|
"საქართველო "
უფულობის გამო გივი ბერიკაშვილი სტადიონზე გადაძვრა და ხელიც "ჩამოიხია" ირმა ჩიტაია
"ხალხს თუ არ მოენატრე და ყოველ წუთში თვალში გაეჩხირე, მობეზრდები. ზომიერება, ყველაფერში ზომიერება... ეს არის საოცრება!" - ასე მიაჩნია გივი ბერიკაშვილს და ჩვეული მოკრძალებით ახერხებს მასმედიისაგან "თავის დაძვრენას". ჩვენც, ცოტა არ იყოს, გაგვიჭირდა მისი "მოხელთება". დიდ საკონცერტო დარბაზში დროში შეზღუდულ მსახიობთან მაინც წარიმართა გულახდილი საუბარი. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი რესპონდენტი ძლიერი სქესის წარმომადგენელია, ასაკს მაინც არ გვიმხელს. დასაბუთებული ჭეშმარიტებით ადგენს: "რამდენისაც ვარ, იმდენის!" თუმცა, ამ შემთხვევაში ჩვენთვის ეს არ არის მნიშვნელოვანი. ყველაზე მეტად რისი მიღწევაც ამ ინტერვიუთი გვინდოდა, ესაა მკიხთველის წინაშე ბატონი გივი წარმოგვედგინა საზოგადოებრივ და პირად ამპლუაში - განუყრელი იუმორითა და უნებლიედ შემოპარული სევდით... მაშ ასე, თავად გივი ბერიკაშვილს მოვუსმინოთ... - ცხოვრება თავად გაძლევს გზას, დაგამწუხრებს ან გაგიღიმებს, მაგრამ შენ, პიროვნებამ, უნდა ეცადო, რომ შენი წუხილი და ტკივილი სხვას არ მოახვიო. ხალხს ისეთი გარემო უნდა შეუქმნა, რომ სევდა დაავიწყო. ჩვენი პროფესიაც ხომ ამას ემსახურება. პირად ცხოვრებაში ჩვეულებრივი ადამიანი ვარ. მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრებაში ბევრჯერ გამჭირვებია, არავინ შემიწუხებია. საერთოდ, ზედმეტად კაცის შეწუხება არ ვარგა! უნდა ეცადო, ისე გააკეთო საქმე, ცოტა მაინც შევუმსუბუქოთ ერთმანეთს ამ პერიოდში შექმნილი დუხჭირი ცხოვრება. მე ქართველი კაცი ვარ, აქ დაბადებული და გაზრდილი, წვეთი სისხლი არ ურევია ჩემსას არაქართული! - როგორ ფიქრობთ, ამ ხნის მანძილზე მოახერხეთ თუ არა თქვენი ნიჭის სრული რეალიზაცია მოგეხდინათ? - ვერ გეტყვი, რომ ვერ მოვახერხე. საერთოდ, ჩემს შემოქმედებაში თუ სადმე კრამიტი იყო, დავლეწე-მეთქი, არა. დღევანდელი გადასახედიდან მხოლოდ და მხოლოდ უქმად დაკარგულ დროზე ვდარდობ. ახალგაზრდობაში ამას ვერ შეიცნობ, როცა ასაკი გემატება, მით უფრო ფიქრობ ფუჭად ჩავლილ პერიოდზე. ალბათ, უფრო მეტის გაკეთება, მაყურებლისათვის მეტი სიხარულის მოტანა შემეძლო. შესაძლოა, ეს არის ჩემი ერთი დიდი დანაშაული... - როგორია გივი ბერიკაშვილის ერთი ჩვეულებრივი დღე? - სხვათაშორის, ეს დასაწერია. გაჭირდა ცხოვრება. არის დღე, როცა ვფიქრობ: რატომ გავჩნდი? რას წარმოვადგენ? ამ პერიოდში ღირებულის შექმნის სურვილი