"საქართველო "
# 3
5 მარტი, 2002 წელი

ეკონომიკური ფორუმის შემდეგ: "ტერიროზმის საუკუნის" ნიშნები ეკონომიკაში, პოლიტიკაში და ფსიქოლოგიაში

ამას წინათ ნიუ-იორკში ჩატარებული მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი, სადაც, "ნიუ იორკ ტაიმსის" სიტყვით, "პოლიციელების მუზარადები არანაკლები იყო, ვიდრე მოპროტესტეთა პლაკატები", თავისი ატმოსფეროთი განსხვავდებოდა წინა ფორუმებისაგან დავოსში (შვეიცარია) და სხვაგან. თუ ადრე მსოფლიო ეკონომიკის წარმატებული გიგანტები იმაზე მსჯელობდნენ, როგორ მოეძებნათ ფანტასტიკურ ახალ ტექნოლოგიათა გამოყენების ახალი გზები მსოფლიო კომერციის უნაპირო და უსაზღვრებო ზღვაში, ამჯერად მათ უფრო ის აწუხებდათ, როგორ დაიცვან თავი იმ აუარებელ ხიფათთაგან, რომლებიც ჰორიზონტზე გამოჩნდა ან ადრეც ჩანდა, მაგრამ გაცნობიერდა 11 სექტემბრის შემდეგ.

თუ პრემიერ-მინისტრებისა და დიდი მოხელეების შეხვედრებზე საზეიმო მიღებათა ატმოსფერო ჭარბობდა, ჟურნალისტებისა და სპეციალისტ ეკონომისტებისაზე უფრო შეწუხებული კილო იყო გაბატონებული. სხვათა შორის, გამქრალი იყო ის თავდაჭერილობა ბუშის ადმინისტრაციის ანტიტერორისტული ნაბიჯების კრიტიკის საქმეში, რომელიც დასავლეთში 11 სექტემბრის შემდეგ გაჩნდა, აგრეთვე ამავე ადმინისტრაციის კრიტიკისაში მის მიერ ეკონომიკური წესების ერთობ ცალმხრივი რეკომენდაციების მიმართ. თუმცა ყველა ორატორი ამერიკელებს ულოცავდა წარმატებას ავღანეთის ომში, მეორე წუთში იწყებოდა შეშფოთების გამოხატვა ბუშის გამოთქმის "ბოროტების ღერძი" გამო, რომლითაც მან სამი ქვეყანა - ერაყი, ირანი და ჩრდ. კორეა - აღნიშნა. კრიტიკოსები შიშობენ, ვაი თუ მზარდი სუპერძალა გართულებებს ეძებს და ამ გართულებებში თავისი ხაზის ცალმხრივად გატარებას აპირებსო. ამ უკანასკნელ საკითხზე შენიშვნები, გაზეთის სიტყვით, "თავაზიანი იყო, მაგრამ არა ნაზი". კოლინ პაუელის განცხადებას, მკაცრად მოვექცევით "არამზადა რეჟიმებსო", ხავიერ სოლანამ მაშინვე უპასუხა, მოკავშირეებს დარიგება კი არ გვჭირდება, არამედ რეალური კენჭისყრა და მონაწილეობა გადაწყვეტილებათა მიღებაშიო. ხოლო ფორუმის ერთ-ერთმა აკადემიურმა მონაწილემ - ჰარვარდელმა ჯოზეფ ნაიმ - დისკუსიის აზრი შეაჯამა იმ ეჭვის სახით, რომ ავღანეთში გამარჯვების შემდეგ ამერიკელები მაინცდამაინც არ არიან დაინტერესებულნი, დანარჩენი მსოფლიოს აზრი მოისმინონ.

ბუნებრივია, ტერორიზმის თემა ფორუმზე მჭიდროდ იყო გადაჯაჭვული ამ მოვლენის წარმომშობი სიღატაკის თემასთან. მაგრამ განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო მონაწილეთათვის, გაზეთის სიტყვით, "ასიმეტრიულ საშიშროებათა" სავსებით გაურკვეველი საკითხი. ანუ საკითხი, ხომ არ იხმარენ "არამზადა" სახელმწიფოები და ჯგუფები ქიმიურ, ბაქტერიოლოგიურ და ბირთვულ იარაღს მათ მიერ მტრად მიჩნეულ ქვეყანათა წინააღმდეგ და - "რა დასამალია!" - თვით იმ "დიდთა" წინააღმდეგ, რომელნიც ამ წუთს ამ შენობაში იმყოფებიან. ამ შიშს აძლიერებდა ქუჩის მოპროტესტეთა ტალღის მოლოდინი, რომელიც ორიოდე დღის განმავლობაში არ გამოჩენილა, მაგრამ შემდეგ გამოჩნდა, 7000 კაცისა და ქალის სახით, "არაძალადობითი მსვლელობისათვის" და ორმოცამდე ადამიანის დაკავებით დაზარლდა.

გაზეთი ერთობ ნაღვლიან კომენტარს აძლევს იმ ვითარებას, რომელიც ფორუმის დროს ქუჩაში სუფევდა. მოპროტესტენი ცოტანი იყვნენ და ბოლო ორ წელიწადში პირველად მოხდა, რომ პირველი სართულის კარ-ფანჯრები არ ჩამტვრეულა, მაღაზიები არ დალეწილა და ცრემლმდენი გაზის სუნი არ დამდგარა. ერთადერთი სუნი, რომელიც იქ ტრიალებდა, იყო ყავის სუნი, რომელსაც უსაქმურად დარჩენილი პოლიციელები გასათბობად სვამდნენ. მაგრამ ცოტანი იყვნენ მონაწილენიც. მაგალითად, სულ რამდენიმე კაცი იყო იაპონიიდან, რომელიც დიდ ეკონომიკურ გასაჭირშია ჩავარდნილი. თუ სულ რამდენიმე წლის წინათ, დავოსის ფორუმის დროს მსოფლიო აყვავებული ჩანდა, ეროვნული საზღვრები - მას-მედიის მიერ "დაძლეული" (რასაც ოპტიმისტურად იკვეხნიდა "სი-ენ-ენის" მეთაური ტერნერი, ხოლო სახელმწიფოთა მეთაურები "ცხვრებივით თავს უქნევდნენ") და ეკონომიკური აქტივობა - თითქმის სრულად გამოსული მთავრობათა კონტროლიდან, დღეს საზღვრებიც აღდგა, კონტროლიც აღდგა და სასიცოცხლო თემებად, ინტერნეტის მიერ "ვირტუალური დემოკრატიის" შექმნის ნაცვლად, ტერორიზმთან ბრძოლის, მისი დასაშვები საზღვრებისა და დემოკრატიულ თავისუფლებათა გარდუვალი შეკვეცის დასაშვები საზღვრების საკითხები იქცა. თუ ბირთვული მასალები დღეს ძირითადად (მაგრამ არა მთლიანად) მთავრობათა ხელშია, ქიმიური და ბაქტერიოლოგიური ცოდნაც და მასალაც ფირმათა და ადამიანთა ფართო მასისთვისაა მისაწვდომი. რა შეაკავებს და რა მართავს ამ მასას? კაცობრიობის მძიმე და სახიფათო პრობლემა წინაშე დგას.



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2002

მოგვწერეთ opentext@flashmail.com