"საქართველო "
# 3
5 მარტი, 2002 წელი

საომრად წასული ჯარისკაცის სიმართლე

"საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული", დღეს ამ "პირობითი" ფრაზით ვიხსენებთ იმ ადამიანებს, რომლებიც უანგარო თავგანწირვით დაეცნენ აფხაზეთის უსამართლო ომში. უანგაროდ-მეთქი, შემთხვევით როდი ვახსენე. მართლაცდა, უანგარო გახლდათ ამ ალალ-მართალი ბიჭების თავდადება, მათ თავიანთი წილი ომი გადაიხადეს და გამარჯვებულებიც დაეცნენ ბრძოლის ველზე, რამეთუ ომში სიკვდილმა არ იცის დამარცხება. აფხაზეთის დაცემა ჩვენი ხელისუფლების უნიათო პოლიტიკის შედეგია და დამარცხების საწყაოც მასზე გადის.

იგივე ხელისუფლება აფხაზეთში დაღუპულ მეომრებს "სიკვდილის შემდეგ" სხვადასხვა სახის ორდენებით აჯილდოებს. სამწუხაროდ, მისთვის აქ თავდება მათი თავგანწირვის გზაც.

ერი გაცილებით "სხვაგვარად" აღიქვამს ამ ბიჭების თავდადებას. მათ სახელებს "ხელისხელ საგოგმანებელს" ხდის... ასეთ ერს იშვიათად ავიწყდება "საქმენი საგმირონი".

ჩვენს ქვეყანაში ოდითგანვე განსაკუთრებულ პატივს მიაგებდნენ ხოლმე ომში წასულ ბიჭებს... ასეა დღესაც...

ნიკო თხელიძეს, ერთ-ერთ მათგანს აფხაზეთისკენ მიმავალ გზაზე დაუცდა ფეხი!...

დღეს მასზე, მის გარეშე გულისტკივილით საუბრობენ მისი ახლობლები. - ის იყო სიცოცხლეზე უზომოდ შეყვარებული, სიკეთითა და სიმართლით აღსავსე პიროვნება, რომელმაც 30 წლის განმავლობაში კაცურად იცხოვრა! - ასე აფასებენ ისინი "ნიკუშას" მიერ განვლილ სიცოცხლეს...

პრეს-დოსიე

ნიკო თხელიძე: დაიბადა თბილისში, 1963 წლის 19 ნოემბერს. დაამთავრა 102-ე საშუალო სკოლა, რის შემდეგაც თბილისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში მოეწყო. თეონა ლორთქიფანიძესთან ერთად მშვენიერი ქართული ოჯახი შექმნა. ერთადერთი ქალიშვილის მამა თურმე ბიჭზედაც ოცნებობდა, მაგრამ არ დასცალდა. ამ ქვეყნიდან ძალიან ადრე წასულმა თავისი სიყვარულისა და სიცოცხლის უკვდავსაყოფად დაგვიტოვა მარიკა - მშობლებისა და ქვეყნისათვის სასახელო პატარა ქალბატონი.

ომში წასულო ვაჟკაცო...

ომში წასულ ვაჟკაცს ნაადრევად შემოაღამდა... ვერ შეძლო მშობლიური მიწის ძახილისათვის წაეყრუა. თამამად აჰყვა ამ ხმას...

მრავალგზის ყოფილა განსაცდელი, მრავალგზის აცდენია... ერთხელაც, გაგრის დაცემის საბედისწერო დღეს ალყაში მომწყვდეული სასწაულებრივ გადარჩენია სიკვდილს...

ეს უკანასკნელიც მუხანათურად ჩასაფრებია...

1993 წელი, 22 სექტემბერი - საოცრად უიღბლო აღმოჩნდა ეს დღე ნიკოსა და მისი მეგობრებისათვის. ბაბუშერას აეროპორტზე მომხდარმა ტრაგედიამ იმსხვერპლა მათი სიცოცხლე.

უსაზღვრო მწუხარება ახლავს ნიკოს დას, ნანა თხელიძის მოგონებას:

"ტკივილამდე განიცდიდა აფხაზეთში მომხდარ ტრაგედიას. ვერ წარმოედგინა, როგორ შეიძლებოდა ნორმალური ადამიანი იმ მძიმე დღეებში მშვიდად მჯდარიყო სახლში და ტელევიზიით ეცქირა, როგორ ხოცავდნენ აფხაზეთში ქართველ ბიჭებს!

საოცრად ენერგიული გახლდათ, აქტიური ცხოვრებით ცხოვრობდა, უზომოდ იყო სიცოცხლეზე შეყვარებული. ეტყობა, ყველაფერი უნდა მოესწრო. მოკლე სიცოცხლის მანძილზე სახელიც უნდა გაეგრძელებინა...

