"საქართველო "
# 3
5 მარტი, 2002 წელი

ნოდარ ნათაძე: საჯაიას ტრაგიკული სიკვდილი მიზანმიმართულად მოაქციეს ყურადღების ცენტრში, რომ მთავარი დაემალათ

ინტერვიუ საქართველოს სახალხო ფრონტის თავმჯდომარე ნოდარ ნათაძესთან

საქ.: - რა ხდება?

ნ. ნ. - თუ მხედველობაში გაქვთ უშიშროების საბჭოს მდივნის ნ. საჯაიას ტრაგიკული სიკვდილი, რომელიც მიზანმიმართულად მოაქციეს საზოგადოების ყურადღების ცენტრში, ეს არ არის ის მთავარი, რაც ხდება. ამაზე, თუ გნებავთ, მთავარის შემდეგ ვისაუბროთ.

საქ.: - მხედველობაში გვაქვს, რა თქმა უნდა, ამერიკელი მრჩევლების ვიზიტი და რუსების ისტერიული რეაქცია.

ნ. ნ. - მაშინ პირველ ყოვლისა მოგახსენებთ ჩემს აზრს იმაზე, რაც ჩანს, თითქოს ხდება, მაგრამ ნამდვილად არ ხდება. სახელისუფლებო მასმედია შევარდნაძის "დასავლურობაზე" ლაპარაკობს. ეს ტყუილია. შევარდნაძისა და მისი ადმინისტრაციის პოლიტიკა არც ტრიალდება დასავლეთისკენ, არც ღიად აჩენს დღეს იმას, რაც, თითქოს, ათი წლის მანძილზე გულში ჰქონდა. პირიქით. მოვლენათა განვითარება ვაშინგტონის უკანასკნელ ზარამდე, რომელმაც რუსებს პირდაპირ აგრესიაზე ხელი ააღებინა და რომლის შინაარსი ჩვენ, ბუნებრივია, არ ვიცით, შევარდნაძის ყველა ნაბიჯი სწორედ იმ მომგებიანი პოზიციის მომზადება იყო რუსებისათვის, რომელიც მათ ახლა გამოიყენეს საქართველოზე დარტყმის მოტივირებისათვის. გეტყვით კონკრეტულად. ერთ-ერთმა რუსმა პოლიტიკოსმა, რომელიც ამ რამდენიმე დღის წინ საქართველოს უტევდა, თქვა, აფხაზები აფხაზეთის მთელ ტერიტორიას აკონტროლებენ, კოდორის ჩათვლითო. ეს ტყუილია. კოდორის ხეობაში შეიარაღებული აფსუა არც შესულა და, იმედია, ვერც შევა. მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ტყუილი იურიდიულად გაფორმდა. გაფორმდა საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით ამ რამდენიმე კვირის წინ და დღეს ჩვენ წინააღმდეგ მოქმედებს. ეს სახელმწიფოს ღალატია. აქ აღარ ვლაპარაკობთ ჩვენზე შემოტევის ისეთი ბაზის მომზადებაზე გასულ წლებში, როგორიცაა არძინბასა და კოკოევის ლამის თანასწორ მხარეებად აღიარება საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებაში, იმის ნაცვლად, რომ არძინბაზე სანქცია გაცემულიყო, როგორც მასობრივ მკვლელზე, და კოკოევზე, როგორც მეამბოხეზე.

საქ.: - შევარდნაძემ რუსი პოლიტიკოსების ამასწინანდელ შემოტევას საქართველოზე "ბოდვა" უწოდა. ეთანხმებით თუ არა ამ დახასიათებას?

ნ. ნ. - ვეთანხმები. უკეთესი იყო ეს მანამდე თქმულიყო, სანამ ამ რუსულ შემოტევას დასავლეთი აღკვეთდა.

საქ.: - რუსები იქადნებოდნენ, რომ აფხაზეთის და ცხინვალის ზონის დამოუკიდებლობას ცნობენ ან მიიერთებენ საქართველოს ამ ტერიტორიებს. აქვს თუ არა საქართველოს ამ შემოტევის მოგერიების სხვა საშუალება, გარდა დასავლეთის სავარაუდო ზარისა, რომელიც თქვენ ახსენეთ.

