|
"საქართველო "
რუსეთის და რუსების ინტერესები ერაყში
("ნიუ იორკ ტაიმსის" მონაცემებით) ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი ცენტრალურია საფიქრალი არის და უნდა იყოს შუა აზიის ნავთობთან დაკავშირებული პრობლემები. ამ დარგში მოვლენათა განვითარებას თვალს ვადევნებთ. მკითხველმა იცის, რომ ამ ზონაში, ამ პრობლემებთან დაკავშირებით, წამყვანი მნიშვნელობისაა სუპერძალების გეოსტრატეგიული, და არა ფინანსური, ინტერესი. იმისთვის, რომ მკითხველმა საკითხები სწორ შუქში დაინახოს, მას ვაწოდებთ ინფორმაციას ნავთობთან დაკავშირებულ ისეთ კონფლიქტთა შესახებაც, სადაც ყურადღების ცენტრში ფინანსური მხარე დგას.
ერთის მხრივ, რუსეთის მოკავშირეობა ამერიკელთა ანტიტერორისტულ ომში უშლის მის მეგობრობას ერაყთან, რომელიც ბუშმა ა. წ. იანვრის დამლევს "ბოროტების" სამეულის ერთ-ერთ წევრად მოიხსენია. მეორეს მხრივ, მარტო "ლუკოილს" (რუსული სანავთობე ფირმაა) ერაყთან დიდი ხნის დადებული კონტრაქტი აქვს ერაყის ძირითადი საბადოს ექსპლოატაციაზე, რომელმაც კომპანიას 20 მილიარდი დოლარი უნდა მოაგებინოს. თუმცა კონტრაქტი 1997 წელს შედგა და თუმცა ფირმამ ბევრი დააბანდა, მას ჯერ წვეთი ნავთობი არ ამოუღია საერთაშორისო აკრძალვის (ერაყის წინააღმდეგ გაეროს სანქციების) გამო. თუ სანქციები არ მოიხსნა, ვერც ამოიღებს. ხოლო თუ ჰუსეინი დაამხეს, მაშინ კონტრაქტიც გაქრება, რუსული დაბანდებებითურთ, და ლუკოილის ადგილს ამერიკელები დაიკავებენ. თუ ჰუსეინი დარჩა, ხოლო სანქციები მოიხსნა, ერაყელი დიქტატორი რუსეთს და მის ფირმებს კიდევ 40 მილიარდის კონტრაქტს ჰპირდება. ამასთან ერთად, იგი იმ 8 მილიარდი დოლარის გადახდასაც შეძლებს, რომელიც რუსეთისა ჰმართებს, როგორც ოდესღაც სსრკ-დან შეძენილი იარაღის საფასური. ამიტომ რუსეთის ურთიერთობა ერაყთან ისეთი თბილია, რომ მას ამ ქვეყნის ქომაგობა 11 სექტემბრის ტერაქტის უშუალოდ მომყოლ დღეებშიც კი არ შეუწყვეტია. ასე რომ ერაყი, მასზე ამერიკელთა შესაძლო დარტყმის შემთხვევაშიც და მის გარეშეც, იმ სასინჯ ქვად რჩება, რომელმაც რუსულ-ამერიკული ახალშობილი მეგობრობა უნდა გამოცადოს. რუსეთის პოზიცია, ფაქტების მიხედვით, ორჭოფულია: იგი ვერც თავის დიდ მატერიალურ ინტერესს ელევა და არც ამერიკელებთან ურთიერთობის დაზარალება ჰსურს. გულში რა განწყობილება აქვს, ეს კიდევ ცალკე საკითხია. ამერიკელები, თავის მხრივ, ნაკლებ მალავენ თავის საკმაოდ გულგრილ დამოკიდებულებას რუსული ინტერესებისადმი. მაგალითად, მათ დღემდე არაფრით დაუიმედებიათ რუსები, რომ სადამ ჰუსეინის დაცემის შემთხვევაში ლუკოილის კონტრაქტს გაქრობა არ ელის. გაზეთის თქმით, საქმის სპეციალისტები უფრო და უფრო იხრებიან იმ შთაბეჭდილებისკენ, რომ ერაყის მიმართ რუსული პოლიტიკის განსაზღვრაში იზრდება ინდუსტრიის როლი და, ამასთანავე, საბჭოთა მოხელეობის იმ გადმონაშთებისა, რომლებიც ერაყს ჯერ კიდევ განიხილავენ როგორც ამერიკული გავლენის შეკვეცის ერთ-ერთ შესაძლო ბერკეტს. საინტერესოა, რომ კუვეიტელ პარლამენტართა, ადამიანის უფლებების დამცველთა, ყოფილ მოხელეთა და უნივერსიტეტელთა ავტორიტეტული ჯგუფი ეწვია შეერთებულ შტატებს, რათა მიესალმოს ბუშის პოლიტიკას "ბოროტების ღერძის" სახელმწიფოთა მიმართ და მოუწოდოს პრეზიდენტს, დრო არ გააცდინოს "რეგიონის ყველაზე მდიდარი და სახიფათო ქვეყნის" - ერაყის წინააღმდეგ მოქმედების დაწყებაში.
(c) გაზეთი "საქართველო"
2002 მოგვწერეთ opentext@flashmail.com |