ორიენტაციის შეცვლაზე მეტყველებს. მაგრამ ძალიან ცალსახა დასკვნის გაკეთებას ხელს უშლის იტალიელ პოლიტიკოსთა "თავისებური" ზნე-ჩვეულებები - სახელდობრ, ის, რომ ისინი არცთუ იშვიათად ევროპულ ორგანიზაციათა ცენტრებში გამგზავრებას არ იზარებენ ხოლმე მხოლოდ იმ მიზნით, რომ თავის იტალიელ კოლეგებსა და მეტოქეებს ამ უფრო "მაღალ" ინსტანციებში დისკრედიტაცია მოუწყონ. ამ "შინაურულ" კონტექსტში შეიძლება საგარეო საქმეთა მინისტრის ნაბიჯიც აიხსნას როგორც ერთგვარი პროტესტი მეტისმეტად ამპარტავანი პრემიერის წინააღმდეგ. მიუხედავად ამ "შემარბილებელი" გარემოებებისა ჟურნალი "თჰე Eცონომისტ" უფრო მეტ ნიშნებს ხედავს იტალიის საგარეო პოლიტიკის ერთგვარი ცვლილების წინასწარმეტყველებისათვის, ვიდრე მისი უცვლელობის მოლოდინისთვის. ალტერნატივაა - არც მეტი, არც ნაკლები - "იტალიის ეროვნული ინტერესების დაცვა", რომლებიც ზუსტად არ ემთხვევა ევროპისას. საქართველოსთვის ის, რაც იტალიაში ხდება, ორმაგად საინტერესო და მნიშვნელოვანია. ჯერ ერთი, ამ ეპიზოდიდან ჩანს, რომ საკუთარი ინტერესების დაცვა არ ნიშნავს მეგობრებთან და მოკავშირეებთან ურთიერთობის წახდენას და ყოველ ხელისუფლებას ჰმართებს აქედან დასკვნების გამოტანა, თუკი დასკვნის უნარი აქვს. მეორეც, სადაც არ უნდა ეძებოს იტალიამ თავისი "ეროვნული ინტერესების დაცვა", შეუძლებელია, ამ განვითარებული ინდუსტრიული ქვეყნის თვალი არ შეჩერდეს განვითარებულ (კადრებით მდიდარ და ფულით დღეს ღარიბ) საქართველოზე (და, ალბათ, სომხეთზეც და ნაწილობრივ აზერბაიჯანზეც), როგორც იმ პლაცდარმზე, საიდანაც მას შეუძლია აზიის ბაზრებს შეუტიოს, თუნდაც ამწყობი საწარმოების აქ მოწყობის ფორმით. ამ შესაძლებლობის გამოუყენებლობა საქართველოს ხელისუფალთა მხრიდან ან პირდაპირი ღალატია ქვეყნის ინტერესისა (როგორიცაა, მაგალითად, ევროპული ფირმის ხელოვნური განდევნა რუსთავის მეტალურგიული ქარხნიდან), ან დანაშაულებრივი მოუფიქრებლობა.
(c) გაზეთი "საქართველო"
2002 მოგვწერეთ opentext@flashmail.com |