ნ. ნ. - დიახ, აქვს. პირველი. არაოფიციალურ დონეზე უნდა დაიწყოს საქართველოს მიერ დამოუკიდებელი ჩეჩნეთის ცნობის მიზანშეწონილების საკითხის განხილვა - რა თქმა უნდა, იმის მკაფიო აქცენტირებით, რომ ჩეჩნურ-რუსულ ურთიერთობებსა და აფსუურ-ქართულ ურთიერთობებს შორის არავითარი ანალოგია არ არსებობს. აფხაზეთი ქართველი ერის ეთნიკური ტერიტორიაა, ჩეჩნეთი კი დაპყრობილი ქვეყანაა. მეტიც. ჩეჩნეთში მოქმედი კანონი, რომლის ძალითაც იგი რუსეთის შემადგენლობაშია, სხვა არა არის რა, თუ არ XIX ს-ის შუალწლებში შექმნილი ძალთა თანაფარდობის კონსტატაცია. ამ ვითარებას არა აქვს არანაირი თანხმობა ჩეჩნური მხარისა და მისი ტექსტობრივი ასახვა, ამგვარად, "კანონის" ცნებას არ უპასუხებს.

მეორე. საქართველო უნდა გამოვიდეს "ესენგედან" და, შესაბამისად, შეწყვიტოს რუსი "მემშვიდობეების" მანდატიც და საქართველოში რუსეთის ბაზების ყოფნაც.

მესამე. გაეროში საქართველოს წარმომადგენლად პ. ჩხეიძის ნაცვლად უნდა დაინიშნოს მაღალინტელექტუალური ენერგიული პიროვნება, რომელიც შეძლებს საქართველოს კანონიერი ინტერესებისა და უფლებების განმარტებას ამ მაღალი ფორუმისთვის.

საქ.: - შეუძლია ეს შევარდნაძეს?

ნ. ნ. - შევარდნაძეს ეს არ შეუძლია, მაგრამ საქართველოს შეუძლია. ეს ორი სხვადასხვა რამ არის.

საქ.: - ფიქრობთ თუ არა თქვენც, I არხის კომენტატორებივით, რომ რუსი პოლიტიკოსებისა და მასმედიის დუჟმორეული ანტიქართული კამპანია გასული კვირის მანძილზე განკუთვნილი იყო მხოლოდ რუსეთის "შინაგანი მოხმარებისათვის"?

ნ. ნ. - ამას არ ვფიქრობ. პირიქით, ეს არის "ბრძოლით დაზვერვა" იმისა, თუ როგორაა განწყობილი და რისი "მომთმენია" პარტნერი, ამ შემთხვევაში - დასავლეთი. ამერიკელებისა და რუსეთის ურთიერთობა ამ ბოლო წლებში მე ასე წარმომიდგება: ამერიკელები დიდი ხანია, რაც აღარ ევაჭრებიან რუსებს, ანუ მათთან გარიგებას აღარ ეძებენ. მათ, უფრო, ცალმხრივი "სურვილების გამოთქმით" ელაპარაკებიან, მაგრამ ამ "სურვილთა" გამოთქმას ეკონომიურად ეკიდებიან, არ უნდათ პარტნერი ზედმეტად "გადატვირთონ". რუსებიც სარგებლობენ ამით და ცდილობენ პარტნერის "სურვილსა" და "სურვილს" შორის საკუთარი გეგმები გაატარონ. თუ წინააღმდეგობა არ შეჰხვდათ, ხომ კარგი, თუ შეჰხვდათ ახალი "სურვილის" სახით, მაშინ გაჩერდებიან და უკეთეს დროს დაელოდებიან. ამჯერადაც ასე მოხდა. რუსმა პოლიტიკოსებმა ვრცლად წარმოადგინეს თავისი იმპერიული პროგრამა საქართველოსთან მიმართებაში და ეს პროგრამა სათანადო "იდეოლოგიით" შეამაგრეს: საქართველო თავის ტერიტორიას ვერ არეგულირებს, ოსი ხალხი გაერთიანებას იმსახურებს, პრეზიდენტ არძინბას და პრეზიდენტ კოკოევს საერთო-სახალხო მხარდაჭერა აქვთ, მათ დაამტკიცეს, რომ საქართველოსთანაც კი ურთიერთობა შეუძლიათ, ისინი ეფექტიანად აკონტროლებენ თავის ტერიტორიას (კოდორის ჩათვლით!) და ა. შ. საფიქრებელია, რომ რეალურად აპირებდნენ დუმის სათანადო კომიტეტში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიათა დამოუკიდებლად ცნობის "საკითხის" განხილვას. დაუქნიეს თითი ოკეანგაღმიდან - და გაჩერდნენ. მაგრამ სავსებით არც ახლა გაჩერებულან, პუტინმა თავის "მობოდიშებაში" (ყაზახეთში) მაინც თქვა, რომ საქართველოს არაფერს ერჩიან, "თუ უმცირესობებს, მათ შორის - ეთნიკურ უმცირესობებს" კარგად მოუარა. ამგვარად, საქართველოში ჩარევის საბაბს, მით უმეტეს - საქართველოს ფაქტობრივი დაშლისათვის ჩვენზე ზეწოლის ბერკეტებსა და საბაბს რუსები მაინც იტოვებენ და რუდუნებით გააგრძელებენ "მუშაობას" ამ მიმართულებით მანამდე, სანამ იმავე თითის ახალი დაქნევა კვლავ არ შეაჩერებს მათ. ასე რომ პოზიცია, "ბლეფობენ და მხოლოდ თავის ხალხს ამხნევებენ, თან ამომრჩევლების თვალში ქულებს იწერენო" მე მეტისმეტად გამსუბუქებული და გამარტივებული მგონია.

