|
"საქართველო "
ძელქვასავით მოუდრეკელი
მის თანამედროვე პოეტთა უმეტესობის მონოტონურ დუდუნს მუდამ ფარავდა მისი ნიჭიერებით და საოცარი გაბედულებით შეზავებული ზემოიმერული ომახიანი, ლირიული მოძახილი, სამშობლოს თავისუფლებისთვის მუდამ წკიპზე შამართულს, სურდა მოყვასისათვის გამომაფხიზლებელი ხმა გაეგონებინა, რომლის ჩახშობასაც ათასი მანქანებით ცდილობდნენ კომუნისტი ფუნქციონერები. პოეტის თანამედროვეთა დიდი ნაწილი მდუმარედ უგდებდა ყურს მის მშფოთვარე, მეამბოხე სულს, ნაწილი თვლემდა. გაიძვერები და ფარისევლები ზანტად ცოხნიდნენ თანამოძმეთაგან მალულად წაგლეჯილ არამ ლუკმას. ლაპარაკობდნენ სხვისი სიტყვით, სხივის აზრებით. მკერდს ორდენებით იმშვენებდნენ, ბინას სიმდიდრით. ტაშის ქუხილში და "ვაშას" ძახილში დნებოდა ათასობით გული. უცხო იყო ყოველივე ეს მისთვის. მუდამ მართალთა და დევნილთა მხარეზე იდგა... ისე ჩაიარა 70 წლის იუბილემ, არ ყოფილა დიდი ღონისძიებები, აბა, მთავრობის მეხოტბე ყოფილიყო მუხრან მაჭავარიანი... არავის უთქვამს თბილი სიტყვები - ერის უპირველესი პოეტი, მწერლებში პირველი ხარ, ვინც ილიას გზაზე შედგომა გაბედაო... მაგრამ უფალმა ხომ უწყის, რა ფაქიზი გრძნობით უყვარს იგი მის საფიცარ ერს, როგორ განიცდის მის ყველა ტკივილს, მის სულის რხევას. ბატონ მუხრანს არ უძებნია ჩინ-მედლები, არც მძიმე სავარძელი მწერალთა კავშირში, არც პრემია. ოდნავ დამთმობი ხასიათი რომ გამოეჩინა, მისი ნიჭის პატრონი კეთილდღეობას იოლად მიაღწევდა. ყველაზე დიდი ჯილდო იყო და არის ხალხის უანგარო პატივისცემა. სულით და გულით, დაგვიანებით, მაგრამ მაინც ვულოცავთ ბატონ მუხრანს იუბილეს. დღეგრძელობას, მზეგრძელობას ვუსურვებთ მხცოვან პოეტს. თქვენი თავი არ მოგვიშალოს ღმერთმა, ბატონო მუხრან!
ავთანდილ ფაილოძე, ეთერ ფანცულაია, მაია უგულავა, გიგლა ერგვერაძე
ხონი.
(c) გაზეთი "საქართველო"
2002 მოგვწერეთ opentext@flashmail.com |