მე და ნიკო თითქმის ტოლები ვიყავით. სამეგობრო წრეც საერთო გვყავდა, ერთ სკოლაში ვსწავლობდით. საჩხუბრადაც ერთად დავდიოდით (იცინის და თვალებში ცრემლი უკრთის). ძალიან კეთილი იყო, ჩემგან განსხვავებით, სიყვარულის გამოხატვის მეტი უნარი გააჩნდა. ვერ იტანდა უსამართლობას. მნიშვნელობა არ ჰქონდა, საქმე მას ეხებოდა თუ არა, სიმართლის მხარეზე იდგა, უსათუოდ უნდა გამოსარჩლებოდა დაჩაგრულს.

დღევანდელი გადასახედიდან, ადამიანებს მიაჩნიათ, რომ აფხაზეთში ჩვენი ბიჭების სისხლი ტყუილ-უბრალოდ დაიღვარა. ასეთი განსჯის უფლება არავის აქვს. ამ ბიჭებმა იცოდნენ, რისთვის მიდიოდნენ. ყველას გათვითცნობიერებული ჰქონდა, რომ იქ მათი სიცოცხლე ბეწვზე ეკიდა, მაგრამ მაინც წავიდნენ! ეტყობა, არის რაღაც, რისთვისაც თავის გაწირვა ღირს!

სხვათა შორის, რაც შეეხება თვითმფრინავის ბიჭებს, ისინი აფხაზეთის მაშინდელი სამხედრო პროკურატურის თანამშრომლებმა შეძლებისდაგვარად დაასაფლავეს. ისიც კი მოახერხეს, აღწერილობით (ჩაცმულობით ან სხვა ნიშნით) დაესაფლავებინათ, რომ შემდეგში გაადვილებულიყო მათი ამოცნობა".

დამსხვრეული იმედი

აფხაზეთის ტრაგედიის შემდეგ ვლადიმერ დობორჯგინიძის ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა აფხაზეთის ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების კომიტეტი. მათი უშუალო ძალისხმევითა და დიდი შრომის შედეგად მოხერხდა, რომ ეტაპობრივად გადმოესვენებინათ ტრაგიკულად დაღუპული მეომრების გვამები.

უკანასკნელი "გადმოსვენება" 2001 წლის გაზაფხულზე მოხერხდა. მაშინ ნიკო თხელიძის ცხედარიც ჩამოასვენეს.

ნანა თხელიძის მონაყოლიდან:

"იმ დიდი უბედურებიდან ეს იყო ერთადერთი "ნათელი" დღე (თუ შეიძლება ასე ეწოდოს) ჩვენი ოჯახისათვის. მინდა გითხრათ, რომ უკანასკნელ პერიოდამდე ველოდით ნიკოს გამოჩენას... ასე სწამდათ და სჯეროდათ დედას, შვილსა და მეუღლეს. იმ რვა წლის მანძილზე პატარა მარიკას მიაჩნდა, რომ მამა სადღაც საომრად იყო წასული და უსათუოდ დაბრუნდებოდა... როცა გადმოსვენების პროცესი ხდებოდა - მწარე ფაქტის წინაშე დავდექით და ნიკო ოჯახში უნდა მოგვესვენებინა, მისი შვილი სახლიდან წავიდა - სანამ მამიდა არ მოვა და არ მეტყვის, რომ მამა მკვდარია, არ მოვალო, - ასე მტკივნეულად გახდა აღსაქმელი მისთვის იმ იმედის მსხვრევა, ბავშვური გულუბრყვილობით რომ ირწმუნა უკანასკნელ დღემდე...

გაურკვევლობას, რაც რვა წლის მანძილზე გვაწუხებდა, სამუდამოდ დაესვა წერტილი, დღეს ნიკოს საფლავი არსებობს. ბედნიერი ვარ იმით, რომ აქ ჰყავს შვილი, რომელიც ერთ ყვავილს მაინც მიუტანს საფლავზე...

ქართული ტრადიციისამებრ, ნიკოს ცხედარი თავდაპირველად ოჯახში დავასვენეთ, შემდეგ კი საბურთალოს პანთეონში დავასაფლავეთ, თავისი მეგობრის, მურთაზ ჭაკვეტაძის გვერდით...

ცეცხლის ნიშანზე იყო დაბადებული. ალბათ, კანონზომიერება გახლდათ ისიც, რომ ამ სახით დასრულდა მისი სიცოცხლე".

მეგობრის მოგონებიდან

ასეთივე ტკივილად დარჩა ნიკო თავისი სამეგობროსათვის. წარსულიდან გაუხუნრად შემოგვცქერიან გარდასული დღეები და ისევ ივსება ლამაზ მოგონებათა სევდიანი ყულაბა.