საქ.: - რუსების საუბარში მთავარი თეზისი იყო "უჩვენოდ ამერიკელები თითს ვერ გაატოკებენ. რაც ხდება, ყველაფერი ჩვენთან შეთანხმებით კეთდებაო". გჯერათ ეს? და თუ გჯერათ, რა არის ამ შესაძლო შეთანხმებათა ჩვენთვის ყველაზე უარესი სცენარი?

ნ. ნ. - სიტყვა "შეთანხმება" მე, როგორც მოგახსენეთ, უკვე ცოტა მოძველებული მგონია. ყოველ შემთხვევაში, ამიერკავკასიაში რუსების გავლენის აღდგენას - თუნდ ნაწილობრივაც კი - დასავლელები აღარ დაუშვებენ. ამ მიმართულებით არავითარი "შეთანხმება" აღარ მოხდება. რაც შეეხება ყველაზე უარეს სცენარს, მე იგი ასე წარმომიდგება (უფრო ზუსტად - წარმომიდგებოდა მანამდე, სანამ ამ რუსული მონოლოგის ტონი არ შეიცვალა): რუსეთი ცნობს აფხაზეთის და ცხინვალის ზონის დამოუკიდებლობას და საქართველო (თუკი მის პრეზიდენტს აიძულეს, სწორი ნაბიჯი გადადგას) ცნობს ჩეჩნეთის დამოუკიდებლობას. თანდათან საქართველოს მაგალითს მიჰბაძავენ სხვანიც და ჩეჩნების მაგალითს - დანარჩენი ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკები, ხოლო აშშ, რომელიც რუსეთს ამჯერად "შეუთანხმდა" (ზეპირად ან უბრალო მინიშნებით), არ გააგრძელებს დათმობის ამ პოლიტიკას და რუსეთს მკაცრად აჩერებს იმ ზღვარზე, რომ მა კავკასიონის სამხრეთით შემოღწევა ვეღარ შეძლოს. საბოლოო შედეგია: ამიერკავკასია და ჩრდილო კავკასიის სამხრეთი ზოლი არის ე. წ. "ნაკუწ" სახელმწიფოთა სივრცე, საიდანაც რუსეთის გავლენა, ფაქტობრივად, განდევნილია დასავლეთის მიერ, მაგრამ სადაც, ფაქტობრივად, არ არის ისეთი ძალისა და ერთიანი ნების მატარებელი სახელმწიფო, რომ, თუნდაც მხოლოდ ადგილობრივი მასშტაბით, პოლიტიკის რეალური და ანგარიშგასწევი სუბიექტი იყოს. ეს ის ვითარებაა, რომელსაც გულისხმობს გლობალისტური მიდგომა მსოფლიო პოლიტიკისადმი. ჩვენთვის იგი მისაღებია მხოლოდ ერთი ასპექტით - ჩვენი რეგიონიდან რუსული აგრესიული ძალის განდევნის ასპექტით. მაგრამ ყველა დანარჩენი ასპექტით იგი მიუღებელია ჩვენი ქვეყნისთვის მისი ისტორიულმასშტაბიანი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესების თვალსაზრისით. ხაზს ვუსვამ: ეს მხოლოდ თეორიული კონსტრუქციაა თქვენი თხოვნის პასუხად, რომ დავხატოთ ყველაზე ცუდი სცენარი ყველა შესაძლებელთა შორის.

