"საქართველო "
# 3
5 მარტი, 2002 წელი

დემოკრატიის შეკვეცის ახალი ილეთები

"დემოკრატიის შეკვეცის ახალი ილეთები. ირანელმა კონსერვატორებმა მონახეს მაკავშირებელი რგოლი რეფორმასა და სიბინძურეს შორის"

ამ სათაურით The Economists აღწერს ოპოზიციის დევნის ილეთს, რომელიც მას, საქართველოში ნამყოფ დიპლომატთაგან განსხვავებით, "სიბინძურის" ახალ სიტყვად ესახება. საქმის არსი შემდეგია: ირანის სასულიერო ლიდერის აიათოლა ხამანეის განკარგულება კორუფციასთან ბრძოლის შესახებ, რასაც ფართო პოპულარული მხარდაჭერა აქვს, გამოყენებულია, სასიკეთო მიზანთა პარალელურად, იმისთვის, რომ რეფორმისტულად განწყობილი პარლამენტის რიგები გამოხშიროს. ასე, მაგალითად, დღესდღეობით დაკავებული ბიზნესმენი შაჰრამ ჯაზაიერი, რომელსაც ფრიად სუსტი არგუმენტებით აქვს წაყენებული მატერიალური დარღვევის ბრალდება, მალე წარდგება სასამართლოს წინაშე, სადაც იგი - "იმედია" - დაასახელებს 60 დეპუტატს, ძირითადად - რეფორმისტებს, როგორც კორუფციაში გარეულ პირებს. მიუხედავად კონსტიტუციით მინიჭებული შეუვალობისა (იმუნიტეტისა) უკვე დაპატიმრებულია სამი რეფორმისტი დეპუტატი. ეს მით უფრო სამწუხაროა, რომ ირანში, სადაც პრესას ახშობენ და ჟურნალისტებს აპატიმრებენ, პარლამენტი თითქმის ერთადერთი ადგილია, სადაც სიმართლის ხმა ისმის მიუხედავად იმისა, რომ არაერთ რეფორმისტ დეპუტატსაც თავისი საკუთარი პრობლემები აქვს ამ სფეროში.

პარლამენტს იმითაც ავიწროებენ, რომ ისლამური რევოლუციის "მცველთა საბჭოს" ვეტოს უფლება აქვს პარლამენტის გადაწყვეტილებათა მიმართ, რაც მათ გამოიყენეს, მაგალითად, უცხო ინვესტიციათა კანონის და სლოვენიასთან სანაოსნო შეთანხმების დასაბლოკავად. არის ხმები, რომ საბჭომ შეიძლება მრავალ და მრავალ დეპუტატს აუკრძალოს მონაწილეობა 2004 წლის არჩევნებში. დეპუტატები ჩქარობენ პასუხის გაცემას ყოველ ამგვარ ბრალდებაზე მათ მიმართ, რადგან შიშობენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი გამოჩნდებიან არა თავისუფლებისათვის მებრძოლებად ავტორიტარიზმის წინააღმდეგ, არამედ ხარბი პოლიტიკოსების ჯგუფად, რომელიც მეორე ჯგუფს ებრძვის.

თუმცა სხვაა რეფორმისტი დეპუტატების მხრიდან მაგარი გამოთქმების ხმარება სცენის მიღმა და სხვაა დემონსტრაციული წინააღმდეგობა მმართველებისადმი, რასაც უფრო და უფრო დიდი მოწონება ჰხვდება ფართო წრეში, ამ ორს შორის, ჟურნალის აზრით, შეიძლება მაკავშირებელი რგოლის მონახვა: დეპუტატების მასობრივი გადადგომა პროტესტის ნიშნად, რეფერენდუმის მოთხოვნა აურჩეველ ხელისუფალთა განდევნაზე და სხვა ამგვარი. მაგრამ ამის მქმნელს ეჭვი არ უნდა ეპარებოდეს, რომ უმძიმესი რეაგირება შეჰხვდება.



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2002

მოგვწერეთ opentext@flashmail.com