"საქართველო "
# 3
5 მარტი, 2002 წელი

როგორ დავეხმაროთ ჩვენს მიცვალებულებს?

მარი გოგიშვილი

შევინახოთ მარხვა, რათა ღირსეულად შევხვდეთ აღდგომას.

მარხვის შენახვა ყოველი ადამიანისათვის აუცილებელია. დიდი მარხვის დაწყებამდე სულ რამდენიმე დღე დარჩა. როგორ უნდა მოემზადოს ადამიანი? - ბუნებრივია, ბევრს გაუჩნდება კითხვა. დიდმარხვამ რომ კეთილად ჩაიაროს, თავისი ნაყოფი გამოიღოს და ჩვენ უკეთესები გავხდეთ, ერთი ნაბიჯით მივუახლოვდეთ ღმერთს. ამას მართლა მომზადება სჭირდება. უნდა ვიცოდეთ, მარხვა იმისათვისაა დაწესებული, რომ გვახსოვდეს ადამი და ევა, რომლებიც ცოდვით დაეცნენ და მის გამოსასყიდად გლოვაში და ზარში მოხვდნენ. ჩვენ უნდა გავიაზროთ ის პირველი დაცემული ცოდვა. ქრისტიანული ცხოვრებით გამოვასწოროთ, უფრო მეტად ჩავუღრმავდეთ ჩვენს სულიერ ცხოვრებას და ახლოს ვიყოთ უფალთან, რომელიც სამარადჟამო სიხარულს და უკვდავებას გვპირდება.

დიდმარხვა 18 მარტს იწყება. მას წინ უძღვის ყველიერის კვირა. ბევრს ჰგონია, რომ მარხვაც სწორედ აქედან იწყება, თუმცა ეს სიმართლეს არ შეეფერება. ყველიერის კვირას წინ ხორციელი უძღვის. ხორციელში უნდა ვეცადოთ ხორციანი საჭმელების მიღებას, ყველიერში - ყველიანის, რათა მოხდეს დაურწყება, დარწყულება. შეიძლება ზედმეტიც მივიღოთ ეს საკვები, მაგრამ საჭიროა, რათა ადამიანებმა ფსიქოლოგიური ბარიერი ადვილად გადალახონ და მარხვაში უფრო მეტად გაუადვილდეთ უხორცობა, უყველობა და ა. შ.

ეშმაკი სულ არაფერს ჭამს, მაგრამ მორწმუნე არ გახლავთ

მარხვა მარტო უჭმელობას არ ნიშნავს. როცა დიდმარხვა იწყება, პირველ კვირას ეკლესიაში გაძლიერებულად მიმდინარეობს წირვა-ლოცვა. ყველა უნდა ეცადოს, რიტუალებს დაესწროს. ვისაც საამისოდ დრო და საშუალება არა აქვს, მარხვა მაინც უნდა შეინახოს. თუმცა არ უნდა დაავიწყდეთ, რომ მარხვას უდიდესი სულიერი დატვირთვა აქვს, რაც ლოცვების საშუალებით ხორციელდება. ეშმაკი სულ არაფერს ჭამს, მაგრამ ის ამით მორწმუნე არ ხდება.

მარხვაში დილა-საღამოს ლოცვებიც სხვაგვარად იკითხება

ეს განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ ჩვეულებრივ ლოცვას მარხვაში ეფრემ ასურის სინანულის ლოცვაც ემატება, რომლის წაკითხვაც ყველასათვის სავალდებულოა. ზოგიერთი მორწმუნე ამას მთელი სიცოცხლეც კითხულობს. ეს საკმაოდ ძლიერი ლოცვაა, რომელიც ადამიანის სულის შინაგან სიმებს ეხება. ეფრემ ასურის ლოცვის დროს კეთდება მეტანიებიც (მუხლის მოდრეკა, დაჩოქება). მეტანიების რაოდენობა დამოკიდებულია ადამიანის სულიერ და ფიზიკურ მდგომარეობაზე. ეფრემ ასურის ლოცვის დროს 16 მეტანია კეთდება, თუ უფრო მეტსაც გავაკეთებთ, მეტად სასურველია.

რას ნიშნავს 40 დღიანი მოსახსენებელი?

