|
"საქართველო "
99-ე სიკვდილმისჯილი
"საქართველოს" ამ ნომერში ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, რომ აშშ-ში განაჩენის აღსრულების 18 წლის ლოდინის შემდეგ გაათავისუფლეს (გაამართლეს) მელენდესი - კაცი, რომელსაც მკვლელობა ჰბრალდებოდა და რომელმაც თავისი სიმართლე ვერ დაამტკიცა, სანამ დ-ნუკლეინმჟავას ანალიზმა საქმეს ნათელი არ მოჰფინა. ჟურნალი "EIR" რამდენიმე საინტერესო დეტალს ამატებს ამ ცნობას. ილინოისის შტატის გუბერნატორმა რაიანმა მორატორიუმი გამოაცხადა სიკვდილით დასჯაზე. ასეთივე განზრახვა ზოგ სხვა შტატშიც არის. იგივე ქნა ცინცინატის ქალაქის საბჭომ. კანზასის შტატის უზენაესმა სასამართლომ ნაკლოვნად მიიჩნია მოქმედი ამერიკული კანონით გათვალისწინებული პროცედურა სასივდილო განაჩენების გამოტანისა. ამავე შტატმა დაადგინა, რომ ამგვარი განაჩენები გამოიტანება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ "დამამძიმებელი გარემოებები შემამსუბუქებელს უდრის" თავისი წონით. ჟურნალი ერთ ფრიად საინტერესო ცნობასაც იძლევა. ყველაზე ცნობილი სიკვდილმისჯილი შეერთებულ შტატებში არის მწერალი, ყოფილი "შავი პანტერა" (ზანგთა ტერორისტული ორგანიზაციის წევრი) მუშია აბუ-ჯემალი, რომელსაც ეს განაჩენი 20 წლის წინ გამოუტანეს პოლიციელის დანიელ ფოლკნერის მკვლელობისათვის. ამჟამად მას ეს განაჩენი შეცვლილი აქვს სამუდამო პატიმრობით, რადგან ახალ სასამართლო განხილვაზე გაირკვა, რომ წინა პროცესზე სწორად არ იქნა შესრულებული ის ნორმა, რომელიც შემამსუბუქებელი გარემოებების განხილვას ეხება. პატიმრის მომხრეები აგრძელებენ ბრძოლას მისი გამართლებისათვის და საამისოდ საფუძველიც აქვთ: თურმე ფოლკნერის მკვლელობა აღიარა სხვამ, არნოლდ ბივერლიმ, და შემკვეთებიც დაასახელა: ისინი, ვის კორუფციასაც ფოლკნერი დაბრკოლებას უქმნიდა. მოსამართლემ, რომელსაც ამ ახალი გარემოების გათვალისწინება უწევდა, იგი არ გაითვალისწინა იმ მიზეზით, რომ ამ აღიარებას ხანდაზმულობის ვადა ჰქონდა გასული.
(c) გაზეთი "საქართველო"
2002 მოგვწერეთ opentext@flashmail.com |