|
"საქართველო "
"პუტინის გუნდი"
ჟ. The Economist ინტერესით ადევნებს თვალს რუსეთში პოლიტიკურ ფიგურათა, მათ ტენდენციათა და ურთიერთობათა ცვლას. ამჯერად იგი ასახელებს იმათ, ვინც, მისი დასკვნით, რუსეთის პრეზიდენტის შიდა ჯგუფს და მის საყრდენს შეადგენს. ამას, მისი აზრით, მნიშვნელობა აქვს, რადგან რუსეთის ისტორიის მანძილზე ხალხის თვალში ქვეყნის მმართველი ჯგუფი მუდამ წარმოდგენილი იყო როგორც ავი კარისკაცებით გარშემორტყმული კეთილი მეფე. ახლაც ასეა. "რუსების უმრავლესობა კმაყოფილია თვისი პრეზიდენტისა" და ყოველდღიურობის პრობლემათა მოუგვარებლობას მის მრჩევლებს აბრალებს. ამ უკანასკნელებში მთავარია პრემიერ-მინისტრი კასიანოვი, რომელიც, ჟურნალის სიტყვით, თავის ამოცანებს ერევა. მისი წარსული - ელცინის გუნდში ყოფნა და მეგობრული ურთიერთობა ამ უკანასკნელის "ჭუჭყიან" კლანთან - პუტინისთვის ხელსაყრელია, რადგან აადვილებს მის მოცილებას, თუ საჭირო გახდა. ძველი გუნდიდანაა კრემლის შინაურ საქმეთა გამრიგე ვოლოშინი. "ძალოვნებში" მისი საყრდენნი არიან პატრუშევი და სტეპაშინი (ეს უკანასკნელიც უშიშროების ნაშიერია). ჟურნალის აზრით, რუსეთში "ძალაუფლებისა და ფულისათვის ბრძოლა, რეალურად, დრეკადი კანონების, დამაშინებელი მოქმედებისა და მამხილებელი დოკუმენტების ამ ჩრდილით მოცულ სამყაროში" მიმდინარეობს. რუსეთის რიგითი მოქალაქისათვის "კანონიერებისა და წესრიგის პატიოსნური სისტემის შექმნა" ჯერ კიდევ შორსაა. დანაშაულობა იზრდება. რუსეთი ერთ სულ მოსახლეზე მკვლელობათა რიცხვით მეორე ადგილზეა მსოფლიოში (პირველზეა სამხრეთ აფრიკა). კრემლის "შთამბეჭდავი ახალგაზრდა მოხელე" დიმიტრი კოზაკი, ჟურნალის სიტყვით, რუსეთში კანონიერების დამყარების ძნელ საქმეს ეჭიდება. ეკონომიკაში დასახელებულნი არიან "თავისუფალი ბაზრის გულმხურვალე დამცველი" ილარიონოვი და მისდამი უფრო გულგრილი ჩუბაისი, გრეფი და ფინანსთა მინისტრი კუდრინი, რომელიც "უღიმღამო, მაგრამ კომპეტენტურია". ეკონომიკაში პუტინი "ზოგად ფრაზებს არ სცილდება", როცა ფართო აუდიტორიას მიჰმართავს, მაგრამ იგი "სწრაფი და უწყალოა", როცა ვიღაცის დათრგუნვა ჰსურს, როგორც გაზპრომი დათრგუნა. ვინაიდან რუსეთის ეკონომიკას უახლეს მომავალში გაჭირვება ელის, პუტინი არჩევანის წინაშე იქნება, რომელ გზას დაადგეს - ხელის მოჭერისას თუ ხელის გამართვისას, რაც ინფლაციის საშიშროებას იწვევს.
(c) გაზეთი "საქართველო"
2002 მოგვწერეთ opentext@flashmail.com |