საქ.: - რაზეა დამოკიდებული, ეს ცუდი შესაძლებლობა განხორციელდება თუ არა?

ნ. ნ. - კითხვაზე, რომლის პასუხი მე არ მაქვს: დასავლეთს და, კერძოდ, აშშ-ს როგორი საქართველო ურჩევნია - ძლიერი თუ სუსტი ან დანაკუწებული? მოგეხსენებათ, მეორე სახელმწიფოს სიძლიერე ნებისმიერ სახელმწიფოს უნდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი მოკავშირედ მიაჩნია. ამგვარად, ჩვენი კითხვა ასე დგას: თვლიან თუ არა ამერიკელები, რომ საქარველოს მათი მოკავშირეობის სურვილიც და პოტენციური ძალაც აქვს?

საქ.: - თქვენ როგორ ფიქრობთ?

ნ. ნ. - მართალი გითხრათ, მე ამ კითხვის პირველი ნაწილი უფრო პრობლემატურად მესახება, ვიდრე მეორე. ვინ ქმნის და ვინ გამოხატავს საქართველოს სურვილს, მის სახელმწიფოებრივ ნებას? პირველ ყოვლისა, პარლამენტი. ჩამოყალიბდეს საქართველო რეალურ სახელმწიფოდ თუ დარჩეს პარაზიტების ჭაობად, როგორიც საქართველოს ე. წ. "ესტაბლიშმენტი" დღეს არის? ეს პარლამენტის ხელშია. მისივე ხელშია იმის განსაზღვრა, გადარჩება თუ ვერ გადარჩება საქართველო ამ წუთში, ანუ დღეს, ისეთ ვითარებაში, როცა მას გაშმაგებულად აწვებიან (არ დაგავიწყდეთ: აწვებიან ამ ქვეყნისვე პრეზიდენტის მონაწილეობით!), რათა მომაკვდინებელ კაპიტულაციებზე დაითანხმონ. მაგალითებსაც დაგისახელებთ. "აწვებიან" იმ მიმართულებით, რომ აფხაზეთი "სუვერენულ სახელმწიფო წარმონაქმნად" ცნოს, შექმნას "სამხრეთ ოსეთი", ანუ ტერიტორიები დათმოს, შემოასახლოს 400 ათასი მუსლიმანი, რომელთაც საქართველოს დამოუკიდებლობას თურქეთში ყოფნა ურჩევნიათ, შემოიღოს ორმაგი მოქალაქეობა, ანუ საქართველო, ერთ მესამედად მაინც, პრივილეგირებულ უცხოელთა ქვეყნად აქციოს, შემოიღოს მიწის გაყიდვა უცხოელებზე, ანუ ქართველი ერი ერთი თაობის მანძილზე ბოგანოდ აქციოს, შემოიღოს ფედერალიზმი, ანუ ორი თაობის მანძილზე ერიც დააქუცმაცოს და ეროვნული ერთიანი ცნობიერებაც, და ა. შ. (კიდევ ერთხელ შეგახსენებთ - ყველა ამ საკითხში პრეზიდენტი "მიმწოლის" მხარეზეა, და არა ქვეყნის). ამიტომ ამჯერად ჩვენ გადავრჩით სასიკვდილო ხიფათს, მაგრამ არ ვიცით, გადავრჩებით თუ არა მას ხვალ, ზეგ და მაზეგ. ყოველ შემთხვევაში, პრეზიდენტი, როგორც ვთქვით, ბეჯითად ქმნის იმის ფაქტობრივსა და იურიდიულ წანამძღვრებს, რომ ვერ გადავრჩეთ. საქმეს არანაირად არ ცვლის ის ფაქტი, რომ, თუ ზემოხსენებული თითის დაქნევამ გადაგვარჩინა, იგი ამ დამსახურებას თავად მიიწერს და თავის თითქოსდა "დასავლური ორიენტაციას" მიაწერს. ამიტომ შექმნილ პირობებში საქართველოს სახელმწიფოს გადარჩენის ძირითადი იურიდიული და პოლიტიკური იარაღია საქართველოს პარლამენტი. საქართველოს დღევანდელი პარლამენტი, რომლის შემადგენლობა დღეს, სამწუხაროდ, დაკომპლექტებულია რუსეთის მიერ დადგენილი სიით და პარლამენტში იმყოფება გაყალბებული არჩევნების შედეგად, ვერ მიიჩნევა იმ კრებად, რომელსაც შეიძლება მიენდოს ერისთვის სასიცოცხლო საკითხების, მათ შორის - საქართველოში უცხო ქვეყნის შეიარაღებული სამხედრო მოსამსახურეების (სამხედრო ქვედანაყოფის) სიმბოლური შემოყვანა-არშემოყვანის საკითხის გადაწყვეტა. ამიტომ აუცილებელია დაუყოვნებლივ ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიული (და არა დღეს მოქმედი) საარჩევნო კანონის საფუძველზე, რომლის პროექტი (პროექტები) წარდგენილია პარლამენტში.

