"საქართველო "
# 3
5 მარტი, 2002 წელი

"აბრეშუმის გზის" ახალი ვარიანტი

ეს გახლავთ "აბრეშუმის რკინიგზა", რომლის ამუშავებასაც დღეს სამხრეთ კორეის პრეზიდენტი კიმ-დე-იუნგი ქადაგებს. მის ამუშავებას, პირველ ყოვლისა, სჭირდება სამხრეთი და ჩრდილოეთი კორეის რკინიგზათა შეერთება 14 კმ-ის სიგრძის ლიანდაგით, რომელიც არსებობდა კორეის ომამდე 1952-53 წლებში. სამხრეთ კორეის უზარმაზარი საკონტეინერო ნავსადგურით ეს სისტემა დაუკავშირდება წყნარი ოკეანის ყველა ქვეყანას, ხოლო ვლადივოსტოკი-მოსკოვი-ევროპა ლიანდაგით - დასავლეთის ქვეყნებს. ეს გეგმა პრეზიდენტმა გამოთქვა, სხვათა შორის, სტრასბურგშიც, ევროპარლამენტის წინაშე გასული წლის 11 დეკემბერს თავისი ევროპული ტურნეს დროს. იმაზე, რომ მათი რკინიგზები შეერთდება, ჩრდილოეთი და სამხრეთი კორეა უკვე შეთანხმებულნი არიან (მიუხედავად იმისა, რომ ჩრდიოეთისაში რკინიგზას "ფართო", რუსული ყაიდის ლიანდაგი აქვს, სამხრეთისას კი "ვიწრო", ევროპულ-ამერიკული ყაიდისა). ასე რომ, ამ უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელებას წინ არაფერი უდგას.

"აბრეშუმის რკინიგზა" ჩრდილო-აღმოსავლეთი აზიისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის მომავალი (და, ალბათ, გარდუვალი) გიგანტური ეკონომიკური ბუმის მხოლოდ ერთი, ისიც შედარებით "გვერდითი" ელემენტია. მთავარია "10 + 3" უკვე შექმნილი გაერთიანების ამუშავება, რომელიც უკვე თავის საწყის ეტაპზე იმყოფება. ეს გახლავთ აღმოსავლეთ აზიის შედარებით მცირე ათი ქვეყანა, რომელიც კარგა ხანია შეკავშირებულია, პლუს სამი ეკონომიკური გიგანტი - ჩინეთი, იაპონია და სამხრეთ კორეა, რომლებიც მათ ახლახან შეუერთდნენ. ეს იქნება რეგიონული კავშირი, ევროკავშირის ტიპისა, რომელიც თავის ძალიან წონიანსა და შორსმიმავალი შედეგების მქონე სიტყვას იტყვის მსოფლიო ეკონომიკაში ახლო ხანში. ამ თემაზეც კორეელმა პრეზიდენტმა ვრცლად ილაპარაკა თავისი ევროპული ტურნეს დროს. მან თქვა, რომ ახალ დროში დასავლეთმა და მისმა დემოკრატიულმა სისტემამ დიდი პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული გავლენა მოახდინა აზიაზე, მაგრამ აზიამაც, რომელიც შუამდინარეთის, ინდისა და ყვითელი მდინარის ცივილიზაციათა სამშობლოა, ისევე როგორც კონფუციანიზმისა და ბუდიზმის სულიერი კულტურებისა, აგრეთვე მოახდინა გავლენა მსოფლიოზე ევროპის ჩათვლით. ამ ორ ურთიერთგადაბმულ კონტინენტს, სადაც კაცობრიობის სამი მეოთხედი ცხოვრობს და მსოფლიო პროდუქციის ნახევარი იქმნება, ინტენსიური ეკონომიკური და სხვა კავშირ-ურთიერთობათა უზარმაზარი პერსპექტივა აქვს.

ბუნებრივია, რომ "10 + 3"-ის განვითარება და მისი პერსპექტივა დღეს კორეელი პრეზიდენტის ყურადღების ცენტრშია. ცამეტ მონაწილეს შექმნილი აქვს 26 კერძო პირისაგან შემდგარი "ხილვის" ჯგუფი, რომელიც ამ გაერთიანების შესაძლებლობათა სრული და ყოველმხრივი გააზრებისთვისაა მოწოდებული. განზრახულია გაერთიანების მუდმივმოქმედი სტრუქტურების შექმნა. რაც მთავარია, კურსია აღებული ერთობლივი მოქმედებისა და ინტენსიური კავშირების ისეთ ხარისხზე, რომელიც დედამიწის ამ ნაწილის ადამიანებში "რეგიონული იდენტობის" ცნობიერებას შექმნის.

* * *

ნათელია, რომ ამ გიგანტურ გაერთიანებას დიდი ინტერესი ექნება კავკასიაში, რომელიც აღმოსავლეთისთვის ევროპის ერთ-ერთი კარია და ამავე დროს ერთ-ერთი (თუ არ ერთადერთი) სუპერძალებისგან დამოუკიდებელი გზა ამ კონტინენტისაკენ. ეს ინტერესი, ალბათ, გამოვლინდება მაშინათვე, როგორც კი საქართველოს უფრო მოქმედი ხელისუფლება ეყოლება, ვიდრე დღეს ჰყავს, და მისი საგარეო პოლიტიკა, ისევე როგორც საშინაო, სტაგნაციის მდგომარეობიდან გამოვა.



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2002

მოგვწერეთ opentext@flashmail.com