ჩანასახშივე ისპობა. ახლა ჩვენი გასართობია "მოდი, ერთი ჭიქა დავლიოთ!" ხან ჩნდება პირადი პრობლემაც, შვილები, შვილიშვილები... თუმცა ვერ გეტყვით, რომ ცხოვრებას უსაქმურად ვატარებ. ერთი-ორჯერ ღვთის წყალობაც შეგვეწევა ხოლმე და რაღაც საქმეც იჩენს თავს. გული მწყდება, რომ ეს იშვიათად ხდება. ვფიქრობ, ხალხს დღესაც ვჭირდები და სცენიდან გუდა-ნაბადი ავიკრა, ადრეა. არც ახალგაზრდა გახლავართ და არც ყავარჯნებზე მოსიარულე. როცა ასაკს მეკითხებიან, არ ვპასუხობ ერთი დასაბუთებული ჭეშმარიტების გამო: "რამდენისაც ვარ, იმდენის!" ასაკს არ ვუჩივი. იყო დრო, როცა ორ ფილმს ერთდროულად ვიღებდით. ახლა ერთიც სანატრელი გაგვიხდა. ქართული ფილმი მორჩა, ფაფუ... დღეს რეკლამაში თუ მიგიწვევს ვინმე, რომ შემდეგ "ფაჩიკოს გარმონივით" გატრიალოს ეკრანზე. ხალხს თუ არ მოენატრე და ყოველ წუთში თვალში გაეჩხირე, მობეზრდები! ზომიერება, ეს არის საოცრება!... აი, ირგვლივ უამრავი ცნობილი სახეა (კედლებზე გაკრული აფიშებისაკენ მითითებს), აქ რომ მარტო ბერიკაშვილის გვარი ეწეროს, გაიოცებენ: სხვა აღარავინ დარჩა ამ ქვეყანაზეო? ზომიერების გარეშე ხელოვნებაც უფასურდება. მეკითხებით, თქვენი ჩვეულებრივი დღეო, რა გითხრათ, ერთს გეტყვით მხოლოდ, გადაუჭარბებლად - მივათრევ ამ გაწამებულ წუთისოფელს!... - თქვენი ახალგაზრდობის თბილისი დღევანდელობისაგან ძალიან განსხვავებულია... ხშირად საუბრობენ სინამდვილის "უსახურობაზე". როგორ ახერხებთ მისგან თავის დაღწევას? - დღევანდელ თბილისში წარსულიდან ძველი ხედების გარდა ფაქტობრივად არაფერი შემოგვრჩა. სხვა იყო ჩვენი დროის თბილისის ხიბლი, რაღაც ამაღლებული და შთამბეჭდავი!... ჩვენი თაობისათვის წარმოუდგენელი იყო, ისე დაგვეძინა, რომ თავიდან ბოლომდე არ ჩაგვეარა რუსთაველის გამზირი. ვის არ ნახავდით!... საერთოდ, დედაქალაქში თანამდებობის პირს სად ჰქონდა რეზიდენცია, კაცმა არ იცოდა. ყველა საკითხი რუსთაველზე წყდებოდა. აი, თუნდაც, გოგოსთან ერთად მიმავალს მოსისხლე მტერიც კი არ გასცემდა ხმას. ქალის გვერდით შეურაცხყოფას არ მოგაყენებდნენ. ასე გამოხატავდნენ მანდილოსნის მიმართ პატივისცემას. თანდათან ყველაფერი შეიცვალა. დრომ მოიტანა, აჩქარდა ცხოვრება. მგონი დედამიწამაც მოუმატა ტრიალს. ისე ჩქარა ბრუნავს, თითქოს ახლა უფრო ადრე ღამდება და თენდება. ახლა ყველაფერი შეიცვალა. იცვლება დამოკიდებულება აზარტული სფეროების მიმართაც. აი, ხელზე რამხელა შრამი მაქვს, ბილეთის ფული რომ არ მქონდა, სტადიონზე გადავძვერი და "ჩამოვიხიე", მაშინ სხვა "მუღამი" იყო! ჩვენისთანა კალათბურთელების, ფეხბურთელების, მოჭიდავეების გუნდი არავის ჰყავდა. განა შეიძლება ნონა გაფრინდაშვილი განმეორდეს? იმდენად ვიყავით წარმატებებით განებივრებული, რომ აღარც კი ვიცოდით, ვის მოვფერებოდით. სამწუხაროდ, ისეთი დუხჭირი ცხოვრებაა, რომ ყველაფერი ფულით ფასდება. წინააღმდეგ შემთხვევაში ვეღარაფერს გააკეთებ. ფულზე გამახსენდა, ერთმა ჭკვიანმა კაცმა თქვა, ვინც ჭკუით მოიხმარს, ფული კარგი მსახურია - თუ გაგიბატონდა, მაგაზე საშინელი ბატონი არ არსებობსო. "ბანაობას" ვინ იტყვის, დღეს მოსახმარი ფულიც აღარაა. - ბატონო გივი, რაკი ფულს შევეხეთ... დღეს მისი შოვნის მრავალი გზაა. ერთ-ერთ გზას აზარტულ თამაშებამდე მივყავართ. თბილისში ამის თვალსაჩინო მაგალითს ძირითადად კაზინო წარმოადგენს. რამდენად ახერხებთ იქ თქვენი "ძალების მოსინჯვას?" - გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, არასოდეს შევსულვარ კაზინოში. ერთხელ, მოსკოვში მთხოვეს, შევიდეთო. მაგრამ იქაც "ვერ შემაცდინეს". რასაც ახლა ვამბობ, შესაძლოა ბევრს ეწყინოს, მაგრამ... - თქვენ მსახიობი ბრძანდებით. მსახიობი კი აზარტის გარეშე, ცოტა არ იყოს, წარმოუდგენელიცაა. გამოდის, რომ თქვენ ნაკლებად აზარტული ხართ? - ვინა თქვა, რომ არა ვარ აზარტული. მაგრამ მარტო კაზინო ხომ არ არის აზარტული თამაში. ბევრი ისეთი ცუდი მესმის სამორინესთან დაკავშირებით... არა, კაზინოს გახსნა საქართველოში არ უნდა დაგვეშვა. - ბატონო გივი, თქვენ წლების მანძილზე თანამშრომლობდით იმ ადამიანებთან, რომლებიც თბილისის კოლორიტს ქმნიდნენ. რა თქმა უნდა, არსებობს მრავალი ძვირფასი მოგონებაც. დიდ საკონცერტო დარბაზში ვერიკო ანჯაფარიძის საიუბილეო საღამოზე, თქვენი და ქალბატონი ვერიკოს ნარდის თამაში საზოგადოებისათვის დღესაც დაუვიწყარია. მოდით, ერთხელ კიდევ გავხსნათ თქვენი ლამაზი მოგონებების ყულაბა... - ვერიკოსთან ერთად ნარდიც მითამაშია და კარტიც, ოღონდ ფულზე არ ვთამაშობდით, იმიტომ რომ, არ გვქონდა. ის თამაში საოცარი რაღაც იყო. "ვერიჩკამ" ნარდის თამაში არ იცოდა. მისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა ქვებს, ყველას ერთნაირად გეთამაშებოდა. ვუთხარი, ასე არ შეიძლება, ეს ქვები ჩემია, იარუსიდან ხალხი გვიყურებს და სირცხვილია-მეთქი. მან კი ჩვეული სიდინჯით მიპასუხა: ჩემი-შენი მე არ ვიცი, წადი, წადი, ითამაშეო (იცინის). მერე, როგორც იქნა, ვასწავლე, შავი ქვა ჩემია, თეთრი - შენი და ჩემს ხელი არ ახლო-მეთქი. მერე მეღირსა ის ბედნიერება, რომ არცერთი მისი საიუბილეო საღამო არ გამომიტოვებია. ყოველთვის მის გვერდით ვიყავი (მას კი სცენის გარეშე არ შეეძლო). თუ სადმე იმართებოდა საღამო, ყოველთვის მკითხულობდა, სად არის ის "ყომარბაზი", აქ მომგვარეთო. დიდებული ადამიანი ბრძანდებოდა. საერთოდ თაობა იყო საოცარი. მათ ბევრი რამ გვასწავლეს. ადამიანური ურთიერთობის დიდი სკოლა გამოვიარეთ. შეუძლებელია, ასე არ ყოფილიყო, როცა ამხელა ბუმბერაზებს უყურებ და ხედავ მათი სულიდან გასხივებულ ნათელს, უნებურად გამოდის და ჯდება შენში, როგორც პიროვნებაში. ხშირად ვიკრიბებოდით, განსაკუთრებით ეროსისთან, ხან კარტს, ხან დომინოს, ხან ნარდს ვთამაშობდით. ეს იყო ჩვენი თავისუფალი დროის ერთმანეთთან გატარებული საოცარი წუთები. - ბატონო გივი, დღეს თუ იკრიბებით? - ძალიან იშვიათად. - მაშ, თავს რითი იქცევთ? - ადრე, ხან ფილმის გადაღებებით ვიყავით დაკავებული, ხანაც მისი გახმოვანებით. მენატრებოდა ის დრო, როცა მეზობლებთან ერთად მომიწევდა დომინოს თამაში... ახლა თავის შესაქცევად ვისღა სცალია? ყველა ყოფითი პრობლემითაა დაკავებული. რას ვიფიქრებდი, რომ ამ სიბერეში ლუკმა-პურისათვის მომიწევდა წანწალი. - თქვენ ის თაობა ხართ, რომელიც სახელოვანი წარსულით სულდგმულობს... კიდევ ერთხელ გადავშალოთ ის ლამაზი ფურცლები და დიდი ვასო გოძიაშვილი გავიხსენოთ. შემოქმედებითი საქმიანობით დაღლილი და ფიზიკურად დაუძლურებული ხელოვანი მხრებით აიყვანეთ კიბეებზე... - მართლაც, ეს დღეს ჩემთვის დაუვიწყარია. ეს იყო სპექტაკლი "ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს", რომელიც დიდი ვასო გოძიაშვილის ბოლო ნამუშევარი იყო. მან მთელი თავისი ნიჭი და ენერგია დაღვარა ქართულ სცენაზე. ბუმბერაზი მსახიობი თეატრიდან სახლში თავად გამოვაცილე. სადარბაზოს კარებთან გაჩერებულს ასვლა გაუჭირდა. ვუთხარი, მოგიკიდებ და აგიყვან-მეთქი. იუარა, როგორ შეიძლება, დაგვინახავს ვინმე, შე მაიმუნოო. "არ დავუჯერე", მოვიკიდე და ავიყვანე სახლში. აი, ასეთი დიდბუნებოვანი ადამიანი გვყავდა, მხოლოდ ჩვენს მადლიან მიწაზე რომ იბადებიან... ასეთი არტისტი... - თქვენ დიდებულად თამაშობთ ეკრანზე და სცენაზე. ცხოვრებაში თუ გითამაშიათ? - ნამდვილად არა. კაცის საქმე ცუდადაა, როცა ის ცხოვრებაში თამაშს იწყებს. - თქვენი და კახი კავსაძის დუეტი საფეხბურთო მოედანზე ჩინებულად გამოიყურებოდა... - დიახ, საფეხბურთო მოედანზე გვქონდა ტურნირი, მაშინ პრიზები ავიღეთ. კახიმ, როგორც ელეგანტურმა მოთამაშემ, მე, როგორც პერსპექტიულმა ფეხბურთელმა (იცინის). - რამდენად იმსახურებდა ბატონი კახი ამ პრიზს და