"საქართველო "
# 2
6 თებერვალი, 2002 წელი

საქართველოს პრობლემები ინტერნეტში

მსოფლიო საინფორმაციო სისტემაში - ინტერნეტში - საქართველოს პოზიციების დაცვა შრომატევადიცაა და ძვირიც. საკმარისია ითქვას, რომ მხოლოდ არძინბას ხროვის ანტიქართული პუბლიკაციები, რაც პირველი გეცემათ თვალში, როცა თემაზე "აფხაზეთი" ცნობების მოგროვებას მოისურვებთ, სპეციალისტთა გაანგარიშებით თვეში დაახლოებით 50 ათასი დოლარი ჯდება (ძირითადად, თვალსაჩინო მასალის სახით). საქართველო ამის შესაბამის ფულს არ ხარჯავს (უფრო ზუსტად - სულ არაფერს არ ხარჯავს) ცნობილი მიზეზების გამო. მაგრამ საქართველოს ერთგული ხელისუფლება შეძლებდა - ზემოხსენებულზე ორმოცდაათჯერ და ასჯერ ნაკლები ხარჯით - საკუთარი სიტყვიერი ინფორმაციის შეყვანას მაინც, რომელიც მოწინააღმდეგის ყალბ ინფორმაციას გააბათილებდა, და შეეძლო, ამასთანავე, თავისი ოფიციალური სტატუსიდან გამომდინარე, სათანადოდ დალაპარაკებოდა იმ ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც ყალბ ინფორმაციას იმეორებენ და ავრცელებენ.

ქვემოთ ვბეჭდავთ დეზინფორმაციის ამ უხვი ნაკადის ერთ-ერთ (გერმანულენოვან) ნიმუშს, რომლის სიყალბის დასანახადაც საქართველოს მოქალაქეს საშუალო განათლება ეყოფა.

ხალხთა კონფლიქტები საქართველოში

ქართულ-აფხაზური კონფლიქტი

კონფლიქტის მხარეები:

აფხაზები და ქართული სამთავრობო ჯარები (ქართველი მოსახლეობა, როგორც მხარე, ნახსენები არაა. რედ. შენიშვნა).

მიზეზები:

საქართველოს ჩრდილო-დასავლეთში 1930 წლიდან არსებობს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა. ამ რეგიონულ ტერიტორიულ ერთეულში აფხაზები არიან უმცირესობა (90 000 სული 500 000-ზე მეტიდან). საკავშირო ხელშეკრულების დადების (იგულისხმება: სსრკ-ს შექმნის. რედ.) დროს 1922 წელს აფხაზეთი ეკუთვნოდა ამიერკავკასიის ფედერაციის ოთხ თანასწორუფლებიან რესპუბლიკათა რიცხვს. ეს ნიშნავდა გათანაბრებას და ეს გარემოება მნიშვნელოვან როლს თამაშობს თვითცნობიერებისათვის. დიდ როლს თამაშობს ისიც, რომ შუა საუკუნეებში აფხაზეთი იყო დამოუკიდებელი სამეფო, რომელიც საქართველოს შეუერთდა.

აფხაზებსა და ქართველებს შორის მნიშვნელოვანი რელიგიური და კულტურული განსხვავებებიც არსებობს, რადგან აფხაზები ოსმალური გავლენის ქვეშ იმყოფებოდნენ და ნაწილობრივი ისლამიზაცია განიცადეს...

მაგალითად, ქართული ანბანის შემოღებით ან დედანეზა სწავლების გაუქმებით მათ (ქართველებმა) შელახეს აფხაზთა ეროვნული ცნობიერება. გარდა ამისა, აფხაზები უჩიოდნენ სამეურნეო ექსპლუატაციას თბილისის მიერ.

ცალკე გვერდი ისტორიული ფონისათვის.

მიზნები:

აფხაზები მოითხოვენ აფხაზური ენის აღიარებას განათლების სისტემაში და თბილისის მიერ ეკონომიკური ექსპლუატაციის გაუქმებას.

პრობლემის გადაჭრის წინადადება:

1978 წელს სსრკ მინსაბჭომ გამოსცა რეზოლუცია აფხაზეთში სამეურნეო და კულტურული განვითარების ხელშეწყობის შესახებ. სოხუმს (აფხაზეთის დედაქალაქი) მიეცა საკუთარი უნივერსიტეტი და დაიწყო ტელეგადაცემები აფხაზურ ენაზე.

შემდგომი მოთხოვნები:

აფხაზები მეტს ითხოვენ. ისინი მოითხოვენ საქართველოდან გამოყოფას და თავისი ავტონომიური რესპუბლიკის დაქვემდებარებას რუსეთისადმი.

შედეგები:

ქართველები ზემოთქმულს უპირისპირებენ მტკიცებას, აფხაზეთი საქართველოს ეროვნული ისტორიის განუყოფელი შემადგენელია და საქართველოს ისტორიული ტერიტორიის განუშორებელი ნაწილიაო. აფხაზეთში მაცხოვრებელი ქართველები უჩივიან ანტიქართულ დისკრიმინაციას ბინების განაწილების დროს.

