"საქართველო "
# 3
5 მარტი, 2002 წელი

სიძულვილის სკოლა: დღის წესრიგშია "პირადი ჯიჰადი"

დღეს, სამწუხაროდ, საკამათო აღარ არის, რომ XXI საუკუნე - ან მისი პირველი ნახევარი მაინც - ე. წ. "ტერორიზმის" საუკუნე იქნება, ანუ უფრონტო ომებისა, რომლებშიც არც კანონი არსებობს, არც ჯარისკაცისა და სამოქალაქოს, ან მოზრდილისა და ბავშვის გარჩევა. ეს არ იქნება ინდივიდის ომი პოლიტიკური ჯგუფის წინააღმდეგ, ჯგუფისა - ბოროტად მიჩნეული ინდივიდის წინააღმდეგ ან ჯგუფისა ხელისუფლების წინააღმდეგ. ეს იქნება ომი კაცობრიობის ნაწილებისა ნაწილების წინააღმდეგ. ეს გაგრძელდება მანამდე, სანამ ადამიანი მართვის ტექნოლოგიებშიც და თავის სულიერ წყობაშიც არ გამონახავს ისეთ რესურსებს, რომლითაც ამ საშინელ უბედურებას დაძლევს.

ომს კადრები სჭირდება, და არიან უკვე ადამიანები, რომლებიც ამ კადრების მომზადებაზე ფიქრობენ.

მკითხველს ვაწოდებთ გაზ. "ნიუ იორკ ტაიმსში" გამოქვეყნებულ საინტერესო ინფორმაციას ამ პროცესზე.

ქ. სოლოს (ინდონეზია) სკოლა-ინტერნატში 2000 მოწაფეა. ბინ ლადენის სურათი ამშვენებს საკლასო და საძინებელი ოთახების კედლებსაც და მოწაფეთა ნაწილის მაისურებსაც. ამათი უმაღლესი სულის ჩამდგმელი და შთამაგონებელი არის სკოლის გამგე, 64 წლის ბატონი ბაასიირი, თეთრწვერა და თეთრკბილა, თეთრჩაჩიანი და მოღიმარი, რომელიც გულმხურვალედ ქადაგებს, მაგრამ უარყოფს თავის მონაწილეობას პრაქტიკულ ორგანიზაციულ საქმიანობაში ტერორიზმის ასპარეზზე. პოლიციას იგი გამოუტყდა, რომ 13 ადგილობრივ ტერორისტთაგანი, რომლებიც დაპატიმრებულნი არიან ამერიკის საელჩოს აფეთქების მცდელობის ეჭვით, მისი ნამოწაფარნი ბრძანდებიან. მისი აზრით, ამერიკელები "ტერორისტი ნაცია" არიან და მათ თვითონვე მოუწყვეს საკუთარ თავს 11 სექტემბრის აქტი, ალბათ, ისრაელის დახმარებით. "მე ეს გამიხარდა, რადგან, როგორც ჩანს, ალლაჰმა დასაჯა შეერთებული შტატები თავხედური საქციელისათვის" - ამბობს იგი. ინდონეზიაში, რომელიც მსოფლიოს ყველაზე დიდმოსახლეობიანი ისლამური სახელმწიფოა, ბევრნი ამბობენ, ამერიკელებს ბინ ლადენი გვირჩევნიაო. ჟურნალისტის აზრით, ისლამის ესოდენ პოლიტიზირებული გაგების გაჩენა გასაკვირია, თუ გავითვალისწინებთ ინდონეზიის ბოლო საუკუნეების ისტორიას, სახელდობრ, იმას, რომ ინდონეზიას ეამაყებოდა თავის ათასობით მუსლიმურ სკოლაში შემოღებული სწავლების სისტემა: აქ მოწაფეებს ზრდიდნენ ისლამის ყველაზე თავისუფალი, მორწმუნისთვის არაშემზღუდავი გაგების სულისკვეთებით, "მათ თვითკმარობისა და ინიციატივის გრძნობას უნერგავდნენ". თუმცა ეს სკოლა-ინტერნატები, "ცოტა არ იყოს ფეოდალური ჩაკეტილობით ხასიათდებოდა", მაინც, მკაფიოდ გამოხატული საერო დიქტატურის პირობებში, რომელიც პრეზიდენტ სუჰარტოს დროს სუფევდა, ეს სკოლები "დემოკრატიის, სამართლიანობის შეგნებისა და მორალური ღირებულებების ინკუბატორად" იყო მიჩნეული. სოლოს სკოლის დამაარსებელმა კი (1972) თავისი სასწავლებელი ისლამური სახელმწიფოს ქადაგებისა და "პირადი ჯიჰადისკენ" მოწოდების ცენტრად აქცია. მისი მოწაფეების უმაღლესი მიზანია იმის მიღწევა, რომ "ისლამი სწორად იქნას გამოყენებული", ანუ ინდონეზია ისლამური სახელმწიფო იყოს, და რომ განადგურდეს "ანტიიისლამური ძალები", რომლებშიც, პირველ ყოვლისა, აშშ იგულისხმება. სკოლაში ცხოვრება სპარტანულია. მოწაფეები 3.30 საათზე დგებიან პირველი ლოცვისათვის და 22 საათზე წვებიან. პროგრამის ძირითადი შინაარსია ყურანი და არაბული ენა. არის გოგოების კლასებიც. ესენი უფრო საეროდ არიან განწყობილნი, ვიდრე ბიჭები: ბევრი ფიქრობს ექიმობას, სოციალურ მოღვაწეობას, ფსიქიატრობას. ბიჭების ძირითადი გეგმაა სოფელში დაბრუნება და ქადაგება.

თუმცა ეს სკოლა გამონაკლისია, ამან დიდი ოპტიმიზმი არ უნდა წარმოშვას. ბატონ ბაასიირის იდეები, რომელთა დიდი ნაწილი მან ბინ ლადენის წიგნებში ამოიკითხა, ემთხვევა ფართო მასის სულიკვეთებას. ამ მოღვაწის პოპულარობას დიდად უწყობს ხელს მისი პოლიტიკური წარსულიც, სახელდობრ, ის, რომ იგი უპირისპირდებოდა სუჰარტოს დიქტატურას და ამისთვის დაპატიმრებულიც იყო.



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2002

მოგვწერეთ opentext@flashmail.com