წინააღმდეგ შემთხვევაში სხვა გზა არ რჩება საქართველოს გადარჩენისათვის ამ კრიტიკულ ვითარებაში გარდა ან

ა) არსებული პარლამენტის იძულებითი დათხოვნისა ან ნებაყოფლობითი დაშლისა და 1990 წლის მოწვევის საქართველოს უზენაესი საბჭოს ხელისუფლების აღდგენისა, მის მიერ საპარლამენტო არჩევნების დაუყოვნებლივ დანიშვნის პირობით, ან

ბ) პოლიტიკური პარტიების მიერ დროებითი კოალიციური მთავრობის შექმნისა ამავე პირობით.

მაგრამ ეს - სხვათა შორის. პარლამენტის თემა არსებითია, მაგრამ გასული კვირის თემა ეს არ არის. საკითხი, რომელიც გასულ კვირაში ჩვენი ქვეყნის წინაშე დადგა, არანაკლებ მწვავეა და მას პასუხი ეხლავე უნდა - დღეისთვისაც და მომავლისთვისაც. ამერიკელების აქტიურმა პოზიციამ სამხედრო მიმართულებით საქართველოში ეიფორია გამოიწვია - და ეს ბუნებრივიცაა, - მაგრამ საკითხი რთულია და მისდამი მიდგომაში, ეიფორიის გარდა, მრავალმხრივი გათვლა გვმართებს. პირადად მე სწორ მიდგომად ამ საკითხისადმი მხოლოდ შემდეგი მესახება:

საქართველოს სტრატეგიული პარტნერობა ჩვენთვის მისაღებია მხოლოდ ისეთ ქვეყანასთან (ქვეყნებთან), რომელსაც აქვს ოფიციალურად გაცხადებული პოზიცია საქართველოსთვის სასიცოცხლო ყველა საკითხზე, მათ შორის - აფსუური ("აფხაზური") სეპარატიზმის მოთხოვნათა მიუღებლობის და ცხინვალის ზონაში "სამხრეთ ოსეთის" შექმნის დაუშვებლობის თაობაზე. საქართველოში უცხო ქვეყნის (ამ შემთხვევაში - აშშ-ის) შეიარაღებული ძალის შემოყვანა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ან

ა) ეს ქვეყანა საქართველოს სტრატეგიული მოკავშირეა და მას აქვს საქართველოსთან ორივე ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო კრებათა მიერ რატიფიცირებული ხელშეკრულება, რომელიც განსაზღვრავს ამ ქვეყნის მიერ საქართველოს დაცვის ვალდებულებას მასზე რუსეთის შეიარაღებული აგრესიის ან მისი ტერიტორიის სხვა რამ ფორმით ხელყოფის შემთხვევაში, ან

ბ) საქართველოს ემუქრება რეალური შეიარაღებული დარტყმა რუსეთის მხრიდან (დღეს საქართველოს ეს ხიფათი რეალურად ელის) და შემოსაყვანი შეიარაღებული ძალა (ამ შემთხვევაში - აშშ-ის ძალა) იმ ზომისა და შესაძლებლობისაა, რომ შეუძლია და მზადაა საბრძოლო მოქმედება აწარმოოს რუსული შემოტევის წინააღმდეგ.