საქართველოს დამოუკიდებლობის კურსი სსრკ-ის დაშლის პროცესში აძლიერებს უმცირესობებით დასახლებულ ადგილებში (საქართველოსაგან) გამოყოფის ტენდენციებს. 1989 წელს ძალაში შევიდა კანონი, რომ მოკავშირე რესპუბლიკის ყველა სკოლაში ქართული ენა სავალდებულო საგანი უნდა გახდეს.

გამსახურდიას ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ 1990 წელს გამწვავდა ეთნიკური დაძაბულობები. 1991 წლის მაისში სოხუმის ხელისუფლებასთან შეთანხმებით საბჭოთა საპარაშუტო ნაწილების სოხუმში გადადისლოცირება მოხდა. 1991-92 წლების ზამთარში აფხაზეთი ჩათრეული აღმოჩნდა საქართველოს შინაომში, რომლის დროსაც დამხობილი პრეზიდენტი გამსახურდიას მომხრენი დასავლეთ საქართველოში გამაგრდნენ.

1993 წელს აფხაზეთში ესკალირებადი (მზარდი, რედ.) ბრძოლების შედეგად საქართველო სახელმწიფო კატასტროფის პირზე დადგა. დსთ-ში შესვლისა და რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობის წყალობით საქართველომ მიიღო რუსეთის მხარდაჭერა თავისი ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების საკითხში. მანამდე ცოტა ხნით ადრე რუსებმა მხარი დაუჭირეს აფხაზურ მხარეს. იკარგება ტერიტორიის აფხაზური ნაწილი, მაგრამ ამას მოაქვს მდგომარეობის სტაბილიზაცია საქართველოში.

ოსურ-ქართული კონფლიქტი

კონფლიქტის მხარეები:

სამხრეთ ოსები და სამთავრობო ჯარები

მიზეზები:

ოსები, ირანულენოვანი ხალხი, რომელიც ცენტრალური კავკასიონის მთავარი ქედის ჩრდილოეთით და სამხრეთით სახლობს, რეგიონში წარმოებული საბჭოთა პოლიტიკის შედეგად გაყოფილ ხალხად იქცა. უფრო დიდი, ჩრდილოეთი ოსეთი 1936 წელს ავტონომიური რესპუბლიკა გახდა, სამხრეთ ოსეთი 1922 წლიდან საქართველოს ავტონომიურ ოლქად მოეწყო.

საქართველოსთან კონფლიქტი აქაც, ისევე როგორც აფხაზეთის შემთხვევაში, გაამწვავა საქართველოს მისწრაფებამ დამოუკიდებლობისადმი სსრკ-ს დაშლის პროცესში.

1989 წელს ჩნდება სამხრეთ ოსეთის "სახალხო ფრონტი", რომელიც მოითხოვს კვლავ გაერთიანებას ჩრდილოეთ ოსეთთან. კონფლიქტის ორივე მხარე მუშაობს ისეთ ქმედებათა გამოყენებით, როგორიცაა მძევალთა აყვანა, ცეცხლის წაკიდება და ხოცვა.

1990 წლის 9 სექტემბერს სამხრეთ ოსეთმა გამოაცხადა თავისი სუვერენობა და გამოაცხადა "სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა". 1990 წლის დამლევს გამსახურდიას ხელისუფლების დროს ოლქის ავტონომია გაუქმდა და მას შემდეგ კონფლიქტი გამუდმებით გიზგიზებს სამხედრო დაპირისპირებებისა და ეთნოსთაშორისი კოლიზიების (შეჯახებების. რედ.) სახით.

მიზნები:

სამხრეთ ოსები მიისწრაფიან რუსულ სამფლობელოში მდებარე ჩრდილოეთ ოსეთთან შეერთებისკენ.

პრობლემის გადაჭრის წინადადება:

ორივე მხარე იწყებს ერთმანეთს შორის მშვიდობიან მოლაპარაკებას, მაგრამ ხდება ამ მოლაპარაკებათა ტორპედირება გამსახურდიას შეიარაღებულ მომხრეთა მიერ.

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს შეიარაღებული ძალები 1992 წლის აპრილში ტოვებენ თავის პოზიციებს. 1992 წლის მაისში შევარდნაძემ და სამხრეთ ოსეთის პარლამენტის თავმჯდომარემ მოილაპარაკეს სისხლისმღვრელ ბრძოლათა შემდეგ ცეცხლის შეწყვეტაზე სამხრეთ ოსებსა და მთავრობის ჯარებს შორის.

შედეგები:

ამ კონფლიქტში მოკვდა 450-ზე მეტი ადამიანი. 20 ათასზე მეტი ქართველი ლტოლვილობაში წავიდა სამხრეთისკენ, ხოლო მრავალი სამხრეთი ოსი - ჩრდილო ოსეთისკენ.

წყაროები:

"ამნესტი ინტერნეიშენელის" წლიური ანგარიში, 1996

პოლიტიკური ლექსიკონი, დსთ. BECK-ის რიგი

ჰერენბერგის ლექსიკონი

INFORMATIONEN FUR BILDUNG, ნაკვეთი 249.



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2002

მოგვწერეთ opentext@flashmail.com