"საქართველო "
# 3
5 მარტი, 2002 წელი

ჩერნობილის ავარიის მსხვერპლნი: რა ვითარებაა საქართველოში?

2001 წლის დეკემბრის ერთ სუსხიან დღეს წალენჯიხის სამი მკვიდრი შეშის მოსატანად გაეშურა ბარბალაშის უღელტეხილისაკენ. სატვირთო მანქანა გააჩერეს და ფეხით გაუყვნენ გზას. საღამო ხანს, უკან რომ ბრუნდებოდნენ, ერთ დიდ ლოდთან რაღაც საგანი შენიშნეს. მივიდნენ, ნახეს, სამხედროების ქურა ეგონათ, სიმხურვალეს გამოსცემდა როგორც ღუმელი. ალბათ, ჩეჩნები იყენებდნენო, ჩათვალეს. ჩეჩნები იქ სამხედრო მანქანებით აუყვანიათ მესტიის გავლით 1 თვით ადრე.

გულადი მიქავა: სწორედ იმ ადგილას იყვნენ დაბანაკებულნი. სიგარეტსაც არ ეწეოდნენ, არ შეგვნიშნონო, ძალიან ფრთხილობდნენ. მე მძღოლი ვარ და იმ გზაზე ხშირად მიხდებოდა მოძრაობა, ამიტომ ვიცი.

"ქურა" აიღეს, იქვე ლოდთან დადეს და დასხდნენ წასახემსებლად. ციოდა, უღელტეხილზე თოვლი იდო. "ქურას" გულად მიქავა და ნუგზარ ძაძამია მიეყრდნენ ზურგებით (სწორედ ისინი დასხივდნენ ძლიერად). "ქურა" ზურგებს უთბობდა. იქვე დალიეს არაყი, საათნახევრის შემდეგ არყით შეზარხოშებულებს დაეწყოთ უწყვეტი ღებინება. როგორღაც ჩამოაღწიეს მანქანამდე, რომელიც დაახლოებით ნახევარ კილომეტრში იდგა, მერე გაითიშნენ. მთელი ღამე მანქანაში გაუტარებიათ. დილით, როცა გამოფხიზლდნენ, სოფელში ჩასულან. ზურგზე წყლულები გვქონდაო, გვითხრეს.

ეს "ქურა" სინამდვილეში გახლდათ ენგურჰესის მშენებლობის დროს დადგმული კავშირგაბმულობის სარელეო მოწყობილობების გენერატორები, რომლებიც რადიაციულ წყაროებზე (სტრონციუმის იზოტოპზე) მუშაობდნენ და შუქურას როლს ასრულებდნენ სამხედრო თვითმფრინავებისათვის. მუშა-მდგომარეობაში, ვიდრე დაშლიდნენ, ეს გენერატორები ჩასმული იყო გამოსხივების გაუმტარ კონტეინერებში და შემდეგ ბეტონის ბუდეში. ამჯერად რადიოაქტიური სტრონციუმის გულა დამცავი გარსაცმის გარეშე, ეგდო დაახლოებით 15 კმ-ის მოშორებით ბარბალაშის უღელტეხილის წვერიდან, სადაც უნდა იყოს, სავარაუდოდ, შუქურას ბუდე.

როგორ აღმოჩნდა დაშლილი გენერატორი ასე შორს თავისი განთავსების ადგილიდან, არავინ იცის. გულადი მიქავა ვარაუდობს, რომ ვიღაცას მანქანით გადაჰქონდა, ალბათ, და დაუვარდა გზაზეო.

საინტერესოა, რა ბედი ეწიათ იმ ჩეჩნებს, ვინც ამ "ქურით" თბებოდნენ.

ასეთივე დაშლილი გენერატორი აღმოჩნდა 1998 წელს სვანეთში, სოფ. ხაიშთან. როგორც მაშინ ითქვა, მოსახლეობა მას იყენებდა როგორც მადუღარას. სპეციალისტებმა იგი გაანეიტრალეს და დააბინავეს სპეციალურ საცავში. მაშინ, 1998 წელს სოფ. ხაიშთან აღმოჩენილ გენერატორთან დაკავშირებით გამოძიება რომ ჩატარებულიყო, გამოემზეურებინათ სქემა, რომელზედაც გენერატორების განლაგების ადგილებია მოცემული (ასეთი სქემა ჰქონია კავშირგაბმულობის სამინისტროს 1982 წლიდან) და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა და წესების სახელმწიფო ზედამხედველობის ინსპექციას გაეწიათ ახსნა-განმარტებითი საუბრები ადგილობრივ მოსახლეობასთან, ვფიქრობთ, თვითმკვლელობაზე არავინ წავიდოდა და არ მიეკარებოდა შუქურებს.

წალენჯიხის რაიონში საეჭვო რადიაციული წყაროს არსებობის შესახებ 2000 წლის გაზაფხულზე ეცნობა უშიშროების სამინისტროს და შსს საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან არსებული რადიაციული უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის - ზურაბ კერესელიძის მიერ.

2001 წლის მაისში იმავე წყაროსთან დაკავშირებით სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა და წესების სახელმწიფო ზედამხედველობის ინსპექციიდან მიღებული შეტყობინების საფუძველზე ზ. კერესელიძემ მოხსენებითი ბარათი წარუდგინა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილეს - ზაალ ლომთაძეს, მასვე გადაეცა სამეგრელოსა და ზემო სვანეთის რეგიონალური სამმართველოს უფროსის ირაკლი ქოჩუას ანალოგიური შინაარსის წერილი.

ალბათ, საუბარიც ზედმეტია იმაზე, რომ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ყურადღება უნდა მიექცია, ჩატარებულიყო სრულფასოვანი გამოძიება.

ადამიანის ჯანმრთელობისათვის განსაკუთრებით საშიში ვითარების შექმნის შემთხვევაში (მათ შორის უპატრონო რადიაციული წყაროს აღმოჩენის შემთხვევაში) საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ავტომატურად უნდა აღძრულიყო საქმე და დაწყებულიყო ძიება ძალოვანი სტრუქტურების მიერ.

ძიება რომ ჩატარებულიყო, ძნელი არ იქნებოდა ამ წყაროთა განლაგების რუქების მოკვლევა (ეს რუქები, როგორც უკვე აღვნიშნეთ, კავშირგაბმულობის სამინისტროშიც ინახება), გაანეიტრალებდნენ მათ და თავიდან ავიცილებდით უბედურ შემთხვევებს.

ძიების ჩატარება აუცილებელი გახლდათ კიდევ ერთი გარემოების გამო: ალბათობა იმისა, რომ საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობას არა მარტო ენგურჰესის მიდამოებში ექნებოდა გამოყენებული რადიაციული წყაროების შემცველი ხელსაწყოები სამხედრო მიზნებისთვის, დიდია. შესაძლებელია, ასეთი ხელსაწყოები ამჟამადაც დამონტაჟებული იყოს საქართველოს სხვა რეგიონებშიც.

რადიაციული დაბინძურების ორი სახე არსებობს: რადიაციული გამოსხივების წერტილოვანი წყარო და რადიაციული ლაქა. მნიშვნელოვანია მძლავრი რადიაციული გამოსხივების წერტილოვანი წყაროების გამოვლენა, მაგრამ გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი რადიაციული ლაქების მოძიებაა. წერტილოვანი წყარო ლოკალურია და გამოვლენის შემთხვევაში მისი განეიტრალება შედარებით ადვილია, მაშინ როცა რადიაციულად დაბინძურებული ლაქა განიცდის დიფუზიას გარემოში და რაც დრო გადის, მით უფრო ფართოვდება და მეტ საფრთხეს უქმნის ადამიანს, რომ არაფერი ვთქვათ მისი განეიტრალების სირთულეზე.

საქართველოში არის როგორც მძლავრი რადიაციული გამოსხივების წერტილოვანი წყაროები (ძირითადად სსრკ-ს სამხედრო დანიშნულების ადგილებში), ასევე რადიაციულად დაბინძურებული ლაქები (ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურში 1986 წელს მომხდარი ავარიის შედეგად წარმოქმნილი).

- ჩერნობილის ავარიის შემდეგ გაზრდილი რადიაციულობა იყო ჩაიში, სხვადასხვა საკვებ პროდუქტებში, მაგრამ რომ გითხრათ, ეს კატასტროფა და საშინელებააო, სწორი არ იქნება. საგანგაშო ზომას და ფორმას ადგილი არ ჰქონია. სხვათაშორის, ერთი პერიოდი იმის მცდელობაც იყო, რომ საქართველო იმ ქვეყნების სიაში შეეტანათ, რომლებიც ჩერნობილის ავარიის შემდეგ სერიოზულად დაზარალდნენ - აცხადებს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე ზურაბ სარალიძე.

სამწუხაროდ, საქართველო რომ ჩერნობილის აეს-ის ავარიის შედეგად რადიოაქტიული ნივთიერებებით დაბინძურდა და საგანგაშოდაც, ამის უტყუარი მასალები არსებობს, ხოლო საქართველოს ეკუთვნოდა თუ არა ჩერნობილის კატასტროფის შედეგად დაზარალებული ქვეყნების სიაში მოხვედრა, ეს კიდევ ცალკე საკითხია.

სოხუმის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტის დირექტორი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი ვალტერ კაშია დაბეჯითებით ამბობს: "მე მაქვს მასალები, რომლის მიხედვითაც ჩერნობილის კატასტროფის შემდეგ რადიოაქტიური ნივთიერებებით დაბინძურებული უზარმაზარი ღრუბელი ჰაერმა წაიღო ევროპასა და შავი ზღვის სანაპიროსკენ. სამწუხაროდ, იმ პერიოდში (მაისის დასაწყისში) ჩვენთან დიდი წვიმები იყო და ეს რადიოაქტიური ნივთიერებები მთლიანად აფხაზეთისა და შავი ზღვის სანაპირო ზოლის ტერიტორიაზე "დაჯდა".

მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს ადგილობრივ ხელისუფლებას არავითარი ზომები არ მიუღია, აკადემიკოს რევაზ სალუქვაძის უშუალო მითითებით, ჩვენმა ინსტიტუტმა დაიწყო რადიაციული მონიტორინგი, რომლის მონაცემებითაც დაფიქსირებულია, როგორ იცვლებოდა რადიაცია საათების მიხედვითაც კი. სადაც რადიაციული დაჭუჭყიანება ძალიან მაღალი იყო, ის ლაქების ხასიათს ატარებდა. ძირითადი დაჭუჭყიანებაა ცეზიუმ 137, რომელიც ყველაზე საშიშია, რადგან მისი ნახევრადდაშლის პერიოდი 30 წელია. შეიქმნა რუქები, დაფიქსირდა ყველა ლაქა, გაზომვების შედეგები და ყველაფერი ადგილობრივ ხელისუფლებას ეცნობა".

იგივეს აცხადებს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის რადიაციული ბიოლოგიისა და ეკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილე, პროფესორი მარატ ციცქიშვილი: "ის, რომ საქართველო დაბინძურდა და საკმაოდ მაღალი დოზით, ეს აღიარებულია. ჩვენი ინსტიტუტი გახლდათ ერთ-ერთი ინიციატორი ამისა, ჩვენ ეს მოვასწარით სსრკ-ს დაშლამდე და ერთ-ერთი ბოლო განკარგულება ამ საკითხს ეხებოდა".

ყველასათვის ცნობილია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, პანიკის ატეხის შიშით, არაფერი გაუმხილა მოსახლეობას რადიოაქტიური ნივთიერებებით ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის დაბინძურების შესახებ. სწორედ ამიტომ თავის დროზე საქართველო არ მოხვდა უკრაინის, ბელორუსიისა და რუსეთის გვერდით ჩერნობილის ავარიით დაზარალებული ქვეყნების სიაში. 1996 წელს ვენაში ჩატარდა ჩერნობილის კატასტროფის 10 წლისთავისადმი მიძღვნილი დიდი კონფერენცია, სადაც გამოქვეყნდა ევროპის, მცირე აზიისა და ამიერკავკასიის რადიაციული დაბინძურების რუქა, რომელზეც საქართველო თეთრ ლაქად იყო. ორი წლის შემდეგ მოსკოვში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია ჩერნობილის კატასტროფის რადიოეკოლოგიური შედეგების შესახებ. იქ საქართველოდან მიწვეულნი იყვნენ სპეციალისტები, მათ შორის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის დეკანი მურად ცარციძე და პროფესორი ჯაბა ონიანი, რომლებიც რადიოეკოლოგიური უშიშროების საბჭოს წევრები იყვნენ. პირველად სწორედ მათ ატეხეს ხმაური მცდარი მონაცემების შესახებ, თითქოს საქართველოში არაფერი მომხდარა. ამ კონფერენციაზე 300-ზე მეტი დელეგატი ესწრებოდა, რომელთაც ერთხმად აღიარეს საქართველო ჩერნობილის კატასტროფის შედეგად დაზარალებულ მეოთხე ქვეყნად. ამ აღიარების შემდეგ პრაქტიკულად არაფერი გაკეთებულა.

ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, თუ აღიარებული იქნებოდა, რომ საქართველო დაზარალდა, ვის დაევალებოდა ზარალის კომპენსაციის გაცემა? ფაქტია, რომ ჩვენს ქვეყანას ერთი თეთრიც არ მიუღია.

- ზარალის კომპენსაციაზე ლაპარაკი ზედმეტია, რადგან ეს ისეთი უბედურებაა, რომელიც ვერაფრით ანაზღაურდება, თუმცა გრანტების ფორმით შეიძლებოდა ძალიან დიდი თანხის მოზიდვა, თუნდაც რეაბილიტაციის მიზნით.

როდესაც მე წამოვჭერი საკითხი დაჭუჭყიანებული ტერიტორიის შესახებ, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში ინდიფერენტულად შეხვდნენ, იმ მოტივით, რომ მოსახლეობა პანიკაში არ ჩაეგდოთ. ჩვენი პოზიციები კიდევ უფრო გააძლიერა ნიკოლაი კრიშევის წიგნმა ჩერნობილის კატასტროფის რადიოეკოლოგიური შედეგების შესახებ. მასში არის მონაცემები, რომელიც ადასტურებს, რომ ჩვენი დასკვნები სწორია, რადგან ბათუმის, სოხუმისა და ფოთის დაჭუჭყიანების დონე 5-ჯერ მეტია დასაშვებ ნორმაზე - გვითხრა ბატონმა ვალტერ კაშიამ.

ვის ევალებოდა საქართველოს დაზარალებულად აღიარებისთვის ბრძოლა და ვის უნდა ეზრუნა სარეაბილიტაციო თანხების მოზიდვაზე? ამ და ბევრ სხვა საჭირბოროტო კითხვაზე პასუხს გაზეთ "საქართველოს" ჟურნალისტური გამოძიების შედეგები იძლევა, რომელსაც მკითხველს შემდეგ ნომერში შევთავაზებთ.



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2002

მოგვწერეთ opentext@flashmail.com