"საქართველო "
# 3
5 მარტი, 2002 წელი

რა საიდუმლო სია აქვს ჯანო ჯანელიძეს?!

ედიტა გაბელია

ბოლო დროს უცნაურად განვითარებულმა მოვლენებმა და მოულოდნელად დატრიალებულმა ტრაგედიამ "პროგრამიდან" ამოაგდო აფხაზეთის განათლების მინისტრის - ჯანო ჯანელიძის საკითხი. მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა აჭარის ლიდერი ასლან აბაშიძე "მამაძაღლოთი" მოიხსენია, მთელი "აღორძინება" მის წინააღმდეგ აღსდგა. ჯანელიძის გადადგომის მოთხოვნა მათი დღის წესრიგიდის უმნიშვნელოვანეს კომპონენტად იქცა. ნუგზარ საჯაიას სიკვდილმა და პანკისში განვითარებულმა მოვლენებმა "დუღილის ტემპერატურა" მოულოდნელად დააგდო. მგონი, აბაშიძის "მამაძაღლობა" გადაავიწყდათ კიდეც. სად არის და რა ბედი ეწია ჯანო ჯანელიძეს-მეთქი, მაინც დავინტერესდით. "თქვენ რა, ჩემი გადადგომა გინდათ", პირველი, რაც აფხაზეთის განათლების მინისტრმა მითხრა სატელეფონო საუბრისას, ეს სიტყვები გახლდათ. ვისაუბროთ-მეთქი, ბედი ვცადეთ. საუბარი უცერემონიო გახლდათ. კარგად ჩანდა, ბატონ ჯანოს მღელვარება ჯერ არ დასცხრობოდა.

- ბატონო ჯანო, თქვენსა და "აღორძინებას" შორის დაწყებული კონფლიქტი ჩაცხრა თუ ისევ ვითარდება?

- იმდენი ცუდი რამე მოხდა, რომ მე ჩრდილში მოვექეცი. ნუგზარ საჯაიას რაც მოუვიდა, ამათი ნამოქმედარია. მე მაქვს სია, სადაც მიწერია, ვის მოუწყვეს ამათ ე. წ. იდეოლოგიური ტერორი (სიას მაჩვენებს). ჩამოგითვლით: თემურ შაშიაშვილი, ვაჟა ლორთქიფანიძე, გენო კალანდია, ლომინაძე... ავთანდილ იოსელიანი და ბოლოს საჯაია. სიკვდილამდე კარგადა თქვა ნუგზარ საჯაიამ, მორალურ ტერორს მიწყობენო.

- ამ ყველაფერს მაინც საწყისი აქვს და ეს ყველაფერი თქვენს მიერ სესიაზე ნათქვამ "მამაძაღლოს" მოჰყვა. ბატონო ჯანო, რამ აგაღელვათ ისე, რომ განათლების მინისტრისთვის შეუფერებელი სიტყვა წარმოთქვით იმხელა საზოგადოებაში...

- მამაძაღლი ბილწსიტყვაობას არ ნიშნავს! მე ლექსიკონში ვიხედები და თქვენც ჩაიხედეთ. ვინც ძაღლია, ძაღლი უნდა უწოდო, ვინც მამაძაღლი, არც იმას უნდა დაუკარგო თავის სახელი...

ასლან აბაშიძე კარგი ბაბუის შვილიშვილია. მემედ აბაშიძემ საქართველოსთვის გასწირა თავი და უსამართლოდ დახვრიტეს. ასლანს კი ღირსეული შვილიშვილი ჰქვია თუ არა, თავად განსაჯეთ. მაგას კარგი "ბაბაია" უდგას უკან და ისე აკეთებს საქმეს. იცით თქვენ, ვინ არის ეს "ბაბაია"?

- ვინ არის?

- რუსეთი... რუსეთი...

- საჯაიას მკვლელობა თუ თვითმკვლელობა "აღორძინებიდან" მოდისო, რომ თქვით, რას გულისხმობდით?

- მე არც იურიდიული, არც ფაქტობრივი მასალა არა მაქვს, რომ ასეთი რამ დავაბრალო ვინმეს, მაგრამ... იმხელა სტრესში მოახვედრეს ეს კაცი, იფიქრა, ამ ქვეყნად ცხოვრება აღარ ღირსო. არ იყო პატარა კაცი ნუგზარ საჯაია...

- ბატონო ჯანო, პარლამენტი ისევ ალაპარაკდა აფხაზეთში დაბრუნებაზე, მორიგი თამაში ხომ არ არის ესეც?

- ჩვენს პარლამენტს ვინ ჰკითხავს ამას, ეს დიდი პოლიტიკური საქმეა. მთავარია, ამერიკა და რუსეთი როგორ მორიგდებიან.

- კი, მაგრამ ეს ხომ შინა პოლიტიკური საქმეა?

- ეს ხომ კავკასიაა, ყველაზე ცხელი წერტილი. თქვენ რა გგონიათ, მაცხოვრის კვართი აქ რომ მარხია, შემთხვევითია, ან სამი მოციქული აქ რომ არის დაკრძალული, ესეც შემთხვევითობაა?

- დევნილთა ყრილობა რომ ჩატარდა იქ რატომ არ ბრძანდებოდა აფხაზეთის განათლების მინსიტრი?

- მე ასეთ ფარსებზე არ დავდივარ, შეიძლება წავიდე ცირკზე, სპექტაკლზე, მაგრამ ყალბი რეჟისორის მიერ დადგმულ, კაკუბავას მიერ დადგმულ სპექტაკლზე წასვლა სისულელე იქნებოდა.

- ბატონო ჯანო, აღორძინება მოითხოვდა თქვენს გადადგომას თუ გადაყენებას. თქვენის აზრით, როგორი დასასრული ექნება ამ ყველაფერს?

- ბიჯო, აღორძინებამ დამნიშნა მე ამ თანამდებობაზე? იცით რა მოხდებოდა, მე რომ გადავეყენებინე? ოცდაათი ათასი კაცი დადგებოდა აქ, ჩემს დასაცვად, მაგრამ ბატონმა თამაზმა პრინციპული პოზიცია დაიკავა. ბატონმა პრეზიდენტმაც ნახა ჩემი გამოსვლები და თქვა რაღაც ჩემზე, მაგრამ მე ამას არ გეტყვით, ისე კარგი რაღაც უთქვამს.



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2002

მოგვწერეთ opentext@flashmail.com