|
"საქართველო "
თამარ ჩხეიძე: "არცერთი ქვეყანა ისეთ საფრთხეს არ წარმოადგენს საქართველოსთვის, როგორც რუსეთი" ფიქრია გოგოლაძე
- ქალბატონო თამარ, საუბარი დავიწყოთ ბოლო პერიოდში საქართველოში განვითარებული მოვლენებიდან. პირველი ყველაზე გახმაურებული ფაქტი ნუგზარ საჯაიას თვითმკვლელობა იყო. თქვენ რა მიზეზს ხედავთ უშიშროების საბჭოს მდივნის ამ ქმედებაში? - კონკრეტულად საჯაიას შესახებ ინფორმაცია ნაკლებად მომეპოვება, მაგრამ ის, რომ ეს არ შეიძლება ყოფილიყო შედეგი საგაზეთო პუბლიკაციების, ეს ნათელია. ამას უფრო სერიოზული საფუძველი უნდა ჰქონოდა, ვიდრე კაკუბავას და სხვა მსუბუქი ჟანრის პოლიტიკოსების განცხადებებია. ალბათ, უფრო სახელისუფლო ინტრიგების ასახვა უნდა იყოს ეს. უბრალოდ შესაძლოა, რომ კაკუბავას განცხადებები იქნა გამოყენებული ან შეიძლება წინასწარაც კი დაგეგმილი იმისთვის, რომ შემდეგ მასზე შეეხოცათ ხელი. - საჯაიას თვითმკვლელობამ ხომ არ დააჩქარა მოვლენები. ვგულისხმობ ამერიკელების მიერ ანტიტერორისტული კამპანიის დაწყებას პანკისის ხეობაში. რადგანაც ბოლო პერიოდში უშიშროების მდივანი სწორედ ამ საკითხებზე მუშაობდა? - მე არა მგონია, რომ ასეთ მნიშვნელოვან საკითხებში გადამწყვეტი როლი ჰქონოდა ამ ფიგურას. თუმცა ინფორმაციას არ ვფლობ და ამიტომაც მიჭირს განსჯა. - ხომ არ ურევია რუსეთის ხელი ამ თვითმკვლელობაში? - არა მგონია, საეჭვოა. - როგორ შეაფასებდით ამერიკელების მიერ ანტიტერორისტული კამპანიის დაწყებას პანკისის ხეობაში? - აშკარაა ამერიკის ინტერესი კავკასიაში შემოსვლისადმი, რაც აშკარად გამოიკვეთა. თუმცა გადაჭარბებული იყო იმის განცხადება, რომ რაღაც სამხედრო ოპერაცია იგეგმება. ინტერესი რომ სერიოზულია, ეს სრულიად აშკარაა და ამის გამოყენება ძალიან კარგად შეიძლება, ჩვენ რომ ნორმალური ხელისუფლება გვყავდეს. ახლა ჩემთვის გასაგებია ის განცხადება, რაც ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა გააკეთა პანკისში ტერორისტების ყოფნის შესახებ. ე. ი. მე ვფიქრობ, რომ ამერიკამ უპასუხა რუსეთს, რომელიც ცდილობდა ვითომდა ტერორისტების არსებობის მიზეზი გამოეყენებინა იქ ცხვირის ჩასაყოფად. ამერიკამ სრულიად სერიოზულად აგრძნობინა რუსეთს თავისი ინტერესები და რუსეთის დაწყებული ტერორისტების თემა პანკისში მის წინააღმდეგ შეაბრუნა. ამერიკელების შემოსვლა თავისთავად დადებითი პროცესია, მაგრამ როგორც ყველა დადებით პროცესს, ამასაც გამოყენება დადებითად სჭირდება. - როგორ ფიქრობთ, ეს მოვლენები შევარდნაძის სკამის გამაგრებას შეუწყობს ხელს თუ საქართველოს წაადგება? - საქართველოსთვის არის კარგი. თვითონ შევარდნაძისათვის არა მგონია, რომ ეს სასიამოვნო პროცესი იყო. იმიტომ, რომ შევარდნაძე, თუკი გადავხედავთ მთელს მის მოღვაწეობას და ძირითად სტრატეგიულ საკითხებში მის პოლიტიკას, ის მართალია ცდილობდა გარკვეული ილუზიის შექმნას, ვითომ პროდასავლურ კურსს ატარებდა, არსებით საკითხებში ყოველთვის რუსეთის ინტერესებს ატარებდა, თუმცა ფინანსურად დასავლეთზე დიდადაა დამოკიდებული. არის ისეთი მსოფლიო პროცესები, რომლის წინაშეც ცხადია შევარდნაძე უძლურია და არ შეუძლია ამას წინააღმდეგობა გაუწიოს. იგივე სტამბულის ხელშეკრულებებიც იყო რუსეთისა და საქართველოს ფაქტის წინაშე დაყენება. - თქვენი აზრით, რუსი დეპუტატების განცხადება, რომ საქართველოში მდგომარეობა დაიძაბებაო, ხომ არ გულისხმობდა სამცხე-ჯავახეთსა და სხვა რეგიონებში დაძაბულობას? - ნებისმიერ რეგიონში სიტუაციის არევა და მისი წარმართვა საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ არის ისევ ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკის შედეგი. რუსეთს, რა თქმა უნდა, ასეთი სურვილი აქვს. რუსეთი ვერაფერს შეძლებს, რომ არ ჰქონდეს საქართველოს ხელისუფლების ხელშეწყობა. აქედან გამომდინარე, ეს მუქარა რუსეთის მხრიდან სერიოზული არ არის და არ იქნებოდა ყურადღების მისაქცევი, რომ არა საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა. - რას იტყოდით ორგანიზაცია "ჯავახკის" განცხადებებზე? - თავისთავად ეს ორგანიზაციაა საშიშროების შემცველი. ჯავახეთში არსებული მდგომარეობა მთლიანად საშიშროების შემცველია. საქართველოს ხელისუფლება რომ იყოს თავის სიმაღლეზე, მაშინ ვერაფერს შეძლებდნენ, მაგრამ რამდენადაც საქართველოს ხელისუფლება რუსეთის ინტერესებს ახორციელებდა დღემდე და გამორიცხული არ არის, ეს ასე გაგრძელდეს. - არის ასეთი ვერსია, რომ პანკისის ხეობა გაიცვალა აფხაზეთსა და სამაჩაბლოში. თქვენი აზრი? - დიახ, არის ასეთი აზრი, მაგრამ მე არ მგონია, რომ ეს ერთობლივი გარიგების შედეგი იყო. ისე გამოიყურება მოვლენების განვითარება, რომ ეს იყო ამერიკის პასუხი რუსეთის ხანგრძლივ მცდელობებზე, რომ ტერორისტული თემის მუსირებით მიეღო სარგებელი პანკისის ხეობაში. ამაზე ამერიკამ ძალიან გონივრული პასუხი გასცა. თავისთავად არცერთი ქვეყანა ისეთ საფრთხეს არ წარმოადგენს საქართველოსთვის, როგორსაც რუსეთი. ზოგადად მე მომხრე ვარ ყველა ქვეყანასთან ურთიერთობა ფრთხილი იყოს. ყველა საკითხის და მითუმეტეს ტერიტორიული საკითხების გადაწყვეტაში ამოსავალი უნდა იყოს თავად საქართველოს სახელმწიფო და არავითარ შემთხვევაში არ უნდა ინერგებოდეს კომპლექსი, რომ ჩვენ სხვის გარეშე არ შეგვიძლია, ვინც არ უნდა იყოს ეს. თუმცა გარეშე ფაქტორების დადებითად გამოყენება შეიძლება.
(c) გაზეთი "საქართველო"
2002 მოგვწერეთ opentext@flashmail.com |