მარხვაში მიცვალებულთა მოხსენიებაც გაძლიერებულად ხდება. მოძღვრების მიერ ამ დროს 40 დღიანი მოსახსენებლის სიები იკითხება. ფაქტობრივად, ყოველდღე ხდება მიცვალებულთათვის პანაშვიდის გადახდა, გარდა კვირისა. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია თავის მიცვალებულის 40 დღიან მოსახსენებელ სიაში ჩაწერა, თუ მიცვალებული მონათლული იყო. ამასთან ერთად აუცილებელია მიცვალებულის პატრონის მხრიდან შესაწირის გაღებაც. მოძღვრისთვის მხოლოდ სიის გადაცემა საკმარისი არ გახლავთ. განა უფალმა არ იცის, ვინ არიან მიცვალებულები? მთელი მადლი იმაშია, თუ რით და როგორ ცდილობენ ცოცხლები მიცვალებულთათვის დახმარების გაწევას. მხოლოდ სიის წაკითხვას შესაწირის გარეშე იმდენად დიდი მადლი არა აქვს.

თუ ადამიანს მარხვის შენახვა არ შეუძლია...

თუ ადამიანს სნეულების გამო მარხვის შენახვა არ შეუძლია, რა უნდა ქნას? - მარხვის ხსენებისთანავე უჩნდება ადამიანს საცდურად ეს კითხვა. როცა ლომთან გალიაში შესვლა არ შეგიძლია, ნუ შეხვალ! ისე, კაცმა რომ თქვას, ექიმი თუ დიეტას დაგვინიშნავს, მისი დაცვა ყველას შეგვიძლია, ღმერთი და მღვდელი თუ დანიშნავს მარხვას, მაშინ - არა, რაშია საქმე? მარხვა შიმშილი არაა, როგორც ბევრს წარმოუდგენია. მათ ფსიქოლოგიური ბარიერი უჩნდებათ, რომელიც შემდგომ აშინებს ადამიანს, არადა მარხვაში განსაკუთრებული არაფერია.

ვის ეკუთვნის მარხვაში შეღავათები?

მათთვის, ვინც პირველად იწყებს მარხვას, რაიმე შეღავათები, შემამსუბუქებელი გარემოებები, ალბათ, არსებობსო, იმედოვნებენ ახალბედები.

ახალი მოსული ადამიანი პირველ რიგში მოძღვართან უნდა მივიდეს და მისი ლოცვა-კურთხევით უნდა დაიწყოს მარხვა. თუმცა მარტო ეს საკმარისი არ არის. საჭიროა ლოცვაც, აღსარებაც და ზიარების მიღებაც. ეს მარხვა განსაკუთრებულია იმითაც, რომ აღდგომის წინაა. აღდგომა კი ყველაზე დიდი მოვლენაა ქრისტიანულ ცხოვრებაში. ამდენად, უფრო მეტი პასუხისმგებლობა გვმართებს. უნდა გვახსოვდეს ყველა დაცემას აღდგომაც მოსდევს. ღმერთი ყველაფერში შეგვეწევა, მაგრამ მთავარია ჩვენ მოვინდომოთ, ჩვენ უნდა გავწმინდოთ ის ჭურჭელი, რომელზეც უფალმა მადლი უნდა მოიღოს.

დიდმარხვაში თევზი არ იჭმება

დიდმარხვაში რამდენიმე დღის გარდა კატეგორიულადაა აკრძალული თევზის ჭამა, სხვა მარხვებში კი ნებადართულია. თევზით ხსნილია ორად-ორი დღე - ბზობა და ხარება. თუმცა არც იმ დღეებშია ნებადართული, მაგრამ იმის გამო, რომ ხალხს ეკონომიურად უჭირს, პატრიარქი ფაქტობრივად თავის თავზე იღებს იმ დიდ დატვირთვას და ამიტომ ნებას გვაძლევს, გარკვეული დროით გარკვეული შეღავათი გვქონდეს. ღმერთმა შეგვაძლებინოს, შევინახოთ მარხვა, რათა ღირსეულად შევხვდეთ აღდგომის დღესასწაულს.



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2002

მოგვწერეთ opentext@flashmail.com