"საქართველო "
# 3
5 მარტი, 2002 წელი

არგენტინის "საშუალო კლასი" ასპარეზზე გამოდის

არგენტინა, საქართველოსავით, დღეს მძიმე ეკონომიკურ გასაჭირშია, მაგრამ იმ არსებითი განსხვავებით, რომ მას ერთგული და, ძირითადად, პატიოსანი ურთიერთმონაცვლე მთავრობები ჰყავს. მისი მდგომარეობის გათვალისწინება ჩვენთვის სასარგებლოც არის და საინტერესოც. "ნიუ იორკ ტაიმსი" საგულისხმო ინფორმაციას გვაწვდის ამ თემაზე.

ქვეყნის ხელმოცარვამ რომ არგენტინის პოლიტიკურ პარტიათა დისკრედიტაცია გამოიწვია, ბუნებრივია. ყველაზე გავრცელებული ლოზუნგი არგენტინაში გახდა "არ ჩავებათ ამ პროცესებში". მაგრამ ეს პარალიზაცია ბოლოს დაიძლია და ასპარეზზე გამოვიდა სამოქალაქო მოძრაობა, რომელსაც "თვითშეყრილი სამეზობლოების კრება" ჰქვია. რიგითი არგენტინელები სამუშაოს შემდეგ იკრიბებიან ქუჩების ჯვარედინებზე და პარკებში, მაგრამ არა იმისთვის, რომ გული მოიფხანონ პარტიების გინებით, არამედ იმისთვის, რომ კრიზისიდან გამოსავალი ეძებონ.

მთავარი მოთხოვნაა საბანკო ანგარიშთა გაყინვის გადაწყვეტილების გაუქმება და უზენაესმა სასამართლომ, მართლაც, ეს გადაწყვეტილება ანტიკონსტიტუციურად ცნო პრეზიდენტი დუალდეს გულის დასაწყვეტად. "სამეზობლოთა კრება" იმ სპონტანური ქუჩური დემონსტრაციების მემკვიდრე და წარმონაშობია, რომლებიც მთელი დედაქალაქის მოსახლეობისგან შეიკრიბა და ტაფა-ქვაბების ბრახუნით (ლათინურ ამერიკაში ეს პროტესტის სიმბოლოა), კონგრესისა და პრეზიდენტის სასახლისკენ წარემართა. პრეზიდენტი იძულებული იყო გადამდგარიყო. დემონსტრაციის აქტივისტებმა შეძლეს მოლაპარაკება და გადაწყვეტილების მიღება იმაზე, რომ მათი ეს აქცია გამხდარიყო "არა დასასრული, არამედ დასაწყისი რაღაცისა", ანუ მათ შეკრებას მუდმივი ხასიათი მიეღო. ამის შედეგია "სამეზობლოთა კრებები" ყველა დიდ ცენტრში. ესენი შეგნებულად ინარჩუნებენ არაფორმალურ (უსტრუქტურო) ხასიათს. მათი შემადგენლობა ჭრელია, შუა ხნის პროფესიონალებით (ექიმებით, ადვოკატებით და ა.შ.) დაწყებული და ცხვირში რგოლგაყრილი სტუდენტებით დამთავრებული.

არგენტინის ყველა პრობლემათა შორის ამ პოლიტიკაში ახალშესულ ჯგუფებს ყველაზე მნიშვნელოვნად მორალური პრობლემა მიაჩნიათ. "აქამდე გვეძინა, პასიურად ვიყავით და კორუმპირებულ პოლიტიკოსებს ჩვენი ქვეყანა მოვაპარინეთო". 1976-83 წლების სამხედრო დიქტატურის შემდეგ, რომელმაც 30000 კაცი მოკლა ან გააქრო, ეს პირველად ხდება, რომ ფართო მასას პოლიტიკაში მონაწილეობის საშუალება მიეცა. იმ სამხედრო დიქტატურისაგან ჩანერგილმა შიშმა თითქმის 20 წელიწადი გაძლო და მის დაძლევას მასა ახლაღა ახერხებს. ზოგნი აღიარებენ, რომ ისინი აცდუნა 90-იანი წლების დიდმა ეკონომიკურმა აღმავლობამ, როცა არგენტინული პესო დოლარს მიაბეს, ამით ინვესტიციები მიიზიდეს და მიღწეული ბუმით უზომო მხარჯველობას მიეცნენ. "ღარიბებისადმი სიბრალული, სოლიდარობის გრძნობა და სიფხიზლე გაქრა. სხვადასხვა კრებათა მოთხოვნებისა და გეგმების დიდი ურთიერთგანსხვავების გამო ერთობლივი პლატფორმის შემუშავება და მიღება ძნელდება. ის, რომ ყველა კრება დამოუკიდებელია, დემოკრატიას დანატრებულ მასას ესახელება და ამ მდგომარეობის შეცლას არ ფიქრობს.

"სამეზობლოთა კრებები" შიშსაც ბადებენ: მათში ანარქიის, "საბჭოურობისა" და "ფაშიზმის" საშიშროებას ხედავენ.

ყველაზე უფრო თვალსაჩინო ერთსულოვნება საბანკო ანგარიშების გაყინვისადმი დამოკიდებულებაში სუფევს. დანარჩენ საკითხებში, ასე თუ ისე, გაურკვევლობა სუფევს ასარჩევი კურსის თაობაზე.



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2002

მოგვწერეთ opentext@flashmail.com