ყველა სხვა შემთხვევაში ნებისმიერი უცხო ქვეყნის, მათ შორის - მეგობარი ქვეყნის შეიარაღებულ ძალთა შემოყვანა საქართველოში არის გაუმართლებელი რისკი.

როგორც ცნობილია, საქართველოსთვის სასიცოცხლო იმ საკითხებზე, რომლებიც ზემოთ ჩამოვთვალეთ, ჩვენ ჩვენი მეგობარი ზეგანვითარებული ქვეყნების პოზიცია ჯერ არ ვიცით, ან, თუ ვიცით, იგი არც თუ იშვიათად ჩვენი საარსებო ინტერესის ვერგაგებასთანაა დაკავშირებული და, ამდენად, მიუღებელია. კითხვა ისმის: საქართველოსთვის არის თუ არა გადარჩენა, თუ მხოლოდ ის იქნა მიღწეული, რომ რუსეთი ჩვენი ტერიტორიიდან გავიდეს (რაც ქვეყნის სახელმწიფოებრივი გადარჩენის აუცილებელი პირობაა სადღეისოდ), მაგრამ ცხინვალის ზონას "ოსეთი" ეწოდა, ჯავახეთი სომხური "ავტონომია" გახდა და აფხაზეთი "აფსუების ქვეყანად" ჩაითვალა? მე სრულებით არ მსურს საქმის ისე დახატვა, თითქოს ჩვენი და ჩვენი მეგობარი ქვეყნების ურთიერთგაგებინების პრობლემები სიმწვავის იმ რანგისა (ხარისხისა) იყოს, როგორც ჩვენი წინააღმდეგობები ჩვენს სადღეისო მოწინააღმდეგეებთან, და თითქოს არ შეიძლებოდეს მათი მოგვარება სრული ჰარმონიის სულისკვეთებით. ამისთვის საკმარისია განუმარტოთ ჩვენს მეგობარ პარტნერს, ჯერ ერთი, ის, თუ რაში მდგომარეობს ამ პრობლემათა სასიცოცხლო მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის, მეორეც, ის, რომ დასავლეთის ერთადერთი ნამდვილი თანამდგომი და მოკავშირე საქართველოში არის ქართველი პატრიოტი, მტრების ტერმინოლოგიით - ქართველი ნაციონალისტი, ანუ ის, ვინც საქართველოს დღევანდელ სიტუაციას მხოლოდ დღევანდელი მსოფლიო სიტუაციის ერთ-ერთ კერძო ელემენტად კი არ ხედავს, არამედ საქართველოს წარსული და მომავალი ისტორიის ერთ-ერთ მომენტადაც, და რომელიც საქართველოს, როგორც ქართული სახელმწიფოს, გარანტირებულ მარადიულყოფას საქართველოს დღევანდელი პოლიტიკის ერთ-ერთ გამჭოლ მიზნად თვლის. დასაშვებია, რომ ამ უკანასკნელი ჭეშმარიტების შეგონება მეგობარი პარტნერისათვის ერთგვარ დიპლომატიურ "ძალისმიერ" ილეთს მოითხოვდეს, მაგრამ ამ ილეთის უნარი შედის პოლიტიკურ სარბიელზე მყოფი პირის სავალდებულო უნართა რიცხვში, ხოლო მისი გამოყენება - სახელმწიფოს ფუნქციობისათვის აუცილებელ აქტივობათა რიცხვში.

