|
"საქართველო "
ბუნებრივი აირით მოწამვლა - უბედური შემთხვევები თუ გამიზნული ქმედება?!
ბუნებრივი გაზის მომხმარებლები უბედური შემთხვევებისგან სრულიად დაუცველნი არიან. კვირა არ გავა, საინფორმაციო საშუალებებმა სამწუხარო რეალობა არ გვამცნონ, აქ აფეთქება მოხდა, იქ ხალხი დაიხოცაო. ბუნებრივი აირის ექსპლოატაციამ დედაქალაქში 30-მდე ადამიანი იმსხვერპლა, ხოლო 100-ზე მეტი მოიწამლა. თბილისის გაზმომარაგებაში კი პრობლემები თანდათან მატულობს. ბოლო დღეებში გამანაწილებელ პუნქტებში დაუდგენელი პირების მიერ ურდულების გატეხვის და არსებული რეჟიმის მაღალი წნევით შეცვლის ფაქტების დაფიქსირების შემდეგ საზოგადოებაში ავად გახმოვანდა, სხვა რომ ვერაფერი მოუხერხეს, მთავრობა გაზით ხოცავს ხალხსო. ამ პრობლემას მოგვარება სჭირდება. ვინ არის პასუხისმგებელი ათობით დაღუპულ, მოწამლული ადამიანის სიცოცხლეზე? არსებულ ვითარებაში დამნაშავის პოვნა შეუძლებელია, მით უფრო, რომ იგი ერთი კონკრეტული პირი არ გახლავთ. "თბილგაზი" პასუხისმგებლობას იხსნის, მით უფრო არაფერ შუაშია "საქგაზიც", მთავრობაც(?!). ამასობაში კი სიცივისგან გათოშილი მოსახლეობა ერთი მეორის მიყოლებით ტოვებს საქართველოს და იმ ქვეყნად მიემგზავრება, საიდანაც ემიგრანტები არ ბრუნდებიან. ასე ნელ-ნელა დაიცლება საქართველო, ზოგი შიმშილით, ზოგი წყურვილით, ზოგი უბედური შემთხვევით დაიღუპება და თუ ფრთხილად არ ვიქნებით, ერთი ავად ნათქვამი სიტყვა: "საქართველო უქართველებოდ", წინასწარმეტყველებად გვექცევა...
(c) გაზეთი "საქართველო"
2002 მოგვწერეთ opentext@flashmail.com |