როგორც მოთამაშეს, როგორ შეაფასებდით? - რა თქმა უნდა, პრიზი მან ნამდვილად დაიმსახურა. არავინ წაუქცევია, უხეშად არავის მოქცევია, ჯენტლმენურად ითამაშა და პრიზიც დაიმსახურა. - თქვენს ამჟამინდელ საქმიანობაზე, საერთოდ "ლომისზე" რას გვეტყოდით? - ფაქტობრივად გადაღებები არ არსებობს. ჩვენ ძირითადად კონცერტებისათვის ვემზადებით. მარტში და აპრილში დაგეგმილი გვაქვს საღამოები. თუ არ იშრომე, რამდენადაც არ უნდა ჟონავდეს ყურებიდან ნიჭი, არაფერი გამოგივა. რაც შეეხება შოუ-ბიზნეს ცენტრ "ლომისს", დაახლოებით 12 წლის წინ დაარსდა. მისი ხელმძღვანელი გახლავთ ბატონი ჯემალ ბაღაშვილი. ეს ერთი დაწესებულებაა, რომელიც იბრძვის ქართული ესტრადის ასაღორძინებლად. აქ ინტენსიური მუშაობაა, კეთდება ხსოვნის, საიუბილეო საღამოები. - რა ახარებს გივი ბერიკაშვილს ამ გაუხარელ სინამდვილეში? - დილა რომ თენდება, ძალიან მიხარია. თავი დავანებოთ ოჯახის წევრებს და იმ სიმყუდროვეს, გარს რომ გვახვევია. აგერ, მეგობარს, ახლობელს, თქვენნაირ კარგ ადამიანებს რომ ნახავ, ეს არის ყველაზე დიდი ბედნიერება!... შეუძლებელია არ გიხაროდეს, როცა თვალებს გაახელ და... გათენებულია!... - რადგან განთიადს, სინათლეს შევეხეთ, იქნებ პირველი სიყვარული გაგეხსენებინათ. - (იცინის) პირველად ვინც შემიყვარდა, დიდი ცხვირის გამო ყველამ დამიწუნა: - შენი შეყვარება როგორ შეიძლება, რას გავხარო, - ასე მპასუხობდნენ ჩემს გარეგნობაზე. ისე, რომ გითხრათ, ყველაზე მეტად ნაყინი მიყვარდა. ვინც ნაყინს მიყიდდა, ის ყველაზე ძვირფასი იყო ჩემთვის. ეს, რა
თქმა უნდა, ხუმრობით. ყველა მიყვარდა, ახლაც არავინ არ მეჯავრება. ვერ დაგისახელებ ვინმეს, რომ მძულდეს. სიძულვილი არასოდეს განმიცდია. - როგორც ამბობენ, ბედისწერა საჩუქრებსაც გვიმზადებს ხოლმე, თუ მიგიღიათ ასეთი საჩუქარი? - როგორ არ მიმიღია საჩუქარი!... ამას წინათ ქუთაისში ვიყავით მიწვეული. სხვათა შორის, იმერეთმა კარგი ტრადიცია შემოიღო. დააწესა პოლიკარპე კაკაბაძის, უშანგი ჩხეიძის, იპოლიტე ხვიჩიას სახელობის პრიზები. ჩვენც დაგვასაჩუქრეს, პრემია გადმოგვცეს და კახი კავსაძემ გამოაცხადა: ეს პირველი საჩუქარია, რაც ჩემს ცხოვრებაში მივიღეო. მეც იქვე ვიდექი და ვთქვი: ტყუის, არ დაუჯეროთ! ყველაზე ძვირფასი და დიდი საჩუქარი კარგა ხანია, მიღებული გაქვს, ჩემო კახი. ეს არის ხალხის სიყვარული, დარბაზის ოვაცია, შენს გამოჩენაზე რომ ტაშისაგან დაინგრა აქაურობა, ამაზე დიდი საჩუქარი არ არსებობს-მეთქი!
(c) გაზეთი "საქართველო"
2002 მოგვწერეთ opentext@flashmail.com |