საქართველოს ფუნდამენტური გეოსტრატეგიული და კულტურული ორიენტაცია დასავლურია. დღეს და სამომავლოდაც, ისევე როგორც მთელი მისი მრავალათასწლოვანი ისტორიის მანძილზე იყო გვიანი შუა საუკუნეების გარდა, ეს ორიენტაცია მდგომარეობს იმაში, რომ საქართველო კავკასიონის სამხრეთით მდებარე სივრცის ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულტურულ პროცესთა ორგანული მონაწილეა და ამ რეგიონს იცავს კავკასიონის ჩრდილოეთით არსებული ჭარბი ძალების შესაძლო შემოტევისაგან. ეს დაცვა ხორციელდება საქართველოს საზღვრებზე (ტერიტორიაზე) საქართველოს ცოცხალი ძალით და რეგიონში შემავალ ან რეგიონში დაინტერესებულ სხვა ძალთა (ეკონომიკური, ტექნიკური, დიპლომატიური...) დახმარებით, მაგრამ არა სხვა ქვეყნების ძალთა მიერ.

საქართველოს თავდაცვა, ამ ტრადიციული ორიენტაციის კონტექსტში ხორციელდება

- საკუთარი შეიარაღებული ძალების მშენებლობის გზით, დასავლეთის დემოკრატიათა ინტენსიური ტექნიკური, ეკონომიკური და სხვა სახის დახმარებით.

- საქართველოს ტერიტორიის დაცვით საქართველოსავე შეიარაღებული ძალების მიერ.

- საქართველოს მონაწილეობით ორმხრივსა და მრავალმხრივ სამხედრო და პოლიტიკურ კავშირებში საქართველოს მიერ სანდოდ მიჩნეულ ქვეყნებთან.

საქ.: - შევარდნაძეს იმედი აქვს, რომ ამერიკელების პოზიცია და ზრახვა, რომლითაც ისინი ჩვენთან მოდიან, მყარია. იგულისხმება, რომ ისინი არ მიგვატოვებენ რუსეთის პირისპირ მას შემდეგ, რაც თავის კონკრეტულ მიზანს მიაღწევენ - ვთქვათ, ერაყში სამხედრო ოპერაციას ჩაატარებენ - მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან საამისოდ გაფორმებული ხელშეკრულება არა აქვთ. იზიარებთ მის ამ "ოპტიმიზმს"?

ნ. ნ. - სამწუხაროდ, ვერა, თუმცა ძალიან მინდა, რომ ვიზიარებდე. მეტსაც გეტყვით. არ ვარ დარწმუნებული, რომ ასეთი პროგნოზი მისი მხრიდან "ოპტიმიზმია", ანუ რომ მას ეს მართლაც უნდა. სამწუხაროდ, საქართველოს დღევანდელი პრეზიდენტი შევარდნაძე არის პოლიტიკურად და მორალურად სავსებით გაკოტრებული ფიგურა, ამასთან - საქართველოს მოღალატე და უცხო ქვეყნის, სახელდობრ, რუსეთის აგენტი. ამიტომ დაუშვებელია ქართველი ხალხისგან და სახელმწიფოსგან მისთვის მინდობა გადაწყვეტილებების მიღებისა საქართველოსთვის სასიცოცხლო ისეთ საკითხებზე, როგორიცაა საქართველოში უცხო ქვეყნის შეიარაღებული ძალების სიმბოლური შემოყვანა-არშემოყვანის საკითხი, და შეუძლებელია იმის მოლოდინი, რომ შევარდნაძესთან საუბარში ზეპირად გამოთქმულ რამე პროგნოზს ან თუნდაც შეპირებას რომელიმე ქვეყნის ლიდერები რეალურ წანამძღვრად მიიღებენ თავისი შემდგომი პოლიტიკური ნაბიჯების განსაზღვრისათვის.

საქ.: - მივესალმოთ იმ ნაბიჯებს, რომლებიც უკვე გადაიდგა?

ნ. ნ. - დიახ, იმ ფარგლებში, რომლებიც უკვე გადაიდგა: სამი ქართული ბატალიონის გაწვრთნასა და აღჭურვას და დასავლეთზე საქართველოს პრინციპული სამხედრო ორიენტაციის გაცხადებას. წინ უნდა ვიაროთ სწრაფად, მაგრამ აწონილად, - რა თქმა უნდა, სათანადო ხელშეკრულებათა წინდახედული გათვლით და გაფორმებით. მთავარია ვიცოდეთ პარტნერის პოზიცია ჩვენს სასიცოცხლო საკითხებზე და პარტნერის ერთგულების გარანტიის ბერკეტები.



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2002

მოგვწერეთ opentext@flashmail.com