აკა ქავთარაძე: "ნიკუშა ჩემთვის ძალიან მტკივნეული თემაა. ეს იყო ულამაზესი, უკეთილშობილესი პიროვნება. თამამად ვიტყოდი, ნაღდი ქართველი! სხვებზე გადაყოლილს, სხვისი ჭირისა და ლხინის გამზიარებელს, საკუთარი თავი ნაკლებად ახსოვდა.

ფეხბურთი იყო მისი სტიქია. ჩვენს მეგობრობასაც ფეხბურთით ჩაეყარა საფუძველი.

მახსოვს, 1987 წელი იყო. მოსკოვში საბჭოთა კავშირის ჩემპიონატზე საერთაშორისო ტურნირი ტარდებოდა მინიფეხბურთში. ნიკუშა თან გვახლდა. ფინალის წინა დღეს თბილისიდან დაურეკეს, შვილი შეეძინა. გვინდოდა გამოგვეცილებინა, მაგრამ გაგვიჯიუტდა, ვერ მიგატოვებთო. მართლაც, მეორე დღეს გამარჯვებულები ჩამოვედით.

ფეხბურთმა სრულიად უცნობები დაგვაახლოვა ერთმანეთს. ახლაც თბილად ვიგონებ ასეთ შემთხვევას - ძმა-ბიჭები შეგვკრიბა, ტურნირზე მივდივართ ფოთში (ახლობლები ჰყავდა), "სპარტაკი" ჩამოდისო. მთელი გუნდი წაგვიყვანა. წარმოიდგინეთ ჩვენი გაოცება, როცა "სპარტაკის" ნაცვლად გაშლილი პურ-მარილი დაგვხვდა, როგორც იტყვიან, ფოთელებს ჩაგვახუტა.

ჩემთვის დაუვიწყარია თვითმფრინავის გაფრენიდან რამდენიმე წუთით ადრე ჩაფრენილი ნიკუშას ინტერვიუ: დგას მომღიმარე სახით და ამბობს: "ჩემს ძმებთან მივდივარ! რა გვაქვს გასაყოფი? აფხაზებს ვერ დავხოცავ, სასიკვდილოდ ვერ გავიმეტებ, მაინც "ჩვენები" არიან. ჯავრს ვიყრი, ვინც ჩვენს შორის შუღლი ჩამოაგდოო!"

ამ შთაგონებით წავიდა აფხაზეთში!

ის წლები, რაც ნიკუშა არ ჩანდა, იყო რაღაც საოცარი მოლოდინის პერიოდი. არ გვინდოდა დაგვეჯერებინა, რომ ის ჩვენს შორის აღარ იყო. შესანდობარის აწევასაც ვერიდებოდით, ცრემლებით ვსვამდით მის სადღეგრძელოს. როცა ჩამოვასვენეთ, მხოლოდ მაშინ ამოვიღეთ სევდა გულიდან. პირველად გავბედეთ, რომ თამამად დაგვეტირა უბადლო მეგობარი და ყველასათვის უსაყვარლესი პიროვნება, ვინც კი მას იცნობდა.

დღეს ნიკუშა ჩვენთვის ძალიან დიდი ტკივილია. ის იყო ადამიანი, რომელმაც თავისი ხანმოკლე სიცოცხლის მანძილზე კაცურად იცხოვრა!"

მარიკა

საქართველოში მარიკა თხელიძეს ქართული ესტრადის პატარა დედოფლად იცნობენ. ის პირველი მომღერალია, რომელმაც ჰოლივუდის მიწაზე დადგა ფეხი. ამერიკა, ბულგარეთი, იტალია, უკრაინა - ეს იმ ქვეყნების ჩამონათვალია, რომელთა საესტრადო სცენებზე მარიკამ ნიჭიერად და მოხდენილად წარმოაჩინა ქართული სიმღერები.

დღეს მარიკა თამამად მიუყვება მამის მიერ გაკვალულ გზას.

- მამა თავისი თავგანწირვითა და გმირობით მანიჭებს სიცოცხლისა და შემოქმედების სტიმულს. "მისი სახელი ჩემთვის წმიდათაწმინდასალოცავია. ის არის ჩემი სიამაყე", - ამბობს ღირსეული მამის მემკვიდრე.

მარი ჩიტაია

P. S. ჩვენი უსახური სინამდვილის სამარცხვინო ლაქად რჩება საჩოთირო კითხვის დასმა: ღირდა თუ არა ჩვენი ბიჭების მიერ გაღებული მსხვერპლი? უსათუოდ ღირდა!

ხელისუფლების მიერ წაგებულ ომს მეომართათვის ნამდვილად არ ჩაუვლია ფუჭ თავგანწირვად... ისინი ხომ საკუთარ მიწა-წყალს იცავდნენ, ეს მათი ყველაზე დიდი სიმართლე იყო!



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2002

მოგვწერეთ opentext@flashmail.com